გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210118002699316
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31580-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელეები - მ-----–--------–---–ი, მ-------------ე

წარმომადგენელი - რ----------–---–---ე

მოპასუხე - სს „მ-----------------------------–-----------------------–ი“

წარმომადგენელი - თ-----------–--ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დავით დადუნაშვილი სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გაუქმდეს უკანონოდ გაცემული 2018 წლის 9 ოქტომბრის N1-------- სააღსრულებო ფურცელი, უსაფუძვლოდ დაკისრებული 8 176.56 აშშ დოლარის ამოსაღებად, ვინაიდან, რეალურად მ-------------ისა და მ-----–--------–---–ის დავალიანება სს „მ-----------------------------–-----------------------–ი“-ს მიმართ შეადგენს 5 885.74 აშშ დოლარს.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 22 აპრილს სს „მ-----------------------------–-----------------------–ს“, მ-------------ესა და მ-----–--------–---–ს შორის გაფორმდა N4--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იქნა მ-----–--------–---–ის სესხის გადახდის ვალდებულება. სესხის საერთო მოცულობაა 8 200 აშშ დოლარი, თვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%, პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულებას თან ერთვის გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მ-----–--------–---–ი ვალდებულია სესხი დაფაროს ყოველი თვის 26 რიცხვში, 2021 წლის 22 აპრილამდე, თვეში გადასახდელი თანხის ოდენობაა 265 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, 2018 წლის 3 ოქტომბრისათვის მოსარჩელის მიერ დაფარული უნდა ყოფილიყო 7685 აშშ დოლარი. რეალურად 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, მ-------------ესა და მ-----–--------–---–ს სს „მ-----------------------------–-----------------------–ი“-ს ანგარიშზე შეტანილი აქვთ 7 414 აშშ დოლარი, რამდენადაც 2016 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 25 მარტამდე, ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, მ-------------ე და მ-----–--------–---–ი სესხს ფარავდნენ ყოველი თვის 26 რიცხვში. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 0-------- სესხზე ამონაწერის თანახმად, სესხზე გადახდის შეთანხმე-ბული გრაფიკი დარღვეულია სულ ოთხჯერ, 2017 წლის მარტის თვეში, 2017 წლის ივნისის თვეში, 2017 წლის სექტემბრის თვეში და 2017 წლის ნოემბრის თვეში.

2017 წლის 6 ოქტომბრის წერილით, მ-------------ეს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 25 ოქტომბერს გადახდილ იქნა 500 აშშ დოლარი, რომლიდანაც სესხის ძირითადი თანხიდან დაიფარა მხოლოდ 31.67 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა მოპასუხემ მიმართა ვადაგადაცილებული პროცენტის 423.57 აშშ დოლარი და ჯარიმა 44.76 აშშ დოლარის დასაფარად. 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე, მოსარჩელეები იხდიდნენ სესხის თანხას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხით სრულად იფარე-ბოდა 2017 წლის ნოემბრის თვის ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული პირგასამ-ტეხლო, რის თაობაზეც მ-------------ეს და მ-----–--------–---–ს არ შეატყობინეს.

2018 წლის 3 ოქტომბერს სს „მ-----------------------------–-----------------------–მა“ მ-----–--------–---–ზე გასცა ცნობა, სადაც მოსარჩელეების დავალიანების თანხა განისაზღვრა 8 176.56 აშშ დოლარით, მათ შორის დარჩენილი ძირითადი თანხა შეადგენს 7 186.49 აშშ დოლარს, დარიცხული და მიუღებელი პროცენტები 851 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 138.48 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ისიც არ იყო ცნობილი, რომ სს „მ-----------------------------–-----------------------–ს“ რაიმე სახის პრეტენზია ქონდა მათ მიმართ. მას შემდეგ რაც წერილი მიიღო მ-------------ემ, მოსარჩელეები მივიდნენ მოპასუხესთან და სრულად დაფარეს არსებული დავალიანება. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მხოლოდ ერთი თვის დავალიანების არსებობის პირობებში, ისე რომ მას არც უცდია რაიმე სახის კონსენსუსისათვის მიეღწია მოსარჩელე მხარესთან. ამასთან, 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გადახდილი სესხის თანხა სრულად მიმართა დარიცხული ჯარიმების დასაფარად, ისე, რომ ძირითადი სესხის თანხა რჩებოდა უცვლელი.

გარდა ამისა, მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 22 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტი, მის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 873-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, მ-----–--------–---–ი 2016 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე თითქმის ყოველთვიურად იხდიდა სესხის დავალიანებას და მის მიერ გადახდის ზედიზედ ორი თვის ვადაგადაცილების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულს ადასტურებს თავად სს „მ-----------------------------–-----------------------–ი“-ს მიერ წარმოდგენილი ამონაწერი.

სს „მ-----------------------------–-----------------------–ი“-ს მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული კრედიტორის უფლებამოსილება, რამდენადაც მას შეეძლო კიდევ ერთხელ მიემართა მოსარჩელეთათვის და განემარტა ის გარემოება, რომ მათ მიერ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის მიუხედავად, კიდევ ერიცხებოდათ ვადაგადაცილებული დავალიანება ერთი თვის გადასახდელი თანხის ოდენობით და იმ შემთხვევაში თუ დაიფარებოდა აღნიშნული თანხა, მათ ზედმეტად არ დაერიცხებოდათ ჯარიმა, პროცენტი და სარგებელი.

2018 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, მ-----–--------–---–ს დაფარული უნდა ქონდეს 7 685 აშშ დოლარი. 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაფარული აქვს 7 414 აშშ დოლარი. ამასთან, სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სხვაობა გადახდილ და გადასახდელ თანხებს შორის არის 271 აშშ დოლარი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულებით დადგე-ნილი სესხის თანხა იფარება ყოველთვიურად, უკანასკნელად მ-----–--------–---–მა სესხი გადაიხადა 2018 წლის 25 სექტემბერს 265 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი თანხის ოდენობა არ შეესაბამება არსებულ დავალიანებას, რაც დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის გათვალისწინებით 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს 5 885.74 აშშ დოლარს, ნაცვლად 8 176.56 აშშ დოლარისა. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მ-----–--------–---–ს გადახდილი აქვს 7 414 აშშ დოლარი, საიდანაც თანხის უმეტესი ნაწილით დაფარულია ვადაგადაცილებული სესხის პირგასამტეხლო, რაც ჯამში შეადგენს 2 870.57 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან 2018.98 აშშ დოლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს დაფარვად.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, გადახდები ხდებოდა დაგვიანებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებიდან დაფარულია ძირი - 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი - 2 390.41 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, ვადაგადაცილებული სარგებელი 2018.98 აშშ დოლარის ოდენობით და ჯარიმა 1991.10 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან დარიცხულ ჯარიმებზე წავიდა მხოლოდ 1991.10 აშშ დოლარი და ძირითადად დაიფარა სარგებელი 4 409.39 აშშ დოლარის ოდენობით და ძირი 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის - 2018 წლის 3 ოქტომბრისთვის დავალიანება შეადგენდა დარჩენილ ძირ თანხას 7 186.49 აშშ დოლარს, სარგებელს - 851.59 აშშ დოლარს და ჯარიმას 138.48 აშშ დოლარს, სულ დავალიანება შეადგენდა 8 176.56 აშშ დოლარს, რაც მითითებულია კიდეც გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში.

 

მოპასუხის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, არ ემყარება არანაირ მტკიცე-ბულებებს. სესხი ვადაგადაცილებაშია ჯერ კიდევ 2017 წლის 05 ივლისიდან, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადახდა საერთოდ აღარ მომხდარა 2018 წლის 01 იანვრიდან, რის გამოც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები რეგულარულად შეუსრულებელია 2017 წლის ივლისიდან, საიდანაც თვეების განმავლობაში ზედიზედ არ ხდებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ხოლო არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების შედეგად ვერ ხდებოდა ვადამოსული გადასახადების დაფარვა. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია კანონიერად და ასევე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 აპრილს სს „მ-----------------------------–-----------------------–ს“ მ-------------ესა და მ-----–--------–---–ს შორის დაიდო N4--- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კრედიტის საერთო მოცულობა განისაზღრა 8 200 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 60 თვე, თვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5% თვეში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდე-ლი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ-------------ის საკუთრე-ბაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რუსთავი, კ-----------–-ის ქუჩა N18, სართული 2, ბ N 18, საკადასტრო კოდით N 0------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 22.04.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 09 ოქტომბერს კრედიტორ სს „მ-----------------------------–-----------------------–ი“-ს მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა თ---------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მ-----–--------–---–ის მიმართ, 22.04.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით.

 

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით, შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი ვალდებულება 7 186.49 აშშ დოლარი, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 2.5% - გადაუხდელი თანხა 851.59 აშშ დოლარი 2018 წლის 03 ოქტომბრისათვის, პირგასამტეხლო - 2 870.57 აშშ დოლარი, აღსრულების ხარჯი 126.72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.10.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 59-61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. კერძო აღმასრულებელ ნ--------------ის 09.10.2018 წლის NA---------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, მოვალე მ-----–--------–---–ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღმასრულებლის 09.10.2018 წლის NA---------------- წინადადება (ს.ფ. 62-65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ-----–--------–---–ის მიერ 2016 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულების ფაქტს. რაც შეეხება ვალდებულების დარჩენილ ნაწილს, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესრულებული აქვს, თუმცა მისი დავალიანების დაფარვა ხდებოდა სხვა პირების მიერ და მისთვის შეუძლებელია აღნიშნულ დოკუმენტის წარმოდგენა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება ამ ნაწილში შესრულებული არ აქვს, შესაბამისად ვერც გადახდის ქვითრებს წარმოადგენს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, მის მიერ ფულადი ვალდე-ბულების შესრულების ფაქტის დადასტურება. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გარემოება მოპასუხემ სადავო გახადა, მოსარჩელეს მისი მტკიცების ფარგლებში არსებული გარემოება, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, შესაბამისი არგუმენტებით და წერილობითი მტკიცებულებებით უნდა გაემყარებინა. მეტიც, თავად მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნა მ-----–--------–---–ის ანგარიშიდან ამონაწერი 2016 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, რომლითაც ცალსახად დასტურდება სესხზე შეტანილი თანხის ოდენობები. აღნიშნული თანხების გარდა, ანგარიშზე ფულადი თანხის შეტანა, რომელსაც მიუთითებს მოსარჩელე მხარე არ ფიქსირდება, რაც შესაბამისად განაპირობებდა დავალიანების ოდენობის შემცირებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 22.04.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28);

- 09.10.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 59-61);

- აღმასრულებლის 09.10.2018 წლის NA---------------- წინადადება (ს.ფ. 62-65);

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 94 - 96);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ მ-----–--------–---–ის და მ-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-317ე, 361-ე, 400-ე, 623-624-ე, მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობი-სათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულე-ბით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხისა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებუ-ლების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაარღვია 2016 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუქნტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, 2016 წლის 22 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-7.3. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე 2018 წლის 09 ოქტომბერს ნოტარიუს თ---------–---–ის მიერ გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი, გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

 

აღნიშნულის შესაბამისად, არ არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის წინაპირობები და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და შეჩერდა ნოტარიუს თ---------–---–ის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----–--------–---–ისა და მ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერდა ნოტარიუს თ---------–---–ის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე