გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
820210018002743117
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002743117 (2-733/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი . ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - ბა---------ე

წარმომადგენელი რა--------ძე

მოპასუხეები - შპს ,,პრ----–-------------------------ო” (კრედიტორი) და ნო----------ძე (მოვალე)

წარმომადგენელი: მა------–------ი (კრედიტორის)

დავის საგანი - ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბა------–----ის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს შედგენილი აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მითითებული შემდეგი ნივთები: 1. მაცივარი - ,,BEKO“ თეთრი ფერის ფერის ერთი ცალი; 2. ტყავის ოთხეული 1 ც. 3. კომპიუტერის კომპლექტი LG შავი ფერის. 4. ჟურნალის მაგიდა ყავისფერი. 5. სარეცხი მანქანა ,,BEKO“ თეთრი ფერის ერთი ცალი; 6. დივანი კრემის ფერი 1. ც.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოპასუხე ნო----------ძის ვალის გამო დაყადაღებული იქნა მისი კუთვნილი საოჯახო ნივთები: მაცივარი - ,,BEKO“, ტყავის ოთხეული, კომპიუტერის კომპლექტი LG, ჟურნალის მაგიდა, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ და დივანი. მოსარჩელემ ადგილზევე განუცხადა აღმასრულებელს რომ ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას, თუმცა მაინც მოხდა ჩამოთვლილი ნივთების დაყადაღება.

მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებით, იმის მიუხედავად რომ ნო----------ძე რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე, იგი ფაქტობრივად სხვაგან ცხოვრობს, ხოლო საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია და წარმოადგენს ბა---------ის საკუთრებას, რომლის მიერ შეძენილია დაყადაღებული ნივთები და ნო----------ძეს ამ ნივთებთან არ აქვს შემხებლობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნო----------ძეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

2.2. მოპასუხე შპს პრ----–-------------------------ოს” შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სდომაზე გამოცხადებული წარმოამდგენელი არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, განმარტავს, რომ მოპასუხე ნო----------ძე რეგისტრირებულია იმ მისამართზე, სადაც მოხდა ქონების დაყადაღება, ნო----------ძე ფაქტობრივადაც იმ სახლში ცხოვრობს, მას ამ მისამართზე ბარდება ყველა გზავნილი, შესაბამისად ის წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს და ქონებაზე ყადაღის დადება კანონიერია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნო----------ძეს შპს ,,პრ----–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1876.96 ლარის გადახდა. გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე ნო----------ძის მიმართ დაიწყო აღსრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 24 სექტემბერს, ნო----------ძის რეგისტრაციის მისამართზე მივიდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბა------–----ე და აღწერა არნიშნულ მისამართზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში არსებული საოჯახო ნივთები: 1. მაცივარი - ,,BEKO“ თეთრი ფერი ერთი ცალი; 2. ტყავის ოთხეული 1 ც. 3. კომპიუტერის კომპლექტი LG შავი ფერის. 4. ჟურნალის მაგიდა ყავისფერი. 5. სარეცხი მანქანა ,,BEKO“ თეთრი ფერის ერთი ცალი; 6. დივანი კრემის ფერი 1. ც. შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომელშიც მოსარჩელე ბა---------ემ დააფიქსირა, რომ აქტში შეტანილი ქონება არ ეკუთვნის ნო----------ძეს და წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აღწერა დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.3. დაყადაღებული ნივთები განლაგებულია სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბა---------ის საკუთრებად.

 

-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარის ახსნა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მასზე საკუთრების უფლება მხოლოდ მას გააჩნია. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ყადაღის დადების საფუძველია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ნო----------ძის წინააღმდეგ შპს ,,პრ----–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაიწყო აღსრულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ნო----------ძემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ნო----------ძე რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ------–ში. მიიჩნია, რომ მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ნო----------ძე ნებაყოფილებით არ იხდის დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო სწორად.

 

სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ სამზარეულოს ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც განთავსებულია ყადაღადადებული ნივთები, წარმოადგენს ბა---------ის საკუთრებას. მან ქონების აღწერის აქტის შედგენის დროს განაცხადა, რომ აღწერილი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. შესაბამისად ეს ნივთები წარმოადგენს ბა---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).

 

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბა------–----ის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს შედგენილი აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მითითებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------–ში ბა---------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები კერძოდ შემდეგი ნივთები: მაცივარი - ,,BEKO“, ტყავის ოთხეული, კომპიუტერის კომპლექტი LG, ჟურნალის მაგიდა, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ და დივანი არ წარმოადგენს ნო----------ძის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ბა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბა------–----ის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს შედგენილი აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მითითებული შემდეგი ნივთები: 1. მაცივარი - ,,BEKO“ თეთრი ფერის ფერის ერთი ცალი; 2. ტყავის ოთხეული 1 ც. 3. კომპიუტერის კომპლექტი LG შავი ფერის. 4. ჟურნალის მაგიდა ყავისფერი. 5. სარეცხი მანქანა ,,BEKO“ თეთრი ფერის ერთი ცალი; 6. დივანი კრემის ფერი 1. ც.

 

3. ნო----------ძეს და შპს ,,პრ----–-------------------------ო” სასარგებლოდ დაეკისროთ ბა---------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე