გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002682112
#2/3460-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.0-.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ზ----------------ე;
წარმომადგენელი- დ-------------ე;
მოპასუხე- ს--------–---------–---–ი;
წარმომადგენელი- ბ--–--------ე;
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს 2016 წლის 25 თებერვალს ზ-----------------ესა და ს--------–---------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ--------------------------) მესაკუთრედ დარეგისტრირდეს ზ----------------ე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ზ----------------ე და ს--------–---------–---–ი 2008 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2016 წლის თებერვლის თვეში ს--------–---------–---–მა მოითხოვა ზ----------------ისაგან, რომ თუ მას კიდევ სურდა ცოლქმრული ურთიერთობის შენარჩუნება, ზ----------------ის სახელზე რეგისტრირებული მამაპაპისეული სახლი, მდებარე: ქ. ქუთაისი, მ-------------------------------------–---–--------------, გადაეცა საკუთრებაში ს--------–---------–---–ისათვის. მოსარჩელემ, იმ საფუძვლით რომ მეუღლისთვის არ მიეცა ოჯახის დანგრევის საფუძველი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2016 წლის 25 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ს--------–---------–---–ს. 2018 წლის სექტემბრიდან მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მოპასუხე მოითხოვდა ზ----------------ის დედის - მ--–-------------ის სახლიდან გაგდებას, რადგან არ აპირებდა მოხუც დედამთილთან ერთად ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაყიდდა სადაო უძრავ ქონებას და მოსარჩელე დედასთან ერთად დარჩებოდა საცხოვრებლის გარეშე. მოპასუხე არ ერიდებოდა მოხუცი დედამთილისა და მეუღლის მისამართით შეურაცხყოფას, ლანძღვასა და შანტაჟს. 2018 წლის სექტემბერში ს--------–---------–---–მა თავად მოსთხოვა დედამთილს წასულიყო მისი საკუთრებიდან, რაზეც მ--–-------------ისგან მიიღო უარი, ხანგრძლივი შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და რომ არა ზ----------------ის ჩარევა, მ--–-------------ეს მიაყენებდა სხეულის დაზიანებასაც. ზ----------------ის და დედის მ--–-------------ის სისტემატიური შეურაცხყოფითა და შანტაჟით მოპასუხე ს--------–---------–---–მა გამოიჩინა დიდი უმადურობა გამჩუქებლის მიმართ. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს--------–---------–---–მა სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ 2016 წლის 23 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება შედგა მოსარჩელე ზ----------------ის სურვილით და აღნიშნული გამოწვეული არ ყოფილა მისი მხრიდან რაიმე სახის ძალდატანებით. მოპასუხის მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი მოსარჩელისა და მისი დედის - მ--–-------------ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოპასუხე განმარტავს, რომ ოჯახის ვალების გამო სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ, და მანვე დაფარა ოჯახის ყველა ვალი, თუმცა მოსარჩელე არ აძლევდა უკან დაბრუნების ნებას. 2017 წლის 4 სექტემბერს მოპასუხე მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში, მშობლების ოჯახში, სადაც დახვდა მეუღლე და შვილი. 6 თვე იცხოვრეს მოპასუხის მშობლების სახლში, რადგან მოსარჩელეს უთანხმოება ჰქონდა დედასთან და მის დეიდაშვილებთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ზ----------------ე, 2008 წლის 30 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს--------–---------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2009 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული ბ------------------ე; 2018 წლის დეკემბერში მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა;
-დაბადების მოწმობა;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოსარჩელე ზ----------------ე დედასთან - მ--–-------------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ნ---------------------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხე ს--------–---------–---–ი არასრულწლოვან შვილთან - ბ------------------ესთან და მშობლებათან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, მშობლების საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 დადგენილია, რომ 2016 წლის 25 თებერვალს ზ----------------ესა და ს--------–---------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. ქუთაისი, მ-------------------------------------–---–--------------, ს/კ 0-.0-.2-.0--. და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ს--------–---------–---–ის საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_25.02.2016 წ. ჩუქების ხელშეკრულება;
-12.10.2018 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.2. ს--------–---------–---–ი 2012-2017 წ სამუშაოდ იმყოფებოდა იტალიაში. ს--------–---------–---–ი აღნიშნულ პერიოდში ფულადი გზავნილის სახით აგზავნიდა გარკვეული ოდენობის თანხას ზ----------------ის და დედის მ--–-------------ის სახელზე. ფულადი გზავნილი ასევე გაგზავნილია სხვა პირთა მიმართაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ფულადი გზავნილის ამონაწერი;
3.2.3. მოსარჩელის მტკიცებით, უძრავი ქონების ს--------–---------–---–ისათვის უსასყიდლოდ გადაცემა განპირობებული იყო ოჯახის შენარჩუნების მიზნით. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ს--------–---------–---–მა მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. დედას მ--–-------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აგდებდა სახლიდან. ცდილობდა გაეყიდა საცხოვრებელი სახლი და ქუჩაში დაეტოვებინა მოხუცი დედა. ყოველივე აღნიშნული გარემოებით მოპასუხე ს--------–---------–---–მა გამოიჩინა დიდი უმადურობა მჩუქებლის მიმართ და მძიმე შურაცხყოფა მიაყენა მჩუქებლის ახლო ნათესავს.
სარჩელში დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს დასაჩუქრებული პირის მხრიდან უმადურობის და მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე მ--–-------------ემ (მოსარჩელის დედა) განმარტა, რომ რძლის ს--------–---------–---–ის, იტალიაში წასასვლელი თანხის გამო დააგირავეს სადაო ქონება და რამდენიმე თვით გადავიდნენ ქირით სხვა საცხოვრებელ სახლში. მოპასუხის მიერ გამოგზავნილი თანხით, ხდებოდა აღნიშნული ვალის დაფარვა. ს--------–---------–---–ი მოითხოვდა ზ----------------ისგან, რომ დედას აღნიშნულ სახლში არ ეცხოვრა და საცხოვრებლად სამეგრელოში გადასულიყო. განმარტა, რომ რძალს მასთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, ს--------–---------–---–ს სურდა სახლის გაყიდვა და ხშირად სახლში მიჰყავდა მყიდველები, რაც მათ შორის დაძაბულობის მიზეზი ხდებოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ის შეესწრო მეუღლეების კამათს, რა დროსაც გაღიზიანებულმა ს--------–---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ს--------–---------–---–მა მას ხელი ჰკრა. რის გამოც მხარი კარის ჩარჩოს მიარტყა და განიცადა ტკივილი. დახმარება აღმოუჩინა შვილმა და მეზობელმა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა დ---------------ემ (მეზობელი) განმარტა, რომ სექტემბრის თვეში შეესწრო ზ----------------ის და ს--------–---------–---–ის კამათს, დაინახა, რომ ს--------–---------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--–-------------ეს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა და მხარი კარს მიარტყა, მ--–-------------ეს დახმარება თავად აღმოუჩინა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა გ----------–---–მა (მეზობელი) განმარტა, რომ ზ----------------ის ოჯახის ხშირი სტუმარია, ს--------–---------–---–ს სურდა სახლის გაყიდვა, ამ მიზნით მიჰყავდა მყიდველები, ს--------–---------–---–სა და მ--–-------------ეს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მ--–-------------ის გადმოცემით იცის, რომ ს--------–---------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე ასევე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა თ--------------ემ (მოსარჩელის დეიდაშვილი) განმარტა, რომ ზ----------------ის და ს--------–---------–---–ის შეუღლებამდე ოჯახს ვალი არ ჰქონია, ს--------–---------–---–ს სურდა სახლის გაყიდვა და დედამთილი საცხოვრებლად სამეგრელოში გადასულიყო. დეიდამ - მ--–-------------ემ უამბო, რომ ს--------–---------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც მისთვის არის ცნობილი ს--------–---------–---–ზე ზ----------------ის მიერ უძრავი ქონების ჩუქება განპირობებული იყო ოჯახის შენარჩუნებით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა ნ------------ემ განმარტა, რომ ს--------–---------–---–თან ერთად მუშაობდა იტალიაში. ს--------–---------–---–ი სამუშაოდ წავიდა ოჯახის მიერ აღებული ვალის გასტუმრების მიზნით, რომელიც სრულად დაფარა, მისი დახმარებით. განმარტავს, რომ მოსარჩელე ზ----------------ეს სტაბილური სამსახური არ ჰქონდა, ს--------–---------–---–სა და დედამთილს შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ, მისთვის ცნობილი არ არის.
სასამართლო სხდომაზე ასევე მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მ--------------–-–---–მა (მოპასუხის დედა) განმარტა, რომ შვილი ს--------–---------–---–ი იტალიაში სამუშაოდ წავიდა ზ----------------ის მიერ აღებული ვალების გამო. გამგზავრებისთვის საჭირო თანხისათვის ზ----------------ემ დააგირავა თავისი საცხოვრებელი სახლი. ამ ხნის განმავლობაში ზ----------------ე ს--------–---------–---–ის მშობლების სახლში ცხოვრობდა. დედას მოინახულებდა კვირაში ერთხელ. აღნიშნა, რომ ს--------–---------–---–ს დედამთილთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არიან მეზობლები, ნეიტრალური პირები. შესაბამისად, მოწმის ჩვენებები არის სარწმუნო.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს--------–---------–---–მა განმარტა, რომ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ქმართან საუბრისას საძინებელ ოთახში შევიდა დედამთილი. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებია. ემოციურად დედამთილის მიმართ არ წასულა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ს--------–---------–---–მა მჩუქებელის დედას მ--–-------------ეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა და მოსარჩელის და მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზ----------------ემ შეძლო, დასაჩუქრებული პირის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადასტურება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებით.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მის მიერ გადახდილი იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის დასახსნელად იპოთეკური ვალი, ეს გარემოება კი გამორიცხავს მისი მხრიდან დამჩუქებლის მიმართ უმადურობის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 524-ე, 529-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ----------------ემ მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ნ-------------------------------ში, აჩუქა მეუღლეს ს--------–---------–---–ს. რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ს--------–---------–---–ის საკუთრების უფლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
დასაჩუქრებულს ქონება საკუთრებაში გადაეცემა მისი თანხმობით, შესაბამისად ყველა თანმდევ შედეგზე დასაჩუქრებული თავისი ნებით გამოთქვამს თანხმობას. ამდენად, იგი წინასწარვე აცნობიერებს, რომ შესაძლებელია კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას მოხდეს ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. ამასთან მხედველობაში მისაღებია ამ ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი, რაც მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ხასიათით არის განპირობებული.
ჩუქების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა მოიცავს გამჩუქებლის შესაძლებლობას, მის მიერ შეცილებულ იქნეს ხელშეკრულება და მისი შედეგები ისეთი სპეციფიკური საფუძვლებით, როგორიცაა: ა. დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენა; ბ. მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ შეურაცხყოფა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ ქმედებაში, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
6.2. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ჰქონდა თუ არა მოპასუხე ს--------–---------–---–ის მხრიდან მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და უმადურობის გამოვლენის ფაქტს ადგილი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დაიშვება, თუმცა სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეაფასოს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება ისეთ საქციელს, რაც შეიძლება შეფასდეს უმადურობის გამოვლინებად და ჩუქების გაუქმების საფუძვლად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო სამართლით მოწესრიგებულ ურთიერთობებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც, სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ემყარება სუბიექტურ, მორალურ შეფასებებს. ჩუქება, როგორც უსასყიდლო გარიგება, როგორც წესი, მოტივირებულია მხარეთა ურთიერთპატივისცემით, შესაბამისად, საჩუქრის გამოთხოვის საკითხი დგება, როდესაც ადგილი აქვს ამორალურ, ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას, რომლის ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა. (იხ. სუსგ- ას-887-848-2014, 24/07/2015)
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. ,,უმადურობის” და ,,მძიმე შეურაცხყოფის” განსაზღვრის, შეფასების უფლება კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა. ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად მიჩნეულია მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. ზემოთხსენებული ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ განხორციელებულ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენას“, თუ რა სახის შეურაცხყოფაა პირისთვის მძიმე ან რას მიიჩნევს, ის დიდი უმადურობად, ეს მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის - მჩუქებლის შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რა შედის უმადურობის ცნებაში ან ვინ წარმოადგენს მჩუქებლის ახლო ნათესავს. სასამართლო პრაქტიკაში კი მიღებულია, რომ დასაჩუქრებულის უმადურობად ითვლება: ა) არამართლზომიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის, ან აღმავალი და დაღმავალი ხაზით ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსების, თავისუფლების ან საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ; ბ) განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას, გ) კანონით განსაზღვრულ მოვალეობებზე - არჩინოს მჩუქებელი, უარის თქმა და სხვა.
ჩუქების გაუქმებით სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ის თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა მათ ქორწინება აკავშირებთ. (სუსგ #ას-1011-954-2015, 18.0-.2016 წ).
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია, როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასსა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ვალდებულებით სამართალურთიერთობას.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ განსაკუთრებული უმადურობა და დიდი შეურაცხყოფა წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ისეთ საფუძვლებს, რომლებიც შეფასებითი კატეგორიაა და მიუღებელია აღნიშნულის დადგენის შეფასებისას მხოლოდ მხარის თვალსაწიერის გათვალისწინება, რაც ეწინააღმდეგება საქმის გარემოებათა ობიექტურად დადგენის საჭიროებას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეცილების 529-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებათა აღქმა, ანუ ე.წ. ,,სუბიექტური თვალსაწიერი’’, ასევე ,,სასამართლოს ობიექტური შეფასება’’, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებას იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი. ესა თუ ის ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, შესაფასებელია სასამართლოს მიერ და არა თავად მოსარჩელის მიერ. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
აღსანიშნავია, რომ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ შეურაცხყოფა შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ ქმედებაში, მაგალითად მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნაში, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახნა-განმარტების მოსმენის, მოწმეთა ჩვენებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლისა და ახლო ნათესავის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისა და უმადურობის გამოვლენის ფაქტი. რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ს--------–---------–---–ის მიერ მოსარჩელის და დედის - მ--–-------------ის მიმართ უმადურობის გამოვლენასა და მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას. დადგენილია, რომ მოპასუხემ მჩუქებლის ასაკოვან დედას მ--–-------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–-------------ემ დეტალურად გაიხსენა ს--------–---------–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ შეესწრო მეუღლეების კამათს, რა დროსაც გაღიზიანებულმა ს--------–---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დახმარება აღმოუჩინა შვილმა და მეზობელმა. ზემოთხსენებული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ პირადად შეესწრო მოპასუხის მხრიდან მ--–-------------ისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და თავად აღმოუჩინა დახმარება წაქცეულს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----------–---–მა და თ--------------ემ დაადასტურეს რძალსა და დედამთილს შორის არსებული უთანხმოება და განმარტეს, რომ მ--–-------------ისგან იციან ს--------–---------–---–ის მიერ მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ს--------–---------–---–ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მ--–-------------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, სპობს იმ საფუძველს, რამაც ჩუქება წარმოშვა.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ მართალია აჩუქა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ქუთაისში ქ. ქუთაისი, ნ---------------------------ში, მოპასუხე ს--------–---------–---–ს, თუმცა იმავე ნივთით სარგებლობა არ შეუწყვეტია და დღემდე ცხოვრობს მითითებულ მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოება არარსებობს. კერძოდ ნაჩუქარი ნივთი რეალურად კვლავ არსებობს, ანუ იგი კვლავ დასაჩუქრებულის საკუთრებაშია. მართალია ს--------–---------–---–ი შეეცადა მის გასხვისებას, მაგრამ დადგენილია, რომ ამჟამად საჯარო რეესტრის მონაცემებით სადაო უძრავი ქონება კვლავ ს--------–---------–---–ის სახელზე ირიცხება.
ამდენად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------ის სარჩელი არის დასაბუთებული, სამართლებრივი საფუძვლის მქონე და ის უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ----------------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 600 ლარი. ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს--------–---------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 650 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 12.10.2018 წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ს--------–---------–---–ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ქუთაისში, ნ-------------------------------–-------–---–------------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0-- (შენობა ნაგებობა #1-ის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 55.80 კვმ (ფართი #1), #2 დამხმარე ნაგებობა-26 კვმ, #3 დამხმარე ნაგებობა -2.250 კვმ ,#1 შენობის სარდაფი ფართით 15.750 კვმ), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს 2016 წლის 25 თებერვალს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, დ----------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0-- და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდეს ზ----------------ე;
3. ს--------–---------–---–ს- ზ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 650 ლარის ანაზღაურება. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 600 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე