გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/12100-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - შპს ,,კო----------–------”
წარმომადგენლები: ლა–-------ა (დირექტორი), ნუ----------------ე, ნი-----–--------ა
მოპასუხე - სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“
წარმომადგენლები: ლე----------–--ე, მზ----–----------–---ი, მე--------------ე, არ---–------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ მოსარჩელე ,,კო----------–------”-ს სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით, 446700 ლარისა და 80 თეთრის გადახდა;
1.2. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ მოსარჩელე ,,კო----------–------”-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სამშენებლო დერეფნის მოწყობისათვის გაწეული ხარჯების სახით, 152236 ლარისა და 35 თეთრის გადახდა;
1.3. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ მოსარჩელე ,,კო----------–------”-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სერვიტუტის ღირებულების სახით 1000 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მხარეთა შორის, 23/02/2017წ. დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N6--2------01, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალური გაზსადენის ქ------–---ის 45 კმ-იანი განშტოების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ, რომლის შესრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 26 ოქტომბერი, ხოლო ღირებულება შეადგენდა 10483799 ლარს დღგ-ს გარეშე. შესასრულებელი სამუშაოები განსაზღვრული იყო დანართი N2-ით. ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან სამუშაოს წარმოადგენდა მდ. რ-----ს ქვეშ დახრილ-მიმართული მიწისქვეშა ბურღვითი სამუშაოები.
სამუშაოები სრულდებოდა ხელშეკრულების შესაბამისად და 15 მარტამდე გაფორმდა 10 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა მიხედვით, შესრულდა 6917791.76 ლარის სამუშაო.
მოსარჩელისათვის, როგორც მიმწოდებლისათვის, ანაზღაურება ხორციელდებოდა როგორც წინასწარი ანაზღაურების, ასევე სამუშაოთა დასრულების შემდგომ. ხელშეკრულების 28-ე პუნქტის შესაბამისად, გამოიყენებოდა წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით.
2018 წლის 5 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული იქნა დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოები. სამუშაოთა შესრულების დასკვნით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს, 14 დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში დაკავებული 312690,56 ლარი და 2018 წლის 5 მარტს დაკავებული 134010.24 ლარი მიმართული იყო არა ავანსის გასაქვითად, არამედ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით. დასკვნით, ზემოაღნიშნული სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 25 ოქტომბერს და ამ დროიდან მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო ამ შესასრულებელი სამუშაოს 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 446700.80 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ 21/02/2018წ. წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ გაუქვითავი ავანსი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1208724 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოთა შეფერხება გამოიწვია ასევე არაზუსტმა და არასრულმა სამშენებლო პროექტმა; მოპასუხის მიერ არ იქნა ჩატარებული შესაბამისი კვლევები; ამომწურავი გეოლოგიური კვლევის შედეგად კი დადასტურდა, რომ აუცილებელი იყო მილის მდებარეობის ცვლილება; წარმოდგენილი პროექტი შეიცავდა უზუსტობას, რაც გამოიხატებოდა მილის ჩადგმის არასწორ დახრილობაში - მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, პროექტი ვერ შესრულდებოდა და აუცილებელი გახდა მილის დახრილობის კუთხის ცვლილება.
დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები შესრულდა ახალი პროექტის შესაბამისად, რაც მოპასუხემ მოიწონა და უპრეტენზიოდ მიიღო.
მოსარჩელის განმარტებით, დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოს შესრულების ღირებულება აღემატებოდა ხელშეკრულების ღირებულების 1/3-ს, რისთვისაც საჭირო იყო ხანგძლივი ვადა და მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის მოსამზადებელი დერეფნის მოწყობა მდ. რ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შეუძლებელი გახდა შესაბამისი მიწის ნაკვეთების სერვიტუტებითა და აუცილებელი გზის დადგენის გარეშე და ამ პროცედურების მოგვარება დასრულდა 2017 წლის ნოემბერში. ვინაიდან ამ ტერიტორიაზე იყო სიმინდის ყანები, მოსახლეობამ უარი განაცხადა სერვიტუტით დატვირთვაზე, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო მისი ნაყოფიერი ფენის მოჭრა, მოხრეშვა და დერეფნის მოწყობა.
საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელემ ამ ნაწილში დააზუსტა სარჩელი და განმარტა, რომ ამ მესაკუთრეთა მიერ მოსარჩელისათვის ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია და ასეთი განხორციელდა მხოლოდ მდ. რ-----ს მეორე ნაპირზე მდებარე იმ ნაკვეთის მესაკუთრის მხრიდან, სადაც უნდა განთავსებულიყო დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარი.
ასევე, ბურღვით სამუშაოებს აფერხებდა მოპასუხის მიერ მილების მიწოდების დაყოვნება და უხვი ნალექი, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა მოპასუხეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.6. პუნქტით, მოსარჩელეს მდ. რ----ზე დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 25 ოქტომბრისათვის. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ამ სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 3436160 ლარს, შესაბამისად, ერთ დღეზე დასარიციხი პირგასამტეხლოს ოდენობაა 3436.16 ლარი.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 5 მარტს, ანუ გადააცილა 130 დღე. შესაბამისად, დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 446700.80 ლარი. ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო პირგასამტეხლო გამოექვითა მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხიდან.
რაც შეეხება ფორს-მაჟორულ გარემოებებს, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის განცხადებით უხვ ნალექებს ადგილი ჰქონდა 2017 წლის ოქტომბრის 2-4, 15-18, 30-31 რიცხვებში, რის შესახებაც მოპასუხეც ეცნობა 2017 წლის 10 ნოემბერს. ასევე, ხელშეკრულების 37-ე მუხლის მიხედვით, უხვი ნალექი ვერ ჩაითვლება ასეთ გარემოებად, რამდენადაც აჭარისა და გურიის რეგიონში უხვი ნალექი ჩვეულებრივი დამახასიათებელი მოვლენაა. მოპასუხის განმარტებით, ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის დადასტურების უფლებამოსილება სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ასეთი ცნობა კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად, დახრილ-მიმართული ბურღვის სამშენებლო დერეფანში სერვიტუტების უფლების მოპოვება დამატებით მიწის ფართობებზე, წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
მოპასუხის განმარტებით, დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის ნაწილში, პროექტში რაიმე შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, რა დროსაც სსიპ ,,სა---–-–------–--------------------ოს“ ვებგვერდზე მოპასუხემ განათავსა სრულყოფილი ინფორმაცია შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, მათ შორის პროექტის განმარტებითი ბარათი (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს), რომლის 6.2. მუხლით, დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მშენებლობისათვის მოსარჩელე ვალდებული იყო საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის მიერ წინასწარ წარმოდგენილი სატენდერო/საპროექტო მასალების დაზუსტების ან/და სხვა აუცილებელი/საჭირო მონაცემების შეგროვების მიზნით, ჩაატაროს დამატებითი საინჟინრო-საძიებო კვლევები, რომელის ღირებულება უნდა შეიტანოს/გაითვალისწინოს სატენდერო წინადადებაში. ასეთი კვლევების ჩატარების საჭიროება განსაზღვროს ტენდერის მიმდინარეობისას და აუცილებლობის შემთხვევაში მათი შესრულების ხანგძლივობა გაითვალისწინოს გეგმა-გრაფიკში დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო ვადებთან ერთად. ამასვე მიუთითებს განმარტებითი ბარათის 6.18 მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე გამოეკვლია საპროექტო დოკუმენტაცია და დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება/აუცილებლობა, შესაბამისი თანხები კი გაეთვალისწინებინა სატენდერო წინადადებაში და შეთავაზებულ ხარჯთაღრიცხვაში, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
რაც შეეხება დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მშენებლობისათვის შესაბამისი სპეციალისტების და ტექნიკური საშუალებების მოძიებას, მოსარჩელეს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ თადარიგი დაეჭირა და სამუშაოები დადგენილ ვადებში შეესრულებინა, ხოლო ამ ვადების გადაცილებაში მოპასუხის დადანაშაულება, რომ თითქოს მან მოითხოვა შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფის შერჩევა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც მისი მოძიება გააჭიანურა, წარმოადგენს ცილისწამებას და მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
მოპასუხემ, პროექტის განმარტებითი ბარათის 6.18 მუხლზე მითითებით, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოებისათვის სამშენებლო დერეფნის მოწყობის აუცილებლობის არცოდნის შესახებ, რამდენადაც დასახელებული მუხლში საუბარია სამშენებლო მოედნის მოწყობის საჭიროებაზე/აუცილებლობაზე, რასაც მოსარჩელე უნდა გაცნობოდა.
რაც შეეხება უმოქმედო გაზსადენის დემონტაჟის სამუშაოების გამო დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოებში ხელშეშლას, მოპასუხემ განმარტა, რომ დემონტირებას დაქვემდებარებული გაზსადენი მდებარეობს საპრექტო გაზსადენის მე-11 კილომეტრზე, ხოლო დახრილ-მიმართული ბურღვის სამშენებლო მოედანი კი - მე-2 კილომეტრზე, შესაბამისად, დემონტაჟის სამუშაოების გამო გზის მოუსწორებელი საფარის შედეგად დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოებში ხელშეშლას ადგილი ვერ ექნებოდა.
ასევე უსაფუძვლოა ტყითსარგებლობისა და ნავთობსადენის გადაკვეთის ნებართვის არარსებობის განხილვა დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოების დაგვიანების გამომწვევ გარემოებად, რამდენადაც ტყითსარგებლობის ნებართვა მოპასუხემ მოიპოვა 2017 წლის 21 აპრილს, ხოლო კომპანია ბ----ს ნავთობსადენის გადაკვეთა დახრილ-მიმართული ბურღვის სამშენებლო დერეფანში არ ხვდება და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად, ასეთი ნებართვების მიღება არ წარმოადგენდა მოპასუხის ვალდებულებას.
მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოების შესრულებისას შესაბამისი სამუშაო პირობების არარსებობის, როგორც მოპასუხის მიერ საპასუხო ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელემ ისე გაანაწილა ჯამური სახელშეკრულებო ფასი, რომ მასში სამშენებლო დერეფნის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულება არ შეიყვანა, რისი უფლებამოსილებაც მას გააჩნდა. შესაბამისად, ამ სამუშაოების შესრულების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რამდენადაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა მიეკუთვნება ე.წ. ,,მყარი“ სახეობის ხარჯთაღრიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქ------–---ის 45 კილომეტრიანი განშტოების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გამოცხადებულ NA---------- ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე, შპს ,,კ------------–--ის“ სატენდერო წინადადება და 2017 წლის 23 თებერვალს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N6--2------01 (შემდგომში ,,ხელშეკრულება“), რომლის ღირებულება განისაზღვრა 12370882.82 ლარით (დღგ-ს ჩათვლით).
ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა სატენდერო და საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე, პროექტის განმარტებითი ბარათი.
04/07/2017წ. შეთანხმებით, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ნუსხიდან ამოღებული იქნა მშენებარე გაზსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებული მოპასუხის კუთვნილი უმოქმედო გაზსადენების დემონტაჟისა და მილების ტრანსპორტირების სამუშაოები და საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 11919862.04 ლარით (დღგ-ს ჩათვლით).
ხელშეკრულებით, მოსარჩელემ, როგორც მიმწოდებელმა, იკისრა ვალდებულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქ------–---ის 45 კილომეტრიანი განშტოების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის სრული მოცულობით დასრულების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 26 ოქტომბერი, ხოლო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებისა - 2017 წლის 25 ოქტომბერი.
დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ამ სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 3436160 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 30-50);
- სატენდერო დოკუმენტები (ტ.2. ს.ფ.-ები: 100-129);
- პორექტის განმარტებითი ბარათი (ტ.2. ს.ფ.-ები: 21-76);
- გაზსადენის პროექტი (ტ.2. ს.ფ.-ები: 77-99);
- მშენებარე გაზსადენის გეგმა და პროფილი (ტ.2. ს.ფ.-ები: 131-132);
- 05/03/2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N-- (ტ.1. ს.ფ. 154);
- ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა (ტ.1. ს.ფ.-ები: 162-16-);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მოსარჩელე ეტაპობრივად ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების მიწოდებას მოპასუხისათვის, რასთან დაკავშირებითაც ხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა.
ბოლო მიწოდება მოპასუხეზე განხორციელდა 2018 წლის 5 მარტს, რითაც მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის შესახებ, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული შესრულება.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 5 მარტს, ანუ გადააცილა 130 დღე.
მოპასუხემ, 2017 წლის 24 ნოემბერს, 14 დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში გადასახდელი თანხიდან მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 312690,56 ლარი, ხოლო 2018 წლის 5 მარტს - 134010.24 ლარი, ჯამში - 446700.80 ლარი, დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 05/03/2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N-- (ტ.1. ს.ფ. 154);
- ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა (ტ.1. ს.ფ.-ები: 162-16-);
- სამუშაოების შესრულებისა და ანგარიშსწორების დოკუმენტები (ტ.1. ს.ფ.-ები: 66-165;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. მდინარე რ-----ს ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის მილების დროებით განთავსება-შედუღებისათვის საჭირო იყო დროებითი სამშენებლო დერეფნის მოწყობა, რისათვის შესაბამის მიწის ნაკვეთებზე მოპასუხის მიერ სერვიტუტის უფლების მოპოვება მოხდა 2017 წლის ივნისიდან ამავე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, თუმცა ამ დრომდე მესაკუთრეთა მხრიდან რაიმე ხელშეშლას ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებისას მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება სა---------–-----------------ოს საკუთრებაში არსებულ, ა--–ის მუნიციპალიტეტში, ა-----–ის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც მოხდა მდინარე რ-----ს ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო დანადგარის განთავსება (ტ.2. ს.ფ.248), სერვიტუტის უფლების საზღაური - 1000 ლარი გადახდილი იქნა მოსარჩელის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმები (ტ.2. ს.ფ.-ები: 148-167);
- სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (ტ.1. ს.ფ.6-);
- საგადახდო დავალება (ტ.1. ს.ფ.214);
- მოწმეთა ჩვენებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. მდინარე რ-----ს ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის დროებითი დერეფნის მომზადების სამუშაოები (მე-2 სასარჩელო მოთხოვნა) მოსარჩელეს შეტანილი არ ჰქონდა გეგმა-გრაფიკსა და ხარჯთაღრიცხვაში (აქ შეტანილია მხოლოდ საპროექტო-სამშენებლო დერეფნის სამუშაოები) და მისი გადაჭარბების შესახებ, მოსარჩელეს მოპასუხისათვის წინასწარ არ უცნობებია.
- სარჩელი;
- შესაგებელისახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 30-50);
- სატენდერო დოკუმენტები (ტ.2. ს.ფ.-ები: 100-129);
- პორექტის განმარტებითი ბარათი (ტ.2. ს.ფ.-ები: 21-76);
- გაზსადენის პროექტი (ტ.2. ს.ფ.-ები: 77-99);
- მშენებარე გაზსადენის გეგმა და პროფილი (ტ.2. ს.ფ.-ები: 130-131);
- სამუშაოს მოცულობათა ცხრილი (ტ.1. ს.ფ.-ები: 51-56);
- სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (ტ.1. ს.ფ.6-);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გაანალიზების შედეგად, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მოსარჩელის დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების ,,ხელშეკრულებით“ განსაზღვრული ვადის დარღვევა არ ყოფილა გამოწვეული მოპასუხის ქმედებ(ებ)ითა და ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს მნიშვნელოვანი სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა სრულად და ჯეროვნად, მოპასუხემ მიიღო ეს შესრულება და მას რაიმე სახის ზიანი ამ ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შედეგად არ მიუღია, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 446700 ლარი და 80 თეთრი, უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასრგებლოდ 402030 ლარისა და 72 თეთრის გადახდა (446700.80-44670.08).
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო დროებითი დერეფნისათვის (მილების განლაგებისა და შედუღებისათის გამოსაყენებლი ტერიტორია), მათ შორის, სა---------–-----------------ოს საკუთრებაში არსებულ, ა--–ის მუნიციპალიტეტში, ა-----–ის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული და დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განსათავსების მიზნით, სერვიტუტის უფლებების მოპოვება წარმოადგენდა მოპასუხის ვალდებულებას, ხელშეკრულების 20.1. მუხლის თანახმად, ხოლო 20..4. მუხლში მითითებულ იმ მიწის ნაკვეთებში, რომლებზედაც შესაბამისი უფლებების მოპოვება წარმოადგენდა მოსარჩელის, როგორც მენარდის, ვალდებულებას, იგულისხმება ისეთი ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც უნდა მომხდარიყო სამუშაოთა წარმოებისათვის დროებითი სამშენებლო ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, მასალების, ნარჩენების განთავსებისა და სხვა შემხვედრი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო თვლის, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 402030 ლარისა და 72 თეთრის გადახდა;
4.2. მე-2 მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4.3. მე-3 სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე, 383-ე მუხლები, მე-400 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, 401-ე, 417-420-ე, 629-ე, 6-1-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. წინამდებარე შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ მხარეებს შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი) და მოსარჩელემ, მენარდემ ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის შესახებ, ხელშეკრულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა, თუმცა იგი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საფუძვლებად შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას (პროექტის ხარვეზი და მისი ცვლილების საჭიროება, დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განსათავსებელ ნაკვეთზე სერვიტუტის უფლების დროულად მოუპოვებლობა) და ფორს-მაჟორულ გარემოებებს (უხვი ნალექი, წყალდიდობა) ასახელებს.
სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ხოლო 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა სატენდერო და საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე, პროექტის განმარტებითი ბარათი.
სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გაანალიზების შედეგად, პრეზუმირებულ ფაქტად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის, როგორც ტენდერში მონაწილე და შემდგომ, გამარჯვებული პრეტენდენტისათის, ცნობილი იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოები და მათი სპეციფიკა, მათ შორის, ძირითადი - მდინარე რ-----ს ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობის მეთოდოლოგია და ტექნიკური მოთხოვნები.
განმარტებითი ბარათის 6.18 მუხლით (იხ. დოკუმენტის 40-43-ე გვერდები, ტ.2. ს.ფ.-ები: 60-6-), მოსარჩელეს ეკისრებოდა დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო მუშა ნახაზების დამუშავების ეტაპზე გადასასვლელის გეგმა/პროფილის დაზუსტების ვალდებულება. ამასთან, განმარტებითი ბარათის დასახელებული მუხლი შეიცავს მითითებას, რომ უნდა მომხდარიყო არა მილების მიწისქვეშა კუთხოვანი შედუღება, არამედ ბუნებრივი დახრის მეთოდით შედუღებული მილის გატარება რ-----ს ქვეშ მოწყობილ ჭაბურღილში, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე (იხ. განმარტებითი ბარათის 42-43-ე მუხლები).
აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებითაც, რომ პროექტის განმარტებითი ბარათის 6.2. მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი კვლევებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება მოახდინა 2017 წლის 11 დეკემბერს. მოსარჩელის აპელირება იმაზე, რომ პროექტში (იხ. პროექტის გეგმა/პროფილი. ტ.2. ს.ფ.130) მითითებული, მდ. რ-----ს ქვეშ გამავალი მილსადენის კუთხოვანი კონფიგურაცია წარმოადგენდა პროექტის ხარვეზს და ამ მონაკვეთში ბუნებრივი დახრის მეთოდით მილსადენის მოწყობა განხორციელდა პროექტში ცვლილების შეტანის შედეგად, ვერ იქნება გაზიარებული იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი პროექტის ცვლილების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
6.2. ხელშეკრულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შესრულების გამო, თუ შეუსრულებლობის მიზეზია ფორს-მაჟორული გარემოებები - გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობა არ არის დამოკიდებული მხარეებს, რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ სცოდნოდათ და რომელზეც მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასეთი გარემოებების წარმოშობის შესახებ, მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა) და არაუგვიანეს მათი წარმოშობიდან მეორე კალენდარული დღისა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილით. ამ პუნქტის დაუცველობის შემთხვევაში, მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხოლო მე-5 პუნქტით, წერილობით შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ.
განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ სარჩელში მითითებულ წელიწადის დროის მონაკვეთში, დასავლეთ საქართველოს ამ ტერიტორაზე უხვი ნალექი ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ და, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოების თაობაზე მოსარჩელემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ტენდერში მონაწილეობის მიღებისა და ხელშკრულების დადების დროს, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული სტიქიური მოვლენის თაობაზე (მაგ. წყალდიდობა და ა.შ.) არც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია სახეზე და ასევე არც კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი ცნობა; ასევე, სარჩელი არ შეიცავს მითითებას და შესაბამის დასაბუთებას, თუკი მართლაც ჰქონდა ადგილი ფორს-მაჟორულ გარემოებებს, კონკრეტულად ამ საფუძვლით რამდენი დღით მოხდა შესრულების დაგვიანება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები).
საქმეში არსებული 15/06/2017წ. წერილით (ტ.1. ს.ფ.215), ხელშეკრულების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არ დგინდება აქ მითითებული სტიქიური მოვლენის წარმოშობის თარიღი, ხოლო 2017 წლის ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექების შესახებ, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა 2017 წლის 10 ნოემბერს (ტ.1. ს.ფ.217) - ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც ამავე პირობის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის შემთხვევაშიც, არ იწვევს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
ამასთან, სსიპ გ------------–--------------–- სააგენტოს 19/04/2018წ. N1------- ცნობაში მითითებულია მხოლოდ 2017 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ნალექების არსებობის შესახებ (ტ.1. ს.ფ.228), რაც, თავისთავად, არ ადასტურებს ისეთი სტიქიური მოვლენის არსებობას, რომელიც შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ფორს-მაჟორულ ვითარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ გარემოებაზე დაყრდნობითაც არ არსებობს ვალდებულების დადგენილ ვადაში შესურულებლობის გამო მოსარჩელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
6.3. რაც შეეხება ა--–ის მუნიციპალიტეტში, ა-----–ის მასივში მდებარე, სა---------–-----------------ოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო დანადგარის განთავსების მიზნით სერვიტუტის მოპოვების საკითხს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის 20/10/2017წ. წერილს მოპასუხისადმი სამუშოების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ (ტ.1. ს.ფ.-ები: 218-220), სადაც ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის ხელშემშლელი გარემოებები (მე-7 პუნქტი), კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, მილსადენის განლაგებასა და შედუღების სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელი დერეფნის მოსაწყობად შესაბამის მიწის ნაკვეთებზე სერვიტუტის უფლების დაგვიანებაზე.
ამ ნაკვეთებზე რომ ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელემ დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის დროს, ხოლო მდ. რ-----ს მეორე ნაპირზე, სა---------–-----------------ოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მილების დალაგება-შედუღების მიზნით დროებითი დერეფნის მოწყობა პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა (ტ.2. ს.ფ. 248) - აქ უნდა მომხდარიყო საბურღი და მილსადენის გამოსატანი დანადგარის განთავსება, რასთან დაკავშირებითაც ამ წერილში რაიმე ხელშეშლაზე საერთოდ მითითებული არ არის. გარდა აღნიშნულისა, მას არ წარმოუდგენია დასახელებულ მიწის ნაკვეთზე ხელშეშლის დამადასტურებელი განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები, ხოლო მოწმედ მესაკუთრის შესაბამისი უფლებამოსილი პირის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე, უარი თქვა.
ასეთ პირობებში, სასამართლო თვლის, რომ ამ ნაკვეთზე მოსარჩელისათვის რაიმე ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის ფაქტობრივ შემადგენლობას ადგილი არ აქვს და მოპასუხის ქმედება, ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1.1. პუნქტის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ, კანონიერია, თუმცა სასამართლო თვლის, რომ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები. კერძოდ:
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ეს ზემოთაა აღნიშნული, მოპასუხემ, 2017 წლის 24 ნოემბერს, 14 დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში გადასახდელი თანხიდან მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 312690,56 ლარი, ხოლო 2018 წლის 5 მარტს - 134010.24 ლარი, ჯამში - 446700.80 ლარი, დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს მიეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო„ (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების ფუნქციებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ბოლოს განხულულ საქმეზე განმარტა, რომ ,,ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაცწარმოადგენს. ვალდებულებისდარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად(სუსგ 6.05.2015წ. №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ Nას-1548-2018, 11/01/2019წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლომ, მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას, განმარტა, რომ ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწიბნებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგძლივობა და სხვა" (სუსგ 28/12/2012წ. საქმე Nას-1560-146--2012; სუსგ 16/05/2014წ. საქმე Nას-1200-1145-2013, 07/10/2015წ. №ას-459-438-2015).
,,პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია აგრეთვე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი, სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი; ას-16--16--2018, 20 ივლისი, 2018 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის ნაწილში ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იგი, გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს მნიშვნელოვანი სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა სრულად და ჯეროვნად და მოპასუხემ მიიღო ეს შესრულება და მას რაიმე ზიანი შესრულების დაგვიანებით არ მიუღია, უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.01%-მდე.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ღირებულება, რაც პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული თანხის გამოკლებით, შეადგენს 402030 ლარსა და 72 თეთრს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია მხოლოდ შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნა, გარდა ამავე კოდექსის 6-1-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რა დროსაც მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს გადაჭარბებული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ შემკვეთის წინასწარი ინფორმირებისას.
,,დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მიახლოებითი ხაჯთაღრიცხვის წინასწარ გაუთვალისწინებელი მნიშვნელოვანი გადაჭარბების დროს, კანონი მენარდეს ავალდებულებს წინასწარ აცნობოს შემკვეთს, რომელსაც, თავის მხრივ, ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და აანაზღაუროს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, ხოლო, თუკი მენარდე არ დაიცავს წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, ის კარგავს უფლებას, მოითხოვოს გადაჭარბებული ანაზღაურება“ (სუსგ №ას-678-6-2-2017, 27/10/2017 წელი).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მხარეთა შორის განსაზღვრული იყო მყარი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე (სამოქალაქო კოდექსის 6-0-ე მუხლი).
მოსარჩელისათვის ყველა გარემოების გათვალისწინებით ცნობილი იყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო დროებითი დერეფნის მოწყობისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, რაც მნიშვნელოვან ხარჯებს წარმოადგენს და მას ეს ხარჯები უნდა შეეტანა ხაჯთაღრიცხვაში ან წინასწარ ეცნობებინა შემკვეთისათვის, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელეს სკ-ის 398-ე მუხლის მიხედვით, ასევე წინასწარ არ მოუთხოვია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მან დაკარგა უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს ამ ხარჯების ანაზღაურება. ამდენად, მე-2 სასარჩელო მოთხოვნა, დერეფნის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის სახით მოპასუხისათვის 152236,35 ლარის გადახდის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირველი მუხლი არ შეიცავს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ,,დამატებითი მიწის ფართობის" დეფინიციას და სასამართლომ, დასახელებული ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების ამ დებულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტებისას, დადგენილად მიიჩნია, რომ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რ----ზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო დროებითი დერეფნისათვის (მილების განლაგებისა და შედუღებისათის გამოსაყენებლი ტერიტორია), მათ შორის, სა---------–-----------------ოს საკუთრებაში არსებულ, ა--–ის მუნიციპალიტეტში, ა-----–ის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული და დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განსათავსების მიზნით, სერვიტუტის უფლებების მოპოვება წარმოადგენდა მოპასუხის ვალდებულებას, ხელშეკრულების 20.1. მუხლის თანახმად, ხოლო 20..4. მუხლში მითითებულ იმ მიწის ნაკვეთებში, რომლებზედაც შესაბამისი უფლებების მოპოვება წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას, იგულისხმება ისეთი ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც უნდა მომხდარიყო სამუშაოთა წარმოებისათვის დროებითი სამშენებლო ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, მასალების, ნარჩენების განთავსებისა და სხვა შემხვედრი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით.
ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომ მოსარჩელემ, ა--–ის მუნიციპალიტეტში, ა-----–ის მასივში მდებარე, სა---------–-----------------ოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განსათავსების მიზნით, მოპასუხის ნაცვლად გადაიხადა სერვიტუტის საზღაური 1000 ლარის ოდენობით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს ამ თანხის უკან დაბრუნება.
7. სასამართლო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რამდენადაც პირველი სასარჩელო მოთხოვნა 44670.08 ლარის ნაწილში და მე-2 მოთხოვნა, 152 236 ლარისა და 35 თეთრის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც ჯამში შეადგენს 196906.43 ლარს - დავის საგნის მთლიანი ღირებულების (446700.80+152236.35+1000) 599937.15 ლარის 32,83 პროცენტს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ (5000 ლარის 32.83%=1641 ლარი და 50 თეთრი) 3358 ლარისა და 50 თეთრის ანაზღაურება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა" (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016; სუსგ 07/05/2018წ. Nას-316-316-2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, ადვოკატის ხარჯების სახით, 18750 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებას (იხ. ტ.1. ს.ფ.312, საგადახდო დავალება).
ზემოაღნიშნული გარემოებების, საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ პროცესი მოიგო ნაწილობრივ, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ უნდა აუნაზღაუროს მოპასუხეს საქმეზე ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯებიდან 3000 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:
1. შპს ,,კო----------–------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ მოსარჩელე, შპს ,,კო----------–------”-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 403030 ლარისა და 72 თეთრის გადახდა.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ მოსარჩელე, შპს ,,კო----------–------”-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 3358 ლარისა და 50 თეთრის ანაზღაურება. დარჩენილი 1641 ლარი და 50 თეთრი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ მოსარჩელე, შპს ,,კო----------–------”-ის სასარგებლოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სახით, დაეკისროს 3000 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი