გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002867595
საქმე № 3/32-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ო---- გ-------–---–ი
მოპასუხეები: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო", სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი: ლ-–- ხ------------
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 08 ოქტომბრის № 04-13/8402 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.3. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დავალდებულება, მოახდინოს ო---- გ-------–---–ისათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება 2018 წლის სექტემბრის თვეში წარდგენილ ნამსახურობის ნუსხაში მითითებული ნამსახურების წლების - 35 წლისა და 7 თვის გათვალისწინებით.
1.4. დაეკისროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, 2011 წლიდან 2018 წლამდე პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც ო---- გ-------–---–ი მიიღებდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მასთან დაცული დოკუმენტაციის (2004 და 2011 წლის ნამსახურობის ნუსხების) სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში და გაითვალისწინებდა წელთა ნამსხურობაში 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობისა და ქ. მინსკის უმაღლესი კურსების გავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდებს.
სარჩელის თანახმად, ო---- გ-------–---–ი (პირ. № 5----------) 1979 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის 1979-1982 წლებში - კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში - გათავისუფლებულ მდივნად. ბოლოს იგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში, საიდანაც გათავისუფლდა 2004 წელს. მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ამ სამინისტროს მიერ შედგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხის შესაბამისად, სადაც წელთა ნამსახურობაში ჩათვლილი იქნა კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდიც. ნამსახურობის წლების ოდენობა მთლიანად განისაზღვრა 32 წლით. ამ საფუძვლით კომპენსაციას იღებდა 2008 წლის 30 მარტამდე. 31 მარტიდან იგი დაინიშნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, სადაც იმუშავა 2011 წლის 1 ივნისამდე. ამის შემდეგ საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაიცა წელთა ნამსახურობის რიგით მეორე ნუსხა, სადაც არ იქნა ჩათვლილი მისი ნამსახურობის სხვა და სხვა პერიოდები და წელთა ნამსახურობა განისაზღვრა 31 წლით, ნაცვლად 35 წლისა და 7 თვისა. 2011 წლიდან 2018 წლამდე იგი სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა 31 წელზე გაანგარიშებით; 2018 წელს საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაიცა წელთა ნამსახურობის რიგით მესამე ნუსხა, სადაც ნამსახურობად ჩაითვალა 35 წელი, 7 თვე და 25 დღე.
ო---- გ-------–---–მა მიმართა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა კომპენსაციის ოდენობის გაზრდა 35 წლის, 7 თვისა და 25 დღის გათვალისწინებით, ასევე 2011-2018 წლებში მიუღებელი სხვაობის კომპენსაცია, რაზეც უარი ეთქვა.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" გადაწყვეტილებით მისი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი); ამის გათვალისწინებით გადაუანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაცია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის" ახალი ნუსხის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, გარდა 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდისა (მიჩნეულ იქნა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა არ უნდა ჩათვლილიყო წელთა ნამსახურობად).
მისი მოთხოვნა, ანაზღაურებოდა 2011 წლიდან (სახელმწიფო გასაცემელის ხელმეორედ დანიშვნის პერიოდიდან) 2018 წლის 1 ოქტომბრამდე წარსული პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის სხვაობა პარტიული თანამდებობების, ქ. მინსკის უმაღლესი კურსების გავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წლების გათვალისწინებით, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კომპენსაცია დაინიშნა თვით მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რასაც იგი დაეთანხმა ხელის მოწერით.
ამასთან, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო" ვალდებული იყო, წელთა ნამსახურობა ჩაეთვალა 2004 წელს წარდგენილი ნამსახურობის ნუსხით განსაზღვრული ოდენობით, რასაც უნდა დამატებოდა 2008-2011 წლების ნამსახურობა, და ისე დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მოეხდინა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული ნამსახურობის ნუსხის რევიზიის უფლება და კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობა უნდა ჩაეთვალა ნამსახურობის წლებში.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ო---- გ-------–---–ი წარმოადგენს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირს, რომელსაც 2004 წლიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხაზით, 32 წლის ნამსახურობის საფუძვლით, რაშიც ჩათვლილი ჰქონდა კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში მუშაობის 2 წელი, 9 თვე და 21 დღე; კომპენსაციის გაცემა შეუწყდა 2008 წელს პირადი განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც იმსახურა 2011 წლამდე. ამის შემდეგ, მან მიმართა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" და მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით; მის მიერ წარდგენილ წელთა ნამსახურობის ანგარიშში არ იყო ჩათვლილი კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში მუშაობის 2 წელი, 9 თვე და 21 დღე, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი). მთლიანად ნამსახურობაში ჩაეთვალა 31 წელი, 8 თვე და 4 დღე. მას კომპენსაცია დაენიშნა 2011 წლის აგვისტოდან ამ ნამსახურობის გაანგარიშებით.
2018 წლის 12 სექტემბერს მან კვლავ წარადგინა საქართველოს შს სამინისტროდან წელთა ნამსახურობის ანგარიში, სადაც ჩათვლილი ჰქონდა პარტიულ თანამდებობეზე მუშაობის პერიოდი, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი), სულ წელთა ნამსახურობამ შეადგინა 35 წელი, 7 თვე და 25 დღე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" გადაწყვეტილებით, მას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი), ხოლო პარტიულ თანამდებობეზე მუშაობის პერიოდი - არა, რადგან პარტიულ თანამდებობაზე მუშაობა, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, არ წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საფუძველს. აღნიშნული ჩათვლა მოხდა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, როდესაც მან სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" წარადგინა წელთა ნამსახურობის ახალი ნუსხა.
ამავე დროს, ო---- გ-------–---–ს 2011-2018 წლებზე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი) არ გადაუანგარიშდა, რადგან მის მიერ 2011 წელს წარდგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხა ამ მონაცემებს არ შეიცავდა და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის" უცნობი იყო ამ მონაცემების შესახებ.
ის ფაქტი, რომ ო---- გ-------–---–ს 2004 წელში ერთხელ უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება და წელთა ნამსახურებაში ჩათვლილი ჰქონდა როგორც პარტიულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი), ეს უფლება მას შეუწყდა 2008 წელს საჯარო საქმიანობის დაწყების გამო; 2004 წელში არასწორად მოპოვებული უფლება, რომელიც 2008 წლამდე გრძელდებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ხელახალი დანიშვნის დროსაც მოხდეს არასწორად მოპოვებული უფლების ხელახლა დაწესება.
მესამე პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელთან მიმართებაში სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ო---- გ-------–---–ი 1972-1979 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი, 1973-1975 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური სსრკ სამხედრო ძალებში, 1979-1982 წლებში მუშაობდა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის კომკავშირის კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის გათავისუფლებულ მდივნად; სსრკ თავდაცვის მინისტრის 1981 წლის 23 აპრილის № 84 ბრძანებით მიენიჭა პირველი სამხედრო წოდება ,,ლეიტენანტი"; 1982 წლის 1 სექტემბრიდან 1983 წლის 1 სექტემბრამდე იყო სსრკ სუკ-ის ქ. მინსკის უმაღლესი კურსების მსმენელი; 1983 წლის 1 სექტემბრიდან 1992 წლის 29 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს სუკ-ის სხვადასხვა განყოფილებებში, ხოლო 1992 წლის 29 თებერვლიდან 2003 წლის 31 მარტამდე - საქართველოს უშიშროების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში; სსრკ სუკ-ის 1991 წლის 4 აპრილის № 50 ბრძანებით შეღავათიან პერიოდად ჩაეთვალა 1991 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 31 დეკემბრამდე დრო; 2003 წლის 31 მარტიდან 31 მაისამდე იმყოფბოდა კადრების განკარგულებაში, 2003 წლის 31 მაისიდან 2004 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსად;
მტკიცებულება: პენსიის წელთა ნამსახურობის 2004 წლის ანგარიში (ს. ფ. 14-15).
3.2.2. პენსიის წელთა ნამსახურობის 2004 წლის ანგარიშის მიხედვით, რაც შედგენილ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ, ო---- გ-------–---–ის სამხედრო სამსახურად მიჩნეულ იქნა 32 წელი, 5 თვე და 23 დღე. ამ ანგარიშზე ო---- გ-------–---–ის ხელის მოწერა არ ფიქსირდება;
მტკიცებულება: პენსიის წელთა ნამსახურობის 2004 წლის ანგარიში (ს. ფ. 14-15).
3.2.3. მითითებულ პენსიის წელთა ნამსახურობის 2004 წლის ანგარიშის საფუძველზე ო---- გ-------–---–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, რასაც იღებდა 2008 წლის 30 მარტამდე, რაც შეუწყდა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების გამო;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილება (ს. ფ. 31-36), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. ო---- გ-------–---–ი 2008 წლის 31 მარტიდან დაინიშნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, სადაც იმუშავა 2011 წლის 1 ივნისამდე; ამავე წელს საქართველოს შს სამინისტროს მიერ მასზე გაიცა პენსიისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რაც წარდგენილი იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში"; ამ ნუსხით წელთა ნამსახურობაში არ ჩაითვალა კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის 2 წელი, 9 თვე და 21 დღე, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი). ამ ანგარიშს ხელს აწერს და ეთანხმება ო---- გ-------–---–ი;
მტკიცებულება: პენსიისათვის წელთა ნამსახურობის 2011 წლის ანგარიში (ს. ფ. 16-18), სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილება (ს. ფ. 31-36), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.5. ო---- გ-------–---–ს 2011 წლის აგვისტოდან სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა პენსიისათვის წელთა ნამსახურობის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, რომლითაც წელთა ნამსახურობის ოდენობად (2008-2011 წლების მუშაობის ჩათვლით) განისაზღვრა 31 წელი, 8 თვე და 4 დღე;
მტკიცებულება: პენსიისათვის წელთა ნამსახურობის 2011 წლის ანგარიში (ს. ფ. 16-18), სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილება (ს. ფ. 31-36), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.6. საქართველოს შს სამინისტროს მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს შედგენილი იქნა დასკვნა 2011 წელს სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშების შესახებ და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ო---- გ-------–---–ის წელთა ნამსხურობის ხელახლა გაანგარიშება, სახელმწიფო უშიშრობების სამინისტროს საკადრო დანაყოფში 2004 წელს შედგენილ წელთა ნამსახურობის ანგარიშის გათვალისწინებით;
მტკიცებულება: საქართველოს შს სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს № MIA 8 18 02060691 დასკვნა (ს. ფ. 38-39).
3.2.7. საქართველოს შს სამინისტროს მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს გაიცა კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლითაც ო---- გ-------–---–ის წელთა ნამსახურობად განისაზღვრა 35 წელი, 7 თვე და 25 დღე. ამ ნუსხაში წელთა ნამსხურობად ჩაითვალა როგორც პარტიულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი), რაც ო---- გ-------–---–მა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში წარადგინა 2018 წლის 12 სექტემბერს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება 2011-2018 წლებზე ახალი ნუსხის შესაბამისად;
მტკიცებულება: კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის 2018 წლის 11 სექტემბრის ანგარიში (ს. ფ. 19-21), სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 8 ოქტომბრის № 04-13/8402 მიმართვა (ს. ფ. 22-23), სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილება (ს. ფ. 31-36), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.8. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 8 ოქტომბრის მიმართვით ო---- გ-------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან წელთა ნამსახურობის 2018 წლის 11 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, გარდა კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლებისა (2 წელი, 9 თვე და 21 დღე) იმ მოტივით, რომ კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი იმავდროულად წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების, ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის მოსამსახურეს. ო---- გ-------–---–ი კი კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლებში არ წარმოადგენდა ამგვარ მოსამსახურეს.
მისი მოთხოვნა, გადაანგარიშება მომხდარიყო 2011-2018 წლებზე ახალი ნუსხის შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა, რადგან 2011 წელს სახელმწიფო კომპენსაცია დაინიშნა ო---- გ-------–---–ის მიერ 2011 წელს წარდგენილი ნუსხის შესაბამისად, სადაც არ შედიოდა პარტიულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი (2 წელი, 9 თვე და 21 დღე), არც განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე), ხოლო მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდად მითითებული იყო მხოლოდ 4 თვე. ამ ნუსხას გაეცნო და ხელმოწერით დაეთანხმა ო---- გ-------–---–ი;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 8 ოქტომბრის № 04-13/8402 მიმართვა (ს. ფ. 22-23), სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილება (ს. ფ. 31-36), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის მომართვის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ წარმოადგენს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამართალმემკვიდრეს, ხოლო იმ საკითხის გარკვევა, 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობა ითვლებოდა თუ არა სამხედრო სამსახურად სცილდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას;
მტკიცებულება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № SSG 8 19 00068061 მომართვა (ს. ფ. 95).
3.2.10. საქართველოს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 25 აპრილის მიმართვის მიხედვით, 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაითვლება წელთა ნამსახურობის ანგარიშში სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
მტკიცებულება: საქართველოს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 25 აპრილის № MIA 4 19 01072441 მიმართვა (ს. ფ. 115).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც კანონმდებლობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი იმავდროულად წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების, ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის მოსამსახურეს. ო---- გ-------–---–ი კი კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლებში არ წარმოადგენდა ამგვარ მოსამსახურეს. ამავე დროს, კომპენსაცია ძველ წლებზე გადაანგარიშებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალით მოხდა კომპენსაციის ნაკლები ოდენობით განსაზღვრა. 2011-2018 წლებში ო---- გ-------–---–ზე კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა თვით ამ პირის მიერ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების" დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
ო---- გ-------–---–ი 1972-1979 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი, 1973-1975 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური სსრკ სამხედრო ძალებში, ხოლო 1979 წლიდან 2004 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობეზე.
პენსიის წელთა ნამსახურობის 2004 წლის ანგარიშის მიხედვით, რაც შედგენილ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ, ო---- გ-------–---–ის სამხედრო სამსახურად მიჩნეულ იქნა 32 წელი, 5 თვე და 23 დღე, რაშიც შედიოდა 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდი (2 წელი, 9 თვე და 21 დღე), ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი).
წელთა ნამსახურობის ამ ნუსხის საფუძველზე იგი სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა 2008 წლის მარტის ჩათვლით.
ო---- გ-------–---–ი 2008 წლის 31 მარტიდან დაინიშნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, რის გამოც, პირადი განცხადების საფუძველზე, შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
ო---- გ-------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2011 წლის 1 ივნისს; ამავე წელს საქართველოს შს სამინისტროს მიერ მასზე გაიცა პენსიისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რაც წარდგენილი იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში".
ამ ნუსხით წელთა ნამსახურობაში არ ჩაითვალა კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის 2 წელი, 9 თვე და 21 დღე, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი).
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მასზე სახელმწიფო კომპენსაცია 2011 წლის აგვისტოში ხელახლა დაინიშნა პენსიისათვის წელთა ნამსახურობის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, რომლითაც წელთა ნამსახურობის ოდენობად (2008-2011 წლების მუშაობის ჩათვლით) განისაზღვრა 31 წელი, 8 თვე და 4 დღე.
ო---- გ-------–---–ის წელთა ნამსახურობის შესახებ მონაცემები დაზუსტდა მის მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" წარდგენილი ახალი წელთა ნამსახურობის ნუსხით, და სახელმწიფო კომპენსაცია სრულ წელთა ნამსახურობის პერიოდზე (გარდა 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდისა) დაენიშნა ამ დროიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა მისი ადმინისტრაციული საჩივარი.
ო---- გ-------–---–ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს 2011 წლიდან 2018 წლამდე პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურება, რასაც ო---- გ-------–---–ი მიიღებდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მასთან დაცული დოკუმენტაციის (2004 და 2011 წლის ნამსახურობის ნუსხების) სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში და გაითვალისწინებდა წელთა ნამსხურობაში 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის, ქ. მინსკის უმაღლესი კურსების გავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდებს.
მოსარჩელის მითითებით, მას შემდეგ, რაც მას შეუწყდა (2008 წელს) და 2011 წელს ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ 2004 წელს შედგენილ პენსიის წელთა ნამსახურობის ანგარიშით განსაზღვრულ 32 წლის, 5 თვისა და 23 დღისთვის უნდა დაემატებინა 2008-2011 წლებში მუშაობის პერიოდი - 3 წელი, 2 თვე და 2 დღე (სულ 35 წელი 7 თვე და 25 დღე) - და სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა ამ წელთა ნამსახურობის გაანგარიშებით, და არა 2011 წლის 20 ივლისს მის მიერ წარდგენილი წელთა ნამსახურობის ანგარიშში მითითებულ 31 წელზე, 8 თვესა და 4 დღეზე გაანგარიშებით.
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების" დამტკიცების თაობაზე (სათაურის 2019 წლის 19 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანების დანართი № 2-ის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების თანახმად, კომპენსაცია შეწყდება პირადი განცხადებით და საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ამ საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
დადგენილია, რომ ო---- გ-------–---–ს 2008 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით.
იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.
დადგენილია და სადავო არაა, რომ ო---- გ-------–---–მა 2011 წლის 20 ივლისს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" წარადგინა წელთა ნამსახურობის ახალი ანგარიში, სადაც წელთა ნამსახურობად მითითებული იყო 31 წელი, 8 თვე და 4 დღე, რაც სახელმწიფო კომპენსაციის ხელახლა გაცემის სრულიად ახალი საფუძველი გახდა, რამდენადაც მასში უკვე აღნიშნული იყო 2004 წელს წარდგენილი ნუსხისაგან განსხვავებული მონაცემები, მათ შორის 2008-2011 წლების მუშაობის პერიოდი.
აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშს ხელს აწერდა და ეთანხმებოდა თვით ო---- გ-------–---–ი.
ასეთ ვითარებაში, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" ვალდებულება, კომპენსაციის დანიშვნა მოეხდინა მასთან დაცული 2004 წლის წელთა ნამსახურობის ნუსხაზე 2008-2011 წლების მუშაობის პერიოდის დამატების პრინციპით, სახეზე არ იყო, რამდენადაც 2011 წლის 20 ივლისს მასთან წარდგენილი იყო ო---- გ-------–---–ის მუშაობის შემაჯამებელი დოკუმენტი მთელი მისი წელთა ნამსახურობის შესახებ, რასაც ეთანხმებოდა ო---- გ-------–---–იც.
როგორც აღინიშნა, ო---- გ-------–---–ის წელთა ნამსახურობის შესახებ მონაცემები დაზუსტდა მის მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" წარდგენილი ახალი წელთა ნამსახურობის ნუსხით, და სახელმწიფო კომპენსაცია სრულ წელთა ნამსახურობის პერიოდზე (გარდა 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდისა) დაენიშნა ამ დროიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა მისი ადმინისტრაციული საჩივარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს 2011 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის" დავალდებულების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მართებულების დასასაბუთებლად მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის № ბს-77-75 (კ-15), 2018 წლის 1 ნოემბრის № ბს-1195 (კ-18), 2018 წლის 1 ნოემბრის № ბს-1088 (კ-18) და 2018 წლის 8 ნოემბრის № ბს-956-952 (კ-18) განჩინებებზე იმ თვალსაზრისით, რომ ო---- გ-------–---–ს სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრული და მასზე უფლება მოპოვებული ჰქონდა 2004 წელს დადგენილი ნამსახურობის ნუსხით; უკვე მოპოვებული უფლების წართმევა კი, ამ განჩინებების მიხედვით, დაუშვებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის № ბს-77-75 (კ-15) განჩინება შეეხება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მუშაობის გამო უკვე დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერების საკითხს;
სუს 2018 წლის 1 ნოემბრის № ბს-1195 (კ-18) და № ბს-1088 (კ-18) განჩინებებით განხილულია შემთხვევა, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია პირების კომპენსაციის მიღების უფლება 2014 წლის 23 იანვრიდან და 2013 წლის 1 მაისიდან, რასაც ისინი 2016 წლის 01 მარტსა და 2017 წლის 1 ივლისამდე არ იღებდნენ; შესაბამისად, ამ პერიოდში მიუღებელ კომპენსაციაზე მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა; ამავე დროს, მათ მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული მათი ბრალეული ქმედებით; გარდა ამისა, მეორე საქმეზე პირი ნამსახურობის ნუსხის გაცემას ითხოვდა 2013 წლის 12 აპრილიდან.
2018 წლის 8 ნოემბრის № ბს-956-952 (კ-18) განჩინება შეეხება შემთხვევას, როდესაც პირი ზღვრული ასაკის გამო დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან. იგი 2005 წლიდან იღებს ზემდეგის კუთვნილ სახელმწიფო კომპენსაციას, თუმცა საქმის მასალებით დადგინდა, რომ მას მინიჭებული აქვს ლეიტენანტის სამხედრო წოდება და ამის შესახებ ინფორმაცია ერთიან სახელმწიფო ფონდში შესაბამისი წერილით გაგზავნილი იყო ჯერ კიდევ 2005 წელს. კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანო კი დამატებით ითხოვდა შესაბამის დოკუმენტს. მოსარჩელეს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა არასწორად დაანგარიშებული თანხის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ო---- გ-------–---–ის შემთხვევა განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასახელებული განჩინებებით გადაწყვეტილი დავებისაგან;
ო---- გ-------–---–ი 2011-2018 წლებში სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურებას მინსკის უმაღლესი კურსების გავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდებზე ვერ იღებდა; ამ პერიოდზე კომპენსაცია დანიშნული არ ჰქონდა მისივე ბრალით: 2011 წლის 20 ივლისს მან წარადგინა შემაჯამებელი ანგარიში მთელი მისი წელთა ნამსახურობის შესახებ, რასაც ეთანხმებოდა თვით ო---- გ-------–---–იც, და სახელმწიფო კომპენსაციის ხელახლა დანიშვნა მოითხოვა სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე.
ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს შს სამინისტროს მიერ 2011 წელს შედგენილ წელთა ნამსახურობის ანგარიშში აღარ შედიოდა კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის 2 წელი, 9 თვე და 21 დღე, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდი (1 წელი), და, ბუნებრივია, შემცირებული იყო 2004 წლის წელთა ნამსახურობის ანგარიშით განსაზღვრული ნამსახურობის ვადა, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" არ ჰქონდა ვალდებულება, კომპენსაციის დანიშვნა მოეხდინა მასთან დაცული 2004 წლის წელთა ნამსახურობის ნუსხის მიხედვით; შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობა მინსკის უმაღლესი კურსების გავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდებზე კომპენსაციის დაუნიშნაობაზე არ იკვეთება.
აქედან გამომდინარე, მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინებებით დადგენილი პრაქტიკა გამოყენებული ვერ იქნება.
დადგენილია, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდზე შეღავათიანი გაანგარიშებით (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდზე (1 წელი) კომპენსაციის გაცემა 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილებით განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ო---- გ-------–---–მა 2018 წლის 12 სექტემბერს კვლავ წარადგინა ახალი ნამსახურობის ნუსხა, სადაც შეტანილი იყო აღნიშნული პერიოდების შესახებ ინფორმაცია, და მას ამ მომეტიდან ჰქონდა ამ პერიოდებზე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ამ საკითხთან მიმართებაში აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ო---- გ-------–---–ს 2011 წელს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა არა 2004 წლის, არამედ 2011 წელს წარდგენილი ნამსახურობის ნუსხით, ანუ სულ სხვა საფუძვლით.
სასამართლო განმარტავს, რომ 2011-2018 წლებზე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდსა (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდზე (1 წელი) მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებოდა, თუკი იგი 2011 წელს წარადგენდა ისეთ ნამსახურობის ნუსხას, სადაც ეს პერიოდები მითითებული იქნებოდა, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო" კი მას არ გაითვალისწინებდა.
სასამართლოს ამ მსჯელობის მართებულებას ამყარებს ისიც, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანების დანართი № 2-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ამ ნორმის თანახმად, პირს შესაძლოა, გააჩნდეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მაგრამ მას კომპენსაცია მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი განცხადებით მიმართავს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" და წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას; განცხადებით მიმართვამდე პერიოდზე კი, ბუნებრივია, კომპენსაცია ვერ გაიცემა.
იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდსა (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდზე (1 წელი) კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ო---- გ-------–---–მა წარადგინა 2018 წლის 12 სექტემბერს, 2011 წლიდან 2018 წლამდე პერიოდზე ამ კომპენსაციის გაცემის ვალდებულება სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" არ გააჩნდა.
ცალკე მსჯელობის საგანია, ჰქონდა თუ არა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" უფლება, 1979-1982 წლებში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობა არ ჩაეთვალა წელთა ნამსახურობაში.
ო---- გ-------–---–ი წარმოადგენს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირს, რომლის 1-ლი მუხლის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოფიცრები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული; სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ; წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით; წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
დასახელებული კანონმდებლობის საფუძველზე, კომპენსაციის მიღების უფლება პირებს აქვთ იმ წლებზე, რაც მათ იმსახურეს ,,ძალოვან" სტრუქტურაში (ან მათი ოჯახის წევრებს).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" პოზიციას, რომ კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი იმავდროულად წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების, ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის მოსამსახურეს.
ო---- გ-------–---–ი კი კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლებში არ წარმოადგენდა ამგვარ მოსამსახურეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
სასამართლო ასევე იზიარებს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" პოზიციას, რომ ეს პუნქტი შეეხება იმ პირებს, რომლებსაც კომპენსაცია ენიშნებათ შრომის საერთო სტაჟის მიხედვით, ხოლო ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი პირებისათვის ყველგან გამოყენებულია ტერმინი ,,წელთა ნამსახურობა".
ამას ადასტურებს 22-ე მუხლის მე-31 პუნქტიც, რომლის მიხედვითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირი ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება, ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
მე-3 პუნქტისაგან განსხვავებით, ამ ნორმაში საუბარია წელთა ნამსახურობაზე და არა შრომის სერთო სტაჟზე.
ასევე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან (და. შ.) განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება ხდება ამ ორგანოებში ნამსახურებ წელთა და არა შრომის საერთო სტაჟის მიხედვით.
სასამართლო იზიარებს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" პოზიციას, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ ან სამსახურიდან გადამდგარ პირთა (გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული კატეგორიისა) სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების განსაზღვრისათვის წელთა ნამსხურობის (მათ შორის, კალენდარულ წელთა ნამსახურობის) გაანგარიშების პირობებს ადგენს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი (მე-11, მე-16, 59-ე მუხლები), ხოლო მათი კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი.
აქედან გამომდინარე, ო---- გ-------–---–ის, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი მოსამსახურის, წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო ორგანიზაცია/დაწესებულებაში მუშაობის პერიოდი ჩათვლილი ვერ იქნება.
თვით საქართველოს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 25 აპრილის № MIA 4 19 01072441 მიმართვის მიხედვითაც, 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაითვლება წელთა ნამსახურობის ანგარიშში სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება წელთა ნამსხურობაში, თუ პირი იმავდროულად დატოვებულია რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის კადრების განკარგულებაში.
ო---- გ-------–---–ის განმარტებით, 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის პერიოდში რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში არ ირიცხებოდა და არც კადრების განკარგულებაში ყოფილა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,," ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო, რომლის უფლება-მოვალეობებია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანების დანართი № 2-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ადმინისტრირებასა და სისწორეზე პასუხისმგებელი სწორედ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოა".
სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" წარდგენილ კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშს არ გააჩნია პირდაპირი მოქმედების ძალა და მნიშვნელობა, და კომპენსაციის დანიშვნისა თუ მისი ოდენობის ზუსტად განსაზღვრისათვის სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" გააჩნია ამ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შეფასების უფლება.
ო---- გ-------–---–ის მიერ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" წარდგენილ სამივე ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელთა ნამსახურობაში კომპენსაციის დასანიშნად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ სამხედრო (შსს და ა. შ.) სამსახური.
1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლები კომპენსაციის დანიშვნისათვის მითითებულია 2004 წლისა და 2018 წლის წელთა ნამსახურობის ანგარიშებში, რაც არ წარმოადგენს სამხედრო ტიპის სამსახურს.
ის ფაქტი, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" უფლება აქვს, ანგარიშში მოყვანილი მონაცემებს მისცეს შეფასება და არ გაითვალისწინოს ანგარიშში კომპენსაციის დანიშვნისათვის შეცდომით მითითებული სხვა სამსახურის წლები, ადასტურებს ისიც, რომ, მართალია, 2018 წლის ანგარიშში სამხედრო სამსახურად მითითებულია 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლები, თუმცა ანგარიშის გამცემი საქართველოს შს სამინისტრო თვითონვე განმარტავს, რომ ეს პერიოდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაითვლება წელთა ნამსახურობის ანგარიშში სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შესაძლოა, არ ჰქონდეს უფლება, ეჭვს ქვეშ დააყენოს ანგარიშში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, მართლაც მუშაობდა თუ არა პირი რომელიმე სამსახურში, მაგრამ ანგარიშში დასახელებული სამსახურები წარმოადგენს თუ არა კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს, მთლიანად სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" გადასაწყვეტია.
ამავე დროს, გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია ო---- გ-------–---–ის პოზიციები: ერთ შემთხვევაში, იგი მიუთითებს, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო" არ იყო უფლებამოსილი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი ანგარიშის რევიზია მოეხდინა და უპირობოდ უნდა გაეზიარებინა მასში მოყვანილი გარემოებები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ითხოვს 2011 წლიდან დანიშნული კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურებას, რაც მას სწორედ მის მიერ წარდგენილი წელთა ნამსახურობის ანგარიშის საფუძველზე დაენიშნა, და მიუთითებს, რომ ამ ანგარიშში მოყვანილი გარემოებები უპირობოდ არ უნდა გაიზარებულიყო სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ.
სასამართლო არ მსჯელობს, კანონიერად იღებდა თუ არა ო---- გ-------–---–ი 2004 წლამდე კომპენსაციას 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლებისათვის, თუმცა აღნიშნავს, რომ წინა წლებში ამ პერიოდზე კომპენსაციის მიღება, მას შემდეგ, რაც მას შეუწყდა ეს უფლება და ხელახლა დაენიშნა 2011 წელს, ავტომატურად არ იწვევს პირის იგივე მდგომარეობაში აღდგენას.
სახელმწიფო კომპენსაციის უკანონოდ დანიშვნა არ ქმნის ამ უკანონობის უსასრულოდ გაგრძელების შესაძლებლობას;
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს, რომ პირი უკანონოდ იღებს სახელმწიფო გასაცემელს, ადმინისტრირების უფლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს, გადასინჯოს საქმის გარემოებები და შეუწყვიტოს კომპენსაციის გაცემა.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ო---- გ-------–---–ისათვის 2018 წლის 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობის წლებისათვის, ხოლო 2011-2018 წლებში - კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების საფუძველი როგორც ამ წლების, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდსა (6 თვე) და ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე ყოფნის პერიოდზე (1 წელი). შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველიც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას კანონმდებლობის მოთხოვნების იმგვარი სახის დარღვევას, რაც გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, ადგილი არ ჰქონია.
აქედან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარცელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო---- გ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. ო---- გ-------–---–ის სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ 2018 წლის 08 ოქტომბრის № 04-13/8402 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.2. ო---- გ-------–---–ის სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიმართ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში 2019 წლის 30 იანვრის № 04/4191 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.3. ო---- გ-------–---–ის სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დავალდებულების შესახებ, მოახდინოს მისთვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება 2018 წლის სექტემბრის თვეში წარდგენილ ნამსახურობის ნუსხაში მითითებული ნამსახურების წლების - 35 წლისა და 7 თვის გათვალისწინებით, არ დაკმაყოფილდეს.
1.4. ო---- გ-------–---–ის სარჩელი, დაეკისროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, 2011 წლიდან გადაანგარიშებამდე (2018 წლამდე) პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც ო---- გ-------–---–ი მიიღებდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მასთან დაცული დოკუმენტაციის (2004 და 2011 წლის ნამსახურობის ნუსხების) სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში და გაითვალისწინებდა წელთა ნამსხურობაში 1979-1982 წლებში კომკავშირის კომიტეტსა და პარტიულ კომიტეტში გათავისუფლებულ მდივნად მუშაობისა და ქ. მინსკის უმაღლესი კურსების გავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდებს, არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი