გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210118002705662
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32073-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 აპრილი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე: შ---------------“

წარმომადგენელი: შ--–------------ე

მოპასუხე: შ----------ი“

წარმომადგენელი: ზ---------------ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ----------“-ს მოსარჩელის შ---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების დარჩენილი ღირებულების 6800 ლარის გადახდა;

1.2. შ----------“-ს მოსარჩელის შ---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 3963,5 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შ----------“-მა მოსარჩელისგან შეიძინა სარეკლამო ბანერის განთავსების უფლება, 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 14 იანვრის პერიოდის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს, თბილისში, ქ------------------–------------------ს მიმდებარე გარე სარეკლამო ფარზე უნდა განეთავსებინა მოპასუხის რეკლამა, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა 8100 ლარი. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება შ----------“-ს 2018 წლის 10 ივლისამდე უნდა განეხორციელებინა. მოპასუხემ გადაიხადა თანხის ნაწილი - 1300 ლარი, ხოლო დარჩენილი გადახდა, მოთხოვნის მიუხედავად, არ განუხორციელებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს შ---------------“-ისთვის უნდა გადაეცა სარეკლამო ბანერი, რაც არ განუხორციელებია, ვინაიდან ბანერის დროულად დამზადება არ მომხდარა. აღნიშნულის შესახებ ზეპირი შეტყობინების საფუძველზე ინფორმირებული იყო მოსარჩელე. ფაქტობრივად სარეკლამო ბანერის გადაცემა არ მომხადარა, რასაც მოსარჩელეც დაადასტურებს და არც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი არსებობს. შესაბამისად, არც მოსარჩელეს გაუწევია მომსახურება, არ დაუკიდია ბანერი. მიუხედავად ამისა, შ---------------“-ი აგრძელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას იმ მომსახურებაზე, რომელსაც არ ახორციელებს. ანგარიშ-ფაქტურებიდან შ----------ი“-ს მხრიდან, ბუღალტრის შეცდომის საფუძველზე, ორის დადასტურება მოხდა, მას შემდეგ არ ერთი ანგარიშ-ფაქტურა მოპასუხეს არ დაუდასტურებია. პირიქით, ითხოვს მოსარჩელისგან მათ გაუქმებას.

 

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ასრულებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას, ვერ ხორციელდება ბანერის დამზადება, ხელშეკრულებას კი გასდის ვადა, მოსარჩელე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველია.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ----------“-სა და შ---------------“-ს შორის 2018 წლის 6 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა (მოსარჩელემ) იკისრა ვალდებულება, განათავსოს დამკვეთის მიერ მიწოდებული სარეკლამო მასალა (ბანერები), 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით, მის მფლობელობაში არსებულ გარე სარეკლამო ფარზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წ--------------------------–----------------------------------------------------–---–----------–--------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სარეკლამო მასალის (ბანერის) მიწოდება დამკვეთს (მოპასუხეს) უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 10 ივლისამდე (2.1 პუნქტი).

 

შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, განათავსოს დამკვეთის მიერ მიწოდებული სარეკლამო მასალა 1.1 პუნქტში მითითებულ სარეკლამო ფარზე 2018 წლის 15 ივლისიდან. ამასთან, დამკვეთის მიერ 2.1 პუნქტით დადგენილი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვეაში აღნიშნული დათქმული დრო გადაიწევს და შესაბამისად, მომსახურების ვადა შემცირდება პროპორციულად, რაც არ ახდენს გავლენას მომსახურების ღირებულებაზე (2.2 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.07.2018 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.2. მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების ღირებულება შეადგენს 8100 ლარს, რაც დამკვეთმა უნდა გადაიხადოს სრულად, 2018 წლის 10 ივლისამდე (3.1. და 3.2. პუნქტები). მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ 2018 წლის 13 ივლისს გადაიხადა მხოლოდ 1300 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.07.2018 წლის ხელშეკრულება.

- სს „საქართველოს ბანკი“-ს ცნობა.

 

3.1.3. ხელშეკრულება შეიცავდა პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობას, კერძოდ, დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულების ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს პირგასამტეხლო, ასეთი შეუსრულებელი ვალდებულების 0,5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (5.1 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.07.2018 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.4. ხელშეკრულებით შეთანხმებული სარეკლამო მასალა (ბანერი) მოპასუხე შ----------“-ს მოსარჩელისთვის არ მიუწოდებია. სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში შ---------------“-ის მხრიდან არ მომხდარა კუთვნილი სარეკლამო ფარის სხვა პირთა სასარგებლოდ გამოყენება. ამასთან მხარეებს შორის არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შემდგარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ---------------“-ი და შ----------ი“ ერთმანეთთან იმყოფებიან ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სადაც მოპასუხეს უნდა წარედგინა სარეკლამო ბანერი, ხოლო მოსარჩელე უზრუნველყოფდა მის მფლობელობაში არსებულ გარე სარეკლამო ფარზე მათ გარკვეული ვადით განთავსებას, რის სანაცვლოდაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა დათქმული ანაზღაურება (ქირა). სასამართლო მიიჩნევს, რომ კუთვნილ სარეკლამო ფართზე ბანერის განთავსება უტოლდება ნივთის განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაცემას, რის სანაცვლოდაც მოპასუხე ვალდებულებას იღებდა გადაეხადა შეთანხმებული ღირებულება.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

 

3.2.2. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა სარეკლამო მასალის მიწოდება, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ შ---------------“-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რეკლამის განსათავსებლად ადგილის გამოყოფას.

 

მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების 2.2. პუნქტი უნდა ჩაითვალოს ბათილ პირობად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ეწინააღმდეგება ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობისას კანონით გათვალისწინებულ პირობას - თუკი არ არსებობს მომსახურება, არც მისი ღირებულების გადახდის ვალდებულება არსებობს. ასეთ შემთხვევაში მხარის მიერ თანხის მოთხოვნა მისი უფლების ბოროტად გამოყენებაა, სამოქალაქო უფლება კი მართლზომიერად უნდა განხორციელდეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აღნიშნულ მსჯელობას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა არა ნარდობის, არამედ ქირავნობის ხელშეკრულება, რა დროსაც გარკვეული დროით ქონების სარგებლობის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს დათქმული ქირა. ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტი სწორედ იმ რისკების თავიდან არიდებას ემსახურება, რომ თუკი დამქირავებლის მხრიდან არ მოხდებოდა სარეკლამო ბანერის შ---------------“-ისთვის გადაცემა, დამქირავებელს მაინც უნდა აენაზღაურებინა მომსახურების საფასური. მოპასუხეს სარეკლამო მასალა 2018 წლის 10 ივლისამდე უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის, თავის მხრივ მოსარჩელეს განთავსება 2018 წლის 15 ივლისიდან უნდა განეხორციელებინა. ხოლო მოპასუხის მხრიდან ამ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა დათქმული დროის გადაწევა, ისე, რომ მომსახურების ვადა პროპორციულად შემცირდებოდა, რაც გავლენას ვერ მოახდენდა მომსახურების ღირებულებაზე. ამდენად, მოპასუხეს სარეკლამო ბანერის მიწოდება თუნდაც ხელშეკრულების ვადის ბოლო დღეს რომ განეხორციელებინა, მას სრულად უნდა გადაეხადა მთელი სახელშეკრულებო პერიოდისთვის გათვალისწინებული ქირა, ხოლო შ---------------“-ი ვალდებული იქნებოდა განეთავსებინა იგი სარეკლამო ფარზე.ვინაიდან მხარეები იმ არსებით პირობაზე შეთანხმდნენ რომ თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა იმის მიუხედავად ისარგებლებდა თუ არ ისარგებლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამოყოფილი სარეკლამო ფარით.

 

აღნიშნულ მსჯელობას ის ფაქტით ამყარებს, რომ შ----------“-ს ქირა წინასწარ უნდა გადაეხადა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

„დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც შ----------ი“-ს მხრიდან დარღვეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, არ არის სრულად ანაზღაურებული ქირის თანხა, რაც შეადგენს 6800 ლარს.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა, რაც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი სამართლიანად მიიჩნევს მის განახევრებას. ამდენად, პირგასამტეხლოს სახით შ----------“-ს უნდა დაეკისროს 0,25%, რაც ჯამში 1981,75 ლარია.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს თ---------“-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, უნდა დარჩეს ძალაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია 323 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (დაკმაყოფილდა მთლიანი მოთხოვნის 81,6%), შ----------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 304,4 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შ---------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შ----------“-ს მოსარჩელის შ---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ქირის თანხის 6800 ლარის გადახდა;

 

3. შ----------“-ს მოსარჩელის შ---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1981,75 ლარის გადახდა;

 

4. შ----------“-ს მოსარჩელის შ---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 304,4 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე