გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210018002336324
კატეგორია
დავის ტიპი
უდაო წარმოების საქმეები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/6853-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - გ-------------ა

წარმომადგენელი - ნ-------- ტ----–---–ი

მოპასუხე - ზ----- ქ-----

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე ზ----- ქ-----ს 2018 წლის 06 თებერვალს და 2018 წლის 13 თებერვალს გაზეთ ,,ქ----------’’-ში მოსარჩელე გ-------------ას მისამართით გამოქვეყნებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების უარყოფა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. კერძოდ, ,,თაღლითი გ-------------ას მამა, მ-------------, აღნიშნული მანქანით გადაადგილდებოდა- მეთქი’’; ,,მამამისისთის უხეში ფორმით არ მითქვამს, რომ შენი შვილი ვირთხაა, მაგრამ ძალიან კორექტული ფორმით მივანიშნე ამის შესახებ’’.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ზ----- ქ-----ს მოსარჩელე გ-------------ასთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მოსარჩელე გ-------------ა არის ბიზნესმენი, რომელსაც კარგად იცნობენ პოლიგრაფიული ბიზნესის სამყაროში. იგი სარგებლობს კარგი რეპუტაციით პარტნიორებს შორის. მოსარჩელე და მოპასუხე ზ----- ქ----- არიან შპს ,,ი-----–------’’-ს დამფუძნებლები და დირექტორები, მათ შორის მიმდინარეობს პარტნიორული დავა.

 

2018 წლის 13 თებერვალს მოპასუხე ზ----- ქ-----მ გაზეთ ,,ქ----------’’-ში განაცხადა შემდეგი: ,,თაღლითი გ-------------ას მამა, მ-------------, აღნიშნული მანქანით გადაადგილდება -მეთქი’’. 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე ზ----- ქ-----მ გაზეთ ,,ქ----------’’-ში განაცხადა შემდეგი: ,,მამამისისთვის უხეში ფორმით არ მითქვამს, რომ შენი შვილი ვირთხაა, მაგრამ ძალიან კორექტული ფორმით მივანიშნე ამის შესახებ’’. მოპასუხის მიერ გაზეთ ,,ქ----------’’-ში გაკეთებული განცხადებები მოსარჩელე გ-------------ასთვის პატივის და ღირსების, აგრეთვე საქმიანი რეპუტაციის შემლახველია. აღნიშნული ცილისმწამებლური და პატივის და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებით, მოსარჩელეს ადგება მორალური ზიანი, ილახება მისი პატივი და ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ განახორციელა სარჩელში ფაქტობრივი გარემოებების უარყოფ და დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში სისხლის სამართლის N09---------4 საქმეზე გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2014 წლის 12 ნოემბრიდან 2015 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში გ-------------ა, რომელიც სრულად წარმართავდა შპს ,,ი-----–------’’-ს საქმიანობას და როგორც საზოგადოების სალაროდან, ისე საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დანიშნულებით განკარგავდა თანხებს, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი თანხა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შპს ,,ი-----–------’’-ს. ამდენად, 2018 წლის 16 თებერვალს შპს ,,ი-----–------’’ ცნობილ იქნა დაზარალებულად. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში სისხლის სამართლის N09---------4 საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ 2014-2015 წლებში გ-------------ა, რომელიც სრულად წარმართავდა შპს ,,ი-----–------’’-ს საქმიანობას ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამოიყენა მისი უფლებამოსილება ბოროტად, თავისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ საზოგადოების მეორე პარტნიორის - 50% წილის მფლობელ ზ----- ქ-----ს მიერ დაფუძნებლის შენატანის სახით მასზე გადაცემულ თანხებს (ჯამში 291 825 აშშ დოლარი და 6 369 ლარი) შპს ,,ი-----–------’’-ს საბანკო ანგარიშსა და შესაბამის დოკუმენტაციაში ასახავდა როგორ მის მიერ განხორციელებულ შენატანს. მოგვიანებით, კერძოდ, 2016 წლის 14 აპრილს, გ-------------ამ შესაბამისი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და შპს ,,ი-----–------’’-სგან მოითხოვა ზ----- ქ-----ს მიერ გადაცემული და საბანკო ანგარიშზე შეტანილი ზემოაღნიშნული თანხის უკან დაბრუნდა, რითაც მნიშვნელოვნად დაირღვა საზოგადოების მეორე პარტნიორისა და თანხის რეალური შემტანის - ზ----- ქ-----ს კანონიერი ინტერესი. ამდენად, 2018 წლის 16 თებერვალს ზ----- ქ----- ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ-------------ა მოღვაწეობს და დაკავებულია პოლიგრაფიული ბიზნესით. მოსარჩელე გ-------------ა და მოპასუხე ზ----- ქ----- არიან შპს ,,ი-----–------’’-ს დამფუძნებლები და დირექტორები. პარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობა კონფლიქტურია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 06 თებერვალს და 2018 წლის 13 თებერვალს გაზეთ ,,ქ----------’’-ში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ზ-----ი ქ----- საუბრობს პარტნიორთან (მოპასუხესთან) მიმდინარე დავის დეტალებზე. ზ----- ქ----- პარტნიორთან არსებული გართულებული საქმიანი ურთიერთობის აღწერისას გ-------------ას იხსენიებს შემდეგ კონტექსტში: ..

,,მამამისისთვის უხეში ფორმით არ მითქვამს, რომ შენი შვილი ვირთხაა, მაგრამ ძალიან კორექტული ფორმით მივანიშნე ამის შესახებ...’’. ,,...თაღლითი გ-------------ას მამა, მ-------------, აღნიშნული მანქანით გადაადგილდება - მეთქი...’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;

- ამონარიდები გაზეთიდან (ს.ფ.15-19).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილებით N00-------5, ზ----- ქ----- ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

დაზარალებულად ცნობის საფუძვლად მითითებულია შემდეგი: საქმეზე დადგენილი გამოძიებით დადგენილია, რომ 2014-2015 წლებში, შპს ,,ი-----–------’’-ს დ------------ა გ-------------ამ, ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამოიყენა მისი უფლებამოსილება ბოროტად, თავისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რაც გამოიხატა მასში, რომ საზოგადოების მეორე პარტნიორის - 50% წილის მფლობელ ზ----- ქ-----ს მიერ დამფუძნებლის შენატანის სახით მასზე გადაცემულ თანხებს (ჯამში 291 825 აშშ დოლარი და 6 369 ლარი) შპს ,,ი-----–------’’-ს საბანკო ანგარიშსა და შესაბამის დოკუმენტაციაში ასახავდა როგორც მის მიერ განხორციელებულ შენატანს. მოგვიანებით, კერძოდ კი 2016 წლის 14 აპრილს, გ-------------ამ შესაბამისი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და შპს ,,ი-----–------’’-სან მოითხოვა ზ----- ქ-----ს მიერ გადაცემული და საბანკო ანგარიშზე შეტანილი ზემოაღნიშნული თანხის უკან დაბრუნება, რითაც მნიშვნელოვნად დაირღვა საზოგადოების მეორე პარტნიორისა და თანხის რეალური შემტანის - ზ----- ქ-----ს კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (ს.ფ.40-41).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გ-------------ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლების მიხედვით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. წარმოდგენილია დიფამაციური სარჩელი ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხის მიერ გაკეთებული სადავო განცხადებები მიეკუთვნება ფაქტებს თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თანაბარმნიშვნელოვანია ასევე იმის დადგენაც თუ ვის მიმართ გაკეთდა განცხადება და რა კონტექსტში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენცია ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ’’ და „შეზღუდვად’’ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირად არაქონებრივ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება სახელის უფლება, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასაც, ვიანიდან მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

უპირველესად, დავის სამართლებრივი შეფასებისას არსებითია ის გარემოება, რომ მოსარჩელეზე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარევე, რაც უკავშირდება მოსარჩელის საქმიანობას და ცნობადობას, უნდა გავრცელდეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი. სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იგი ვალდებულია ამტკიცოს რომ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტების მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებსა ან/და საქმიან რეპუტაციას. დადგენილია მოპასუხის მიერ სადავო განცხადების გავრცელების ფაქტი. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია შეფასდეს აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ,,აზრს’’ თუ ,,ფაქტს’’, ვინაიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავისას იმის შეფასება, გავრცელებული განცხადება წარმოადგენს ფაქტს თუ აზრს სამართლის საკითხს წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი კვალიფიკაციაც სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.

 

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი ცილისწამება განსაზღვრულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით რაც, თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო განთავისუფლებას გულისხმობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: სიტყვა „აზრი’’ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.).

 

აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).

 

,,აზრისა’’ და ,,ფაქტის’’ გამიჯვნის კრიტერიუმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო განცხადებები თავისი შინაარსის მიხედვით წარმოადგენს სწორედ ,,აზრს’’ და არა ,,ფაქტს’’. საგულისხმოა, რომ მხარეები არ უარყოფენ მათ შორის პარტნიორული დავის არსებობის ფაქტს, წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული დადგენილების თანახმად, მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად მოპასუხის ქმედების გამო, ასევე წარმოდგენილი დადგენილებით დასტურდება, რომ თავად შპს ,,იდეალ-ქაფიც’’, რომლიც პარტნიორებსაც წარმოადგენენ მხარეები ასევე ცნობილია დაზარალებულად (ს.ფ.42-43). შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული დავების და მიმდინარე გამოძიების პარალელურად, მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებები უნდა შეფასდეს სწორედ როგორც ,,აზრი’’ - რომელიც სრულად მოიცავს მის შეფასებას და არა როგორც ,,ფაქტი’’. თავად განცხადების კონტექსტის შინაარსიც კი მოწმობს, რომ მოპასუხე საუბრისას აფასებს მოსარჩელის პიროვნებას მისი გადმოსახედიდან. შესაბამისად, სადავო გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხის შეფასებით მსჯელობას, მის შეხედულებას, დამოკიდებულებას პიროვნებისა და მოვლენის მიმართ, რაც სავსებით თავსდება სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის პირველი მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტში გადმოცემულ „აზრის’’ დეფინიციაში, რომელიც თავის მხრივ, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მოსარჩელის როგორც საჯარო პირის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო მაღალია. ამასთან, მოპასუხის შეფასება ,,თაღლითი’’ რაზეც მოსარჩელე აპელირებდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის კუთხითაც, სასამართლოს მოსაზრებით გაკეთებული განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე არ აღწევს სერიოზულობის სავალდებულო დონეს, რითაც მათ შეეძლოთ მოსარჩელის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება, ამასთან აღნიშნული განცხადება არ არის მძიმე ხასიათის და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა დანაშაული (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ,,ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ’’ განვითარებული მსჯელობა).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ პრეცედენტულ საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და თითოეული ინდივიდის განვითარების უმთავრეს საფუძველს. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაშვებული ჩარევის აუცილებლობის არარასებობისას, ნორმით დაცულ სფეროში ხვდება არა მხოლოდ „უწყინარი“, „უვნებელი“ გამონათქვამები, არამედ „შეურაცხმყოფელი“, აღმაშფოთებელი“, „შოკისმომგვრელი“ მოსაზრებები. ეს არის პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის მოთხოვნები, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ., OTTO PREMINGER INSTITUTE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 20 სექტემბერი, 1994 წელი, განაცხადის N13470/87). ამ საკითხთან მიმართებაში, თავისი პრინციპული პოზიცია სასამართლომ უფრო ადრე დააფიქსირა საქმეში ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (HANDYSIDE v. UNITED KINGDOM, სტრასბურგი, 07 დეკემბერი, 1976 წელი განაცხადის N 5493/72).

 

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მასში ასახულია მხოლოდ მოპასუხის აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) და არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტების დამტკიცების მცდელობა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები არ წარმოადგენს პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, მათში ასახულია მოპასუხის შეფასებები პიროვნებისა და მოვლენის შესახებ, რაც არ არის საკმარისი სამართლებრივი ანდა ფაქტობრივი საფუძველი მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე არ არსებობს მისგან ნაწარმოები მოთხოვნის - მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.24). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------ას სარჩელი მოპასუხე ზ----- ქ-----ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია