განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- პ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-------- გ--–------ი, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივი თბილისში, ნ--–---------------–---------------------------------ში მცხოვრები.
ადვოკატი - ვ------ გ--–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
დ-------- გ--–------ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 0130 საათზე დ-------- გ--–------ი მივიდა თბილისში, ძ-------------------------ში მდებარე ნ--–- და თ----- ა---–-–---–ების საცხოვრებელ ბინაში, სადაც თ----- ა---–-–---–თან საუბრისას მის შვილს - ნ--–- ა---–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულ მუქარას ნ--–- ა---–-–---–ი ისმენდა თავისივე საძინებელი ოთახიდან, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 20 აპრილს, შუადღის საათებში დ-------- გ--–------ი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ნ--–- ა---–-–---–ს და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ დ-------- გ--–------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----ა ა---–-–---–მა განმარტა, რომ მის შვილმა - ნ--–- ა---–-–---–მა ტურისტული კომპანიაში შექმნილი პრობლემის გამო დაახლოებით 2017 წელს ბრალდებულ დ-------- გ--–------ისაგან ისესხა ფული და ყოველთვიურად პროცენტის სახით უხდიდა 320 აშშ დოლარს. საუბარია - 15 000 აშშ დოლარზე. პირველ ეტაპზე ნ--–- ა---–-–---–ი შეთანხმების შესაბამისად იხდიდა, რაღაც დროის შემდეგ ვეღარ შეძლო, თუმცა შეპირდა, რომ დააბრუნებდა. 2018 წლის 19 აპრილს 0200 საათზე ბრალდებული მივიდა მასთან სახლში, აბრახუნებდა და თხოვდა კარების გაღებას, სახლში შესული ეძებდა ნ--–- ა---–-–---–ს, თან ყვიროდა, რის გამოც თ-----ა ა---–-–---–მა, მოატყუა, რომ ნ--–- სახლში არ იყო. ბრალდებული ამბობდა, რომ თავზე ხელაღებული იყო და მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, იმუქრებოდა როგორც თ----- ა---–-–---–ის, ისე ნ--–- ა---–-–---–ის მიმართ. გვერდზე ოთახში მყოფმა ნ--–- ა---–-–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათი მისვლისას დ-------- დამშვიდდა, აღარ ყვიროდა და იგინებდა. იმ დროისთვის არ არსებობდა ბრალდებულის დაკავების აუცილებლობა, შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მალევე წავიდნენ. ბრალდებული დაახლოებით 20 წუთი იმყოფებოდა მასთან და მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებოდა, ამბობდა, რომ მისმა შვილმა მოატყუა და არ დაუბრუნა ვალად აღებული თანხა. მე-2 დღეს 20 აპრილს ნ--–- სახლში აღელვებული და აკანკალებული დაბრუნდა, უთხრა, რომ დ-------- გ--–------ი ტელეფონით დაემუქრა, სატელეფონო საუბარს შეესწრო მძღოლი - გ------- მ--------–---–ი. ნ--–-მ რეალურად აღიქვა მუქარა და მათ რეალურად აქვთ ბრალდებულის მიმართ შიში, რადგან მისი ქცევა არაპროგნოზირებადია, ის ადვილად ღიზიანდება და გამოდის მდგომარეობიდან. გარდა ამისა დ-------- გ--–------ი იმყოფებოდა ნ--–-ს სამსახურში, იქცეოდა გამომწვევად და უხეშად, რის გამოც ნ--–- ვეღარ ახერხებდა სამსახურში სიარულს, სწორედ ამიტომ განცხადებით მიმართა პოლიციას, დაახლებით 1 თვეში დაურეკა ბრალდებულმა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- მ--------–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა სასტუმრო ,,ტ----------–-----ში“ მძღოლად, ასევე ემსახურებოდა ნ--–- ა---–-–---–ის დედა - თ----- ა---–-–---–ს, რომელიც მუშაობდა იქვე მზარეულად, კერძოდ 0600 საათზე მიყავდა სასტუმროში და დაახლოვებით 0000 საათისთვის აბრუნებდა სახლში, ასვე ემსახურებოდა ნ--–- ა---–-–---–ს, რომელსაც სასტუმროში ქონდა ტურისტული კომპანია. ერთხელ მგზავრობისას ანერვიულებულმა თ----- ა---–-–---–მა უთხრა, რომ იყო შეშინებული, რადგან დაახლოებით 0200 საათზე კონკრეტული პიროვნება, სახელად დ-------- მივიდა მასთან სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ნ--–-ს ცემითა და მოკვლით. იმავე საღამოს ნ--–- ა---–-–---–თან ერთად მგზავრობისას კი, ამ უკანასკნელს ტელეფონზე დაურეკეს, მან საუბრისას დაიწყო ტირილი. სატელეფონო საუბრამდე ის კარგ ხასიათზე იყო, ტელეფონში კაცის ხმა - გინება და მუქრა ისმოდა, ასევე სიტყვები - ,,ფული დამიბრუნე, თორე მოგკლავ“. მის კითხვაზე ნ--–-მ უპასუხა, რომ მოსაუბრის - სახელად დ--------, ვალი ქონდა, რის გამოც ის აგინებდა და ემუქრებოდა მოკვლით და ცემით. სავარაუდოდ მე-2 დღეს ღამის საათებში, მაშინ როცა გ------- მ--------–---–ი სასტუმროში მუშაობდა ადმინისტრატორად მივიდა ახალგაზრდა ბიჭი და იკითხა ნ--–-, ეს უკანასკნელი სასტუმროში არ იმყოფებოდა, შესაბამისად უთხრეს, რომ არ იყო და იმ დღეს არ მივიდოდა, მამაკაცი დაჯდა მაგიდასთან, პირველ ეტაპზე წესიერად იქცეოდა, მოგვიანებით დაიწყო სიგარეტის მოწევა, უხეში საუბარი, ფეხები დააწყო მაგიდაზე. ბრალდებულის რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, გ------- მ--------–---–მა გამოიძახა კერძო დაცვა - ,,ა-–---ი“, ბრალდებული მათაც შეეპასუხა, რის შემდეგაც გაიყვანეს გარეთ, სადაც დ-------- გ--–------მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და უთხრა, რომ სცემეს. განყოფილებაში დაკითხვების შემდეგ ბრალდებულმა უთხრა, რომ კვლავ სასტუმროში დაჯდებოდა, თან დაემუქრა. სასტუმროში მისვლისას მართლაც იქ დახვდათ, შესაბამისად ,,ა-–---ის“ თანამშრომლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და წაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ გაიგო, რომ ეს ის პიროვნება იყო ვისი ვალიც ჰქონდა ნ--–- ა---–-–---–ს. ამის შემდეგ ნ--–- ა---–-–---–ს მოუყვა, რომ დ-------- გ--–------ი იმყოფებოდა სასტუმროში და ეძებდა. დაზარალებული იყო შეშინებული. მოწმემ განმარტა, რომ ტელეფონზე საუბრისას ნ--–- ესაუბრებოდა თუ არა დ--------ს მისთვის უცნობია, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ მოსაუბრე იყო მამაკაცი. უშუალოდ მუქარის ფაქტს არ შესწრებია, გარდა სატელეფონო საუბრისა, როცა გაიგო მოსაუბრის მუქარის შემცველი სიტყვები - ,,ფული დამიბრუნე, თორე მოგკლავ“, თუმცა მისთვის უცნობია ნ--–- ა---–-–---–ს აქვს თუ არა სხვა პირების ვალი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ დაახლოებით 2016 წელს ნ--–- ა---–-–---–ი გაიცნო მეგობრისგან და დამეგობრდნენ, ასევე ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. ნ--–-ს ჰქონდა ვალი - 6000 აშშ დოლარამდე, სთხოვა დახმარება, მათ შორის დაიდო ხელშეკრულება, რაც ნოტარიულადაც დამოწმდა და 2017 წლის მაის-აპრილში გადასცა 15 000 აშშ დოლარი, პროცენტს უხდიდა ნოემბრამდე, ნოემბრიდან იანვრამდე მისი თხოვნების საფუძველზე, ხოლო იანვრის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა, მაშინ როცა თანხა გადასცა 1 წლის ვადით. თანხის გადაუხდელობის შესახებ არაერთხელ ელაპარაკა ნ--–-ს, გარდა ამისა გაარკვია, რომ ნ--–-ს ჰქონდა არა საქმიანი პრობლემები, როგორც ის ეუბნებოდა, არამედ აბსოლუტურად სხვა პრობლემები, აღნიშნული ტყუილი კი ძაბავდა მათ ურთიერთობას, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაში - გინებასა და ყვირილში, რაც შეეხება - მუქარას, არასდროს ჰქონია ადგილი, ანუ არასდროს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით, მუქარა არ ცდებოდა გინებას. ბრალდებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 19 აპრილს ღამის საათებში ნამდვილად მივიდა დაზარალებულის სახლში, რადგან მის ნახვას ვერ ახერხებდა და იფიქრა, რომ ღამით სახლში დახვდებოდა, ასევე სურდა თ----- ა---–-–---–ის ნახვა, რადგან ეს უკანასკნელი საქმის კურსში იყო, ამასთან ვალზე შეთანხმებისას უთხრა, რომ თუ ნ--–- ვერ გაისტუმრებდა ვალს, გაისტუმრებდნენ ქონებით, კერძოდ ბინით. თ----- ა---–-–---–მა უთხრა, რომ ნ--–- არ იყო სახლში, აღნიშნულმა გააღიზიანა და დაიწყო ყვირილი და გინება, სწორედ იმ დროს მივიდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თურმე გვერდზე ოთახში მყოფ ნ--–- ა---–-–---–ს ჩუმად გამოუძახია. თ----- ა---–-–---–მა თანამშრომლებს უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა და ისინიც წავიდნენ. მუქარას ადგილი არ ჰქონია, არც მაშინ და არც სხვა დროს, იმ ღამეს არ უნახავს ნ--–-. თ----- ა---–-–---–ისათვის ბოდიშის მოხდის შემდეგ კი თავადაც წავიდა დაზარალებულის სახლიდან. მეორე დღეს მივიდა სასტუმრო - ,,ტ----------–-----ში“, სადაც ფოიეში ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც მასთან მივიდნენ ,,ა-–---ის“ თანამშრომელები და უხეშად მიუთითეს გარეთ გასულიყო, მან კი უთხრა რომ, ისინი არავინ არ იყვნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა თუ სასტუმროს მფლობელი ეტყოდა. დაცვის თანამშრომლებმა ცემეს და გაიტანეს გარეთ, სიგარეტს ეწეოდა და ზოგადად გამომწვევად იქცეოდა შეგნებულად, რათა ნ--–- ან მისი ძმა მისულიყვნენ და გასაუბრებოდნენ. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაუმეორა იგივე, რომ გავიდოდა მხოლოდ სასტუმროს მფლობელის მითითებით. სასტუმროს თანამშრომლებს უხეშად ელაპარაკა, გინებით არ უგინებია, ეუბნებოდა, რომ არ დაემორჩილებოდა. აღნიშნული გაგრძელდა დაახლოვებით 30-60 წუთი, მომხდარის გამო კი სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. 20 აპრილს ნ--–- ა---–-–---–თან სატელეფონო საუბარი არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს, მისივე ტყუილების გამო. აღნიშნულის შემდეგ შემთხვევით ქუჩაში შეხვდა ნ--–-, მის კითხვაზე თუ სად იყო მისი ფული, ნ--–-მ უთხრა, რომ მისი ადვოკატი დაუკავშირდებოდა, შესაბამისად დ-------- გ--–------მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ--–- ა---–-–---–ს ვალი ამ დრომდე არ დაუბრუნებია და პროცენტებს იხდის თავად. სხვა პირებისგან გაიგო, რომ ნ--–-ს უამრავი პირის (30-40 ადამიანის) ვალი ჰქონდა და წავიდა ევროპაში.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ--–- ა---–-–---–ის 2018 წლის 20 აპრილის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც: ცხოვრობს დედასთან - თ----- ა---–-–---–თან ერთად. 2016 წლის მაისში დააფუძნა ტურისტული კომპანია ,,ლ--------------–ი“ და აიყვანა რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის დ-------- გ--–------ი, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. ამ უკანასკნელის დასაქმებიდან დაახლოებით 1 წელში კომპანიაში შეექმნა ფინანსური პრობლემები და დაჭირდა თანხა, რაც ცნობილი გახდა დ-------- გ--–------ისთვის, რომელმაც თავისივე ინიციატივით უთხრა, რომ იშოვიდა და სესხად მისცემდა 15 000 აშშ დოლარს. ნ--–- ა---–-–---–ი დათანხმდა, რადგან სხვა გზით ვერ შოულობდა საჭირო თანხას. შესაბამისად 2017 წლის 11 მაისს სანოტარო ბიუროში გააფორმეს ვალის აღიარების ხელშეკრულება და ხელზე აიღო 15 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად ვალი უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ამასთან ხელშეკრულების თანახმად სესხს პროცენტი არ ერიცხებოდა, თუმცა ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ პროცენტის სახით ყოველთვიურად გადაუხდიდა 320 აშშ დოლარს, სანამ არ დაუბრუნებდა ვალს სრულად. აღნიშნულის შემდეგ ყოველთვიურად თვის 15 რიცხვში ხელზე აძლევდა დათქმულ თანხას, თუმცა 2018 წლის ინავარში ფინანსური პრობლემის გამო 15 რიცხვში ვერ შეძლო გადახდა, რის გამოც ტელეფონის საშუალებით ჰოლანდიიდან დაუკავშირდა დ-------- გ--–------ი და კითხა, თუ რატომ არ გადაუხადა თანხა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ--–- ა---–-–---–მა რამდენიმე დღეში დ--------ს ახლობელს მისცა თანხა, ასევე თებერვალში რამდენიმე დღის დაგვიანებით გადასცა თვის პროცენტი დ--------ს ახლობელს. მარტის თვიდან მოყოლებული საერთოდ ვერ შეძლო ფულის გადახდა, რის გამოც დ-------- გ--–------ი ითხოვდა ფულს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიდიოდა მასთან სახლში და სამსახურში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო ,,ტ----------–-----ში“, მის თხოვნაზე მიეცა დრო ბრაზდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბოლოს ნ--–- ა---–-–---–მა მასთან ოფისში მისულ დ-------- გ--–------ს თხოვა სესხის გადასახდელად მიეცა კიდევ 1 წელი, რა დროსაც თანაბრად გადაუხდიდა ძირითადი სესხის თანხას, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა, შეთანხმდნენ, რომ ახალ პირობებს გააფორმებდნენ ნოტარიულად, თუმცა მეორე დღეს 19 აპრილს დაახლოებით 0130 საათზე ნ--–- ა---–-–---–ი გააღვიძა დ-------- გ--–------ის ყვირილმა, რომელიც ისმოდა მათი ბინის სამზარეულოდან. ბრალდებული თ----- ა---–-–---–ს ეუბნებოდა, რომ მოკლავდა ნ--–- ა---–-–---–ს, რადგან არ უხდიდა ფულს, მანვე თქვა, რომ საქმე მხოლოდ ფულის დაბრუნებას აღარ ეხებოდა და დაბრუნების შემთხვევაშიც მოკლავდა, რადგან ასეთ დღეში ჩააგდო. ნ--–- ა---–-–---–ს შეეშინდა, რომ მართლა მოკლავდა ან რამეს დაუშავებდა, ამიტომ არ გასულა დ-------- გ--–------ის სანახავად და დარეკა სსიპ ,,112-ში“, განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა მისი მოვალე და თხოვდა ფულს, გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. თ----- ა---–-–---–მა არ იცოდა გამოძახებული შესახებ, ამიტომ სამართალდამცავებს მისვლისას განუცხადა, რომ მათ არ გამოუძახიათ, შესაბამისად პოლიციელები სახლში არ შესულან. მათი წასვლის შემდეგ წავიდა დ-------- გ--–------იც. ნ--–- ა---–-–---–ს დაურეკეს საპატრულო პოლიციიდან, თუმცა რადგან დ-------- უკვე წასული იყო, განუცხადა, რომ აღარ საჭიროებდა დახმარებას და გააუქმა გამოძახება. 20 აპრილს დილის საათებში თ----- ა---–-–---–მა, რომელსაც თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის მძღოლმა გ------- მ--------–---–მა უთხრა, რომ 19 მარტს დ-------- გ--–------ი ღამის საათებში იმყოფებოდა მის სამუშაო ადგილას - სასტუმროში და ეძებდა ნ--–- ა---–-–---–ს და იქცეოდა არაადეკვატურად. გარდა ამისა 20 აპრილს შუადღის საათებში გ------- მ--------–---–თან ერთად ყოფნისას ნ--–- ა---–-–---–ს დაურეკა დ-------- გ--–------მა უცხო ნომრით, პასუხისთანავე აგინა და დაემუქრა მოკვლით, ნ--–- ა---–-–---–მა გაუთიშა და დაბლოკა უცხო ნომერი. ნერვიულობა შეამჩნია გ------- მ--------–---–მა, ამ უკანასკნელს კითხვაზე უპასუხა, რომ დ-------- დაემუქრა მოკვლით. 2130 საათზე სატელეფონო საუბრისას გ------- მ--------–---–მა უთხრა, რომ სასტუმროში მისული იყო დ-------- და ეძებდა, ასევე იქცეოდა გამომწვევად და ცდილობდა კონფლიქტის პროვოცირებას სასტუმროს თანამშრომლების მიმართ. აღნიშნულმა ნ--–- ა---–-–---–ში გამოიწვია შიშის გრძნობა და ფიქრობდა, რომ მას შემდეგ რაც ვერ ნახავდა სამსახურში, მიაკითხავდა სახლში და მოკლავდა ან დაუზიანებდა ჯანმრთელობას. შესაბამისად მიმართა საპატრულო პოლიციას.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად გამოძიების დაიწყო 2018 წლის 20 აპრილს, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 20 აპრილის ნ--–- ა---–-–---–ის განცხადების თანახმად, სესხის სახით აღებული აქვს 15 000 აშშ დოლარი მისი ყოფილი თანამშრომელ დ-------- გ--–------ისგან, რომელიც ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.
2018 წლის 11 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ნ--–- ა---–-–---–ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი (მოწმეების ჩვენებები) მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან დ-------- გ--–------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ დ-------- გ--–------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ დ-------- გ--–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების თანახმად დადგინდა, რომ ნ--–- ა---–-–---–ს ჰქონდა დ-------- გ--–------ის ვალი - 15 000 აშშ დოლარი, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის მაისში მხარეებს შორის სანოტარო ბიუროში გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება. შეთანხმებისამებრ ნ--–- ა---–-–---–ს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა - 320 აშშ დოლარი, სანამ არ დააბრუნებდა თანხას სრულად. დაზარალებულმა მოახერხა თანხის გადახდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რის შემდგომაც შეწყვიტა. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დაძაბულობის საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც დ-------- გ--–------ი განმარტავს, რომ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით, მათ შორის გინებით, ხოლო დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ის განიცდიდა შიშს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დგინდება განახორციელა თუ არა დ-------- გ--–------მა ნ--–- ა---–-–---–ის მიმართ 2018 წლის 19 აპრილს დაახლოებით 0130 საათზე მისსავე საცხოვრებელ სახლში და 2018 წლის 20 აპრილს, შუადღეს სატელეფონო საუბრისას - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მითუფრო ის ფაქტი, რომ ნ--–- ა---–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
ბრალდების მხარის პოზიციის თანახმად 2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 0130 საათზე დ-------- გ--–------ი მივიდა თბილისში, ძ-------------------------ში მდებარე ნ--–- და თ----- ა---–-–---–ების საცხოვრებელ ბინაში და თ----- ა---–-–---–თან საუბრისას მის შვილს - ნ--–- ა---–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მუქარით, რასაც თავისივე საძინებელი ოთახიდან ისმენდა ნ--–- ა---–-–---–ი, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში და გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
2018 წლის 20 აპრილს, შუადღის საათებში კი დ-------- გ--–------ი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ნ--–- ა---–-–---–ს და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებულს ამ შემთხვევაშიც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით, თანაც ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მართალია, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას და სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, თუმცა დაზარალებულის დამოკიდებულების კუთხით მნიშვნელოვანია და მხედველობაშია მისაღები მუქარის განმახორციელებელი პირის პიროვნება, მისი დამოკიდებულება მუქარის ადრესატთან, მუქარის ხერხი და სხვა.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას შეუძლებელი გახდა დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა და მისი პოზიციის პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე დაკითხვა, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს ჯეროვნად შეეფასებინა მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დ-------- გ--–------ის მუქარის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.
სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა დაზარალებული ნ--–- ა---–-–---–ი და ბრალდებულს არ ქონდა შესაძლებლობა დაესვა მისთვის კითხვები. ამ პირობებში კი სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ გაიზიარებს მხოლოდ დაზარალებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსს.
რაც შეეხება უშუალოდ თ----- ა---–-–---–ის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ მისი ჩვენება ერთის მხრივ შესაბამისობაშია დაზარალებულის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან, თუმცა მეორეს მხრივ შეიცავს წინააღმდეგობას, კერძოდ: თ----- ა---–-–---–ი განმარტავს, რომ 2018 წლის 19 აპრილს 0200 საათზე მასთან სახლში მისული ბრალდებული აბრახუნებდა კარზე, სახლში შესული კი იმუქრებოდა, რომ იყო თავზე ხელაღებული, რომ მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო და მოკლავდა მის შვილს - ნ--–- ა---–-–---–ს, რომელიც იყო გვერდზე ოთახში და იმალებოდა. ნ--–- და თ----- ა---–-–---–ების ჩვენებების თანახმად ერთის მხრივ მათ მართლაც შეეშინდათ - დ-------- გ--–------ის არ მოეკლა ან ჯანმრთელობა არ დაეზიანებინა ნ--–- ა---–-–---–ისათვის, თუმცა მეორეს მხრივ თ----- ა---–-–---–ის ჩვენების თანახმად - ნ--–- ა---–-–---–ის გამოძახებაზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მალევე წავიდნენ მისი სახლიდან, რადგან არ არსებობდა ბრალდებულის დაკავების საფუძველი, რადგან მათი მისვლისას დ-------- დამშვიდდა, აღარ ყვიროდა და აღარ იგინებდა. ნ--–- ა---–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად კი თ----- ა---–-–---–მა არ იცოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებული შესახებ, ამიტომ სამართალდამცავებს მისვლისას განუცხადა, რომ მათ არ გამოუძახიათ, შესაბამისად პოლიციელები სახლში არ შესულან. მას დაურეკეს საპატრულო პოლიციიდან, თუმცა რადგან დ-------- უკვე წასული იყო, განუცხადა, რომ აღარ საჭიროებდა დახმარებას და გამოძახება გააუქმა.
ცხადია იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული და მისი ახლობელი, ამ შემთხვევაში დედა ნამდვილად განიცდის მუქარის განმახორციელებელი პირის მიმართ შიშს, რომ ის რეალურად მოუსპობს სიცოცხლეს ან დაუზიანებს ჯანმრთელობას, რეაგირების გარეშე არ გაუშვებს გამოძახებულ პოლიციელებს, მინიმუმ საფრთხის წყაროს (იგულისხმება ბრალდებული) წასვლამდე, მიზეზით, რომ მათთან არაფერი ხდება და ეს მაშინ, როცა თ----- ა---–-–---–ის განმარტებით, მას და ნ--–-ს ჰქონდათ შიში რადგან დ-------- გ--–------ი იყო არაპროგნოზირებადი და ადვილად აღგზნებადი პიროვნება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის გამოძახების შეტყობინება, რომლის შინაარსიც ცხადაია ასევე ხაზს გაუსვამდა დაზარალებულის იმწუთიერ მდგომარეობას, რა ფრაზებითა და როგორ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა მოახდინა გამოძახება, რასაც შესაძლოა გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნა დაზარალებულის შიშზე, იმ პირობებში როცა მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო სხდომაზე.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებულ ვითარებაში, დაზარალებულის მოქმედებების გათვალისწინებით, რთულია ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანისათვის (არც მშიშარა და არც ძალიან გულადი) აღნიშნული მუქარა რეალურად აღქმადი და შიშის გამომწვევი ყოფილიყო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ------- მ--------–---–მა განმარტა, რომ მგზავრობისას ანერვიულებულმა თ----- ა---–-–---–მა უთხრა, რომ იყო შეშინებული, რადგან დაახლოებით 0200 საათზე კონკრეტული პიროვნება, სახელად დ-------- მივიდა მასთან სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ნ--–-ს ცემითა და მოკვლით.
ცხადია, ჩვენების აღნიშნული ნაწილი, ბრალდებულის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - მხოლოდ ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე. მოწმის ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის,ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).
გარდა ამისა სასამართლო განმარტავს, რომ სხდომაზე არ გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა 2018 წლის 20 აპრილს ბრალდებულისა და დაზარალებულის სატელეფონო საუბარს, ერთადერთი მოწმე რომელიც ვითომდა ამ ფაქტს შეესწრო განმარტავს, რომ ნ--–- ა---–-–---–თან ერთად ყოფნისას ამ უკანასკნელს სატელეფონო საუბრისას მამაკაცი დაემუქრა მუქარის შემცველი სიტყვები - ,,ფული დამიბრუნე, თორე მოგკლავ“, თუმცა მისთვის უცნობია ვინ ესაუბრებოდა ნ--–-ს, მან მხოლოდ დაზარალებულისაგან იცის, რომ მოსაუბრეს ერქვა დ--------. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოწმისათვის უცნობია ნ--–-ს ყავდა თუ არა სხვა მოვალეები. შესაბამისად იმის დადგენა უშუალოდ ვინ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია ნ--–- ა---–-–---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაიწყო ტირილი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერებით შეუძლებელია.
შესაბამისად იმ დაშვების პირობებშიც თუ ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს სწორედ ბრალდებულის მხრიდან, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ესაუბრა ნ--–- ა---–-–---–ს, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და მუქარამ დაზარალებულში გამოიწვია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ფრაზების გვერდზე ოთახიდან და სატელეფონო საუბრისას მოსმენის შემთხვევაშიც კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, მითუფრო პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებით, კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ არა დ-------- გ--–------ი ნ--–- ა---–-–---–ს და ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშული სიტყვები იყო თუ არა დაზარალებულისათვის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამომწვევი, რაც აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო კრიტერიუმია.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ დ-------- გ--–------ი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------- გ--–------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2. დ-------- გ--–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
4. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი