გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2/1433-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,ბ------“
წარმომადგენელი: კ------------- ნ---------;
მოპასუხე: შპს ,,ტ----“;
წარმომადგენელი: ვ--–------ე თ----------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ტ----“-ს (ს/კ 2--------) მოსარჩელე შპს ,,ბ------ს“ (იგივე შპს „M--“) (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 23 ივნისის N4------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საფასური 172 962,93 ლარი. ასევე მოპასუხეს 2015 წლის 20 მაისიდან (ვალდებულების შესრულების წარმოშობის დღიდან), პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულების - 172 962.93 ლარის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღემდე, რომელიც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 86,48 ლარს, (86,48 x 1076 დღე = 93052.48 ლარი), რაც ჯამში შეადგენს - 266 015,41 ლარს.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2014 წლის 23 ივნისს, შპს „M--“-სა (ს/კ 4--------) და მოპასუხე შპს „ტ----“-ს (ს/კ 2--------) შორის დაიდო ხელშეკრულება N4------------, რომლის თანახმადაც მოსარჩელე შპს „M--“-ს, წყალტუბოს რაიონი, სოფელ გ------ში უნდა შეესრულებინა საავტომობილო გზის (ბეტონის გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 240646,943 ლარს. შპს „M--“-ის მიერ სრულად შესრულებული იქნა 2014 წლის 23 ივნისის N4------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შპს „M--“-ის მიერ შესრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანების, კერძოდ: 240646,943 ლარის შესახებ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შპს „ტ----“-ს მიერ დადასტურებული იქნა 2015 წლის 4 მაისს. ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობდა კიდევ სხვა ვალდებულებები, 2014 წლის 23 ივნისის N4------------ ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანებიდან კერძოდ: 240 646,943 ლარიდან, მხარეთა შეთანხმებით 2015 წლის 10 ოქტომბერს გაიქვითა თანხა 67 684,00 ლარის ოდენობით, რომლიდანაც გამომდინარე შპს „ტ----“-ს შპს „M--“-ის სასარგებლოდ დავალიანების სახით გადასახდელი დარჩა თანხა 175826,94 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის არაერთი მოლაპარაკებისა და მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე მხარე თავს არიდებს თანხის გადახდას.
2014 წლის 23 ივნისს N4------------ ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო ხელშეკრულების ობიექტის ეტაპობრივად მიღების შემდგომ, თანხა გადაეხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში (მხარეთა შორის მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2015 წლის 4 მაისს), რომელიც მას დღემდე არ განუხორციელებია. ამავე ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოს ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს „ტ----“-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოს დარჩენილი დავალიანების სახით 175826.94 ლარი და ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე 2015 წლის 20 მაისიდან პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოს 0.1%. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება იქნებოდა შემდეგნაირი, კერძოდ: შესრულებული სამუშაოდან მოპასუხე მხარის მიერ დარჩენილი დავალიანების 175 826,94 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 175,82 ლარს, ხოლო სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 175,82x1076 დღე = 189182,32 ლარს.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული კანონმდებლობითა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში არ ითხოვს ხელშეკრულების 11.1 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას და იგი ამცირებს პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 0.1%-სა ითხოვს მოპასუხე მხარეს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით სამუშაოს ჯამური ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა, მოპასუხე მხარეს 2015 წლის 20 მაისიდან (ვალდებულების შესრულების წარმოშობის დღიდან), პირგასამტეხლოს სახით დაერიცხოს, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულებიდან - 175 826,94 ლარის 0.05%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღემდე, რომელიც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 87,91 ლარს, (87,91x1076 დღე = 94591,16 ლარი). მოსარჩელე ითხოვს: მოპასუხე შპს „ტ----“-ს მოსარჩელე შპს ,,ბ------ს“ (შპს „M--”) სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 23 ივნისის N4------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საფასური 175826,94 ლარი, ასევე, მოპასუხეს 2015 წლის 20 მაისიდან (ვალდებულების შესრულების წარმოშობის დღიდან), პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულებიდან - 175826,94 ლარის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღემდე, რომელიც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 87,91 ლარს, (87,91x1076 დღეზე = 94591,16 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს ამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. პირველ რიგში სასარჩელო მოთხოვნა ყველანაირად ხანდაზმულია, გამომდინარე იქედან რომ ვალდებულება ეხება სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომლის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და 2014 წლის 22 სექტემბრიდან გასულია გაცილებით მეტი. მხარის აპელირება დღგ-ს ანგარიშფაქტურაზე და მისი გასაღება მიღება-ჩაბარების აქტად აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა და ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო დათქმებს. გარდა ხანდაზმულობისა, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა იმითაც, რომ არანაირად არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება. საქმეში არაა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც ეტაპობრივ, ისე შუალედურ შესრულებას, ასევე არაა წარმოდგენილი მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ტ----“-ს მიმართ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, თუ დავუშვებთ, რომ შპს „ტ----“ უსაფუძვლოდ უგულებელყოფდა მოსარჩელის ინტერესებს. ასეთი რამ არ არსებობს და ვერც იარსებებდა, რადგან პირველ რიგში მოსარჩელემ არ იცის, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულებულა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი კი საქმეში / და არც ბუნებაში/ არ მოიპოვება.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველი იყო შპს „ტ----“-ს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის არსებული ხელშეკრულება. შპს „M--”-ის მიერ სამუშაოები არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობითა და ხარისხით, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც წარმოადგენდა დამკვეთს, არ მოხდა ობიექტის მიღება-ჩაბარება. შპს „ტ----“-ს მიერ, მისი ხარჯებით განხორციელდა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ხელახალი შესრულება, რასაც ადასტურებს როგორც თანდართული აქტები, ისე ექსპერტიზის დასკვნა. სწორედ ამის გამო არ მოხდა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების გაფორმება ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რაზედაც არც მოსარჩელეს ჰქონია პრეტენზიები. რაც შეეხება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელსაც მხარე აბსოლუტურად შეუსაბამოდ თვლის სამუშაოთა მიღება-ჩაბარებად, წარმოადგენს დღგ-ს დოკუმენტს და ბუნებრივია არანაირ კავშირში არაა მიღება-ჩაბარებასთან.
ამასთან, ვინაიდან არ მომხდარა სამუშაოთა შესრულება მოსარჩელის მხრიდან, მსჯელობა პირგასამტეხლოზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. შპს „M--”-ის მიერ არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა შპს „ტ----“-ს უდიდესი პრობლემები მოუტანა, დღესაც მიმდინარეობს დავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან, ასევე მოთხოვნილია შესყიდვების სააგენტოში შპს „ტ----“-ს შავ სიაში ჩასმა, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ შპს „ტ----“-ს საგარანტიო თანხა იქნა ჩამოჭრილი და ამ ყველაფრის ფონზე მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა აშკარად ცინიკურ ხასიათს ატარებს, რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „M--” მეწარმედ რეგისტრირებულია 2012 წლის 13 ივნისს, რომელმაც 2018 წელს შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს ,,ბ------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-24).
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 85-88).
3.1.2. შპს ,,ტ----“ მეწარმედ რეგისტრირებულია 2003 წლის 18 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 19-21).
3.1.3. 2014 წლის 23 ივნისს, შპს „M--“-სა (ს/კ 4--------) და მოპასუხე შპს „ტ----“-ს (ს/კ 2--------) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე შპს „M--“-ს, წყალტუბოს რაიონი, სოფელ გ------ში უნდა შეესრულებინა საავტომობილო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 240646,943 ლარს.
ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულება განხორციელდება 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების:
5.1 პუნქტით, „დამკვეთი“ ხელშეკრულების ობიექტის მიღებას მოახდენს ეტაპობრივად.
5.2 პუნქტით, „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების ობიექტის ეტაპობრივად მიღების შემდგომ თანხა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში.
6.1 პუნქტით, „შემსრულებელი“ იძლევა გარანტიას, რომ სამუშაოს შეასრულებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით.
6.2 პუნქტით, სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადად განისაზღვროს 3 (სამი) წელი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანებული გზის აღდგენა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით და არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში.
10.3. პუნქტით, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია:
10.3.1. მოსთხოვოს „დამკვეთს“ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
10.4. პუნქტით, „შემსრულებელი“ ვალდებულია:
10.4.1. დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
11.1 პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსრულებელს ეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოს ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
11.3 პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ „დამკვეთი“ დაჯარიმდება ვადაგადაცილების გამო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (N1-----------------) შესაბამისად და ეს გამოწვეული იქნება „შემსრულებლის“ მიერ თავისი კუთვნილი სამუშაოების შეუსრულებლობით, ჯარიმის მთლიან თანხას გადაიხდის „შემსრულებელი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31).
3.1.4. მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ შპს „M--“ (შპს ,,ბ------მ“) დაიწყო შეთანხმების შესრულება და გარკვეული სამუშაოები ჩაატარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. 2017 წლის 09 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გ------ი-ვ---–----სის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად.
ჩატარებული კვლევების შესაბამისად გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია.
შპს „ტ----“-ს გენერალური დირექტორის, თ------ ჩ-----ის 2017 წლის 11 აგვისტოს N80 მომართვის (ბიუროში რეგ. N1---------) საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გ------ი-ვ---–----სის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ბეტონის საფარის ხარისხის შემოწმების მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა:
1. ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების სიმტკიცეები იცვლება 34,22 მპა-დან (342,2კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41,72 მპა-მდე (417,2კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30) (გამოცდის შედეგები იხილეთ ცხრილში 1 და გრაფიკულ გამოსახულებებზე, დანართი 3).
2. ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16,75 სმ (იხილეთ დანართი 2),3. ექსპერტიზის მიმდინარეობა ასახულია ფოტოებზე (იხ. დანართი 1).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 09 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა (ს.ფ. 108-142).
3.1.6. 2015 წლის 23 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით შპს „ტ----“-ს გენერალური დირექტორის, თ------ ჩ-----ის 2015 წლის 14 იანვრის N4 მომართვაში (ბიუროში რეგ. N1---------) დასმული საკითხების შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ის (ვ---–----სის დასახლება) ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ N1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე (გამოცდის შედეგები იხილეთ ცხრილში 1 და კუმშვის დიაგრამებზე, დანართი 2);
2. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა (ს.ფ. 143-174).
3.1.7. 2014 წლის 10 ოქტომბერს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმად, გზის გვერდულები იგივე მდგომარეობაშია. გზის გვერდულსა და გზას შორის არის დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ არის ჩასხმული წებო ემულსია.
2015 წლის 05 თებერვალს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე არსებული ბზარების აღმოფხვრის მიზნით შპს ,,ტ----“-ს მიერ მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა სამუშაოები დაუმთავრებელია და კვლავ აღინიშნება ბეტონის საფარზე ხილული ბზარები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 10 ოქტომბრის აქტი (ს.ფ. 73).
- 2015 წლის 05 თებერვლის აქტი (ს.ფ. 75).
3.1.8. 2015 წლის 22 აპრილის შპს ,,ტ----“-სა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი N1-ით დადგენილია: კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და შპს ,,ტ----“-ს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, მიმწოდებლის შპს ,,ტ----“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო და მის მიმართ გატარდეს ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისიწინებული სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 22 აპრილის შპს ,,ტ----“-სა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი N1 (ს.ფ. 76-79).
3.1.9. შპს „M--”-მ (იგივე შპს ,,ბ------“) 2014 წლის 07 ნოემბერს შეავსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც მითითებულია, რომ მომსახურების (ხელშ. N4------------) ღირებულება შეადგენს 240 646,9400 ლარს. შპს ,,ტ----“-მ საგადასახადო ანგარიშფაქტურა ელექტრონულად დაადასტურა 2015 წლის 04 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ფაქტობრივად, სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან შეასრულა 240646,943 ლარის სამუშაოები, საიდანაც ურთიერთ გაქვითვის შემდგომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 172 962.93 ლარი, ხოლო მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს სამუშაოების შესრულებას და ამტკიცებს, რომ მისი შესრულება იყო უხარისხო, რის გამოც მას ხელახლა მოუწია გზის საფარის დაგება და ამ ხელშეკრულებიდან მოგების მაგივრად ნახა წაგება, რადგან საგარანტიო თანხა წაიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სამუშაოების შესრულების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. ის ამტკიცებს, რომ 172 962.93 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა და მისი ღირებულება ეკუთვნის. თუ მან სამუშაოები ნამდვილად შეასრულა, მაშინ ამის სათანადო მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. უნდა წარმოადგინოს სამუშაოთა შესრულების მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ შეასრულა შეთანხმებული (172 962.93 ლარის ღირებულების) სამუშაოები და მას ერგება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მიღება-ჩაბარების აქტით, ხელწერილით, მოწმის ჩვენებით ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება მის მიერ სამუშაოს შესრულება.
მოპასუხე ამტკიცებს, რომ შპს „M--”-ის მიერ სამუშაოები არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობითა და ხარისხით, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც წარმოადგენდა დამკვეთს, არ მოხდა ობიექტის მიღება-ჩაბარება. შპს „ტ----“-ს მიერ, მისი ხარჯებით განხორციელდა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ხელახალი შესრულება, რასაც ადასტურებს როგორც თანდართული აქტები, ისე ექსპერტიზის დასკვნა. სამუშაოთა არ შესრულების ფაქტს მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება. ამიტომაც მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შეუსრულებლობის დამტკიცება მოპასუხეს არ ეკუთვნის. თუ არ დადგინდა, რომ შპს „M--”-მა (შპს ,,ბ------“-მ) მოსარჩელის სასარგებლოდ შეასრულა 172 962.93 ლარის სამუშაოები, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს.
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.4. მოსარჩელემ სამუშაოების შესრულების დასამტკიცებლად, წარმოადგინა ზეპირი განმარტება, მასზედ, რომ შპს „M--” (შპს ,,ბ------მ“), მოპასუხესთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ჩაატარა 172 962.93 ლარის ღირებულების სამუშაოები.(იხ.სხდომის ოქმი.)
3.2.5. მოსარჩელემ სამუშაოთა შესრულების დასადასტურებლად წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 240646,9400 ლარის მომსახურების შესახებ.
3.2.6. მოსარჩელეს სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით სხვა მტკიცებულება არა აქვს.
3.2.7. მოპასუხე სადავოდ ხდის სამუშაოთა შესრულების ფაქტის დამტკიცებისათვის მტკიცებულებად ანგარიშფაქტურის გამოყენებას. ამტკიცებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ არის ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დამტკიცდეს სამუშაოთა შესრულება, მითუმეტეს, როდესაც 2014 წლის 23 ივნისის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ ხელშეკრულების ობიექტის მიღებას მოახდენს ეტაპობრივად და 5.2. პუნქტით „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების ობიექტის ეტაპობრივად მიღების შემდგომ თანხა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში.
3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს საგადასახადო ანგარიშფაქტურით შეიძლება თუ არა დადგინდეს სამუშაოთა შესრულების საკითხი, ანუ სამუშაოთა შესრულებისათვის ანგარიშფაქტურა არის თუ არა ვარგისი მტკიცებულება. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ კანონი მხარეებს არ უკრძალავს ისარგებლონ ხელშეკრულების თავისუფლებით და რიგი ურთიერთობები მოაწესრიგონ დოკუმენტის გარეშეც, მაგრამ გასათვალისწინებელია ის სპეციფიკა, რაც მშენებლობას ახასიათებს. მშენებლობისათვის რამდენიმე აუცილებელი საკითხია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში თავიდანვე უნდა გაირკვეს შესასრულებელი სამუშაოს სახე, მოცულობა, ხარისხი, ოდენობა, მასალები, ვადები და ა. შ. საკითხები. ამის შემდეგ უნდა შესრულდეს სამუშაოები და შესრულება უნდა გადაეცეს დამკვეთს, რომელმაც შესრულება უნდა მიიღოს. დაკვეთიდან სამუშაოთა დასრულებამდე დგება სხვადასხვა ტიპის აქტები (შესასრულებელი სამუშაოების აქტი, შუალედური აქტი, ფარულ სამუშაოთა აქტი, შესრულებულ სამუშაოთა აქტი შესაბამისი ფორმით, ექსპლოატაციაში მიღების აქტი (თუკი არსებობს ასეთი აქტი), სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.). სწორედ ამ აქტებით უნდა დადგინდეს სამუშაოთა შესრულება. ყველა შემთხვევაში, როცა ვამბობთ, რომ შევასრულეთ 172 962.93 ლარის სამუშაო, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს შესრულებული სამუშაოები და არსებობს რაღაც დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დავიანგარიშოთ შესრულებული სამუშაოების ღირებულება. სხვაგვარად საგადასახადო ანგარიშფაქტურაში შეუძლებელია 172 962.93 ლარის, უფრო მეტის ან ნაკლების მითითება. ანგარიშფაქტურა დაფუძნებული უნდა იყოს შესრულებულ სამუშაოებზე. მოსარჩელეს ასეთი აქტები არა აქვს, ამიტომ მან ვერ დაამტკიცა, რომ 172 962.93 ლარის სამუშაოები შეასრულა. ანგარიშფაქტურა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოდგეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების განმსაზღვრელადაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლებამოსილი პირი მიიღებს შესრულებას და მის ღირებულებას სადავოდ არ გახდის. დასაშვებია, რომ სამუშაოები მენარდემ შეასრულოს დოკუმენტების გარეშე და ასე გადასცეს დამკვეთს (ცუდი პრაქტიკა იქნება ამ მეთოდით სამუშაოთა გადაცემა, მაგრამ არსებობს ასეთი დასაშვებობაც), მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულება მიუვა უფლებამოსილ პირს (დამკვეთს) და ის 172 962.93 ლარის სამუშაოს შესრულების მიღებას არ გახდის სადავოდ. სადავოდ გახდომისას ვალდებულების შესრულების მტკიცება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. დავის შემთხვევაში შესაძლებელია მენარდეს გაუჭირდეს ნარდობის საგნის ღირებულების მტკიცება. სწორედ ამიტომაც მენარდემ უფლება უნდა გამოიყენოს მართლზომიერად. სამუშაოთა შესრულების მტკიცებულებები ისე უნდა შექმნას, რომ დავის შემთხვევაში სამუშაოთა შესრულების მტკიცების უნარი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოთა შესრულების მტკიცებას, თავიდანვე აყენებს რისკის ქვეშ. შესრულების რისკის ქვეშ დაყენებაა სამუშაოთა შესრულება, იმ ვარაუდით, რომ სადავოობისას გამოიყენოს მხოლოდ თავისი ზეპირი განმარტება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით არ უნდა გადაწყდეს სამუშაოთა შესრულების საკითხი. იგი სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დგინდებოდეს. მოსარჩელეს სხვა მტკიცებულება არა აქვს, შესაბამისად, იგი დგას მტკიცების პრობლემის წინაშე.
სასამართლო ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას, მასზედ, რომ ანგარიშფაქტურა გამოიყენება საგადასახადო მიზნებისათვის, მაგრამ ის შესაძლებელია სხვა გარემოების მტკიცებულებადაც გამოდგეს. ხშირად ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოდგეს სამუშაოთა შესრულების, ნივთის მიწოდების, საქონლის მიწოდების და ა.შ. სხვა ფაქტების დადასტურებისათვის, მაგრამ სამუშაოთა შესრულების დადასტურებისათვის მხოლოდ ანგარიშფაქტურა არ გამოდგება. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მან მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 172 962.93 ლარის სამუშაოები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
შპს ,,ბ------“ (შპს „M--”) ამტკიცებს, რომ მან მოპასუხეს გაუწია მომსახურება და მისი დაკვეთით ჩაატარა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ შესრულების მიხედვით მოპასუხისაგან ერგება 240646,943 ლარი. მხარეთა შორის არსებული სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე, თანხის გაქვითვის შედეგად მოპასუხეს გადასახდელი აქვს 172 962.93 ლარი. მოპასუხე შესრულებული სამუშაოს ღირებულებას არ იხდის და ამ გზით არღვევს მის უფლებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხის სასარგებლოდ დაასრულა 172 962.93 ლარის სამუშაოები, ასევე თუ მოპასუხე არ იხდის შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ასეთ შემთხვევაში მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს იმ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც მას ერგება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეების ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ტ----“-ს ტენდერის საფუძველზე წყალტუბოს რაიონი, სოფელ გ------ში უნდა შეესრულებინა საავტომობილო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავის მხრივ შპს „M--”-ს(შპს ,,ბ------ს“) სურვილი ჰქონდა თავად ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები და მიეღო გარკვეული მოგება. მხარეების ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც ისინი 2014 წლის 23 ივნისს შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს „M--” (შპს ,,ბ------“), როგორც ქვეკონტრაქტორი ფირმა, ჩაატარებდა წყალტუბოს რაიონი, სოფელ გ------ში საავტომობილო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოებს. თავის მხრივ შპს ,,ტ----“ შპს „M--”-ს (შპს ,,ბ------ს“) აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. პირობების შეთანხმების შემდეგ მხარეებმა დადეს წერილობითი შეთანხმება, რაც თავისი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებაა. ხელშეკრულების 5.1. და 5.2 პუნქტებით „დამკვეთი“ ხელშეკრულების ობიექტის მიღებას მოახდენს ეტაპობრივად და „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების ობიექტის ეტაპობრივად მიღების შემდგომ თანხა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, მოწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. ნარდობა დაკავშირებულია მხარეთა ურთიერთვალდებულებებზე, ორივე მხარეს გააჩნია ერთმანეთის მიმართ, როგორც მოვალეობები ისე უფლებები. საავტომობილო გზის (ბეტონის გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე შეთანხმების შემდეგ, შპს „M--”-ს (შპს ,,ბ------ს“) მოპასუხისათვის უნდა გადაეცა იმ ხარისხის, ფორმის, მდგომარეობის და ფასის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. აღნიშნული მოქმედების შესრულება მოსარჩელისათვის სავალდებულო იყო. მხოლოდ ამ მოქმედებათა შესრულების შემდეგ წარმოეშობოდა მას სანაცვლო შესრულების მოთხოვნის უფლება. თუ მენარდე შეასრულებდა დაკვეთას და დამკვეთს მიაწოდებდა შესრულებას, მოპასუხეს გაუჩნდებოდა საპასუხო ვალდებულება - გადაიხადოს შესრულების ღირებულება. მოსარჩელე, მხოლოდ ნარდობის საგნის გადაცემის შემდეგ შეიძენს მოთხოვნის უფლებას - მოპასუხეს მოსთხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ასეთი უფლება მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ შპს „M--”-ის (შპს ,,ბ------ს“) მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს შპს ,,ტ----“-ს მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.
6.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა გარკვეული სამუშაოები. შპს „M--”-ის (შპს ,,ბ------ს“) მიერ სამუშაოები არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობითა და ხარისხით, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც წარმოადგენდა დამკვეთს, არ მოხდა ობიექტის მიღება-ჩაბარება. შპს „ტ----“-ს მიერ მისი ხარჯებით განხორციელდა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ხელახალი შესრულება, რასაც ადასტურებს როგორც თანდართული აქტები, ისე ექსპერტიზის დასკვნა. მოსარჩელე თანხას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ ის დაასრულებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ჩააბარებდა მოპასუხეს. თუ ის შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, ბუნებრივია მას უნდა ანაზღაურებოდა შესაბამისი ღირებულება, მაგრამ უპირობო ანაზღაურება არ არსებობს. მას უნდა დაესრულებინა სამუშაოები და ჩაებარებინა მოპასუხისათვის. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მისი ღირებულებაა 172 962.93 ლარი. ამ სამუშაოთა შესრულების მტკიცებულების არარსებობა, გამორიცხავს მოპასუხის ვალდებულებას სამუშაოთა ხარჯები აუნაზღაუროს მოსარჩელეს. შესაბამისად, ამ კუთხით დაყენებული სარჩელი უსაფუძვლოა მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელე შპს ,,ბ------ს“ (შპს „M--”-ის) მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც შპს ,,ბ------ს“ (შპს „M--”-ს) უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6.6. მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
სასამართლო სრულად იზიარებს მის განმარტებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება იყო ვადიანი 2014 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. ამდენად, შპს „M--”-სათვის (შპს ,,ბ------“) 2014 წლის 22 ოქტომბრისათვის ცნობილი იყო, რომ მან თანხა სრულად ვერ მიიღო. სწორედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ანუ შპს „M--” -ს (შპს ,,ბ------ს“) 2017 წლის 22 ოქტომბრამდე უნდა წარმოედგინა სარჩელი სასამართლოში.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს 5000 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ტ----“-ს (ს/კ 2--------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქუთაისი, ა------–-----–-ს ქუჩა N4, ნაკვეთი N2, მიწის საკადასტრო კოდი: 0-----------, დაზუსტებული ფართობი 33795,00 კვ.მ.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ტ----“-ს (ს/კ 2--------) შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: - სახელმწიფო ნომერი L------, მოდელი GAZ 53-12 SPEC, გამოშვების წელი 1988, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1------, ფერი ყვითელი 8/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი D------, მოდელი MERCEDES-BENZ 2219, გამოშვების წელი 1985, საიდენტიფიკაციო ნომერი: 3-------------, ფერი რუხი 4/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი G------, მოდელი ZIL-MMZ 4505, გამოშვების წელი 1988, საიდენტიფიკაციო ნომერი: G----------, ფერი ლურჯი 3/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი V-----, მოდელი FAW CA 5041, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი: L----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი B-----, მოდელი SCHWAR ZMULLER HKS 3/E-S2, გამოშვების წელი 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი: V----------------, ფერი რუხი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი C------, მოდელი FORD TRANSIT 100 L, გამოშვების წელი 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი K-----, მოდელი MAN 14.192, გამოშვების წელი 1990, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი B------, მოდელი MAN TGA 18.463, გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი Q-----, მოდელი MAN TGA35.360, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ბ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ტ----“-ს (ს/კ 2--------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქუთაისი, ა------–-----–-ს ქუჩა N4, ნაკვეთი N2, მიწის საკადასტრო კოდი: 0-----------, დაზუსტებული ფართობი 33795,00 კვ.მ.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ტ----“-ს (ს/კ 2--------) შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: - სახელმწიფო ნომერი L------, მოდელი GAZ 53-12 SPEC, გამოშვების წელი 1988, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1------, ფერი ყვითელი 8/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი D------, მოდელი MERCEDES-BENZ 2219, გამოშვების წელი 1985, საიდენტიფიკაციო ნომერი: 3-------------, ფერი რუხი 4/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი G------, მოდელი ZIL-MMZ 4505, გამოშვების წელი 1988, საიდენტიფიკაციო ნომერი: G----------, ფერი ლურჯი 3/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი V-----, მოდელი FAW CA 5041, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი: L----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი B-----, მოდელი SCHWAR ZMULLER HKS 3/E-S2, გამოშვების წელი 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი: V----------------, ფერი რუხი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი C------, მოდელი FORD TRANSIT 100 L, გამოშვების წელი 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი K-----, მოდელი MAN 14.192, გამოშვების წელი 1990, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი B------, მოდელი MAN TGA 18.463, გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
- სახელმწიფო ნომერი Q-----, მოდელი MAN TGA35.360, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა