გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
010210017002002629
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002002629

№2-2558/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „ლ--------------“

წარმომადგენელი ი-----–------------ე

მოპასუხე გ--–---------–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გ--–---------–--ეს შპს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2270,4 ლარის გადახდა, საიდანაც 1670,4 ლარი არის ძირითადი დავალიანება, 600 ლარი- მიუღებელი შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მოსარჩელე შპს „ლ--------------ს“ მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი, ასევე უსაფუძვლო, რის გამოც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ--–---------–--ე 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობდა შპს „ლ--------------ში“ ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პრისეილერის თანამდებობაზე, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა სამეწარმეო სუბიექტებთან მოლაპარაკების წარმოება, კერძოდ სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზება, შეკვეთის გაკეთება და ფირმაში შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიტანა. გ--–---------–--ეს მოსარჩელე ორგანიზაციიდან ხელფასის სახით ერიცხებოდა თანხები ყოველთვიურად გამომუშავების მიხედვით და მას მიღებული აქვს ხელფასი 2016 წლის ივნისიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

 

გ--–---------–--ე გათავისუფლდა სამუშაოდან 2017 წლის 15 იანვრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ლ--------------ს“ დირეტორის ცნობა ხელზე გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ.

-ზეპირი გასაუბრების ოქმი.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე გ--–---------–--ემ სხვადასხვა სუბიექტებიდან მოსარჩელის სახელით აიღო შპს „ლ--------------ს“ კუთვილი თანხები 1670,4 ლარის ოდენობით და კომპანიაში არ მიიტანა, რის გამოც გააჩნია დავალიანება. ასევე სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე გ--–---------–--ემ პოლიციაში გამოკითხვის დროს აღიარა კომპანიის მიმართ დავალიანება 1670, 4 ლარის ოდენობით.

 

სს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოთხოვილი გ--–---------–--ესთან ზეპირი გასაუბრების ოქმის თანახმად გ--–---------–--ე არ ადასტურებს არანაირ ვალდებულების არსებობას კომპანიის მიმართ. როგორც საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმით და თავად მოპასუხის განმატებით დგინდება, იგი აღიარებს არა შპს „ლ--------------ს“ მიმართ დავალიანებას, არამედ როგორც თავად განმარტავს, კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფიზიური პირის, ნ----------------ს მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებას 200 ლარის ოდენობით. სხვა რაიმე ვალდებულებით ურთიერთობის არსევობას მოსარჩელის მიმართ მოპასუხე არ ადასტურებს.

 

ამდენად დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, საკუთარ პოზიციას აგებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა შეფასებამდე სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სარჩელში და შესაგებელში აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელი მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს სადავო ფაქტები ანუ ვისკენაა მტკიცების ტვირთი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებენ. სამართალწარმოება მიმდინარეობს დისპოზიციურობის, შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები თავად განსაზღვრავებ თუ რა ფაქტები დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნას და რა მტკიცებულებებით განამტკიცონ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკციების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეს უნდა დაეკისროს იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება, რაც მისთვის ობიექტურად იქნება შესაძლებელი. სამოქალაქო ბრუნვაში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინ ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. სამართლიანი და ობიექტური მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „ლ--------------ს“ ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. მის მიერვე შედგენილი ცნობა დავალიანების შესახებ კი, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება ვალდებულების არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ზეპირი გასაუბრების ოქმი.

- შპს „ლ--------------ს“ მიერ გაცემული ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ლ--------------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს კომპანიის მიმართ გააჩნია 1670,4 ლარის ოდენობით დავალიანება, რომლიც მან მისი სახელით აიღო სხვადასხვა კომპანიისაგან, ასევე ამ თანხის შპს „ლ--------------ზე“ დაუბრუნებლობით მოსარჩელემ განიცადა მიუღებელი შემოსავლის სახით 600 ლარის ოდენობით ზიანი.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის 15 იანვრამდე იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში და მოპასუხეს შესაბამისად მოსარჩელე ორგანიზაციიდან ერიცხებდა ყოველთვიურად ხელფასის სახით თანხები გამომუშავების მიხედვით. მას მიღებული აქვს ხელფასის სახით 2016 წლის ივნისიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით სახელფასო თანხა, სხვა რაიმე სახის თანხის მიღების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეებს შორის სხვა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა. ასევე სახეზე არ გვაქვს არც დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე ურთიერთობა და არც კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

 

მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალური საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მტკიცებით გ--–---------–--ემ მის მიმართ არსებული დავალიანება აღიარა პოლიციის მიერ გამოკითხვის ოქმში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2017 წლის 09 აპრილს შედგენილი გ--–---------–--ის ზეპირი გასაუბრების ოქმი არ წარმოადგენს იმ წერილობით დოკუმენტს, რომლითაც დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა. მით უმეტეს დადგენილია, რომ წარმოდგენილ გასაუბრების ოქმში გ--–---------–--ე არ ადასტურებს მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 1670,4 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე მიუღებელი შემოსავლის სახით 600 ლარის დაკისრების ნაწილშიც და განმარტავს, რომ რადგან არ დასტურდება მხარეებს შორის არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობის დარღვევა, შესაბამისად დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნაც ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მიუღებლად ითვება ის შემოსავალი, რომელის არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ შპს „ლ--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ლ--------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ლ--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გ--–---------–--ეზე თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე