განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-----19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---------------–-ილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გა--------------------------ი (დაბადებული - 19---–-–-----------ბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–ა, ი--------------------------------–-), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატები: ზ-----------ია, ფრ--------------–ვილი
თარჯიმანი: ელ-----------ვი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტი;
დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გ----- მ--------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0,2356 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მორფინი მარილი წონით 0,0067 გრამი, ნარკოტიკული საშუალება „კოდეინი“ (მარილი) წონით 0,00092 გრამი, რაც 2018 წლის 16 აგვისტოს, ასევე უკანონოდ გაასაღა გ--------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი ფ-------–ა, რუსთავის გზატკეცილი N-- - ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------სგან იქნა ამოღებული.
1.2. გ----- მ--------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0,1931 გრამი, რაც 2018 წლის 07 სექტემბერს ასევე უკანონოდ გაასაღა გ--------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისი - რუსთავის გზატკეცილი N-- - ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------სგან იქნა ამოღებული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გ----- მ--------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - გ---------------ს, მ-----–-----------–იძის, კა----------------ვას გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2------------ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N24----------/ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ----- მ--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებით სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ გ----- მ--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოწმეების - გ---------------ს, მ-----–-----------–იძის, კა----------------ვას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2------------ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N24----------/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ----- მ--------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0,2356 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მორფინი (მარილი) წონით 0,0067 გრამი, ნარკოტიკული საშუალება „კოდეინი“ (მარილი) წონით 0,00092 გრამი, რაც 2018 წლის 16 აგვისტოს, ასევე უკანონოდ გაასაღა გ--------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისი ფ-------–ა, რუსთავის გზატკეცილი N-- - ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------სგან იქნა ამოღებული. გ----- მ--------მა ასევე, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0,1931 გრამი, რაც 2018 წლის 07 სექტემბერს ასევე უკანონოდ გაასაღა გ--------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისი - რუსთავის გზატკეცილი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------სგან იქნა ამოღებული.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----- მ--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გ----- მ--------ის სასჯელის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებები გახადა უდავო, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4.5. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს გ----- მ--------ის აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი) - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით გ----- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
4.6. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ----- მ--------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით.
4.7. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (შეძენა, შენახვა, გასაღება) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. გ----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. გ----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
4. გ----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ----- მ--------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
6. გ----- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ----- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 22 იანვრიდან.
7. გ----- მ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს.
8. გ----- მ--------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:
- გ----- მ--------ის ნერწყვის ნიმუში; ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, გ----- მ--------ისაგან ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკონტროლო შესყიდვების შედეგად შეძენილი და შემდგომ გ---------------სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
- გ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- ხუთი ცალი ელექტრონული დისკი, რომელთაგან ორი ელექტრონული დისკი ერთვის სს საქმეს, ხოლო სამი ელექტრონული დისკი ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე