განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი---------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ----– თ----------ე ა----–---–ი (დაბადებული - 19---–-–--------–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, დ------------------–----–----–-------------–ი;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი.
ადვოკატი - თ----------–--–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2018 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ვ----– ა----–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე თბილისში, დ------------------–----–----–-------------–ი, კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა ყოფილი მეუღლის თ----- გ----–---–ის მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაემუქრა ყელის გამოჭრით და მოკვლით, რამაც თ----- გ----–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ვ----– ა----–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე თბილისში, დ------------------–----–----–-------------–ი, კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა ყოფილი მეუღლის თ----- გ----–---–ის მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაემუქრა ყელის გამოჭრით და მოკვლით, რამაც თ----- გ----–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ თ----- გ----–---–ის და მოწმეების: შ-------------ის და კ----------–--------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ასევე გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ----– ა----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ----– ა----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა თ----- გ----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და ბრალდებული ვ----– ა----–---–ი დაქორწინდნენ 2006 წელს და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. ჰყავთ ორი საერთო შვილი ლ---- და ნ---- ა----–---–ები. ვ----– ა----–---–ი იყო ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელი, რის გამოც თანაცხოვრების პერიოდში ხშირი იყო მათ შორის კონფლიქტი და ჩხუბი. სწორედ აღნიშნული გახდა მათი განქორწინების მიზეზი. განქორწინების შემდეგ ვ----– ა----–---–ი ხან თხოვნით, ხან კი მუქარითა და აგრესიული ფორმით მისგან ითხოვდა შერიგებას, თუმცა, მისი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებისა და თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის არსებული მუდმივი უთანხმოების გამო, იგი იყო შერიგების კატეგორიული წინააღმდეგი. 2017 წლის ზაფხულში, ვ----– ა----–---–ი დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ურეკავდა, თუმცა, იცოდა რა, რომ მისი მხრიდან გინებას და შეურაცხყოფას ექნებოდა ადგილი, არ პასუხობდა, რის შემდეგაც იგი დახვდა ავტობუსის გაჩერებაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ესროლა მობილური ტელეფონი, ასევე, შეეცადა ხელი შეეშალა მისთვის ავტობუსში ასვლაში, თუმცა, მან მაინც მოახერხა ავტობუსში ასვლა და სამსახურში წასვლა, შემდეგ კი, იმავე დღეს მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ვ----– ა----–---–ის მიმართ დაბა ტ-------–აში მდებარე პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში იგი წავიდა იტალიაში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის 26 მარტს და იმავე დღეს ცოლად გაჰყვა ვ------------------–---–ს. აღნიშნულის შემდეგ ვ----– ა----–---–ი სისტემატურად ურეკავდა მას, თუმცა, იგი არ პასუხობდა, რადგან იცოდა, რომ მისი მხრიდან კვლავ გინებას და შეურაცხყოფას ექნებოდა ადგილი. შემდეგ, 2018 წლის 30 მარტს, მისმა მეუღლემ - ვ------------------–---–მა უპასუხა, რასაც მოჰყვა ვ----– ა----–---–ის მხრიდან მუქარის შემცველი შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა: „ორივეს დაგხოცავთ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ“, „მიპასუხე, თორემ პოლიცია ვერ გიშველის“ და ასე შემდეგ, რასაც ასევე მოჰყვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა სატელეფონო საუბრისას. თ----- გ----–---–ის განმარტებით, აღნიშნული მუქარები მან აღიქვა რეალურად, რის გამოც ძალიან შეეშინდა და დარეკა ჯერ 112-ში, ხოლო შემდეგ აღნიშნული გამოძახება გააუქმა და კვლავ მიმართა დაბა ტ-------–აში მდებარე პოლიციის განყოფილებას, რადგან დასახელებული განყოფილების თანამშრომლები მისი და მისი ყოფილი მეუღლის კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. დაზარალებულის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–ი ყოველთვის ემუქრებოდა, რომ სხვა მამაკაცზე თუ დაქორწინდებოდა ან მეგობარი მამაკაცი თუ ეყოლებოდა, არ გაახარებდა, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ იგი რამდენიმე დღის დაოჯახებული იყო ვ------------------–---–ზე, მან მუქარის განხორცილების რეალური საფრთხე იგრძნო და ამიტომ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო შვილების ინტერესის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ მამასთან, მას არ სურას ვ----– ა----–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა, იგი ასევე ითხოვს ბრალდებულის მხრიდან მშვიდ, მყუდრო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას.
4.2. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძვ--–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - კ----------–--------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ვ------------------–---–ი, რომელსაც რაიმე შენიშვნა გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით არ ჰქონია. იგი გაეცნო მისი კარნახით შედგენილ გამოკითხვის ოქმს და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. ბრალდებულს, ადვოკატის თანდასწრებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, ასევე, დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
4.3. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძვ--–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - შ-------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ თ----- გ----–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მის მიმართ ყოფილი მეუღლის ვ----– ა----–---–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხულ იქნა მოწმე თ----- გ----–---–ი, დათვალიერდა თ----- გ----–---–ის მობილური ტელეფონი, კერძოდ, მუქარის შემცველი SMS შეტყობინებები, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ვ----– ა----–---–ი, ასევე, ვ----– ა----–---–ისგან მიღებული ჩვენების გადამოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
4.4. ბრალდებულმა ვ----– ა----–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს - თ----- გ----–---–ს უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე. თ----- გ----–---–ის იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მას ურეკავდა შვილების თხოვნით, რომელთაც დედის ნახვა ძალიან უნდოდათ, ხოლო 2018 წლის 30 მარტს მის ნომერზე უპასუხა უცხო მამაკაცმა, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა იყო მისი მეორე ქმარი. ეს უკანასკნელი აქეთ დაემუქრა ოჯახის ამოწყვეტით, ხოლო თავის მხრივ, ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია.
4.5. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 მარტს, 19:35 საათიდან - 19:58 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძვ--–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შ-------------ის მიერ მოწმე თ----- გ----–---–ის თანხმობითა და მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი „ს------გის“ ფირმის “C5” მოდელის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია ჯეოსელის სიმ-ბარათი, ნომრით 5-----------, კერძოდ, დათვალიერებულ იქნა ტელეფონში არსებული 2018 წლის 30 მარტს 10:56 საათიდან 12:03 საათამდე დროის შუალედში, ვ----– ა----–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან - 59---------- თ----- გ----–---–ის ტელეფონის ნომერზე - 5----------- გაგზავნილი გინების, უცენზურო სიტყვებისა და მუქარის შემცველი შვიდი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელთა თანახმად, ვ----– ა----–---–ი მიმართავს თ----- გ----–---–ს: „თ-----ა გირჩევნია მიპასუხო, თორემ მერე შენს თავს დააბრალე“, „პატრული ვერ გიშველის“, „მადლობას თუ ასე მიხდი, ყოჩაღ შენ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ, ....“ და სხვა უცენზურო სიტყვებით.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 30 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2017 წლის 29 ივნისის #01---- შემაკავებელი ორდერის ოქმი და ნივთიერი მტკიცებულება წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.9. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.11. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.6. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
5.7. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, კერძოდ:
5.8. სასამართლო ბრალდებულ ვ----– ა----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ვ----– ა----–---–ი და თ----- გ----–---–ი 2006 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყვნენ მეუღლეები, ცხოვრობდნენ ერთად და თანაცხოვრების პერიოდში ჰყავთ ორი საერთო შვილი, შესაბამისად, ვ----– ა----–---–ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს.
5.9. დაზარალებულ - თ----- გ----–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–ი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ასევე სატელეფონო საუბრისას, უკიდურესად აგრესიული ფორმით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგი შინაარსის ტექსტებით: „ორივეს დაგხოცავთ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ“, „მიპასუხე, თორემ პოლიცია ვერ გიშველის“ და ასე შემდეგ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი ყოველთვის ემუქრებოდა, რომ თუ სხვა მამაკაცზე დაქორწინდებოდა ან მეგობარი მამაკაცი ეყოლებოდა, არ გაახარებდა, მან მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან იგი რამდენიმე დღის დაქორწინებული იყო სხვა მამაკაცზე.
5.10. დაზარალებულ თ----- გ----–---–ის ჩვენების სისწორე დადასტურებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დადგენლია, რომ 2018 წლის 30 მარტს 10:56 საათიდან 12:03 საათამდე დროის შუალედში, ვ----– ა----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 59---------- თ----- გ----–---–ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- გაგზავნილ იქნა გინებისა და მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთა თანახმადაც, ვ----– ა----–---–ი მიმართავს თ----- გ----–---–ს: „თ-----ა გირჩევნია მიპასუხო, თორემ მერე შენს თავს დააბრალე“, „პატრული ვერ გიშველის“, „მადლობას თუ ასე მიხდი, ყოჩაღ შენ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ, ....“ და სხვა უცენზურო სიტყვებით.
5.11. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ვ----– ა----–---–ის მხრიდან უკიდურესად აგრესიული ფორმით (გინებისა და უცენზურო სიტყვების ფონზე) გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად, გაუჩნდა შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ვითარება (ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცზე დაქორწინებით გაღიზიანებული/აგრესიული ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და გინების ფონზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ბრალდებულის პიროვნება (სხვა დროსაც იყო მხილებული იგივე დაზარალებულის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი). ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.12. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დათვალიერების ოქმისა და უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
5.13. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ვ----– ა----–---–ის უდანაშაულობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ: სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს ბრალდებულის ქმედებების შედეგად შიში არ გასჩენია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაუყოვნებლივ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს და არა რამდენიმე საათის შემდეგ, თანაც მისი საცხოვრებელი ადგილიდან ტერიტორიულად სხვა ადგილას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, მან, მართალია, დაუყოვნებლივ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, თუმცა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ დაბა ტ-------–ას პოლიციის განყოფილების თანამშრომლები უფრო მეტად შეძლებდნენ მის დახმარებს, რადგან ინფორმირებულები იყვნენ როგორც მათი ურთიერთობის, ასევე, თავად ბრალდებულის პიროვნების შესახებ. შესაბამისად, დაზარალებულმა მუქარის განხორციელებიდან დროის მცირე მონაკვეთში მიმართა ჯერ საპატრულო პოლიციას, ხოლო შემდეგ იმ ორგანოს, რომელიც მისი აზრით, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხისაგან უფრო მეტად დაიცავდა, რაც მიუთითებს სწორედ დაზარალებულში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობას.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----– ა----–---–მა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალ----ს საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ვ----– ა----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (შურისძიება, დაზარალებულის დაშინება), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისწრაფება დაზარალებულს დაურღვიოს მყუდრო, მშვიდი ცხოვრება), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (მის მიმართ იგივე დაზარალებულის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი), პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
7.5. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულებმა პასუხი უნდა აგონ 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
7.6. აღსანიშნავია, ასევე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ..... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, ვ----– ა----–---–ის მხრიდან მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები და მოხდა სასჯელის დანიშვნისას გამოსაყენებელი კანონის გამკაცრება, თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ვ----– ა----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.
7.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.
7.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და დანაშაულის ჩამდენის მიმართ ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.9. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ვ----– ა----–---–ი არ არის ნასამართლევი, ასევე, მეუღლეთა განქორწინების შემდეგ მათი შვილები ცხოვრობენ ბრალდებულთან, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ გამოცემულმა შემაკავებელმა ორდერმა არ გამოიღო შედეგი და კვლავ განაგრძო მსხვერპლის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან
7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ----– ა----–---–ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვ----– ა----–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----– ა----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 23 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 მარტიდან - 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე