გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.05.2019
საქმის ნომერი
130310019002899305
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-23-2015

(130310019002899305)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მაისი 2019 წელი ქ. ხაშური

 

შესავალი ნაწილი

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

 

მოსარჩელე - ზ------ ქ---–--ე

 

მოპასუხე - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - მ--- გ------–---–ი, ი--- ე---–--ე

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი „ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №06 განკარგულება, კერძოდ, განკარგულების მე-7 პუნქტი, დაბა აგარაში მდებარე 804კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 262,99კვ.მ. შენობა ნაგებობის (საკადასტრო კოდი 68.06.48.303) ნაწილში.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნული ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანით მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ქონება არის იქ რეგისტრირებული მოსახლეობის საკუთარი ქონება და შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოები, ქონებრივი უფლებების განხორციელებისას, ვალდებულნი არიან დაიცვან თითოეული მოქალაქის, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესი და არ განკარგონ მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად ქონება.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ისე მიიღო განკარგულება, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ქარელის მუნიციპალიტეტის მერომა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება სადავო ქონების განკარგვაზე. სანამ საკრებულოს წარუდგენდა განკარგულების პროექტს, იგი ვალდებული იყო მოეწვია დასახლების საერთო კრება, რომელსაც აქვს მინიჭებული მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის განხილვისა და შენიშვნების წარდგენის უფლებამოსილება. მერი მოსახლეობის გვერდის ავლით, პირადი შეხედულებისამებრ შეეცადა ქონების განკარგვას და მოითხოვა საკრებულოსაგან სასურველი გადაწყვეტილების მიღება, რაც საკრებულომ დაუკმაყოფილა.

 

დაბა აგარის მოსახლეობის სურვილი იყო მოცემულ შენობაში აღდგენილიყო ბიბლიოთეკა და ამ მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. 2015 წელს შენობის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად დაიხარჯა 16399 ლარი. გასულია 3 წელზე მეტი და მერიას თანხა აღარ გამოუყვია რემონტის დასასრულებლად. შენობა შეგნებულად არის მიტოვებული უპატრონოდ, რითაც საფუძველი მოუმზადდა მის შემდგომ პრივატიზებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ დაბა აგარაში მდებარე უძრავი ქონება წლების განმავლობაში დარჩენილია უფუნქციოდ, ინგრევა და წარმოადგენს საშიშროებას მოსახლეობისათვის. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო შენობის სრული განადგურება, შენობა გადაიხურა და დასუფთავდა. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს მიღებულია N80 განკარგულება ქარელის მუნიციპალიტეტის 2016-2019 წლების ხედვისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონების შესახებ“, რომლითაც გაწერილია მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ შენობის აღდგენა არ შედის პრიორიტეტების დოკუმენტში, რადგან არარენტაბელურია. მერიას მომართა დაბა აგარის მოსახლეობის ნაწილმა და მოითხოვა შენობის გასხვისება, რადგან წარმოადგენდა საშიშროებას მათთვის როგორც სანიტარული, ასევე, მოსალოდნელი ნგრევის კუთხით. შენობის პრივატიზაციის საკითხი მოწონებულია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ. მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხის განხილვა მოხდა პროცედურების სრული დაცვით. შემოსვლისთანავე 2019 წლის 6 თებერვალს დაეწერათ კომისიებსა და ფრაქციებს შესასწავლად, გამოქვეყნდა საინფორმაციო დაფაზე და საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე. კომისიებმა და ფრაქციებმა ჩაატარეს სხდომები და 13 თებერვალს ბიუროს წარედგინა შესაბამისი დასკვნები. საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მერის ვალდებულებას დასახლების საერთო კრებას წარუდგინოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, დაბა აგარაში მდებარეობს ძველი ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს და დაგეგმილია მისი აღდგენა-რეაბილიტაცია.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეში მესამე პირი არ ყოფილა ჩაბმული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ზ------ ქ---–--ე ცხოვრობს ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში და არის ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. დაბა აგარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აღემატება 2000-ს (მხარეთა განმარტება, ასევე, იხ. საკრებულოს და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე, ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიიდან ს.ფ. 57-58).

 

4.2. ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წლის 6 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზების გეგმა და შესაბამისი საკრებულოს განკარგულების პროექტი. 2019 წლის 13 თებერვალს წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მე-7 პუნქტად გათვალისწინებული იყო დაბა აგარაში მდებარე 804კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 262,99კვ.მ. შენობა-ნაგებობა შეფასებული 19000 ლარად (საკადასტრო კოდი 68.06.48.303) (იხ. მერის 2019 წლის 6 თებერვლის N05/572 წერილი; მერის 2019 წლის 13 თებერვლის N05/767 წერილი; საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა; აუდიტის დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ).

 

4.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ეს ობიექტი წარმოადგენდა ბიბლიოთეკის ყოფილ შენობას (მხართა განმარტება).

 

4.4. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2019 წლის 7 თებერვლის N2-10 ბრძანებით დაწყებულ იქნა სამართლებრივი აქტის პროექტის ბიუროს სხდომაზე განხილვის პროცედურები. საკრებულოში საკითხის მიმდინარეობის შესახებ გამოქვეყნდა საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე 2019 წლის 7 თებერვალს (იხ. ბრძანება N2-10 და ამონაბეჭდი ფეისბუქ-გვერდიდან).

 

4.5. 2019 წლის 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მერის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი განხილულ იქნა საკრებულოს კომისიების და ფრაქციების მიერ და მიღებულ იქნა შესაბამისი დასკვნები, რომელთა მიხედვითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა (იხ. საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმები და დასკვნები).

 

4.6. 2019 წლის 8 თებერვალს ჩატარდა ქარელის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელმაც მოიწონა მერის მიერ წარმოდგენილი ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა (ს.ფ. 92-93).

 

4.7. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2019 წლის 15 თებერვლის N2-14 ბრძანებით საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის სხდომის დღის წესრგიში მესამე საკითხად შეტანილ იქნა განკარგულების პროექტი „ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზების გეგმის“ დამტკიცების შესახებ. საკრებულოს სხდომის დროისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე გამოქვეყნდა საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე 2019 წლის 15 თებერვალს (იხ. ბრძანება N2-14 და ამონაბეჭდი ფეისბუქ-გვერდიდან).

 

4.8. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის სხდომაზე 26 ხმით სამის წინააღმდეგ მიღებულ იქნა N06 განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა „ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზების გეგმა“ წარდგენილი სახით (იხ. სხდომის ოქმი N2 და განკარგულება N06).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით“

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით; ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მიხედვით, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია; სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ ზედამხედველობას თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე. თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ზედამხედველობა გადაწყვეტილებათა მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის მიზნით დასაშვებია მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით.

 

7.3. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და და მე-2 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.

 

7.4. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

7.5. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებს და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხდეველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

 

7.6. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ხოლო მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივ თვითმმართველობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

7.7. კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები. ესენია:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები;

ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები.

მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს.

 

7.8. კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

7.9. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - მუნიციპალიტეტის საკრებულო. 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება.

 

7.10. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში მერის უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა (54. 1. „დ.ი“).

 

7.11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება, მათ შორის სადავო ქონების ნუსხაში შეტანა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც იგი ახორციელებს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით. ამდენად, მოპასუხის კომპეტენცია სადავო საკითხის განხილვისათვის, დადგენილია.

 

7.12. მოსარჩელე ძირითადად სადავოდ ხდის იმ საკითხს, რომ მუნიციპალიტეტის მერმა ისე წარუდგინა საკრებულოს საკითხი გადასაწყვეტად, რომ იგი არ იქნა განხილული დასახლების საერთო კრებაზე და შესაბამისად, არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი.

 

7.13. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის; ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

ა) დასახლების საერთო კრება;

ბ) პეტიცია;

გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

 

7.14. კოდექსის 852 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილების მიხედვით:

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას;

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს;

4. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება;

6. იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და, ამ კანონის გათვალისწინებით, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი.

 

7.15. 853 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 854 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:

1. დასახლების საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების საერთო კრებისთვის განსახილველად წარდგენა.

მუხლი 854.

1. დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.

 

ანალოგიურადაა ეს საკითხები მოწესრიგებული ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „ქარელის მუნიციპალიტეტში დასახლების საწერთო კრების ტიპიური დებულების“ პირველი, მე-3-5 მუხლებით.

 

7.16. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მართალია დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხის განხილვა და შენიშვნების წარდგენა, თუმცა ეს ხდება არა ყოველთვის, არამედ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით. ამავე დროს მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ აქვთ ვალდებულება, რომ ასეთი საკითხის განხილვისათვის ყველა შემთხვევაში მიმართონ საერთო კრებას. კონკრეტული საკითხები, რომლის თაობაზეც ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანო მიმართოს დასახლების საერთო კრებას, გათვალისწინებულია როგორც ორგანული კანონით (853.1.„ბ“, „ვ“), ისე საკრებულოს 39-ე დადგენილებით (3.1.„ბ“,„ვ“ და 4.1.„ბ“). ნორმატიულ აქტში კონკრეტული საკითხების სპეციალურად აღნიშვნა, რა დროსაც სავალდებულოა საერთო კრებისათვის მიმართვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონმდებლის ნებას, რომ სხვა საკითხების თაობაზე საერთო კრებისათვის მიმართვა მუნიციპალიტეტის ორგანოების მიხედულებაზეა დამოკიდებული და სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს დასაბუთებულად მოსარჩელის პოზიციას, რომ საერთო კრებაზე საკითხის განხილვის გარეშე არ ჰქონდა მერს წარედგინა საკრებულოსათვის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

7.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

7.18. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოპასუხის მიერ კანონის ამგვარი დარღვევის ფაქტი სასამართლოში საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი, შესაბამისად, აქტის ბათილობის მითითებული საფუძვლები არ არსებობს.

 

7.19. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დასახლების საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება გარდა მერისა, აქვს, ასევე, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით. აღნიშნული ინიციატივა დაბა აგარის ამომრჩეველთა მხრიდან არ განხორციელებულა და თუ რატომ, ამის დასაბუთებული არგუმენტი მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. ამ გარემოებას სასამართლო განიხილავს იმ ჭრილში, რომ როგორც მოსარჩელე განმარტავს, აგარის მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგი იყო ობიექტის პრივატიზებისა.

 

7.20. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია, გარდა დასახლების საერთო კრებისა, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის მონაწილეობის კიდევ ერთი ფორმაა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. კოდექსის 861 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის/რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი/რაიონის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით; მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. როგორც საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმიდან ირკვევა, ქარელის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მოიწონა მერის მიერ წარმოდგენილი ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა.

 

7.21. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ------ ქ---–--ე აპელირებს იმ საკითხზე, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა არ გაითვალისწინეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ქონების პრივატიზების საკითხის გადაწყვეტისას. საქმეზე წარმოდგენილი მტიიცებულებებით (მათ შორის ვიდეომასალის მიხედვით), მოსახლების ნაწილის სურვილია მოხდეს ქონების პრივატიზება, ხოლო ნაწილი - წინააღმდეგია.

 

7.22. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ქონების პრივატიზების საკითხის გადაწყვეტა მუნიციპალიტეტის საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილებაა, რომელსაც იგი ახორციელებს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და ამდენად, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

7.23. სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერსების თანაზომიერ გაწონასწორობასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა.

 

7.24. სასამართლომ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სადავო აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონით დადგენილი ვალდებულების შესურულებლობას. მოცემულ კონკრეტულ შემთვევაში, სასამართლოს კონტროლი მდგომარეობს იმაში თუ რამდენად კანონიერად იქნა მიღებული განკარგულება. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე.

 

7.25. სასამართლო განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმართველობა ხორციელდება კერძო და საჯარო ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრინციპით. ადგილობრივი ორგანოების მიერ უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა ადამიანის ინტერესი და მათგან უფრო აღმატებულს მიეცეს უპირატესობა უფლებათა კონფლიქტის დროს. ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოქმედებენ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15-16 მუხლებით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების მიღება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი. შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული სივრცის აღიარებას. კონკრეტული ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის სისწორის სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში, ეს ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე, შპს "სიგმა რადიო-ტელევიზია" კვიპროსის წინააღმდეგ (Sigma RadioTelevision LTD v. Cyprus) §153; 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე "ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Fazia Ali v. the United Kingdom) §77). დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საკრებულოს, გადაიქცეოდა მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.

 

7.26. დისკრეციული უფლებამოსილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა ფაქტებისა და ნორმის სუბსუმფციის შედეგად მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას.

 

7.27. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით სახეზე არ არის დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბება, საკრებულოს განკარგულება არ სცილდება კანონიერების და მიხედულების კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს, არ დასტურდება მოპასუხის მიერ თვითნებობის ჩადენა, კანონის რომელიმე მავალდებულებელი ნორმის უგულებელყოფა, შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.

 

7.28. ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსის შესაბამისად, დადგენილია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მოსახლების ჩართულობის სხვადასხვა ფორმა (საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, პეტიცია, ანგარიშის მოსმენა და ა. შ.). ისინი წარმოადგენენ თვითმართველობის ორგანოების საქმიანობაზე მოსახლეობის წინასწარი (საერთო კრება, მრჩეველთა საბჭო, რომლის მიერ მოწონებულ იქნა სადავო განკარგულების პროექტი მოცემულ შემთხვევაში, ასევე, პეტიცია) ან შემდგომი (ანგარიშის მოსმენა) კონტროლის ფორმებს. კანონმდებლის მიერ დადგენილია კონტროლის ამ ფორმათან ზოგიერთის სავალდებულო ხასიათი (მაგ. საერთო კრების მიერ დასახლებების საზღვრების ცვილების საკითხის განხილვა), ხოლო ზოგიერთისათვის წინასწარი სახალხო კონტროლის ვალდებულება დადგენილი არ არის. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის განსაზღვრა. თუმცა ეს არ გამორიცხავს მოცემულ საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე თვითმმართველობის ორგანოების ზოგად ანგარიშვალდებულებას. ამისათვის არსებობს არჩევნები, რა დროსაც ხდება ამომრჩევლის მიერ თვითმართველობის ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება (შემდგომი კონტროლი).

 

7.29. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრებულოს მიერ N6 განკარგულების მიღებისას კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მიზანშეწონილობის კუთხით სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეააფასოს თვითმართველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე.

 

7.30. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

7.31. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, არ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონთან წინააღმდეგობა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის N06 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე, 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ზ------ ქ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი