გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210017002131398
კატეგორია
დავის ტიპი
სულ უდავო წარმოების საქმეები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

№2/27992-17

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე - ღია სააქციო საზოგადოება მო-------------------------------------------------------რ

წარმომადგენელი - ზუ------–------ე

 

მოპასუხე - დო---------------------------------------------------–-------–-ნ

წარმომადგენლები - გი----------------–---–ი, თა----------------ი

 

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - ,,Ко-------------я’’/,,კო----------------ა’’ (M2--------- R) საქართველოში რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

 

სარჩელის საფუძველი:

 

მოსარჩელე საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი რუსული კომპანია - ღია სააქციო საზოგადოება ,,მო-------------------------------------ა ,,კრ-------------რ’’ წარმოადგენს რუსეთის საკონდიტრო ბაზრის ლიდერ უძველეს და უმსხვილეს კომპანიას, რომლის ისტორია სათავეს XIX საუკუნეში იღებს. ამჟამინდელ სახელწოდებას საწარმო ფლობს 1--- წლიდან, ხოლო სამართლებრივ ფორმას კი - 1--- წლიდან. 2002 წელს საწარმო შევიდა კანფეტების მსოფლიო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის -ევროპის უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანია ღია სააქციო საზოგადოება ,,გა-------------–-----------------ს’’ შემადგენლობაში, რომელიც გლობალური რეიტინგის ,,Ca-------------------0’’-ის თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული კანფეტების მსოფლიო ინდუსტრიის საუკეთესო კომპანიათა პირველ ოცეულში იმყოფება. 2017 წლის მდგომარეობით მოსარჩელეს ზემოხსენებულ რეიტინგში მე-17 ადგილი უკავია.

 

მოსარჩელემ 2006 წელს საქართველოზე გაავრცელა სასაქონლო ნიშნის ,,КО------------A’’ საერთაშორისო რეგისტრაცია საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე, 31-ე და 33-ე კლასების საქონლისათვის, რომელთა შორისაა საკონდიტრო ნაწარმი.

 

სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,КО------------A’’ მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს რუ----–ი (N1-----. 1-----------------------------------------------------) აზერბაიჯანში, გერმანიაში, საბერძნეთში, საქართველოში, ესპანეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, მონღოლეთში, უკრაინაში, თურქმენეთში, აშშ-ში, ტაჯიკეთში, ჩინეთსა და ჩერნოგორიაში საერთაშორისო რეგისტრაციით N8-----, უზბეკეთში (N M------6) ისრაელში (N1----9).

 

სახელწოდებით ,,КО------------A’’ კამფეტს მოსარჩელე უწყვეტად უშვებს 1948 წლიდან, ხოლო ამავე დასახელების სხვა საკონდიტრო ნაწარმს (თაფლის პური, ანუ ,,პრიანიკი’’, ბისკვიტური რულეტი, კარამელი, მშრალი საუზმე, ვაფლის ტორტი, ნამცხვარი და ა.შ.) – 2000-იანი წლებიდან დღემდე. ამასთან, აღნიშნული ნიშნით აღბეჭდილი პროდუქცია მაღალი ხარისხისა და კარგი რეპუტაციის გამო ჯერ კიდევ საბჭოური პერიოდიდან კარგადაა ცნობილი ქართველი მომხმარებლისათვის. შესაბამისად, მაღალია აღნიშნული სასაქონლო ნიშნით აღბეჭდილი პროდუქციის იმპორტის/რეალიზაციის მაჩვენებელი საქართველოში. 2008 წლიდან მოყოლებული 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შემოტანილია 123 845 000 კგ. საკონდიტრო პროდუქცია სასაქონლო ნიშნით ,,КО------------A’’.

 

სასაქონლო ნიშნის ,,КО------------A’’ საქართველოში რეგისტრაციის გავრცელებიდან 2 წლის შემდეგ, 2008 წელს უკრაინულმა კომპანიამ დო----------------------------------------------------–-ა ,,რო–---ა’’, რომელიც განსხვავებით მოსარჩელის თითქმის საუკუნე ნახევარი ისტორიისა, მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულსაა დაარსებული და ყოველგვარი მეთოდებით ცდილობს მოსარჩელისადმი კონკურენციის გაწევას. განახორციელა აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის - ,,Ко-------------я’’ რეგისტრაცია იმავე 30-ე კლასის საქონლის ნაწილისათვის რომელთა შორისაა საკონდიტრო ნაწარმი.

 

მოპასუხის სასაქონლო ნიშანი ,,Ко-------------я’’ აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისა ,,КО------------A’’, რასაც უმთავრესად განაპირობებს ორივე ნიშანში არსებული სიტყვა ,,კო------ა’’, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს პა--------------ს, ანუ სიტყვების შინაარსი და ჟღერადობა არის იდენტური. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო ნიშანში არსებული სიტყვიერი ელემენტი შესრულებულია ლათინური და კირილური დამწერლობით, ხოლო დაპირისპირებული ნიშანში კი - მას ახლავს მეორე სიტყვა ,,კი------ა’’, არ ამცირებს მათ მსგავსებას, რადგან ორივე სასაქონლო ნიშანში დომინანტ როლს სწორედ პირველი სიტყვა ,,კა------ა’’ ასრულებს, რომელიც ორივე ნიშანში არის იდენტური. შესაბამისად, სახეზეა აღნიშნული სასაქონლო ნიშნების, როგორც შინაარსობრივის, ისე გრაფიკული და ფონეტიკური მსგავსება. საქართველოში მოსარჩელეს პროდუქციის პოპულარობის გათვალისწინებით ცხადია, რომ მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის განზრახვით იქნა განხორციელებული და მოსარჩელის პროდუქციის მაღალი რეპუტაციით სარგებლობასა და იოლი მოგების მიღებას ისახავს მიზნად, რითაც საფრთხე ექმნება მოსარჩელეს პროდუქციის რეპუტაციასა და მის ფინანსურ ინტერესებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დო----------------------------------------------------–-ა ,,რო–---ა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დასტურდება გარემოება, რომ სასაქონლო ნიშნით ,,კო------ა’’ მარკირებული პროდუქცია კარგადაა ცნობილი და ,,ფართო მოთხოვნით’’ სარგებლობს ქართველ მომხმარებელში. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც აღნიშნული პროდუქციის ცნობადობის ამსახველი მტკიცებულება და არც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მომხმარებელში სასაქონლო ნიშნით ,,კო------ა’’ მარკირებული კანფეტი ასოცირდება მოსარჩელე კომპანიასთან. რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობას, მოპასუხის მითითებით საეჭვოა მისი უტყუარობა, რადგან ცნობას არ ერთვის არც დისტრიბუტორთან გაფორმებული ხელშეკრულებები, არც სასაქონლო ზედნადებები და არც ანგარიშები (ინვოისები). გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ცნობაში სავარაუდოდ ასახულია 9 წლის განმავლობაში გაყიდული პროდუქციის რაოდენობა, მოცემული ოდენობა არ მიიჩნევა საკმარისად იმისათვის, რომ შეფასდეს კონკრეტული პროდუქტის პოპულარობა და მისდამი მაღალი მოთხოვნა.

 

მოსარჩელის მსჯელობა, რომ მოპასუხე ცდილობს მისთვის კონკურენციის გაწევას უადგილოა, რადგან ერთსა და იმავე სექტორში მოღვაწე კომპანიებს შორის კონკურენცია წარმოადგენს ბუნებრივ პროცესს და ჯანსაღი ეკონომიკის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე გულისხმობდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, შენიშვნა სრულებით არაკორექტულია და მიუღებელია, ხოლო მოსარჩელის შეფასება ნიშნების მსგავსების თაობაზე - სუბიექტურია. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნიშანი დარეგისტრირდა საქპატენტის მიერ, ანუ გაიარა არსობრივი ექსპერტიზის ეტაპი, როდესაც განცხადებულ ნიშანს ადარებენ უფრო ადრე შეტანილ და დარეგისტრირებულ ნიშნებს. ამდენად, სადავო სასაქონლო ნიშანი უკვე შედარდა მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს და არ იქნა მიჩნეული მის აღრევამდე მსგავსად. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაზე, ანდა მის განზრახვაზე სარგებელი ნახოს მოსარჩელის ხარჯზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ღია სააქციო საზოგადოება „მო-------------------------------------ა „კრ-------------რ“ (От---------------------------------------------------------------------------р“) მოსკოვის სარეგისტრაციო პალატის მიერ 25.1--1---წ. რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, ხოლო მოპასუხე დო-------------------------------------------------------–-------–-ნ’’ უკრაინაში რეგისტრირებული საწარმოა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობები.

 

3.1.2. ღია სააქციო საზოგადოება „მო-------------------------------------ა „კრ-------------რს“ (От---------------------------------------------------------------------------р“) ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების’’ ოქმის მიხედვით საქართველოში დაცული აქვს საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი ,,КО------------A’’ (IR--------), ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის - 30-ე, 31-ე და 24-ე კლასებისათვის (საერთაშორისო რეგისტრაციისა და საქართველოზე გავრცელების თარიღი: 2--1--2---წ.) და იგი ახორციელებს საქართველოში მითითებული სასაქონლო ნიშნით ბრენდირებული პროდუქციის შემოტანასა და რეალიზაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვის პასუხი;

- ცნობა;

 

3.1.3. დო-----------------------------------------------------–-ა ,,რო–---ა’’ 2007 წლის 15 თებერვალს მიმართა და 2008 წლის 27 მარტს დაირეგისტრირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში სასაქონლო ნიშანი - ,,Ко-------------я’’, ნიცის კლასიფიკაციის 30-ე კლასში (საკონდიტრო ნაწარმი, პური და პურ-ფუნთუშეული, ნაზუქები, ბისკვიტები, კრეკერები, კამფეტები, შოკოლადი, თაფლი, შაქარი, ნაყინი, საკაზმი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის მოწმობა;

 

3.1.4. მოპასუხეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს ასევე შემდეგი სასაქონლო ნიშნები: ,,ზა------ა’’, ,,ვა-----ე’’, ,,ვე-----–--–-------–-კ’’, ,,დი-----–-----ი’’, კი-----------ი’’, ,,კო----------–-ა’’, ,,დო----ი’’, ,,სკ-------------–-კ’’, ,,კი--–---ა’’, ,,ხრ------კ’’, ,,შო----–-------------კ’’, ,,ბო---------ტ’’, ,,ლე–--ა’’, ,,ოხ-------ი’’ და ,,ში-----ა’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის მოწმობები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით და უფრო მეტიც, ფაქტია, რომ მხარეთა მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებში გამოყენებული ტერმინი/სახელწოდება ,,კო------ა’’ არ წარმოშობს დაპირისპირებული პირების სასაქონლო ნიშნებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის აღრევის საფუძველს.

 

[სადავო შემთხვევაში, მხარეთა პოზიციებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/შეფასების საფუძველზე სასამართლოს არ შეექმნა რწმენა მითითებული დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების მომხმარებლის მხრიდან შესაძლო აღრევასთან მიმართებით, რამეთუ მომხმარებლისათვის მეტ-ნაკლებად თანაბარი ცნობადობითა და რეპუტაციით სარგებლობს ორივე სასაქონლო ნიშანი, რაც გამორიცხავს ერთის აღრევის შესაძლებლობას მეორესთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციით დგინდება, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის საერთაშორისო აღიარება, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხის არაკეთილსინდისიერებასთან და მისი სასაქონლო ნიშნის არამართებული მიზნით მითვისებასთან მიმართებით. სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვყავს იმგვარი კონკურენტი, რომელსაც შესაძლოა ესაჭიროებოდეს სხვისი სახელის გამოყენება ბაზარზე დამკვიდრებისათვის. საკუთრივ ნაწარმზე - ,,კო------ას’’ მითითება, გამოწვეულია ამ სახელწოდების ტკბილეულის გვარეობითი ხასიათით, რამეთუ იგი ასოცირდება გარკვეული შემადგენლობის ტკბილეულთან, რაც არ უნდა განიმარტოს მის აღრევად, რომელიმე კონკრეტულ, მათ შორის მოსარჩელის კომპანიასთან, რადგანაც სახელწოდება ,,კო------ას’’ იყენებს არა ერთი რომელიმე კომპანია და მის შექმნასა თუ ავტორობაზე წვლილი მიუძღვის რომელიმე კონკრეტულ პირს, არამედ იგი გამოიყენება კონკრეტული სახეობის ტკბილეულის აღსანიშნავად. სასამართლო, ამავდროულად იზიარებს მოპასუხის მტკიცებას კონკრეტული სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსების არ არსებობასთან მიმართებით, რამეთუ ორივე ნაწარმის სახელწოდება შედგება ორი სიტყვიერი ელემენტისაგან, რომელთაგან მხოლოდ ერთი სიტყვიერი ელემენტია იდენტური, რაც არ ქმნის მათი აღრევის საფუძველს. გაზიარებული უნდა იქნეს მოპასუხის მტკიცება, რომ მის სასაქონლო ნიშანში დამატებითი სიტყვიერი ელემენტი ,,კი------ა’’ სძენს მას, როგორც ვიზუალურ და ფონეტიკურ, ასევე სემანტიკურ განსხვავებას, რადგან მომხმარებელი ნიშანს ერთობლიობაში აღიქვავს და სხვა ნიშანთან შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.

 

სასაქონლო ნიშნების შედარებისას და მათი მსგავსების კვლევისას შესაფასებელია:

- ვიზუალური მსგავსება - პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის სასაქონლო ნიშანი შედგება ორი განსხვავებული სიტყვისაგან (,,Ко-------------я’’), რომელიც კი----–-–----ა შესრულებული და განლაგებულია ჰორიზონტალურად, ხოლო მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი შედგენა ორი ელემენტისაგან - კი----–-–---- და ლათინური ანბანით შესრულებული, ერთმანეთის ქვეშ განლაგებული სიტყვიერი აღნიშვნებისაგან (,,КО------------A’’). მოსარჩელის ნიშანი მთლიანად მთავრული ასოებითაა შესრულებული, ხოლო მოპასუხის ნიშანში - მხოლოდ საწყისი ასოები.

- ფონეტიკური მსგავსება - სადავო ნიშანში დამატებითი სიტყვიერი ელემენტის არსებობა განაპირობებს, როგორც მხედველობით, ასევე სმენით განსხვავებას. მოსარჩელის ნიშანი გამოითქვის, როგორც ,,КО------------A’’, ხოლო სადავო ნიშანი - (,,Ко-------------я’’).

- სემანტიკური მსგავსება - სიტყვა ,,Ки-----я’’ (კი------ი), პირდაპირ მიუთითებს მოცემული ნიშნით მარკირებული საქონლის წარმოშობაზე და უკრაინასთან კავშირზე, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს რუსული წარმოების პროდუქტთან აღრევის შესაძლებლობას, რამეთუ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე პირდაპირაა მითითებული გეოგრაფიული ადგილის დასახელება, სხვა ქვეყნის დედაქალაქი.

 

გარდა აღნიშნულისა, სახელწოდება ,,კო------ა’’ მომხმარებელში იწვევს არა რომელიმე კომპანიასთან ასოცირებას, არამედ შესაბამისი ტიპის ტკბილეულთან, რაც მიუხედავად რეგისტრაციის არსებობისა, ვერ მიანიჭებს ვერც ერთ სუბიექტს კონკრეტულ აღნიშვნასთან მიმართებით განსაკუთრებულ უფლებას. მოსარჩელის უფლების შელახვას ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ,,მიითვისებდა’’ მისი სასაქონლო ნიშნის სახელწოდების ორივე ელემენტს, რასაც შესაძლოა მომხმარებელში წარმოეშვა ,,რო–---ს’’ მიერ წარმოებული ,,კო------ის’’ აღრევა ,,კრ----------------ს’’ სახელზე რეგისტრირებულ ნაწარმთან. ჩვენს შემთხვევაში კი, ორივე კომპანიის სასაქონლო ნიშნები შედგება ორი სიტყვიერი ელემენტისაგან, რომლებიც იძლევა მათი გარჩევის შესაძლებლობას.

 

გარემოება, რომ სახელწოდება (აღნიშვნა) კო------ა არ წარმოადგენს კონკრეტულ სუბიექტთან დაკავშირებულ/ასოცირებულ სასაქონლო ნიშანს და არის გვარეობითი სახელი ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო რეგისტრაციის ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ საფრანგეთში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს - ,,ფრ---------------–-ს’’ მიერ 2--- წელს რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ,,ვე-----–-----ო------ა’’ ნიცის კლასიფიკაციის 29-ე, 30-ე და 43-ე კლასებისათვის. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ აღნიშვნა ,,კო------ა’’ სხვადასხვა ენაზე იქცა თხევად შიგთავსიანი ირისის დასახელებად და იგი რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან ასოციაციას არ იწვევს.

 

ის ფაქტი, რომ აღნიშვნა ,,კო------ა’’ იქცა საქონლის სახეობის აღმნიშვნელ ტერმინად საფუძვლად დაედო ლა-----ს საპატენტო უწყების უარყოფით გადაწყვეტილებას მოსარჩელის ნიშნისათვის IR 8----- დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან უწყებამ ჩათვალა, რომ ნიშანი მისი გვარეობითობიდან გამომდინარე, არაგანმასხვავებელუნარიანია და მიუთითებს საქონლის სახეობაზე. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ საფუძველს მოკლებულია ვივარაუდოთ მოპასუხის არაკეთილსინდისიერი განზრახვა მოსარჩელის რეპუტაციის არაკანონიერ გზით გამოყენებასთან მიმართებით, რამეთუ იგი არა ნაკლები პოპულარობითა და რეპუტაციით სარგებლობს, როგორც ქართველ მომხმარებელში, ასევე ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიც, მართალია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ვრცელი მტკიცებულებები, მათ შორის სხვადასხვა შეფასებები ,,კო------ა რო–---ს’’ რეგისტრაციასთან მიმართებით, თუმცა რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ,,Ко-------------я’’-ის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის საკითხი და ამავდროულად შესაფასებელია უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილობის საფუძველი, სავალდებულოა დგინდებოდეს კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით ამგვარი გარემოების არსებობა, რისი დაუსაბუთებლობის პირობებში სხვა სუბიექტისათვის დადგენილი გარემოებები ვერ დაედება კონკრეტულ გადაწყვეტილებას საფუძვლად].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საერთაშორისო რეგისტრაციის დეტალების ამონაწერი;

- რეგისტრაციის მოწმობები;

- ინფორმაცია პროდუქციის ცნობადობის თაობაზე;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

„სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი.

„სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ პარიზის კონვენცია;

„ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადავოდ გამხდარი სასაქონლო ნიშნის ,,Ко-------------я’’ (სარეგისტრაციო ნომერი (M 2--------- R) რეგისტრაციის კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს, ანუ სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

 

6.2. სარჩელით ხსენებული რეგისტრაციის ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.1--2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). სასამართლო საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის'' ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს'' პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40].

 

6.3. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ,,კრ----------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი შესაძლოა გამართლებული იყოს იმ გარემოებით, რომ იგი როგორც მოპასუხის კონკურენტი საწარმო, რომელიც ახორციელებს იმავე პროდუქტის წარმოებას დაინტერესებულია მისი სასაქონლო ნიშნის მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არ არსებობასთან მიმართებით. სარჩელი დაკმაყოფილების ვითარებაში მოსარჩელის ინტერესი რეალიზდებოდა იმგვარად, რომ აღარ იარსებებდა მოპასუხის საქონელი, რომელსაც მსგავსად მისი სასაქონლო ნიშნისა მითითებული ექნებოდა აღნიშვნა ,,კო------ა’’. ამდენად, ამ მხრივ სასამართლო იზიარებს მოსარჩელის ინტერესს იდავოს მოპასუხე ,,რო–---ს’’ მიერ მისი მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

 

6.4. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევა, რასთან მიმართებითაც უპირველესად უნდა განიმარტოს, რომ სასაქონლო ნიშანი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან. ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრების ამ ობიექტთან დაკავშირებით დავები ძირითადად ეხება ობიექტზე უფლების მოპოვებას ან უფლებათა დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია, რის გამოც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.

 

6.5. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული (სსკ-ის მე-7 მუხლი). არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (სსკ-ის 152-ე მუხლი).

 

6.6. უნდა განიმარტოს, რომ უფლების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობა ადგენს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტია სასაქონლო ნიშანი, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

6.7. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან. ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-15 მუხლის შესაბამისად, ,,სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს’’.[1] ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ასეთი სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია ,,საქპატენტში’’ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მოხმობილი ნორმით განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორე საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.

 

6.8. სადავო არ არის, რომ ღია სააქციო საზოგადოება „მო-------------------------------------ა „კრ-------------რს“ (От---------------------------------------------------------------------------р“) ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების’’ ოქმის მიხედვით საქართველოში დაცული აქვს საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი ,,КО------------A’’ (IR--------), ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის - 30-ე, 31-ე და 24-ე კლასებისათვის (საერთაშორისო რეგისტრაციისა და საქართველოზე გავრცელების თარიღი:2--1--2---წ.) და იგი ახორციელებს საქართველოში მითითებული სასაქონლო ნიშნით ბრენდირებული პროდუქციის შემოტანასა და რეალიზაციას. ხოლო, მოპასუხე დო-----------------------------------------------------–-ა ,,რო–---ა’’ 2007 წლის 15 თებერვალს მიმართა და 2008 წლის 27 მარტს დაირეგისტრირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში სასაქონლო ნიშანი - ,,Ко-------------я’’, ნიცის კლასიფიკაციის 30-ე კლასში (საკონდიტრო ნაწარმი, პური და პურ-ფუნთუშეული, ნაზუქები, ბისკვიტები, კრეკერები, კამფეტები, შოკოლადი, თაფლი, შაქარი, ნაყინი, საკაზმი).

 

6.9. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას, ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლად მიიჩნევა და სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია (,,ა’’ პუნქტი), მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (,,გ’’ პუნქტი); ასევე მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა (,,დ’’ პუნქტი).

 

6.10. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ’’ პარიზის კონვენციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ’’, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ამ ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს. ხსენებული შეთანხმების მე-17 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნის გამოყენების სფეროში გამონაკლისი, ამ ნორმის თანახმად წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები.

 

6.1-- სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის[2] შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა. სასაქონლო ნიშნების მსგავსება უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელი, რომელიც სავაჭრო დაწესებულებაში მიდის, მას არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების ისეთი უმნიშვნელო ელემენტები, როგორიცაა წვრილი შრიფტით დასმული წარწერები, არამთავარი ფიგურები, მათი განლაგება. მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქტზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების პროდუქტი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი არ არის გარკვეული მწარმოებლის ვინაობაში, მისთვის მთავარია მოძებნოს მსგავსება ადრეულ შენაძენის სასაქონლო ნიშანსა და დახლზე არსებულ სასაქონლო ნიშანს შორის. ასეთ დროს არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა (იხ. ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998).

 

6.12. სასაქონლო ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეციფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც, ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან.

 

6.13. სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment o... 7 july, 2005). . ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული უფლების გაუქმების შედეგად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ კომპანიას ჰქონდა ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007/ იხ. სუსგ, საქმე Nას-970-919-2015, 1--03.2016წ.)

 

6.14. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28.1 მუხლი შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

 

6.15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის წინაპირობები. ,,კრ---------------ს’’ მიერ ბათილობის საფუძვლად მითითებულია მოხმობილი ნორმის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც რეგისტრაციის ბათილობის საფუძველია სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაცია, რა დროსაც პირის მიზანი მდგომარეობს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით იმავე ბაზარზე მარტივი დამკვიდრება, სხვისი სახელისა და რეპუტაციის მითვისების გზით. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხე კომპანიის ქმედების კეთილსინდისიერების კვლევა, ის თუ რამდენად მართლზომიერი განზრახვით მოქმედებდა პირი საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას. სამოქალაქო კოდექსის 8.3-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი არის ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. პარიზის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაა. კონვენციის მე-10bis მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ კავშირის მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ეფექტიანი დაცვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, აკრძალულია ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ, ამდენად სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის უფლების დაცვის მექანიზმს, როდესაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი. არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას დაუშვებლად მიიჩნევს სამრეწველო საკუთრების დაცვის 1882 წლის 20 მარტის პარიზის კონვენცია და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია რაიმე ხანდაზმულობის ვადის დაწესება იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ასევე ევროსაბჭოს 2009 წლის 26 თებერვლის 207/2009 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EC) NO 207/2009 OF 26 FEBRUARY 2009 ON THE COMMUNITY TRADE MARK) 52(1)(ბ) მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერი განზრახვისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას ან იგი ბათილად იქნას გამოცხადებული, ანალოგიური პრინციპია მითითებული ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/95EC დირექტივაშიც, რომლის 3 (2)(დ) მუხლის თანახმად წევრ სახელმწიფოებს უფლებამოსილება ენიჭებათ არაკეთილსინდისიერი განზრახვისას უარი განაცხადონ სასაქონლო ნიშნს რეგისტრაციაზე ან ბათილად ცნონ უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ცნებას აქვს ფართო შინაარსი და უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან როგორც ლიტერატურასა და უცხოურ სასამართლო პრაქტიკაში აღნიშნულია, შეუძლებელია ამომწურავად დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნებას ახასიათებს. ამ თემაზე ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში (Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c-529/07, 11 june 2009) განმარტებულია, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის რელევანტური მომენტი განმცხადებლის მიერ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის დროა. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორისაა აპლიკანტის ცოდნა, რომ მესამე პირი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე იყენებს იდენტურ ან ანალოგიურ სასაქონლო ნიშანს. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აჩვენებს რამდენად შეესაბამებოდა აპლიკანტის მოქმედება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი გულმოდგინების სტანდარტებს. შესაბამისად აღნიშნული ვლინდება იმაში, რომ აპლიკანტმა იცის რა სასაქონლო ნიშნის რეპუტაციისა და მისი გამოყენების შესახებ, არეგისტრირებს იდენტურ სასაქონლო ნიშანს იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, მოტყუებით გაუჩინოს მოლოდინი, რომ მას საქმე ცნობილ სასაქონლო ნიშანთან აქვს და ამით უსაფუძვლო და დაუმსახურებელი სარგებელი მიიღოს. ამდენად სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად შეიძლება იმ ძირითადი კრიტერიუმების გამოყოფა, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის“ არსებობას დაადასტურებს: (i) არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. ამავე დროს რეგისტრაციის შემდგომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით შესაძლებელია განცხადების გაკეთებისას არსებული მდგომარეობის post faqtum დადგენა; (ii) არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას; (iii) არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს; (iv). არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება; (v) განმცხადებლის ცოდნა სასაქონლო ნიშნის მესამე პირის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით; (vi) მოპასუხის პირადი წარმოდგენები არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან დაკავშირებით არარელევანტურია-გამოსაყენებელი ტესტია გამოცდილი და გონიერი ადამიანის ჰორიზონტიდან დანახვა და შეფასება.

 

6.16. სასამართლო არსებულ ვითარებაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ,,რო–---ს’’ არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით, რამეთუ თავად მოპასუხე საწარმო თავისი საერთაშორისო აღიარებიდან გამომდინარე არ საჭიროებს, მოსარჩელის სახელის მითვისებას, რისი გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის არაკეთილსინდისიერად მიჩნევისათვის მოითხოვება მტკიცების მაღალი სტანდარტი, რამეთუ აღნიშნული შეფასებითი კატეგორიაა და სასამართლო უნდა შეექმნას რწმენა სუბიექტის მხრიდან ამა თუ იმ კანონით ნებადართული ქმედების განხორციელებისას. არაკეთილსინდისიერი მიზნის არსებობა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციის დასახელებაში ,,კო------ის’’ მითითება სასამართლოსათვის არ არის იმის დასტური, რომ მოპასუხე მითვისების მიზნით მოქმედებდა, რამეთუ აღნიშვნა არ იწვევს რომელიმე კონკრეტულ საწარმოსთან, მათ შორის მოსარჩელესთან ასოციაციას და იგი უკავშირდება შესაბამისი ტიპის ტკბილეულს, რასაც შესაძლოა აწარმოებდეს სხვადასხვა კომპანია. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მიერ წარმოებულ პროდუქტზე მითითებულია აღნიშნული პროდუქტის წარმომავლობაზე, მაშინ როდესაც საზოგადოდ ცნობილია გარემოება, რომ ,,კრ----------------’’ რუ----–ი რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, შესაბამისად დამატებითი აღნიშვნა ,,კი------ა’’ უფრო მეტად სძენს კონკრეტულ ორ საქონელს განმასხვავებლობას. ამასთან, დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები განსხვავებულია სხვა ნიშნებითაც, რასთან მიმართებითაც ნამსჯელია გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში. ამდენად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლა-შეფასების საფუძველზე არ შეექმნა რწმენა პირის არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით. ამასთანავე, არ დგინდება კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის სხვა საფუძვლებიც, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ჩვენს შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებულ ხარჯებთან მიმართებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კომპანია ღია სააქციო საზოგადოება მო-------------------------------------------------------რის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე