გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310118002377705
N3/36-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.05.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: შპს ,,ფ----------’’,წარმომადგენლები: კ-----------------, გ---------------–-–---–-,მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ;
წარმომადგენელი: ი----------------–---–-,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-15-156/0 ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა შპს ,,ფ----------ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების" მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/11/04, რომლითაც შპს ,,ფ----------“ დაეკისრა ჯარიმა 642 060.20 ლარის ოდენობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/11/04 მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) მიერ 2018 წლის 05 მარტს მიღებული იქნა №05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 22 ნოემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა შპს ,,ფ----------ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების" მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/11/04, რომლითაც შპს ,,ფ----------“ დაეკისრა ჯარიმა 642 060.20 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/11/04;
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/11/04 მოსარჩელემ გაასაჩივა სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-2018 წლის 02 მარტის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი;
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) მიერ 2018 წლის 05 მარტს მიღებული იქნა №05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 მარტის N04/16792 გადაწყვეტილება.
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის №04/16792 გადაწყვეტილებით შპს ,,ფ----------ს“ 09 თებერვლის N13647 და 2018 წლის 02 მარტის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს - შპს ,,ფ----------“ განემარტა, რომ უფლებამოსილია, საჯარიმო სანქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული თანხა ან მისი დარჩენილი ნაწილი. ამასთან, მიეთითა საბანკო მონაცემები უკან დასაბრუნებელი თანხისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმების გადახდის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 მარტის N04/16792 გადაწყვეტილება.
3.1.5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შპს ,,ფ----------ს" სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის შპს „ფ----------ს“ მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/04, რომლითაც შპს „ფ----------“ დაეკისრა ჯარიმის სახით 642 060.20 ლარის გადახდა - ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო; განჩინება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველი. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება;
3.1.6. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, მოპასუხემ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ,,2017 წლის 22 ნოემბრის N 2017/22/11/04 აქტი ვერ წარმოშობდა ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანს წარმოადგენდა და N2017/22/11/04 აქტი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს“.
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ ,,სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენი ელექტრონული ანგარიშების ფორმის წარმოების დარღვევის შემთხვევაში გეგმიური ამბულატორიული დაფინანსება ძირითადი და დამატებითი კონტიგენტისთვის გათვალისწინებული იყო პროგრამის ამოქმედებისთანავე. ბრძანების მოთხოვნებს აქვს სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა. კერძოდ, ძირითადი კონტიგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში რეგისტრირებული ბენეფიციარის ჯამური ოდენობა, რომელთა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართზე დაფიქსირებულია ქალაქი ან დაბა, ხოლო დამატებითი კონტიგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებულ ბენეფიციართა ჯამური ოდენობა, რომელთა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი. ოპერატორი ვალდებულია მოდელში ინფორმაცია შეიყვანოს სათანადოდ შევსებული და მოსარგებლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის ფორმის საფუძველზე. არასწორად რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება გაუქმებას და ხელახალ რეგისტრაციას. 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანებით ცალსახად იქნა გადმოცემული ძირითადი და დამატებითი კატეგორიის განსაზღვრება. მიმწოდებლის მსჯელობა აღნიშნული უზუსტობის შესახებ არამართებულია, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ყველა შემთხვევაში რეგისტრაციას ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თანხმობის ფორმაში“.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის მიღების დროს არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ფ----------ს“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-15-156/0 ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში; დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.3. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
6.4. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო). ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
6.5. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება. მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).
6.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის მე-2 პუნქტით სადაოდ გახადა შემდეგი საკითხი: კერძოდ, სააგენტომ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ 4447 ბენეფიციარი (8273 ჩანაწერი) დარეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, თუმცა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი. მოსარჩელის განმარტებით (იხ.ადმინისტრაციული საჩივარი) კი 4447 ბენეფიციარის მიერ მითითებული მისამართები წარმოადგენენ მათი რეგისტრაციის მისამართს და არა ფაქტობრივს, ხოლო ძირითად კონტიგენტში მათი განთავსება მოხდა სწორედ მათი ფაქტობრივი მისამართის გამო, რომელიც მდებარეობს ქალაქში. კანონის მოთხოვნას კი წარმოადგენს ბენეფიციარის დარეგისტრირება შესაბამის კონტიგენტში მისი ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. მათივე მითითებით სააგენტოს მიერ 8273 ჩანაწერის კანონსაწინააღმდეგოდ ცნობა არაა მართებული. ამასთან, 2016 წლის შემდეგ სააგენტოს მიერ მოხდა ელექტრონული პროგრამის განახლება, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ თვითონ ადგენს ბენეფიციარის მისამართსა და კონტიგენტს, შესაბამისად, ამ სახის დარღვევები აღარ არსებობს.
ადმინისტრაციული საჩივრის მე-3 პუნქტით მოსარჩელემ სადაოდ გახადა შემდეგი საკითხი: სააგენტომ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2190 შემთხვევაში (3988 ჩანაწერი) თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი. მოსარჩელის მითითებით (იხ.ადმინისტრაციული საჩივარი) თანხმობის ფორმის შევსებას თან ახლდა პირადობის მოწმობის ასლები, თუმცა ზოგიერთი ვერ იქნა მოძიებული იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19ნ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებით გაწერილია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის, ბენეფიციარის თანხმობის ფორმის შევსების კრიტერიუმები, რომელიც 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანებით შესულ ცვლილებამდე არ იცნობდა მკაცრი აღრიცხვის ფორმის შენახვის კონკრეტულ ვადას. ანალოგიურად ვერ მოხერხდა 731 შემთხვევაში (1498 ჩანაწერი) თანხმობის ფურცლების მოძიება (ადმინისტრაციული საჩივრის მე-4 პუნქტი), რადგან მათი შენახვის ვალდებულება 2017 წლის 02 აგვისტომდე ორგანიზაციას არ გააჩნდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის მე-5 პუნქტში მითითებულ გარემოებას - 68 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები იყო გადასწორებული, აღნიშნულს მოსარჩელე სადაოდ არ ხდიდა, თვითონვე ადასტურებდა, თუმცა განმარტავდა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მექანიკურად, რადგან მათი შევსება ხდებოდა თავად ბენეფიციარების ან დაწესებულების თანამშრომლის მიერ ბენეფიციარის კარნახით.
6.7. გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ პროგრამის ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები და ფორმალურად მიუდგა საკითხს. დაადგინა მხოლოდ ის გარემოება, რომ - 4447 ბენეფიციარი (8273 ჩანაწერი) დარეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, თუმცა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი; 2190 შემთხვევაში (3988 ჩანაწერი) თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 731 შემთხვევაში (1498 ჩანაწერი) ვერ მოხერხდა თანხმობის ფურცლების მოძიება; 68 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები იყო გადასწორებული - თუმცა აღნიშნულ საკითხს დეტალური შეფასება არ მისცემია არც გასაჩივრებულ აქტის შინაარსსა და არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის №05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილების შინაარსში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულად არ აღუწერია და ცალკეულ შემთხვევისთვის შეფასება არ მიუცია ზემოთ მითითებული გარემოებებისათვის.
6.8. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 9-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. დასახელებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. 151-ე მუხლის მე-4 პუნქტით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება.
6.9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახსნა-განმარტებები მიმწოდებლისგან, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება არ მოუხდენია, რისი უფლებამოსილებაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია დასახელებული ნორმების საფუძველზე. მოპასუხეს ყველა სადავო შემთხვევაში არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.11. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-15-156/0 ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება.
კერძოდ, მართალია შპს ,,ფ----------ს“ შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 4447 ბენეფიციარი (8273 ჩანაწერი) დარეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, თუმცა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი; 2190 შემთხვევაში (3988 ჩანაწერი) თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 731 შემთხვევაში (1498 ჩანაწერი) ვერ მოხერხდა თანხმობის ფურცლების მოძიება; 68 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები იყო გადასწორებული, მაგრამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მოპასუხის მიერ თავდაპირველ ეტაპზევე არ შემოწმდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ გამოვლინდა დოკუმენტაციის წარმოებისას არსებული ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნულის განხორციელებისას კი მოსარჩელე გამოასწორებდა ხარვეზს.
6.12. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/22/11/04 შპს ,,ფ----------ს“ მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) მიერ 2018 წლის 05 მარტს მიღებული იქნა №05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ზოგ შემთხვევაში მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელებულია ამისათვის საჭირო პროგრამით გათვალისწინებული თანხმობის ფორმების გარეშე, ზოგ შემთხვევაში თანხმობის ფორმებს არ ახლდა პირადობის მოწმობების ასლები, მოსარგებლე დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში.
6.13. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი)
სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მოთხოვნაზე შპს ,,ფ----------ს" მიმართ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ წარმოშობს ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს.
6.14. საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
6.15. სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან, სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით, ამ პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ფ----------ს“ (ს.კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №045-15-156/0 ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
3. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს.კ 2--------) მოსარჩელე შპს ,,ფ----------ს“ (ს.კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ელენე ოსაძე