გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
330210018002438578
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/13601-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 აპრილის, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: პ-------------ე, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: დ------------------ე, ლ-–-------ე

მოპასუხე: შ-------------------ი“, ს/ნ 2--------, თ----------------ია, პ/ნ 0----------

წარმომადგენლები: უ-------ია

დავის საგანი: კრების ოქმის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შ---------------------- 2--- წლის 11 მარტის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმი.

 

1.2. თ----------------იას შ---------------------- სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროს 1 115 470 ლარისა და 96 თეთრის გადახდა.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ არის შ---------------------- საწესდებო კაპიტალის 49%-ის მესაკუთრე პარტნიორი. მოპასუხე თ-----------------ია არის ამავე საწარმოს საწესდებო კაპიტალის 51%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი. 2--- წლის 11 მარტს, თ----------------იამ ჩაატარა პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელზეც კანონით დადგენილი წესით არ მიიწვია მოსარჩელე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დარღვეულია პარტნიორის მიერ კრების ჩატარების თაობაზე ინფორმაციის მიღების და კრებაში მონაწილეობის უფლება და სადავო კრებაზე თ----------------იას მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, საწარმოს 1 115 470, 96 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ თუნდაც სადავო კრების ოქმი ბათილად არ იქნეს ცნობილი, თ----------------იას საწარმოს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მაინც უნდა დაეკისროს გამჭოლი პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თ----------------იამ საწარმოს 1 115 470, 96 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, როგორც დირექტორმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ მხარემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. თ----------------იამ განმარტა, რომ სადავო კრების ჩატარების შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო, თუმცა, მოსარჩელემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, გულისხმიერად მოკიდებოდა საწარმოში მიმდინარე საკითხების განხილვის აუცილებლობას და კრებაზე არ გამოცხადდა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო კრების თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული იყო მისთვის გაგზავნილი წერილითა და მოკლეტექსტური შეტყობინებებით, მარამ მოსარჩელე სადავო კრების თაობაზე შეტყობინების მიღებას თავს არიდებდა. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან საწარმო პარტნიორთა კრების ჩატარების აუცილებლობის წინაშე იდგა, მოპასუხე იძულებული იყო, გამოეყენებინა მოსარჩელესთან კომუნიკაციის მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და, 2--- წლის 2 მარტს, მხარეებს შორის მიმდინარე სხვა დავის განხილვისას, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობითი შეტყობინება სადავო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის თაობაზე სასამართლო სხდომაზე გადასცა, რაც საოქმოდ გაჟღერდა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სათანადოდ იყო ინფორმირებული სადავო კრბის ჩატარების თაობაზე. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სადავო კრების ოქმით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები საწარმოს ზიანს არ აყენებს. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო კრების ოქმში ასახული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება თ----------------იას ჰქონდა საწარმოს წესდების 10.4. და 10.5. პუნქტების შესაბამისად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის მიუხედავად, რადგან თ----------------ია საწარმოში ხმათა უმრავლესობას ფლობს, ხოლო საწარმოს წესდების აღნიშნული დანაწესებით დადგენილია, რომ კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილე პარტნიორთა წილი საწესდებო კაპიტალის ნახევარზე მეტს შეადგენს და კრებაზე გადაწყვეტილება ხმის უმრავლესობით მიიღება. მოპასუხემ ასევე მიიჩნია, რომ მას, როგორც დირექტორს, არ დაურღვევია საწარმოზე ზრუნვის ვალდებულება და საწარმოს სასარგებლოდ მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შ-------------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2--- წლის 2 სექტემბრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. საწარმოს პარტნიორები არიან მოსარჩელე პ-------------ე (49%-იანი წილი) და მოპასუხე თ----------------ია (51%-იანი წილი). საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი თ----------------ია (ს.ფ. 20-23).

 

3.1.2. შ---------------------- წესდების მე-10 მუხლის საფუძველზე დადგენილია, რომ საზოგადოების მართვის ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ (წესდების 10.2, 10.3 პუნქტები). კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილე პარტნიორის კაპიტალის ერთობლივი წილი შეადგენს საწედებო კაპიტალის ნახევარზე მეტს (წესდების 10.4 პუნქტი), კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით, მთლიან წილში მონაწილე პარტნიორების წილების პროპორციულად (წესდების 10.5 პუნქტი). რიგგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს ყველა პარტნირს, ხოლო საზოგადოების დირექტორს უფლება აქვს, მოიწვიოს რიგგარეშე კრება, თუ შეიქმნა საშიშროება, რომ საზოგადოებამ შეიძლება ქონების 50% დაკარგოს (წესდების 10.9 პუნქტი) (ს.ფ. 24-31).

 

3.1.3. თ----------------იას 2--- წლის 14 იანვრის წერილით დადგენილია, რომ შ---------------------- დამფუძნებელ პარტნიორს, პ-------------ეს, 2--- წლის 14 იანვარს გაეგზავნა შ------------------ის“ დირექტორისა და დამფუძნებელი პარტნიორის, თ----------------იას, შეტყობინება, რომლის თანახმადაც საზოგადოების საერთო კრება მოწვეული იყო 2--- წლის 20 იანვარს, 12:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: 1) საზოგადოების წლიური ანგარიშის მოსმენა; 2) საზოგადოების დივიდენდების განაწილება; 3) საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების განსაზღვრა (ს.ფ. 216).

 

3.1.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 1 აპრილის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დგინდება, რომ პ-------------ეს და მის წარმომადგენელს, დ----- ღ---------, 2--- წლის 3 მარტს, 5 მარტს, 6 მარტს, 7 მარტს და 8 მარტს თ----------------იას მობილური ტელეფონის ნომრიდან გაეგზავათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები შემდეგი შინაარსებით: „შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, დილის 11 საათზე, დანიშნულია კომპანია „-----------------“ პარტნიორთა კრება. კრება ჩატარდება ოფისში, კომპანიის იურიდიულ მისამართზე, გთხოვთ დასწრებას. პარტნიორი თ----------------ია“, „შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, დილის 11 საათზე, მოწვეულია კომპანია „-----------------“ პარტნიორთა კრება. კრება ჩატარდება ოფისში, კომპანიის იურიდიულ მისამართზე, გთხოვთ დასწრებას. პარტნიორი თ----------------ია.“ (ს.ფ. 208-215).

 

3.1.5. პ-------------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ პ-------------ესა და თ----------------იას შორის სხვა დავის განხილვისას, 2--- წლის 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, თ----------------იამ საოქმოდ წარადგინა წერილობითი შეტყობინება პ-------------ის სადავო კრებაზე მოწვევის თაობაზე და საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ საოქმოდ გაჟღერდა წერილობითი შეტყობინების შინაარსი და 2--- წლის 11 მარტის პარტნიორთა კრების დღის წესრიგი. პ-------------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2--- წლის 2 მარტის აღნიშნულ სხდომას პ-------------ე ესწრებოდა პირადად და, ამასთან, წარმოდგენილი იყო ადვოკატის მიერ. დადგენილია და პ-------------ე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ 2--- წლის 2 მარტს, მხარეთა შორის სასამართლოში მიმდინარე დავის განხივლისას, პ-------------ეს წარმოადგენდა ადვოკატი დ------------------ე.

 

3.1.6. 2--- წლის 11 მარტის შ---------------------- პარტნიორტა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის თანახმად, 2--- წლის 11 მარტს გამართულ შ---------------------- პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში შემავალ და განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა: 1) ფინანსური შედეგების, მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ღონისძიებების გატარება; 2) საზოგადოების მიმდინარე პრობლემური საბანკო ვალდებულებების საკითხის განხილვა და მისი გადაჭრის ქმედითი გეგმის განსაზღვრა; 3) შ------–--------–--------- საამქროს კომპანიის ტერიტორიაზე მდებარეობის საკითხის განხილვა.

 

2--- წლის 11 მარტის საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

პირველ საკითხთან დაკავშირებით:

ა) თ----------------იას მხრიდან 2006,2007,2008,2009 წლებში ფიქსირდება საზოგადოებაში განხორციელებული ფულადი თანხების შემოტანა, რომლის ნაშთიც საზოგადოების მიერ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თანხის ნაშთი კერძოდ 472 309,44 საზოგადოებამ დაუბრუნოს /გადაუხადოს თ. ჭ-----------.

ბ) საზოგადოებას გააჩნია თ----------------იას დავალიანება ხელფასის სახით 16 871.43 ლარი, კერძოდ 2014-2--- წლების სახელფასო დავალიანება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა 16 871.43 საზოგადოებამ დაუბრუნოს /გადაუხადოს თ. ჭ-----------.

გ) საზოგადოებას გააჩნია თ----------------იას დავალიანება იჯარის სახით 59 999.94 კერძოდ 2014-2--- წლების იჯარის დავალიანება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა 59 999.94 საზოგადოებამ დაუბრუნოს/გადაუხადოს თ. ჭ-----------.

დ) საზოგადოებაში არსებობს 2006-2010 წლების გაუნაწილებელი მოგება დივიდენდის სახით, რომელიც შეადგენს 1 091856.13 ლარს. აღნიშნული თანხის 51% - 556,846.62 ლარი ეკუთვნის თ----------------იას, ხოლო 49% - 535 009.50 ლარი პ-------------ეს. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება გაიცეს 2006-2010 წლების წლების გაუნაწილებელი მოგება/დივიდენდი სრულად, საზოგადოების პარტნიორებზე მითითებული ოდენობით. გაუნაწილებელი მოგება შეიძლება დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამთავრდება გეგმიური აუდ-----რული შემოწმება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

მეორე საკითხთან დაკავშირებით:

საზოგადოებას გააჩნია საკრედ----- ვალდებულებები ბანკის წინაშე, რომლის გადახდა ვერ ხორციელდება საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გამო. აღნიშნული ვალდებულება უზრუნველყოფილია პარტნიორთა პირადი თავდებობით და უძრავი ქონებით, რომელზედაც გარდა სხვა პირების საკუთრებისა ირიცხება თ----------------იას საკუთრება. ვინაიდან კრებაზე არ გამოცხადდა პ-------------ე ვერ მოხერხდა პარტნიორთა მიერ საერთო გეგმის ან სამომავლო ქმედებების განხილვა აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

მესამე საკითხთან დაკავშირებით:

საზოგადოების ტერიტორიაზე განთავსებულია შ-------–--------–-------ს“ საამქრო. შ-------–--------–-------ს“ 35/35% წილის მფლობელს წარმოადგენს პ-------------ე და მისი მეუღლე ი--–------------–---–ი. საზოგადოების ტერიტორიაზე შ-------–--------–-------ს“ საწარმოს განთავსება განხორციელდა 2014 წლის ივნისში, როდესაც საზოგადოებას მართავდა პ-------------ე. აღნიშნული თვამთმქაციური ხელშეკრულების გამო ზიანი ადგება საზოგადოებას. მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები აღნიშნულთან დაკავშირებით. (ს.ფ. 34-36).

 

3.1.7. 2--- წლის 11 მარტის შ---------------------- პარტნიორტა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის დანართში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში თ----------------იას მიმართ შ---------------------- დვალიანება 2--- წლის 1 მარტისათვის შეადგენდა 1 106 026.42 ლარს. შ------------------ს“ დავალიანება 2--- წლის 16 მარტისათვის შეადგენდა 845 232.25 ლარს, ხოლო ი/მ ტ-------- ჭ----------- დავალიანება 2--- წლის 16 მარტისათვის შეადგენდა 270 238.71 ლარს. დავალიანების საერთო ოდენობა შეადგენდა 1 115 470.96 ლარს და სავაჭრო მოთხოვნების თ----------------იასათვის გადაცემის შემდგომ, თ----------------იას, 2--- წლის 1 მარტისათვის, შ---------------------- მიმართ წარმოექმნა დავალიანება 9 444.54 ლარი. ამასთან, ვინაიდან კვლავ მიმდინარეობდა ხელფასისა და იჯარის თანხების დარიცხვა, თ----------------იას მისაღები თანხა მარტისა და აპრილის თვეში შეადგენდა იჯარის სახით 14 000 ლარს და ხელფასის სახით 6 000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კრების ოქმის დანართში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 1 მაისისათვის, შპს „---------------“ თ----------------იას მიმართ გააჩნდა დავალიანება 10 555.46 ლარის ოდენობით (ს.ფ. 37).

 

3.1.8. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ თ----------------იამ, როგორც შ---------------------- დირექტორმა, თ----------------იას, როგორც ამავე საწარმოს პარტნიორს, დაუთმო შ---------------------- მოთხოვნები, რომლებიც საწარმოს შ------------------სა“ და ი/მ ტ-------- ჭ----------- მიმართ ჰქონდა. მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ, განსახილველ დავაზე საქმის წარმოების დროისთვის, პ-------------ის მიერ შ-------------------ა“ და თ----------------იას შორის განხორციელებული მოთხოვნის დათმობის აღნიშნული გარიგებები სადავოდ გამხდარი არ არის (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

3.1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, პ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც პ-------------ეს უარი ეთქვა 2--- წლის 11 მარტის შ---------------------- პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის ბათლად ცნობაზე (ს.ფ. 117-132).

 

3.1.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით პ-------------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 11 ივლისის განჩნება და პ-------------ის სარჩელი დარჩა განუხილველი (ს.ფ. 116).

 

3.1.11. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ასლით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია პ-------------ის სარჩელი თ----------------იასა და სხვა მოპასუხეების მიმართ, 2--- წლის 11 მარტის სადავო კრების ოქმით გათვალისწინებული თანხების - 472 309,44 ლარის, 556 846,62 ლარის და 59999,94 ლარის - შ------------------კსის“ სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 179-200).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელე პ-------------ე 2--- წლის 11 მარტის სადავო კრების მოწვევის შესახებ ინფორმირებული იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის დაცვით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის განხილვისას, მოსარჩელე პ-------------ემ დაადასტურა თ----------------იას მიერ მითითებული გარემოება სადავო კრების მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე წერილობითი შეტყობინების მხარეთა შორის მიმდინარე ერთ-ერთი დავის განხილვის დროს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მისთვის გადაცემისა და მოსამართლის მიერ საოქმოდ წაკითხვის ფაქტები, თუმცა, განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე ემოციურად გადართული იყო სხვა დავაზე, მას არ შესწევდა უნარი, სწორად აღექვა დარბაზში გაჟღერებული ინფორმაცია და, ამდენად, წერილობითი შეტყობინების სხდომაზე წარმოდგენისა და გაჟღერების მიუხედავად, მოსარჩელე სადავო კრებაზე მიწვეულად არ უნდა ჩაითვალოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს ინტერესების სათანადოდ დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, პარტნიორს საწარმოს საქმეების მიმართ პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული გულისხმიერება მართებს. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონი შეტყობინების ჩაბარების საშუალებად მიიჩნევს დაზღვეული წერილის გაგზავნას, ან სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებას, რომელიც ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას იძლევა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში, საოქმოდ საქმის განხილვისას, პირადად შეტყობინების ან წერილის გადაცემა კომუნიკაციის ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომლითაც ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღება უტყუარად დასტურდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 2 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მოსარჩელე ადვოკატით იყო წარმოდგენილი და რომელზეც მოსარჩელეს სადავო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის თაობაზე ეცნობა, მოსარჩელე 2--- წლის 11 მარტის სადავო კრების მოწვევის შესახებ ინფორმირებული იყო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის დაცვით და მის მიმართ ადგილი არა აქვს კრების თაობაზე პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღების, ან კრებაში მონაწილეობის უფლებების დარღვევას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. წესდებით შესაძლებელია მათ მიერ შეტანილი შენატანებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.

 

შ---------------------- წესდების მე-10 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ (10.2, 10.3 პუნქტები). კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილე პარტნიორის კაპიტალის ერთობლივი წილი შეადგენს საწედებო კაპიტალის ნახევარზე მეტს (10.4 პუნქტი), კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით, მთლიან წილში მონაწილე პარტნიორების წილების პროპორციულად (10.5 პუნქტი). რიგგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს ყველა პარტნირს, ხოლო საზოგადოების დირექტორს უფლება აქვს მოიწვიოს რიგგარეშე კრება, თუ შეიქმნა საშიშროება, რომ საზოგადოებამ შეიძლება ქონების 50% დაკარგოს (10.9 პუნქტი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო კრებაზე მიწვეული იყო კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან თ----------------ია საწესდებო კაპიტალის ნახევარზე მეტი წილის მესაკუთრე და ხმათა უმრავლესობის მქონე პარტნიორია, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო კრება, საწარმოს წესდების მე-10 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაუნარიანი იყო და 2--- წლის 11 მარტის სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზურუნდავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ დირექტორი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პასუხისმგებლობა დირექტორს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა როგორც დირექტორის მიერ საზოგადოების საქმეების არაკეთილსინდისიერად გაძღოლის, ასევე ამ ქმედების შედეგად, საზოგადეობისთვის ზიანის მიყენების ფაქტები. საწარმოს დირექტორზე სოლიდარული, პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, არ არის საკმარისი პარტნიორსა და დირექტორს (რომელიც, განსახილველ შემთხვევაში, ამავე დროს, საწარმოს პარტნიორიც არის) შორის შეუთანხმებლობის არსებობა, თუნდაც ეს შეუთანხმებლობა საწარმოს კუთვნილი თანხების განკარგვის საკითხს უკავშირდებოდეს. ამასთან, დაუშვებელია საწარმოს დირექტორისთვის პირადი პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ საწარმოს ხელმძღვანელობისას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პარტნიორი საწარმოსთვის ფინანსურად დამაზარალებლად მიიჩნევს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2006-2--- წლების მხოლოდ ანგარიშის ბარათები და 2013 წლის მოგების დეკლარაციის ასლი ვერ ადასტურებს საწარმოს მიმართ დირექტორის არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისა და საწარმოსთვის 1 115 470 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტებს (ს.ფ. 45-85, 217-226).

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა საფუძველს, შეეფასებინა თ----------------იას ქმედებები, როგორც არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებმაც საწარმოს ზიანი მიაყენა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას თ----------------იაზე გამჭოლი პასუხისმგებლობის პრინციპის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სარჩელს, როგორც უსაფუძვლოს, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1 115 470, 96 ლარს და მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

 

ვინაიდან სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. პ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. პ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე