განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
020100119002975989
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002975989

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე 1/265-19 22 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ა-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ი-----–--------–-----------------------------–-------–-–--------------------------–----------–------------------------------–----–----------–----------------------–--------------–------------------------------------–--------------------------------------------------------–-------------------------------------------------------–------------.

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.2. ადვოკატი ჯ---–------–-----

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

201--–-–-------------ში ზ----------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი-----–----------ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ------------–---–ს, გენდერულ დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, იმ მიზნით, რომ ლ------------–---–ი მშობლების სახლში წასვლას შეძლებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას თვითონ ი-----–----------ა გადაწყვეტდა, იძალადა მასზე, კერძოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის - ც------------–---–ის თანდასწრებით სახის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც ლ------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

201--–-–-------------ში ზ----------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი-----–----------ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ------------–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ც------------–---–ის თანდასწრებით, სახის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც ლ------------–---–მა განიცადა ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბრალდებულის ჩვენებით, ისე დაზარალებულ ლ------------–---–ის, მოწმეების: ვ-------------–---–-ს, ე-–-----------ას, ნ-----–----------ას, ა---------------ას გამოკითხვის ოქმებით, დაბადების აქტის ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული ი-----–----------ა და ლ------------–---–ი იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

ბრალდებულის ჩვენებით, 201--–-–------------ის თვეში დაზარებულმა მოისურვა სახლში წასვლა. მამამისი ინვალიდია და ვერ დატოვებდა მარტო, ხოლო დედამისი არ იყო სახლში. დაზარალებულს სთხოვა, მოეცადა და მოგვიანებით წაიყვანდა. ვერ მორიგდნენ და წაკამათდნენ, რა დროსაც სახის არეში გაარტყა ხელი. მათი 5-–-–-ს შვილის იქ იყო და ესწრებოდა აღნიშნულს.

ბრალდებულის ჩვენებას ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები: მოწმეების: ლ------------–---–ის, ვ-------------–---–-ს, ე-–-----------ას გამოკითხვის ოქმები, დაბადების მოწმობები.

ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ის, რომ ბრალდებულმა ი-----–----------ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ლ------------–---–ის კონსტიტუციური უფლება - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება დაარღვია ფიზიკური ძალადობით, ბრალდებულის ჩვენების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია.

 

3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.

ბრალდებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, დაზარალებულ ლ------------–---–ის, მოწმეების ვ-------------–---–-ს, ე-–-----------ას გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

განსახილველ საქმეში გამოკვლეულ იქნა ბრალდებულის ჩვენება, რომელიც უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან (დაზარალებულის ჩვენება, მოწმე ვ-------------–---–-ს და ე-–-----------ს ჩვენებებით) ერთად ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ხელის სახის არეში დარტყმის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

3.3. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება დედა და ძმა. უდავოდ ცნობილი დაზარალებულ ლ------------–---–ის, მოწმეების ვ-------------–---–-ს, ე-–-----------ას, ნ-----–----------ას, ა---------------ას გამოკითხვის ოქმებით და დაბადების აქტის ჩანაწერებით დადგენილია, რომ ც------------–---–ი არის დაზარალებულის და ბრალდებულის შვილი. ამდენად, არასრულწლოვანი ც------------–---–ი არის როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის ოჯახის წევრი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი დაბადების აქტის ჩანაწერებით დგინდება, რომ ც------------–---–ი დაიბადა 201--–-–-------------ოს ე.ი. არის 5-–-–-ს. ვინაიდან მას არ მიუღწევიათ 18 წლისთვის, ის არის არასრულწლოვანი.

განსახილველ საქმეში გამოკვლეულ იქნა ბრალდებულ ი-----–----------ას ჩვენება, რომელიც უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან (ბრალდებულის ჩვენება, მოწმე ლ------------–---–ის, ვ-------------–---–-ს, ე-–-----------ს გამოკითხვის ოქმები) ერთად ადასტურებს, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ბრალდების დადგენილების თანახმად, ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ განხორციელდა გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციის ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელებას გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციის ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, რის გამოც წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციის ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით ქმედების ჩადენის შესახებ მითითება.

ამასთან, ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი-----–----------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის ჩვენების და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ი-----–----------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-----–----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

ი-----–----------ას პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასლებით არ იკვეთება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ძალადობა იმ პირის მიმართ, ვისზე ზრუნვაც მას ევალებოდა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელის დარტყმა სახის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ზომის სასჯელი.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების, მათ შორის ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს გამოსაცდელი ვადა 2 წლის ვადით და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც, კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულს უნდა დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაერთოს ძალადობრივი ქცევის პრევენციის შესაბამის პროგრამაში, გაიაროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ პროგრამა, ქცევისა და ემოციების მართვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ოჯახის წევრთა პატივისცემის მნიშვნელობის გაანალიზების მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, განახორციელოს ფსიქოლოგთან ვიზიტები ფსიქოლოგის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევა საქმის მასალებით არ იკვეთება. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაერთოს ძალადობრივი ქცევის პრევენციის შესაბამის პროგრამაში, გაიაროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ პროგრამა, ქცევისა და ემოციების მართვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ოჯახის წევრთა პატივისცემის მნიშვნელობის გაანალიზების მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, განახორციელოს ფსიქოლოგთან ვიზიტები ფსიქოლოგის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ი-----–----------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ი-----–----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია