გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
010210018002689156
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამე N010210018002689156

№2/4418-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

 

მოსარჩელე - სს მი-----------------------------–--------------–ი“

წარმომადგენელი- გუ--------–--–--ე

 

მოპასუხე - გრ-----–----–------ი, სო---------–------ი, ბო------------ე

 

დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გრ-----–----–------ს, სო---------–------ს და ბო------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 13 207,76 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 10 206,66 ლარი, პროცენტი 2 680,3 ლარი და პირგასამტეხლო 320,8 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხეები დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოპასუხე გრ-----–----–------მა სს მი----------------------------–--------------–---ნ“ 23.01.2018 წელს გაფორმებული N111372-2016155 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების 3.1, 3.3 და 3.4 პუნქტის თანახმად აიღო სესხი 10 500 ლარი, წლიური 33% კლებად პროცენტად, 24 თვის ვადით, 20.02.2018-დან 23.01.2020 წლის ჩათვლით არასტანდარტულად 350 – 700 – 1400 ლარის გადახდით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 3%-ს, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე ვადაგადაცილებული ძირითადი ვალდბულების 05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სო---------–------თან და ბო------------ესთან. თავდებობის ხელშეკრულების ფარგლები მოიცავდა გადასახდელ ძირ თანხას, გრაფიკის ბოლომდე დარიცხული საპროცენტო სარგებელს და დარიცხულ პირგასამტეხლოს.

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სრული ვალდებულება შეადგენს 13 207,76 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 10 206,66 ლარი, პროცენტი 2 680,3 ლარი და პირგასამტეხლო 320,8 ლარი.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე არ ასრულებს სესხის ხელშეკრულებით და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება

- ცნობა დავალიანების შესახებ

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2020 წლის 23 იანვრამდე ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას, ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2018 წლის 23 იანვარს გაფორმებული N 111372-2016155 სესხის ხელშეკრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 იანვარს მოპასუხემ, მოსარჩელისგან ისესხა 10 500 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისი დავალიანება შეადგენს 13 207,76 ლარს საიდანაც ძირი თანხაა - 10 206,66 ლარი, პროცენტი 2 680,3 ლარი და პირგასამტეხლო 320,8 ლარი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად, დარჩენილი ძირი თანხა შეადგენს 10 206,66 ლარის ოდენობით, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 10 206,66 ლარის დასაკისრებლად.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული სარგებლის დაკისრების ნაწილში და იგი უნდა დაკმაყოფილდეს - 2 680,3 ლარის ოდენობით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად, შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3%-ს, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე ვადაგადაცილებული ძირითადი ვალდებულების 0,5% ყოველ დღეზე. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 10 206,66 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 320,8 ლარი, სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად.

 

ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრული და სამართლიანი პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 100 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 396,23 ლარის ოდენობით. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა 12986.96 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 389.60 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს მი-----------------------------–--------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს გრ-----–----–------ს, სო---------–------ს და ბო------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა - 10 206,66 ლარი, სარგებელი - 2 680,3 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;

3. მოპასუხეებს გრ-----–----–------ს, სო---------–------ს და ბო------------ეს სოლიდარულად შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 389.60 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე