გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210016001346390
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/109-4-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–----------------------“

წარმომადგენელი - თ--------------------–ი

მოპასუხე - ს----------------–---–ი, გ----------–--ე

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ს----------------–---–ს და გ----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 742.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 13 681.5 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1061.04 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს და მოპასუხეებს ს----------------–---–ს და გ----------–--ეს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულება #9-, რომლითაც მოპასუხე ს----------------–---–ს დაუმტკიცდა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 24 ოქტომბერს, 27 ოქტომბერს, 04 ნოემბერს, 17 ნოემბერს და 26 ნოემბერს ს----------------–---–მა, საკრედიტო ხაზის ფარგლებში, მიიღო სესხი ჯამში 21 281.5 ლარის ოდენობით. მსესხებელი მითითებული პერიოდის განმავლობაში, პერიოდულად იხდიდა დავალიანებას. ს----------------–---–ის მიერ განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, მის მიერ მიღებული თანხების ჯამური ოდენობა არ ასცდენია საკრედიტო ხაზით განსაზღვრულ 14 000 ლარიან ლიმიტს. კრედიტის დღიური პროცენტი - 0.06, კრედიტის დაფარვის ვადა - 24.04.2015. ხელშეკრულების თანახმად, ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი. მოვალემ 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2015 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში ჯამში გადაიხადა 8608.57 ლარი, საიდანაც 7600 ლარი არის სესხის ძირი, ხოლო 1008.57 ლარი პროცენტი.

 

2014 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ----------–--ემ, როგორც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მი----------------------------–---------------------“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს 15528.8 ლარს.

 

მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულეს. ს----------------–---–მა, საკრედიტო ხაზის ფარგლებში, მიიღო სესხი ჯამში 21281.5 ლარის ოდენობით, ხოლო გადაიხადა 8608.57 ლარი, საიდანაც 7600 ლარი გამოაკლდა სესხის ძირ თანხას, ხოლო 1008.57 ლარი პროცენტს. სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 28 რიცხვამდე, თუმცა 2015 წლის 28 მარტს აღარ განხორციელდა ხელშეკრულებით დადგენილი დაგროვილი პროცენტის დაფარვა. შესაბამისად, ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 28 მარტიდან. ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 20 თებერვალს 51 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეების დავალიანება 2014 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 14742.54 ლარს, საიდანაც 13681.5 ლარი შეადგენს სესხის ძირ თანხას, ხოლო დანარჩენი 1061.04 ლარი არის სარგებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-თვის ცნობილი იყო, რომ მსესხებელს და თავდებ პირს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ გ----------–--ე. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე გ----------–--ე და არა ს----------------–---–ი.

 

2.2. მოპასუხე გ----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის უშუალოდ მსესხებელი და არა თავდები პირი.

 

(იხ. შესაგებლები, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს და მოპასუხე ს----------------–---–ს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულება #9-, რომლითაც მოპასუხეს დაუმტკიცდა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა, კრედიტის დღიური პროცენტი - 0.06, კრედიტის დაფარვის ვადა - 24.04.2015 წელი. ხელშეკრულების თანახმად, ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულება #9- (ს.ფ. 15);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-25);

- სალაროს გასავლის ორდერები (ს.ფ. 17-23).

 

3.1.2. 2014 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ----------–--ემ, როგორც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მი----------------------------–---------------------“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს 15528.8 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულება #9- (ს.ფ. 15).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის თანახმად, მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ის მიმართ არსებული ვალდებულება შეადგენს 14742.54 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 13681.5 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1061.04 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულება #9- (ს.ფ. 15);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-ს და მოპასუხე ს----------------–---–ს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულება #9-, რომლითაც მოპასუხეს დაუმტკიცდა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, კრედიტის დღიური პროცენტი - 0.06, კრედიტის დაფარვის ვადა - 24.04.2015 წელი. ხელშეკრულების თანახმად, ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი.

 

მოპასუხე ს----------------–---–ის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობიდან გამომდინარე, დავალიანებამ შეადგინა 14742.54 ლარი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააკეთოს განმარტება მოპასუხე ს----------------–---–ის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება გ----------–--ისთვის, როგორც მსესხებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია სესხის და თავდებობის ხელშეკრულება #9-, სადაც მსესხებლის სტატუსით მითითებულია ს----------------–---–ი. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კლიენტი ს----------------–---–ი გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, რაზეც აწერს ხელს. სესხის ხელშეკრულება ხელმოწერილია მსესხებელ ს----------------–---–ის და თავდების გ----------–--ის მიერ. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სალაროს გასავლის ორდერებით, კრედიტის თანხების გამტან პირად მითითებულია ს----------------–---–ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, დასტურდება, რომ სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობაში მსესხებელ პირს წარმოადგენს ს----------------–---–ი და არა გ----------–--ე.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ----------–--ემ, როგორც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მი----------------------------–---------------------“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს 15528.8 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება,მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 24 ოქტომბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე 14742.54 ლარის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან, შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ს----------------–---–ს და გ----------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 443 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ს----------------–---–ს და გ----------–--ეს შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14742.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13681.5 ლარი და საპროცენტო სარგებელი 1061.04 ლარი.

 

3. ს----------------–---–ს და გ----------–--ეს შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 443 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე