განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002973902
saqme #1/92-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა
მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბა------–---–---–-ს
ბრალდებულ _ თა--------------–---–ის
ადვოკატ- გო---------–---–--ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N034220319001
ბრალდებულ თა--------------–---–ის მიმართ
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 4----------
დაბადების თარიღი: 10.08.1----–-
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: სიღნაღის რაიონი, სოფელი სა----ო
ფატობრივად მცხოვრები: სიღნაღის რაიონი, სოფელი სა----ო
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ თა--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ორსული ქალის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ სა----ოში, ხა------–---–--ის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში და სახლის ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს, თა-------------–---–მა შეშის ნაჭრის ფეხში დარტყმით, ტელეფონის თავში ჩარტყმით, თმის მოქაჩვითა და ძირს წაქცევით, ასევე ხელის ყელში მოჭერით და სახის არეში რამდენიმე დარტყმით ძალადობა განახორციელა თავის არასრულწლოვანი ორსული მეუღლის - 16 წლის თა---–ა ქე----ს მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, თა--------------–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - თა--------------–---–მა მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა თა--------------–---–ის მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ადვოკატმა ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.
2019 წლის 10 მაისს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თა--------------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თა--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თა--------------–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: თამ--------–---–-ს, გ--- ხა------–---–ის, გი--------------–---–ის, იო--------–---–ის, და------------–---–ის და დაზარალებულ თა---–ა ქე----ს გამოკითხვის ოქმები, თა-------------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, თა-------------–---–ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტელეფონი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ თა--------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ თა--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ორსული ქალის მიმართ.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თა--------------–---–მა უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თა--------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ თა--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, თა--------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს დანაშაულს.
თა--------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს თა--------------–---–ის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ ორსული მეუღლის მიმართ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თა-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა -06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 01 (ერთი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თა-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა -06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 01 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს თა--------------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
3. თა--------------–---–ი დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მაისიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თა--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 მარტიდან 2019 წლის 10 მაისამდე.
4. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდგომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ თა--------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა თა--------------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობონ აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს კანონით დადგენილი წესით შემდეგნაირად, კერძოდ:
შემთხვეის ადგილას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ის კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი