გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ქ--------–----------------–------------------–-----------"
წარმომადგენელი - კ---------------
მოპასუხე - სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----"
წარმომადგენელი - გ-----------------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ს“ მოსარჩელის შპს „ქ--------–----------------–------------------–----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის 16094,83 ლარის ანაზღაურება;
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული სავაჭრო კრედიტის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ დააზღვია სავაჭრო ობიექტებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების რისკი, რაც უნდა გადახდილიყო საინვოისო ღირებულების მოცდის პერიოდის განმავლობაში.
ცალკეულმა სავაჭრო ობიექტებმა (მყიდველებმა) არ გადაიხადეს მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაც ეცნობა სადაზღვევო კომპანიას. მოთხოვნის დაკორექტირების შემდგომ სადაზღვევო მოთხოვნას შეადგენდა 36759,43 ლარი, საიდანაც 2018 წლის 14 მარტის სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე მოპასუხემ აანაზღაურა 20515 ლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო დარჩენილი 16094,83 ლარის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი წერილობითი ფორმით საერთოდ არ იქნა ახსნილი, თუმცა ზეპირი ფორმით კომუნიკაციისას სადაზღვევო კომპანიამ განმარტა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების დანართის პირველი გრაფის მიხედვით პროდუქციის მყიდველი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება.
მსგავსი ინფორმაციის გაცემაზე შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებით, ეს სუბიექტები 2016 წლიდან რეგისტრირებულები არიან მეწარმე სუბიექტებად, ასევე ცნობილია, რომ ისინი 3 წელზე მეტი ვადით ოპერირებენ სამომხმარებლო ბაზარზე, როგორც სავაჭრო ობიექტები და მასთან ურთიერთობა გააჩნიათ სხვა კომპანიებსაც. აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებული იყო მზღვევლისთვისაც. ამდენად, არ არსებობდა ხელშეკრულებითა და დანართით შეთანხმებული პირობების დაუცველობის შემთხვევა და მოპასუხემ არასწორად განაცხადა უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ ისეთი შემთხვევების შედეგად განცდილი ზიანის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად არის დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებული, გამონაკლისების გათვალისწინებით. 16094,83 ლარის ანაზღაურებაზე უარი მოსარჩელეს იმ საფუძვლით ეთქვა, რომ არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ, ხელშეკრულების დანართის (სასაქონლო კრედიტებზე რისკის ოპტიმიზაციის მიზნით მზღვეველის მოკლე ინსტრუქცია დამზღვევისათვის) პირველი პუნქტის თანახმად: არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება.
დამზღვევის მიერ არ წარმოდგენილა 5 სუბიექტთან დაკავშირებით მინიმუმ 3 თვიანი მუშაობის გამოცდილების და საკუთარი/დაქირავებული სავაჭრო ფართის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხემ დააზუსტა პოზიცია და განმარტა, რომ შედავებას ამყარებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი მყიდველი სუბიექტების მხრიდან საკუთარი/დაქირავებული სავაჭრო ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----სა“ (მზღვეველი) და შპს „ქ--------–----------------–------------------–---------ას“ (დამზღვევი) შორის 2016 წლის 1 ივლისს დაიდო სავაჭრო კრედიტის დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი დაზღვევის პოლისი.
ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმებული სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ მზღვეველი, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, იღებდა ვალდებულებას, აუნაზღაუროს დამზღვევს ზიანი, რომელიც პირდაპირ გამოწვეულია მყიდველის მიერ, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, დამზღვევისათვის დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულების მოცდის პერიოდის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხდელობით.
ხელშეკრულებით განმარტებული იქნა „მყიდველის“ ტერმინი, რომელსაც წარმოადგენს ნებისმიერი პირი, მათ შორის დამზღვევის მომხმარებელი, რომელსაც გააჩნია ფულადი ვალდებულება დამზღვევის მიმართ, სავაჭრო კრედიტის დაზღვევით გათვალისწინებული სავაჭრო ოპერაციებისათვის შეთანხმებული პირობებით.
ხოლო „ზიანი“ განიმარტა, როგორც დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულება, რომელიც არ არის გადახდილი მყიდველის მიერ მოცდის პერიოდის ვადის ამოწურვის დროისათვის შესაბამისი გამონაკლისების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სავაჭრო კრედიტის დაზღვევის ხელშეკრულება N T-------------
3.1.2. ხელშეკრულების თანახმად, სხვა ვალდებულებებთან ერთად დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგენდა, წინამდებარე ხელშეკრულებითა და შესაბამისი დაზღვევის პოლისით დადგენილი პირობებისა და ნაკისრი მოვალეობების დაცვა. მზღვევლისთვის, მის ხელთ არსებული და ზიანთან დაკავშირებული მზღვეველის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს.
თავის მხრივ, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა, მათ შორის, ზიანის განსაზღვრისათვის ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სადაზღვევო აქტის შედგენა და სადაზღვევო ანაზღაურების თანხის განსაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სავაჭრო კრედიტის დაზღვევის ხელშეკრულება N T-------------
3.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების დანართით დამტკიცდა სასაქონლო კრედიტებზე რისკის ოპტიმიზაციის მიზნით მზღვეველის მოკლე ინსტრუქცია, რომლითაც დამატებით განისაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების 7 წინაპირობა. მოკლე ინსტრუქციის პირველი პუნქტის თანახმად, არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების დანართი - მოკლე ინსტრუქცია.
3.1.4. 2018 წლის 14 მარტს მხარეებს შორის შედგა სადაზღვევო შემთხვევის აქტი (დაზღვეული რისკი - მყიდველის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა დამზღვევთან), რომლის თანახმად, დადგენილი ზარალის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 20515 ლარით და ფრანშიზის თანხის გამოკლებით, მზღვეველმა მოსარჩელეს 18464 ლარი აუნაზღაურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო შემთხვევის აქტი.
3.1.5. სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული არ იქნა 16094,83 ლარი, რაც წარმოადგენს შემდეგი მყიდველების: შპს „პ-------------ს“, შპს „ჩ---ს“, ი/მ ნ---------------ს, ი/მ ბ-------–------- და ი/მ ლ--–--–------- გადაუხდელ თანხას დამზღვევის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საბუღალტრო ჩანაწერებიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სახეზეა სადაზღვევო ხელშეკრულების დანართის (მოკლე ინსტრუქციის) პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობა, რაც გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის არსებობას და თანხის ანაზღაურებას.
ელექტრონულ მიმოწერაში სადაზღვევო კომპანიამ განუმარტა დამზღვევს, რომ ანაზღაურდა ზიანის ის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებდა დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და ამავე ხელშეკრულების დანართის პირველ ნაწილს. აღნიშნული პუნქტი მოიცავს ორი გარემოების არსებობას: ა) არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და ბ) გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება. გამოცდილებასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და განმარტა, რომ უარი მხოლოდ სავაჭრო ფართის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობას ემყარებოდა. ამავე დროს, არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში ორგანიზაციის მისამართის მითითება ავტომატურად არ გულისხმობს ამ მისამართზე არსებული ფართის საკუთრების ან იჯარის უფლებით ფლობას ან ამ მისამართზე ოპერირებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის წერილით, ასევე სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ დასახელებული 5 საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლიდან. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა.
ამდენად, რეგისტრაციისას მისამართის, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი რეკვიზიტის მითითება გულისხმობს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, საწარმო საქმიანობას სწორედ ამ მისამართზე განახორციელებს, იქნება ეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, იჯარით თუ სამართლებრივად სხვა ფორმით გადაცემული. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ თუკი მოპასუხისთვის სადავო არაა ამ სუბიექტების მუშაობის სამთვიანი გამოცდილების არსებობა, ფაქტია, რომ მუშაობის გამოცდილება ამ სფეროში საქმიანობის გარეშე არ არსებობს, მით უფრო რომ ამ კომპანიებს მოსარჩელე აწვდიდა სხვადასხვა სახეობის კვებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ხოლო რეალიზაცია ამ საქმიანობისთვის შესაბამისი ადგილის გარეშე წარმოუდგენელია.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაზღვევის ხელშეკრულების დანართის პირველი ნაწილის საფუძველზე ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის წერილი;
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ქ--------–----------------–------------------–-----------ს“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სს სადაზღვევო კომპანია ა-–----მა უარი განაცხადა მოსარჩელის სასარგებლოდ 16094,83 ლარის ანაზღაურებაზე. უარი დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ დამზღვევი ვერ ადასტურებდა კლიენტების მხრიდან სავაჭრო ფართის ფლობას (იქნებოდა ეს საკუთრების უფლებით ფლობა თუ დაქირავება).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს/ინდ. მეწარმის უწყვეტად რეგისტრაცია, ამავდროულად რეგისტრაციის დროს იურიდიული მისამართის მითითება და სამუშაო გამოცდილების ქონება ავტომატურად გულისხმობდა გარკვეულ მისამართზე (კონკრეტულ შემთხვევაში რეგისტრაციის მისამართზე) მეწარმე სუბიექტის ოპერირებას - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ამავდროულად, ვინაიდან მოსარჩელე ახდენდა დასახელებული სუბიექტებისთვის კვებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიწოდებას, მათი შემდგომი რეალიზაცია თავისთავად მოითხოვდა სავაჭრო ფართის ქონას.
აღნიშნული გარემოება კი საკმარისი საფუძველია, რომ დამზღვევმა სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 483 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი სახლემწიფო ბაჟი შეადგენს 482,84 ლარს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 482,84 ლარის ანაზღაურება. ხოლო დარჩენილი 0,16 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.
7.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ქ--------–----------------–------------------–-----------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----"-ს შპს ,,ქ--------–----------------–------------------–-----------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 16094.83 ლარი.
3. სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----"-ს შპს ,,ქ--------–----------------–------------------–-----------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 482.84 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. შპს ,,ქ--------–----------------–------------------–-----------" (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 01.02.2019 წელს სს ,,თიბისი ბანკში” (საგადასახადო დავალება N0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 483 ლარიდან - 0.16 ლარი (თექვსმეტი თეთრი), (გადამხდელი - კ---------------, პ/ნ 6----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე