გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4837 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ნ-----------------–---–ი
წარმომადგენელი თ---------------------ე
მოპასუხე ა-----------–--–---–ი
წარმომადგენელი ს------------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-----------–--–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ--–-----–--–---–ის (დაბადებული 2------–-–------------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 0---------დან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ა-----------–--–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ--------–--–---–ის (დაბადებული 2------–-–-----------------–ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 0---------დან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ნ-----------------–---–ი და მოპასუხე ა----------–--–---–- დაქორწინდნენ 2014 წლის 2-----------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------ს დაბადებული ნ--–-----–--–---–ი და 2----–-–----------------–ს დაბადებული ნ--------–--–---–ი. მხარეები მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოსარჩელე გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მშობლების სახლში, ხოლო ბოლო პერიოდია შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. მოსარჩელე ნ-----------------–---–ი არის სტუდენტი, იგი სწავლობს მაგისტრატურის კურსზე. შვილების აღზრდაში მას ეხმარებიან მშობლები. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში. ა----------–--–---–- არის მომღერალი, დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. იგი ვალდებულია სტაბილურად ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილებზე და უწევდეს მათ მატერიალურ დახმარებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ნ--–-----–--–---–ის (დაბადებული 2------–-–------------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ასოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ.
2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ნ--–-----–--–---–ის (დაბადებული 2------–-–-----------------–ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ასოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ.
მოპასუხე ა----------–--–---–- არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს. ამ ეტაპზე, მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი. იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება თავის შვილებს. მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ-----------------–---–ი და მოპასუხე ა----------–--–---–- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).
3.1.2. არასრულწლოვანი ნ--–-----–--–---–ი და ნ--------–--–---–ი ცხოვრობენ მოსარჩელესთან, ნ-----------------–---–თან ერთად მისამართზე თბილისი, ს------–-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხე ა----------–--–---–- ამჟამად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-----–-- რაიონი, ს------–---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ-----------------–---–ი და ა-----------–--–---–ი დაქორწინდნენ 2014 წლის 2-----------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------- ნ--–-----–--–---–ი და 2----–-–----------------–ს ნ--------–--–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს გ------ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 2-----------ს გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);
_სსგს გ------ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 1------------–- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);
_სსგს გ------ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 9------------ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ნ-----------------–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან არ უფიქსირდება ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა დანამატების) მიღების ფაქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 მარტის მიერ გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 92).
სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მოსარჩელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღების თაობაზე.
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ა----------–--–---–-ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1500 ლარს, მარტის თვეში - 1500 ლარს, აპრილის თვეში - 1500 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს ივნისის თვეში - 1500 ლარს. მითითებულ პერიოდში ა----------–--–---–- დასაქმებული იყო შპს ,,ა-–-“-ში მ---------- პოზიციაზე. იგი თავისი ნებით გათავისუფლდა სამსახურიდან;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ა----------–--–---–-ს მიერ 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 მარტის მიერ გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 92-93).
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 01 მარტს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 74).
3.2.4. ხაშურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ა----------–--–---–ს არასრულწლოვან შვილებთან, ნ--–-----–--–---–თან და ნ--------–--–---–თან განესაზღვრა ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N-------- (ს.ფ. 76-78).
3.2.5. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბ--–------------–----------------------------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ--–-------------–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 13.12.2018 წელი (ს.ფ. 18-19).
3.2.6. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონამცებეით, ა-----------–--–---–ს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 19 თებერვლამდე გადაკვეთილი აქვს საზღვარი ს.ს.კ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის“ გავლით - 2018 წლის 18 ნოემბერს (გასვლა);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 19 თებერვალს გაცემული ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ, დანართი (ს.ფ. 44-45).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. – 4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს თითეულისათვის 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე ნ-----------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები 2----–-–----------------ს დაბადებული ნ--–-----–--–---–ი და 2----–-–----------------–ს დაბადებული ნ--------–--–---–ი (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვა-–-ნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მხარეები, ნ-----------------–---–ს და ა----------–--–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამჟამად, მოსარჩელე ნ-----------------–---–ი არასრულწლოვან შვილებთან, ნ--–-----–--–---–თან და ნ--------–--–---–თან ერთად ცხოვრობს მამის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ს------–----------- (3.1.1., 3.1.2). მოსარჩელე არის სტუდენტი. იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ნ-----------------–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან არ უფიქსირდება ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა დანამატების) მიღების ფაქტი. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე ნ-----------------–---–ი ეწევა კერძო საქმიანობას და აქვს შესაბამისი შემოსავალი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ა----------–--–---–-ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1500 ლარს, მარტის თვეში - 1500 ლარს, აპრილის თვეში - 1500 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს ივნისის თვეში - 1500 ლარს. მითითებულ პერიოდში ა----------–--–---–- დასაქმებული იყო შპს ,,ა-–-“-ში მ---------- პოზიციაზე. იგი თავისი ნებით გათავისუფლდა სამსახურიდან. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ა----------–--–---–-ს მიერ 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელე მხარე მითითებით, მოპასუხე არის მომღერალი, დაკავებულია სხვადასხვა რესტორნებში სიმღერების შესრულებით და იღებს მატერიალურ შემოსავალს. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახით შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხარის განმარტებით, იგი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამჟამად კი იგი მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ-----–-- რაიონში, სო----–------სში.
შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოპასუხე ა----------–--–---–- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი ნ--–-----–--–---–ის და ნ--------–--–---–ის ალიმენტის სახით გადაიხადოს თითოეულისათვის 130 (ას ოცდაათი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 13.05.2019წ.). სახელმწიფოში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმუმი (შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი) შეადგენს 2019 წლის იანვრის თვისათვის - 178.6 ლარს, თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს, მარტის თვეში - 181.2 ლარს და აპრილის თვეში - 185.0 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საარსებო მინიმუმის გადახდის ვალდებულება აქვს ორივე მშობელს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი. საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათელია, რომ მას თავისი გამოცდილებითა და ფიზიკური მდგომარეობით, შესწევს უნარი იყოს დასაქმებული, გამოიმუშაოს თანხა თავისი შვილების აღზრდის უზრუნველსაყოფად. მათი რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმენა ორივე მშობლის ვალდებულებაა. შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს დადგენილ საარსებო მინიმუმის მაქსიმუმ ოდენობას. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ნ--–-----–--–---–ისათვის და ნ--------–--–---–ისათვის უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის 180 (ას ოთხმოცი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.-7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-----------------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე ა----------–--–---–- ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ-----------------–---–ის (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ა----------–--–---–-ს (პირადი №-----------) მიმართ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე ა----------–--–---–ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ნ--–-----–--–---–ის (დაბადებული 2-----–-–----------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 0---------დან) ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ა----------–--–---–ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ნ--------–--–---–ის (დაბადებული 2-----–-–----------------–ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 0---------დან) ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე ა----------–--–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე