გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N-/33722-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–-----------------------------
წარმომადგენელი - მ------ კ-------–--ე
მოპასუხე - შპს „ჯ----------------ი“
წარმომადგენელი - მ------ მ-------–-–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „ჯ----------------ს“-ს მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 22 388,58 (ოცდაორი ათას სამას ორმოცდარვა ლარი და 58 თეთრი) ლარის გადახდა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ს----------–----–-----------------------------სა და შპს „ჯ----------------“-ს შორის 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შ----------------------------------ს მიეწოდებინა 2009-2012 წლებში გამოშვებული „შ------ს“ მარკის ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები ეტაპობრივად, შესყიდვების მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 4.1 მუხლით განსაზღვრული შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადა და 2009-2012 წლებში გამოშვებული ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები, ნაცვლად 2017 წლის 02 ივლისისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 22 სექტემბერს, 82 (ოთხმოცდაორი) კალენდარული დღის დაგვიანებით.
ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დანართი N--ით განსაზღვრული შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 182 021 ლარის 0,15% - ის ოდენობით (182 021 * 0.15% * 82), რაც თანხობრივად შეადგენს 22 388,58 (ოცდაორი ათას სამას ორმოცდარვა ლარი და 58 თეთრი) ლარს.
შპს „ჯ----------------ი“-ს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე დაკისრებული პირგასამტეხლოს - 22 388,58 (ოცდაორი ათას სამას ორმოცდარვა ლარი და 58 თეთრი) ლარის გადასახდელად. მოპასუხის მიერ თანხის ნებაყოფლობითი გადახდა არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2.მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, მოპასუხე მხარის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ატარებს მოპასუხის კომპანიისათვის მხოლოდ ზიანის მიყენების მექანიზმის სახეს, ვინაიდან თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ მოპასუხე კომპანიის ნაკისრი ვალდებულება - სათანადო ხარისხისა და ოდენობის პროდუქციის მიწოდება, შესრულებული აქვს. ამასთანავე, სატენდერო პირობათა გათვალისწინებით მოპასუხე კომპანიისთვის სავარაუდო მისაღები ეკონომიური სარგებელი, გაცილებით (არაერთგზის) ჩამოუვარდება, მოსარჩელის მოთხოვნას - 22.388,58 (ოცდაორი ათას სამას ოთხმოცდარვა) ლარს. მხარის აზრით, პირგასამტეხლო უნდა იყოს ზომიერი და გონივრული ოდენობის, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება.
საქმეზე წარმოდგენილი მეორე შესაგებლის მიხედვით, მხარე კვლავ არ სცნობდა სარჩელს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ეტაპობრივად 96,3%-იანი მოცულობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ განხორციელდა. მხარემ მიუთითა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფორს-მაჟორულ მდგომარეობაზე, რის გამოც დადგენილ ვადაშე ვერ მოახდენდა შეკვეთის 100%-ით შესრულებას. ამასთან, მხარემ მუთითა პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რაც სადავო გახადა.
მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანიას დაუწესდა დამატებითი ვადა შეუსრულებელი ვალდებულების სრულყოფილად შესასრულებლად 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 20 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო N- შეთანხმება 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეთანის თაობაზე, რითაც გაიზარდა მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობა.
მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის ჩაბარებიდან აითვლებოდა ვალდებულების შესრულების 30 დღიანი ვადა, კომპანიამ 2017 წლის 16 მაისს გაუგზავნა წერილი ანუ ოფიციალური ჩაბარებიდან - 2017 წლის 02 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე, მოთხოვნა უცხოელ პარტნიორთან ჯ-------– მ---------ის ოფისში მოსარჩელის პროდუქციის ჩამოტანის თაობაზე. აღნიშნულის ღირებულება გადარიცხული იქნა 2017 წლის 22 ივნისს.
მხარის განმარტებით, N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სრულად ამოიწურა 2017 წლის 22 სექტემბერს მოპასუხის მიერ 6870 ლარის ჩარიცხვით (იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმები).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 26 აპრილს ს----------–----–-----------------------------სა და შპს „ჯ----------------ს“ შორის დაიდო ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულება.
შესყიდვის ობიექტი იყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N--ით განსაზღვრული 2009-2012 წლებში გამოშვებული „შ------ს“ მარკის ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვა (2.1. პუნქტი). ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 181 721 ლარი (3.1. პუნქტი).
ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დადგინდა მიწოდების პირობები, კერძოდ, მიმწოდებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, დანართი N--ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად (4.1. პუნქტი).
ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, მისაწოდებელი ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ხელშეკრულების 10.3. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების დანართი N--ით განსაზღვრული ვადის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 1.1.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავდა საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისთვის.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვრამდე პერიოდი (11.1. პუნქტი).
ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავდა მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომის, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
12.3. პუნქტის შესაბამისად კი, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებები და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამმოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 აპრილის ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლის 26 აპრილს ს----------–----–-----------------------------სა და შპს „ჯ----------------ს“ შორის დაიდო ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის N- დანართით განისაზღვრა „შ------ს“ მარკის ა/მანქანის სათადარიგო ნაწილები.
ამავე დანართით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 აპრილის ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულების N- დანართი (ს.ფ. 21-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 2017 წლის 25 მაისის ს----------–----–-- N5------------ წერილის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იქნა „შ------ს“ მარკის ავტოსათადარიგო ნაწილების მიწოდება. მოთხოვილი იქნა 27 დასახელების სათადარიგო ნაწილი.
აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 02 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 მაისის ს----------–----–-- N5------------ წერილი და თანდართული სია (ს.ფ. 32-33)
- ამონაწერი წერილების რეესტრიდან (ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2017 წლის 19 ივლისის ს------------ს შიდა მიმოწერით დგინდება, რომ მითითებული დროისთვის შპს „ჯ----------------ს“ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული აქვს მხოლოდ ნაწილობრივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 19 ივლისის წერილი და თანდართული სია (ს.ფ. 34-35)
- 2017 წლის 18 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2017 წლის 20 სქეტემბრის N- შეთანხმების მიხედვით, მხარეთა შორის დაიდო შემდეგი შინაარსის შეთანხმება:
შ---–---------------------ს სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო 2017 წლის 26 აპრილს დადებული ხელშეკრულების დანართი N--ით განსაზღვრული ძრავის ნაწილების მე-5 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობის გაზრდა 200 ერთეულით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონულ ტენდერში შპს „ჯ----------------ის“ მიერ სემოთავაზებული საქონლის ერთეულის ფასი და ტექნიკური მახასიათებლები რჩება უცვლელი და შემსყიდველისათვის არ უარესდება ხელშეკრულების პირობები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის რაოდენობა გაიზრდებოდა 200 ცალით და განისაზღვრებოდა 264 ცალით, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 181 721 ლარი გაიზრდებოდა 300 ლარით და შეადგენდა 182 021 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 სექტემბრის N- შეთანხმება (ს.ფ. 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარეთა შორის რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, კერძოდ:
2017 წლის 25 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო 18436 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 01 ივნისს კი - 20315 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 03 ივნისს - 1240 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 07 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო 10 400 ლარის საქონელი.
2017 წლის 13 ივნისს მოსარჩელემ მიიღო 1100 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო 96 804 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 21 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოპასუხემ ჩააბარა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო 352 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 28 ივლისს მოსარჩელეზე ჩაბარებული იქნა 12590 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 09 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელემ მიიღო 4966 ლარის ღირებულების პროდუქცია.
2017 წლის 07 სექტემბრის მირება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო 272 ლარის ღირებულების საქონელი.
2017 წლის 11 სექტემბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მიწოდებული იქნა 8222 ლარის საქონელი.
2017 წლის 22 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოპასუხემ ჩააბარა, ხოლო მოსარჩელემ კი მიიღო 6870 ლარის ღირებულების საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 164)
- 2017 წლის 01 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 165)
- 2017 წლის 03 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 166)
- 2017 წლის 07 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 167)
- 2017 წლის 13 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 168)
- 2017 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 169)
- 2017 წლის 21 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 42)
- 2017 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44)
- 2017 წლის 09 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 43)
- 2017 წლის 07 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 124)
- 2017 წლის 11 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 127-128)
- 2017 წლის 22 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 32-33)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. 2017 წლის 16 აგვისტოს წერილის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 45-46)
4.8. 2017 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის მოხდა N- შეთანხმება, რითაც ცვლილებები შევიდა მხარეთა შორის დადებულ 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებაში.
წარმოდგენილი შეთახმების თანახმად, მოპასუხე უთითებდა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო მისი კონტრაჰენტის მოქმედებით, რის გამოც ითხოვდა საქონლის მიწოდების ჩათვლას ფორს-მაჟრულ მდგომარეობად და მოითხოვა, რომ არ დაკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
საბოლოოდ, მხარეთა მიერ შეთანხმდა შემდეგი - 2017 წლის 26 აპრილს გაფორმებული N--- ხელშეკრულების დანართი N--ით განსაზღვრული, 2017 წლის 11 სექტემბრისთვის დარჩენილი, მისაწოდებელი საქონლის მისაწოდებლად მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვადის ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლოს დაეკისრებოდა ხელშეკრულების 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად.
ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02017 წლის 11 სექტემბრის შეთანხმება N- (ს.ფ. 86-87)
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 88-89; 91)
4.9. 2017 წლის 10 ოქტომბრის ს------------ს წერილის თანახმად, მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დარღვეული იყო N--- ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა და ნაცვლად 2017 წლის 02 ივლისისა, სათადარიგო ნაწილები მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 სექტემბერს, 82 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაც იყო პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა და რაც 82 დღეზე დაანგარიშებით შეადგენდა 22 388,58 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო 30 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 24-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შემცირდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 477-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხარეთა შორის 2017 წლის 26 აპრილს გაფორმებდა ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელისთვის შეკვეთიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა „შ------ს“ ფირმის ავტოსათადარიგო ნაწილები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ შეკვეთა განახორციელა ერთხელ - 2017 წლის 25 მაისს, რაც მოპასუხეს წერილობითი სახით ჩაბარდა 2017 წლის 02 ივნისს.
შესაბამისად, შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებით 30 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2017 წლის 02 ივნისის მომდევნო დღიდან - 03 ივნისიდან, რომელიც ამოიწურა 2017 წლის 03 ივლისს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ თავად მიუთითა იმის თაობაზე, რომ სანამ მას ოფიციალურად მიუვიდოდა წერილი შეკვეთილ პროდუქციასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი იყო მისი შინაარსი და განახორციელა კიდეც თავის კონტრაჰენტთან ავტოსათადარიგო ნაწილების შეკვეთა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მხოლოდ ერთი შეკვეთა განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ეს ერთი შეკვეთაც ოფიციალურად მოპასუხეს ჩაბარდა მხოლოდ 2017 წლის 02 ივნისს, შესაბამისად, სწორედ მითითებული თარიღიდან 30 დღის განმავლობაში უნდა მოეხდინა მოპასუხეს ვალდებულების შესრულება.
საქმეზე წარმოდგენილია 2017 წლის 25 მაისისა და 2017 წლის 01 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტები 2017 წლის 02 ივნისამდეა შედგენილი, მოპასუხეს აღნიშნული მიწოდება უნდა ჩაეთვალოს ვალდებულების შესრულებად, რადგან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშია განხორციელებული, ისევე, როგორც 2017 წლის 03 ივნისის, 2017 წლის 07 ივნისის, 2017 წლის 13 ივნისის, 2017 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტებით განხორციელებული საქონლის მიწოდება მოსარჩელეზე.
ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება ავტოსათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით 2017 წლის ივნისის თვეში ნაწილობრივ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტები ასევე შედგა 2017 წლის 21 ივლისს, 2017 წლის 28 ივლისს, 2017 წლის 09 აგვისტოს, 2017 წლის 07 სექტემბერს, 2017 წლის 11 სექტემბერსა და 2017 წლის 22 სექტემბერს, რითაც დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 2017 წლის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პროდუქციის მიწოდების ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოსარჩელემ მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მიზნით გაუზარდა ვადა დარჩენილი პროდუქციის მიწოდებისთვის.
წარმოდგენილი შეთანხმებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბრის თვეში მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება დაუკავშირა ფორს-მაჟორულ გარემოებას, რასთან დაკავშირებითაც მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა არ დაკისრებოდა მიწოდების ვადების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ამავე შეთანხმებაში მოსარჩელის მიერ მიეთითა, რომ „მიმწოდებელი კომპანიის 2017 წლის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტებით დოკუმენტალურად არ დასტურდება ფორს-მაჟორული გარემოება“, თუმცა მხარეს დამატებით განუსაზღვრა ვადა 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი დარჩენილი საქონლის მიწოდებისთვის. ამავე შეთანხმების დადგენილებით ნაწილში მიეთითა შემდეგი: „ამასთან, მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლო დაეკისრება ხელშეკრულების 10.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“ ხელშეკრულების სხვა პუნქტები მხარეთა მიერ უცვლელად იქნა დატოვებული.
ამდენად, მოაპსუხის მიერ მისი კონტრაჰენტის გამო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობა მოსარჩელის მიერ არ იქნა გაზიარებული როგორც ფორს-მაჟორული გარემოება, თუმცა ვინაიდან უდიდესი ნაწილი ვალდებულებისა მოპასუხის მიერ შესრულებული იყო 2017 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით, დარჩენილ ნაწილზე 2017 წლის 22 სექტემბრამდე განუსაზღვრა ვადა. აღნიშნული ორივე მხარის მიერ ხელმოწერით იქნა დადასტურებული. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება საბოლოოდ შესრულდა 2017 წლის 22 სექტემბერს, რაც დასტურდება მხარეთა შორის არსებული მიღება-ჩაბარების აქტით.
რაც შეეხება 2017 წლის 20 სექტემბრის N- შეთანხმებას, მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა დამატებითი რაოდენობის ნაწილების შეკვეთა, რითაც 300 ლარით იზრდებოდა ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოსარჩელეს უფლება ჰქონდა როგორც ერთი, ასევე რამდენიმე შეკვეთა განეხორციელებინა, მათ შორის დამატებითი შეკვეთაც, რითაც 10%-ზე მეტად არ გაიზრდებოდა ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 20 სქეტემბრის N- შეთანხმებით მოხდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა 300 ლარით და განისაზღვრა 182 021 ლარის ოდენობით.
კიდევ ერთი სადავო გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის თანხის ის ნაწილი, საიდანაც უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება, კერძოდ, მოპასუხე მხარემ სადავო გახადა და მიუთითა, რომ ნასყიდობის თანხიდან ანუ დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების თანხიდან უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება და არა ხელშეკრულების ღირებულებიდან.
2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშდებოდა „ხელშეკრულების ღირებულებიდან“, ხოლო ამავე ხელშეკრულების 1.1.2. პუნქტის მიხედვით კი „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავდა საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაეხადა შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისთვის.
ამდენად, თავად ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა თუ რას წარმოადგენს „ხელშეკრულების ღირებულება“, რომელიც სრული თანხიდან უნდა დაანგარიშებულიყო და არა ხელშეკრულების შესრულების შედეგად არსებული ნაშთიდან.
კიდევ ერთი სადავო გარემოება, რაზეც უთითებს მოპასუხე მხარე არის ფორს-მაჟორული სიტუაცია, რამაც გავლენა მოახდინა მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
2017 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის მოხდა წერილობითი შეთანხმება დარჩენილი, შესასრულებელი ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამავე შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ შპს „ჯ----------------ის“ წარმომადგენლის მიერ ფორს-მაჟორულ გარემოებად მითითებული იქნა მისი კონტრაჰენტის ბრალეულობა, რის გამოც მოითხოვა საქონლის მიწოდების ვადაგადაცილება ჩათვლილიყო ფორს-მაჟორულ გარემოებად და მას არ დაკისრებოდა საჯარიმო სანქციები.
მიუხედავად აღნიშნულისა, თავად მხარეთა მიერ შეთანხმდა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება არ ჩათვლილიყო ფორს-მაჟორულ გარემოებად და ვინაიდან არ უარესდებოდა საქონლის მიწოდების დაგვიანებით ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება და სწორედ ამ საფუძვლით გაუგრძელდა დარჩენილი ვალდებულების შესრულებისთვის ვადა მოპასუხეს.
ამდენად, თავად მხარეთა მიერ ფორს-მაჟორულ გარემოებად არ იქნა მიჩნეული შპს „ჯ----------------ის“ კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.
2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების 12-ე პუნქტით განისაზღვრა ფორს-მაჟორული გარემოებები, თუმცა მასში ამომწურავად არ ყოფილა აღნიშნული გარემოებები წარმოდგენილი და მხარეთა მიერ „და სხვა“ გარემოებებზეც მიეთითა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ამომწურავად არაა ფორს-მაჟორული გარემოებები მითითებული, ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა გავლენას არ უნდა ახდენდეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესრულებას მესამე პირებთან, მით უმეტეს, რომ მოცეულ შემთხვევაში ხელშეკრულება არ იყო სამმხრივი და ამასთან, თავად მხარეთა მიერ 2017 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით განისაზღვრა, რომ ასეთი გარემოება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ფორს-მაჟორულად.
და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების დადგენილებით ნაწილში მოსარჩელემ კვლავ დაიტოვა უფლება მოეთხოვა მოპასუხისთვის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო, ადასტურებს იმ გარემეობას, რომ არც აღნიშნული შეთანხმებითა და არც მოგვიანებით - 2017 წლის 20 სექტემბრის შეთანხმებით მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება უკვე არსებული პირგასამტეხლოს თანხის ოდენობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იყო წარმოედგინა სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მართალია დაგვიანებით, მაგრამ ვალდებულება სრულად შეასრულა, ამასთან, ხელშეკრულების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 181 721 ლარი (2017 წლის 20 სექტემბრის შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 300 ლარით და გახდა 182021 ლარი), შესაბამისად, მხოლოდ პირგასამტეხლოს სახით შპს „ჯ----------------ისთვის“ 22388,58 ლარის დაკისრება, რაც შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 12,30%-ს მით უემეტეს, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს რაიმე სახის ზიანი არ მისდგომია ვალდებულების დაგვიანებით შესრულებისთვის, ამასთან, აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 2100 ლარის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25,61 ლარს ანუ ხელშეკრულების ხელშეკრულებსი ღირებულების 0,01%-ს (82 დღეზე დაანგარიშებით).
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოპასუხეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 63 ლარის ოდენობით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ----------------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „ჯ----------------ს“ (ს/ნ N4--------) მოსარჩელის ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 აპრილის ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლო 2100 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე შპს „ჯ----------------ს“ (ს/ნ N4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 63 (სამოცდასამი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე