გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2019
საქმის ნომერი
330310018002544934
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4446-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი

 

მოსარჩელე - ი-------------------

წარმომადგენელი - მ-----------------

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ---------–--------

 

მოპასუხე- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;

წარმომადგენელი - გ----------------------

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა,აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N--- ბრძანება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით 2000 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისი, დ------–------------ მიმდებრედ განთავსებულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც შემოიკავა და აღმართა 2007 წლამდე. ქ. თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაადასტურა, რომ საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეს აშენებული აქვს 2007 წლამდე და მას საკუთრების უფლება ეღიარა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) მოსარჩელეს ედავება დასრულებული უნებართვო მშენებლობისთვის და სთხოვს საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს და აკისრებს ფულად ჯარიმას, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, შესაბამისად ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

2.1.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N 9-- საკუთრების უფლების მოწმობის თანახამდ, ი-----------------ეს საკუთრებაში გადეცა 1--- კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. თბილისი, დ-----------–---------------------------- მიმდებარედ.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საკუთრების უფლების მოწმობა N9--. ( ს.ფ. 131);

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (მომზ. თარ: 07.07.2017) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდ: ქ. თბილისი, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ; ს.კ. N----------------- საკუთრების უფლებით 2017 წლის 07 ივლისიდან რეგისტრირებულია ი-----------------ის სახელზე. უფლების დამდეგნი დოკუმენტი თვითნებურად დაკავებული მიწისაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობა N9--.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზ. თარ: 07.07.2017). (ს.ფ. 171-172);

 

3.1.3. 2017 წლის 18 იანვრის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N------ მითითების თანახმად, ი-----------------ემ ქ. თბილისში, დ---------- შესახვევის N1--ის მიმდებარედ (ს.კ. N----------------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო საყრდენი მონოლითური კედელი, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, შენობაზე მოაწყო საკომუნიკაციო კარადა. დარღვევის გამოსწორების მიზნით ი-----------------ეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 18 იანვრის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N------ მითითება. (ს.ფ. 106-107);

2017 წლის 16 დეკემბრის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დათვალიერების ოქმი; (ს.ფ. 104-105);

 

3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის N------ შემოწმების აქტის თანახმად ი-----------------ის მიერ არ შესრულდა 2017 წლის 18 იანვრის N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის N------ შემოწმების აქტი. (ს.ფ. 108-109);

 

3.1.5. 2017 წლის 14 მარტის N------ ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადდა ი-----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2001 წელს მეზობლისგან შეიძინა აღნიშნული ობიექტი ისეთი სახით რაზეც შედგა მითითება, აღნშნულ ობიექტზე მან ოთხი წლის წინ განახორციელა მხოლოდ რეკონსტრუქცია-გამაგრება, ხოლო საკომუნიკაციო კარადა განათავსა შვიდი წლის წინ. მანვე აღნიშნა, რომ დემონტაჟს ვერ მოახდენს და ითხოვა დარღვევის გამოსასწორებლად ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი-----------------ის ოქმი (ს.ფ. 88-89);

 

3.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N4---------- ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 დეკემბრის N------ მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი N------ შედგენილი 22017 წლის 20 თებერვლს) ი-----------------ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა, გაგრძელდა 2 (ორი) თვით. 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 20 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N4---------- ბრძანება. (ს.ფ. 150);

 

3.1.7. 2017 წლის 15 ივნისს N------ ოქმის თანახმად, ი-----------------ე გამოცხადდა სხდომაზე და განმარტა, რომ მიწის აღიარების კომისიამ თანხმობა განუცხადა მიწის ლეგალიზაციაზე, ობიექტის დემონტაჟს არ აპირებს, ვინაიდან სურს მოხდინოს მისი ლეგალიზაცია. ამასთან, მიუთითა, რომ ობიექტი აშენებულია 2007 წლამდე და არ იცის მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი-----------------ის ოქმი (ს.ფ.155);

 

3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილების მიხედვით, ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის, მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული აპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე მოწყობილი საკომუნიკაციო კარადის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------დადგენილება. (ს.ფ.71-72);

 

3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილება ი-----------------ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ივნისის N--- ბრძანებით, ი-----------------ის 2017 წლის 30 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი დაკამაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 ლარი შემცირდა 8000 ლარით; დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 30 ივნისის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 130);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ.180);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 11.06.2018 წ. №224 ბრძანება (ს.ფ. 122-128);

-ადმინისტრაციული წარმოების მასალა ( ს.ფ. 129-185);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N--- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელე ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით (შემცირდა 8000 ლარით) ქ. თბილისში, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის, მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული აპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე მოწყობილი საკომუნიკაციო კარადის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, 2017 წლის 18 იანვრს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი---------------ის მიმართ შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის მიხედვითაც ი-----------------ემ ქ. თბილისში, დ---------- შესახვევის N1--ის მიმდებარედ (ს.კ. N----------------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო საყრდენი მონოლითური კედელი, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, შენობაზე მოაწყო საკომუნიკაციო კარადა. დარღვევის გამოსწორების მიზნით ი-----------------ეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განხორციელება. ხოლო 2017 წლის 20 თებერვლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი-----------------ის მიმართ შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც 2017 წლის 18 იანვრის მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს. აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლით განსაზღვრულია უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია −გამოიწვევს დაჯარიმებას 4000ლარით.

 

მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავს დიფერენცირებას იმის მიხედვით თუ ვის კუთვნილ ტერიტორიაზე არის განხორციელებული უნებართვო საამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ამგვარი ქმედების განხორციელება იწვევს ჯარიმას 10 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 8 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილებით ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით (ქ. თბილისში, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ (ს.კ. N----------------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის.

 

ასევე დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე არსებული სადავო უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: (მდ: ქ. თბილისი, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ; ს.კ. N----------------- საკუთრების უფლებით 2017 წლის 07 ივლისიდან რეგისტრირებულია ი-----------------ის სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისი, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ; ს.კ. N----------------- განხორციელებული მშენებლობა მოქცეულია ი-----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ (N----------------- საკადასტრო საზღვრებში, აღნიშნული ასევე განმარტებულია სადავო ბრძანებაში, რის საფუძველზეც ი-----------------ეს კანონით დადგენილი წესით, სადავო დადგენილებით განსაზღვრულუ ჯარიმა 10 000 ლარი შეუმცირდა 8000 ლარით.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ხოლო, თუ დარღვევა გამოსწორებულია ანუ მითითება შესრულებულია, კანონის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიიღება დადგენილება სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ხსენებული პუნქტის თანახმად, გარდა დარღვევის გამოსწორებისა, სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღება მაშინაც, როცა: ა) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; ბ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ გ) არ არსებობს 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. რაც შეეხება მითითების არადროულად შეუსრულებლობას, აღნიშნულის სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. გარდა აღნიშნული პროცედურებისა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არსებობს კიდევ მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების ინსტიტუტი, რომელიც კანონის 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ხდება მაშინ, როცა იხილება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხი, ხოლო მითითების ვადის შეჩერება ხდება პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხის შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 20 აპრილის N----------- ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 დეკემბრის N------ მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი N------ შედგენილი 22017 წლის 20 თებერვლს) ი-----------------ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 (ორი) თვით. ხოლო სადავო დადგენილება მიღებულ იქნა 2017 წლის 20 ივნისის N------, მაშინ, როდესაც უკვე გასული იყო მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვადა და სახეზე არ იყო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.

 

ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია შემდეგნაირად - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უნებართვოდ განახორციელა ქ. თბილისში, დ-----------–------------4-ის მიმდებარედ (ს.კ. N-----------------; არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მშენებლობა, აღნიშნული მშენებლობა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცი ამოსარჩელეს არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული 2017 წლის 20 ივნისის N------ დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი-----------------ის 8 000 ლარით დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ი-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი