გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
140310017002076822
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017002076822

საქმე №3/238-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო გერგაული

სხდომის მდივანი - ნინო არაბული

მოსარჩელე: გ------- ც---–---ე

წარმომადგენელი: ააიპ ,,ს----------–--ს დ--------------–- ი--–------ის” იურისტი -თ---------- ს-----ე

მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელები: თ----- ე–----–---–ი

მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი

წარმომადგენელი: თ-------- ფ----------ე

მოპასუხეები - ს------ ჟ------–---–ი, ნ-------- ს-----–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს დაევლოთ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 1(ერთი) ლარის ოდენობით. სულ 101(ას ერთი) ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გიორი ც---–---ე ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზ--------–---ში. 2017 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე, იგი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილ ,,გაზელს“, სახელმწიფო ნომრით - ,,5-- V-. მის გვერდით იჯდა მეუღლის ძმა - ი----- თ----ე. აღნიშნული მანქანა გააჩერეს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (ასკ-ის 173-ე მუხლი) ორივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს გორის რაიონის სოფელ ა---–------–ის პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის შენობაში, გ------- ც---–---ემ უარი განაცხადა მისაღებიდან სხვა ოთახში გადასვლაზე, ვინაიდან, მისაღებში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები. გ.ც---–---ის აღნიშნულმა ქმედებამ პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია და ერთ-ერთმა - ს------ ჟ------–---–მა ძალის გამოყენებით შეიყვანა პირველ სართულზე მდებარე სხვა ოთახში, სოსო თ----ე კი დატოვა მისაღებში. ოთახში შესვლისთანავე, პოლიციელმა ს------ ჟ------–---–მა გ.ც---–---ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, მან გ.ც---–---ეს დაახრევინა თავი და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში. ამ დროს ოთახში შემოვიდა პოლიციელი, ვინმე ს-----–---–ი, რომელმაც გ.ც---–---ეს დაუწყო ცემა. შემდეგ, ორივე პირი შეასახლეს გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც სასარჩელო განცხადების მიხედვით: გ.ც---–---ეს ჰკითხეს, თუ სად მიიღო დაზიანებები, თუმცა მან ამ კითხვას პასუხი არ გასცა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ დაზიანებები შესაძლოა არ იყო გამოკვეთილი იზოლატორში შესახლებისას და შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდა. რასაც ადასტურებს მოწმის ი----- თ----ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება. იმ დროს, გ.ც---–---ეს მარჯვენა თვალზე ჰქონდა სისხლჩაქცევა, ტუჩის შიდა ნაწილი გახეთქილი, ხოლო მარჯვენა ფეხის ცერა თითი შესიებული. მეორე დღეს, დილის საათებში, გ.ც---–---ე გადაიყვანეს გორის რაიონულ სასამართლოში. გზაში, ერთ-ერთმა თანმხლებმა პოლიციელმა მას უთხრა, რომ მართვის მოწმობას დაუბრუნებდა, თუ არ იჩივლებდა და არ განაცხადებდა პოლიციის შენობაში მომხდარი ცემის ფაქტებს. პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლემ შეამჩნია ც---–---ის სახეზე დაზიანებები და დაინტერესდა მათი წარმოშობით, თუმცა გ.ც---–---ემ უპასუხა, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო. გ.ც---–---ის ეს განცხადება უკავშირდება პოლიციელთა ზემოაღნიშნულ დაპირებას. დაზიანებების შესახებ მოსამართლემ ორჯერ დასვა შეკითხვა, რაც ასახულია სხდომის ოქმში, 0-:37 და 07:35 წუთზე. გ.ც---–---ეს დაკავების ოქმზე ან სხვა დოკუმენტზე პოლიციის განყოფილებაში ხელი არ მოუწერია. პოლიციის თანამშრომლებს მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.

გ.ც---–---ემ 2017 წლის 23 თებერვალს მიმართა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს და ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩასატარებლად გ.ც---–---ემ გადაიხადა 1-0 ლარი. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მას მიღებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული დაზიანებები დროში არ ეწინააღმდეგება მის პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს.

მომხდარზე, გ.ც---–---ემ მიმართა პროკურატურას და მოითხოვა დაწყებულიყო გამოძიება გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ, ჩადენილი უკანონო ქმედების ფაქტზე. გ.ც---–---ის განცხადების საფუძველზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ გ.ც---–---ის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლით. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შემჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მოსარჩელის წარმომადგენელმა ითხოვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს კონკრეტულად არ აქვთ ბრალეულობა, თუმცა მოსარჩელე დაკავებისას, შესახლებისას და შემდეგ სასამართლოში გადაყვანისას იმყოფებოდა პოლიციის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ მიიღო დაზიანებები და ამიტომ უნდა დაეკისროთ პასუხიმგებლობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1.მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თ----- ე–----–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 19 თებერვალს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის V განყოფილების(ა---–-------–ი) მოსამსახურეები კ------- გ------–---–ი და ს------ ჭ---–-----ე სამსახურეობრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ გორის რაიონ სოფელ ა---–------–ის ტერიტორიაზე, რა დროსაც საავტომობილო გზაზე შეხვდათ ,,გაზელის“ მარკის ავტომანქანა. გადამოწმების მიზნით, მათ მიერ გაჩერებულ იქნა აღნიშნული ავტომანქანა, რა დროსაც გაირკვა, რომ ავტომანქანას მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ც---–---ე, ხოლო მასთან ერთად იმყოფებოდა ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი----- თ----ე. შემოწმების დროს მათ პოლიციის მოსამსახურეების მიმართ გამოხატეს აშკარა აგრესია, გ.ც---–---ემ უარი განაცხადა სიმთვრალე-სიფხიზლის ტესტზე შემოწმებაზე, რის გამოც იგი პოლიციელის კ------- გ------–---–ის მიერ დაჯარიმებულ იქნა ს----------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შემდეგ, გ.ც---–---ე და ი.თ----ე უფრო აგრესიულები გახდნენ პოლიციის თანამშრომლების მიმართ, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ისინი დაკავებულები იქნენ ს----------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და გადაიყვანეს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის V განყოფილებაში (ა---–-------–ი), ხოლო შემდეგ მოათავსეს შიდა ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

2017 წლის 20 თებერვალს, გ.ც---–---ე და ი.თ----ე პოლიციის მომსახურების მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით გადაყვანილნი იქნენ გორის რაიონულ სასამართლოში. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის N4/1---17 დადგენილებით გ.ც---–---ე და ი.თ----ე ცნობილ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ასკ-ს 173-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მოსარჩელესთვის მიყენებული მატერიალური ზიანის 100(ასი) ლარის და მორალური ზიანის 1(ერთი) ლარის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის პოზიცია ემყარება სამხარაულის დასკვნას, სადაც წერია, რომ ც---–---ეს ჰქონდა დაზიანებები და პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, თავისთავად, ეს ორი გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს იმის საფუძვლად, რომ მოპასუხეების მხრიდან წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გ.ც---–---ის მიმართ, ვინაიდან, ფაქტზე გამოძიების დაწყება თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ პოლიციელების მხრიდან დადასტურდა გ.ც---–---ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი. გარდა ამისა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი არ არის მიზეზობრივი კავშირი გ.ც---–---ის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და პოლიციელების ქმედებას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება) თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე და ბრალეული პირის დადგენამდე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მოქალაქე გ.ც---–---ის მიმართ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანში გულისხმობს მისი ფიზიკური დაზიანებების დასადგენად დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში გადახდილ თანხას 100(ასი) ლარს, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ითხოვს 1(ერთი) ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის განმარტებიდან ჩანს, რომ პირს ვალდებულება ეკისრება მისი ქმედების შედეგად სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის და არა ამ ზიანის დადგენისთვის გამოყენებული ხარჯების ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს იმ ექსპერტიზის დასკვნაში გადახდილი თანხის ანაზღაურებას, რითაც დგინდება მის სხეულზე არსებული დაზიანებები და არა იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მოსარჩელეს მიადგა, როგორც თავად აღნიშნავს, პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს პოლიციის მოსამსახურეების მხრიდან მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას, თუმცა განმარტებული არ აქვს, თუ რითი და რა სახის მორალური ზიანი მიადგა პოლიციელების ქმედების შედეგად მოქალაქე გ.ც---–---ეს და ასევე რა პრინციპით დადგინდა მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა გ.ც---–---ისთვის მოპასუხეების მხრიდან მიყენებული მატერიალური ზიანის 100(ასი) ლარის და მორალური ზიანის 1(ერთი) ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ შესაძლოა გ------- ც---–---ეს იზოლატორიდან გამოსახლების შემდგომ სასამართლოში წარდგენამდე გამოესახა სახეზე მანამდე მითითებული სავარაუდო დაზიანებები, რომელიც შესაძლოა მიიღო დაკავების დროს, პირდაპირპროპორციული ძალის გამოყენებისასაც, რასაც ასევე თავად უთითებს ექსპერტიზის დასკვნაში.

 

2.2 მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი თ-------- ფ----------ე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, დაეთანხმა მოპაუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის თ----- ე–----–---–ის პოზიციას და მიუთითა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მე-9-10 გვერდებზე წარმოდგენილია დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმი, სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავების ოქმზე ან სხვა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გ.ც---–---ეს ნამდვილად აქვს დოკუმენტებზე ხელი მოწერილი და ეთანხმება მასში მოყვანილ ყველა გარემოებას, კერძოდ, შესახლებისას, 2017 წლის 20 თებერვალს, 0-:12 წუთზე, დასტურდება, რომ გ.ც---–---ეს არ აღენიშნება არანაირი სახის დაზიანება, აგრეთვე მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, რასაც გ.ც---–---ე ადასტურებს ხელმოწერით. შესაგებლის მე-10 გვერდზე წარმოდგენილია გამოსახლების დრო, 2017 წლის 20 თებერვლის 1-:23 საათი, არც აღნიშნულ დროს არ გააჩნდა გ------- ც---–---ეს პრეტენზიები ან რაიმე სახის დაზიანებები, რაც დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით. მხარე სარჩელში უთითებს, რომ ორივე პირი შეასახლეს იზოლატორში, სადაც გ.ც---–---ეს ჰკითხეს თუ სად მიიღო დაზიანებები, რაზეც მან პასუხი არ გასცა. პროცესზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იზალატორში შესახლებისას გ.ც---–---ეს არ აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, რაც ეწინააღმდეგება სარჩელში წარმოდგენილ გარემოებებს და ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არათანმიმდევრულია მოსარჩელე და გამორიცხავს, მის სარწმუნოობას. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

უფრო მეტიც, არ არსებობს ზიანი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე, რაც ნიშნავს რომ მას არ მიდგომია ზიანი. ამასთან, ზიანის მიდგომის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი არის მოსარჩელეზე და არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად. ამ გარემოებათა გათვალსწინებით მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.3 მოპასუხე ნ-------- ს-----–---–ის განმარტებით, 2017 წლის 19 თებერვალს, იგი თანამშრომელ ს------ ჟ------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე, რა დროსაც სტაციონალურ რადიოსადგურზე გამოვიდა ხმა, რომ პოლიციის ეკიპჟის მეორე ჯგუფი ითხოვდა დახმარებას. ისინი დაუყოვნებლივ წავიდნენ მათი მიმართულებით. აღნიშნულ ადგილზე გაჩერებული იყო ,,გაზელის“ მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლიც გადმოსული იყო ავტომანქანიდან. მას ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო, როგორც შემდეგ გაირკვა მეუღლის ძმა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი, გამოიწვია ამ ორი პიროვნების გაღიზიანება, ისინი გამოხატავდნენ აშკარა აგრესიას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, არ ემორჩილებოდნენ მათ არაერთ კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, რის შემდეგაც დაკავებულნი და გადაყვანილნი იქნენ ჯერ გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, სადაც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო მომდევნო დღეს გორის რაიონულ სასამართლოში. გ.ც---–---ისთვის პოლიციის თანამშრომლებს არანაირი სახის დაზიანება არ მიუყენებიათ, დაკავებისას მის მიმართ გამოყენებული იქნა პირდაპირპროპორციული ძალა, რასაც არ მოჰყოლია დაზიანებები.

 

2.4 მოპასუხე ს------ ჟ------–---–ი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მან განმარტა, რომ მათი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იყო პირდაპირპროპორციული ძალა. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება, დაზიანებას გ.ც---–---ე ადგილზე შეამოწმეს ალკოტესტზე, მას დაუფიქსირდა ალკოჰოლური თრობის მაღალი პროცენტი და შესაძლოა, ეს დაზიანება დაკავებამდეც მიიღო.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2017 წლის 19 თებერვალს მოსარჩელე გ------- ც---–---ე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) და გადაიყვანეს გორის რაიონული სამმართველოს ა---–------–ის განყოფილებაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №ბი0--------, მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დაკავებისას გ------- ც---–---ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №ბი0--------;

 

3.3. 2017 წლის 20 თებერვალს, მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლო იხილავდა გ------- ც---–---ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საკითხს, მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 20 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს 4/1---17 საქმეზე მიღებული დადგენილების სხდომის ოქმი;

 

3.4. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის საასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 თებერვლის №5--------- დასკვნის თანახმად, გ------- ც---–---ეს შემოწმების მომენტისთვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიაკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ამ შემთხვევაში გ.ც---–---ის პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს. საქმის გარემოებებში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით 19.02.17წ. 21-დან 22 საათამდე (ზუსტი დრო არ ახსოვს) ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას, გააჩერეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. მოხდა ურთიერთშელპარაკება მათ შორის, რა დროსაც გ.ც---–---ემ მიიღო სხეულის დაზიანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №5--------- დასკვნა;

 

3.5. 2017 წლის 20 თებერვლის შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმით, ირკვევა, რომ გ------- ც---–---ე 2017 წლის 20 თებერვალს 0-:0- წუთზე შესახლებული იქნა შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. შეყვანილი იქნა შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ. 2019 წლის 20 თებერვალს, 0-:12 წუთზე შემოწმებისას, მას სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და პრეტენზია არ გააჩნდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 20 თებერვლის შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი;

 

3.6. დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმის მიხედვით, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 20 თებერვალს, 0-:04 საათზე, პაციენტმა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაკავებული პირს სამედიცინო შემოწმების ფორმა;

 

3.7. პაციენტის გასინჯვის ფურცლის (დღიური) მიხედვით 2017 წლის 20 თებერვალს, 1-:23 საათზე პაციენტი გადაყვანილი იქნა სასამართლო პროცესზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

პაციენტის გასინჯვის ფურცელი (დღიური);

 

3.8. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოქლო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები;

 

3.9. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს არ დაკმაყოფილდა 2017 წლის 25 აგვისტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შესული გ------- ც---–---ის ადვოკატის ე--------- მ------–---–-- საჩივარი სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გ------- ც---–---ის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლობის გამო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 25 აგვიტოს დადგენილება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე მუხლის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- ც---–---ე 2017 წლის 19 თებერვალს 2-:1- საათზე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, დაკავების ოქმით ირკვევა, რომ დაკავებისას გ------- ც---–---ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა;

 

საქართვეელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

 

დადგენილია, რომ გ------- ც---–---ე 2017 წლის 20 თებერვალს 0-:0- საათზე შესახლებული იქნა შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. შეყვანილი იქნა შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ. მას შეყვანისას სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და პრეტენზია არ გააჩნდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №423-ე ბრძანების თანახმად, იზოლატორი არის განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურულ ერთეულს. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, მოსათავსებელი პირი იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დოკუმენტირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე.

 

დადგენილია, რომ გ------- ც---–---ე ქ.გორის შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებული იქნა 2017 წლის 20 თებერვალს, 0-:0- საათზე, მისი გარეგნული დათვალიერება მოხდა 0-:12 საათზე. აღნიშნულ ოქმში აღინიშნა, რომ გ------- ც---–---ეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამავე იზოლატორის პაციენტის გასინჯვის ფურცლიდან დგინდება, რომ გ------- ც---–---ე იზოლატორიდან სასამართლოში გადაყვანილი იქნა 2019 წლის 20 თებერვალს, 1-:23 საათზე, აღნიშნულ ფურცელზე არ არის გაკეთებული მითითება, პაციენტის (გ------- ც---–---ის) ჩივილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 თებერვალს, მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლო იხილავდა გ------- ც---–---ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საკითხს, მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება.

 

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №5--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ გ------- ც---–---ეს შემოწმების მომენტისთვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიაკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, ამ შემთხვევაში გ.ც---–---ის პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა პოზიციას, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს გ------- ც---–---ე 2017 წლის 19 თებერვალს, 2- საათსა და 1- წუთზე, ამ დროიდან იგი იმყოფებოდა ჯერ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების, ხოლო შემდგომ - 2019 წლის 20 თებერვლის 0-:0- საათიდან, მას შემდეგ რაც იგი შეასახლეს შსს დროებითი მოთავსების ქ. გორის იზოლატორში, უკვე იზოლატორის თანამშრომლების სრული ზედამხედველობის ქვეშ, მისი გამოსახლების შემდგომ კი დადგინდა, რომ სასამართლო სხდომაზე 2017 წლის 20 თებერვალს, მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლო იხილავდა გ------- ც---–---ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საკითხს, მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, ხოლო შემდგომ აღნიშნული დაზიანების არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების ახსნა-განმარტებას, რომ დაზიანების შესახებ არასათანადო რეაგირება მხოლოდ დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებულის დაზიანების არსებობის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, სადაც უნდა აღინიშნოს თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები სახელმწიფო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა პირმა. ამგვარი ოქმი არ წარმოდგენილა სასამართლო სხდომაზე და ვერ გაიზიარებს ასევე შენიშვნას, რომ სასამართლოში გამოესახა სახეზე დაზიანებები. ამ პერიოდში პოლიციელები უწევდნენ ბადრაგირებას და ზედამხედველობას გ.ც---–---ეს და მათი მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობის და მათ მიერ მიცემული განმარტების შეფასებით. როდესაც პოლიციის მიერ დაკავებისას, პირი ჯანმრთელია, ხოლო განთავისუფლებისას მას აღმოაჩდება დაზიანებები, სახელწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული; უფრო მეტიც, როდესაც სადავო შემთხვევები, მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, ჩნდება ძლიერი ეჭვები ამ პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით. (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“).

 

ევროპული სასამართლო სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს მტკიცების ტვირთს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტების წარდგენაზე, ამიტომ

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ გ------- ც---–---ეს შსს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსახლების შემდგომ გორის რაიონულ სასამართლომდე გადაყვანისას გამოესახა სახეზე ის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა მან მიიღო დაკავებამდე ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ან დაკავებისას, მის მიმართ პირდაპირპროპორციული ძალის გამოყენებისას. ამგვარი განმარტება არ არის სარწმუნო და არ წარმოდგენილა მტკიცებულება შესაბამისი ოქმის სახით, რომელიც უნდა შეედგინა იმ პირებს ან ორგანოს, ვინც პასუხს აგებდა დაკავებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სადაც ახსნილი იქნებოდა მითითებული მიზეზები ან თუნდაც მათ შორის მის მიერ თვითდაზიანების მიყენება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, აღნიშნავს, რომ გ.ც---–---ის დაკავების მომენტიდან, სასამართლოში წარდგენამდე მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ შემთხვევაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში შსს დროებითი მოთავსების იზოლატორს, ვინაიდან მათ კანონით დადგენილი წესით ეკისრებათ დაკავებული პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულება, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების ვალდებულებაც.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ხოლო მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი, ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს, ამასთან დაცული უნდა იყოს მისი ფიზიკური ხელშეუხებლობა.

ამასთან, სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში მოსარჩელის პოზიციას, იმის შესახებ, რომ გ------- ც---–---ეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს უშუალოდ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელებმა - ს.ჟ------–---–მა და ნ.ს-----–---–მა, აღნიშნულის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არ არის დასრულებული. მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვისას კი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იქნა წარმოდგენილი. აგრეთვე გასათვალისწინებელია, დაკავებულის დაზიანებათა შესახებ სავალდებულოა აღნიშვნა როგორც დაკავების ოქმში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი წარდგენისას, რაც თავისთავად წარმოადგენს დამკავებელი პოლიციელების ქმედებათა შემოწმების და კონტროლის საშუალებას. იზოლატორში შესახლებისას არ იქნა გამოვლენილი დაზიანებები და საყურადღებოა ამ მხრივ მოსარჩელის პოზიცია, რომელიც იზოლატორის თანამშრომლების პირდაპირ და უშუალო ბრალეულობას არ აყენებს. გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს, რომ შესაძლოა შესახლების შემდეგ გახდა შესამჩნევი დაზიანებები. მხოლოდ ვარაუდით სასამართლო ვერ დაადგენს პოლიციელების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და მათ ბრალს.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მოსარჩელე დაზიანებების მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა გარემოებას უთითებდა, კერძოდ, სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას ჰქონდა დაზიანებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დაასახელა, რომ დამკავებელ პოლიციელებთან მოუვიდა ურთიერთშელაპრაკება და მათ დააზიანეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის პოზიციით შესაძლოა არ ეტყობოდა სახეზე დაზიანებები და იზოლატორში შესახლების შემდეგ დაემჩნა. ამ პოზიციის არათანმიმდევრულობა ნაკლებ სარწმუნოს ხდის მის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ წარმოდგენილა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომ პოლიციელებმა მიაყენეს დაზიანებები, რაც სასამართლოს ართმევს მისი გაზიარების შესაძლებლობას. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ მას შეპირდნენ პოლიციელები მართვის უფლების აღდგენას და ამიტომ სასამართლო სხდომაზე არ თქვა სინამდვილეში როგორ მიიღო დაზიანება, აღსანიშნავია, რომ დამკავებელ პოლიციელებს ანუ მოპასუხეებს, მასთან დაკავების შემდეგ შეხება არ ჰქონიათ და სხვა პირებმა მიიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში. ამიტომ ნაკლებ სარწმუნოა და სასამართლო არ თვლის დამაჯერებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიული შინაარსი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის, სასაამართლომ მიიჩნია, რომ უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიაას, რომელიც უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, პიროვნების, მისი სუბიექტური დამოკიდებულების და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა გამოიხატება იმ ნორმათა და მითითებათა გაუთვალისწინებლობასა და დარღვევაში, რომლებიც უნდა იცოდეს შესაბამისი ქმედების განმახორციელებელმა პირმა/ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, რის გამოც განიცადა სულიერი ტანჯვა და მიადგა მორალური ზიანი. მორალური ზიანის ოდენობას სასამართლო წყვეტს ყოველი ინდივიდუალურ გარემოებების მიხედვით: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება და სხვა. ამ შემთხვევაში მოსარჩელე სიმბოლურ თანხას 1 ლარს ითხოვს და სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში ქონებრივი ზიანის მოთხოვნის, ისევე როგორც არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა ორგანოების ზედამხედველობის პერიოდში, გ------- ც---–---ისთვის მიყენებული დაზიანებები, ასევე მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ გ------- ც---–---ის დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინაღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ამ შემთხვევაში გ.ც---–---ის პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

6.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ც---–---ეს მიადგა ზიანი ადმინისტრაციული ორგანოების, ამ შემთხვევაში კი შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ხოლო შემდეგ შსს დროებითი მოთავსები იზოლატორის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მოსარჩელეს სახეზე არსებული დაზიანებები ვიზუალურად გამოხატულიყო ქ.გორის შსს დროებითი მოთავსების იზოალტორიდან სასამართლოს შენობაში გადაყვანის დროს და ეს დაზიანებები არსებობის შემთხვევაში შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი დაკავების ან იზოლატორში შემოწმების დროს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მან იზოლატორში შესახელებისას გაიარა სამედიცინო შემოწმება. ამასთან, თუკი ასეთ დაზიანებებს ჰქონდა ადგილი, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული დაკავების ან შემდგომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ამსახველ დოკუმენტში. ან დაზიანების ამსახველ სხვა ნებისმიერ ოქმში, რომელშიც დაზიანების მიზეზი იქნებოდა მითითებული. ამდენად, მოსარჩელისთვის სასამართლოს მიერ რეალიზებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტიუციის მე-9 მუხლით გარანტირებული უფლება და მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და ს----------–--ს შინაგაან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის მხრიდან სოლიდარულად უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანის 100 (ასი) ლარის ოდენობით და ასევე მორალური ზიანის 1(ერთი) ლარის ოდენობით. სულ 101(ას ერთი) ლარი.

 

რაც შეეხება მოპასუხეებისთვის - ს------ ჟ------–---–ის და ნ-------- ს-----–---–ისთვის ზიანის დაკისრების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში სარჩელი ვერ იქნება დაკმაყოფილებული, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გაემოებების, მხარეთა-ახსნა-განმარტებების და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არ დგინდება უშუალოდ მათ მიერ გ------- ც---–---ისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააერთო სასაამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზააციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.

ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან საახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლები და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ------- ც---–---ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ს------ ჟ------–---–ის და ნ-------- ს-----–---–ის მიმართ, ზიანის ანაზაღაურების დაკისრების დავალების შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაევალოთ სოლიდარულად გ------- ც---–---ისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 100 (ასი) ლარის და მორალური ზიანის 1 (ერთი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

3. გ------- ც---–---ის სარჩელი მოპასუხეების - ს------ ჟ------–---–ისთვის და ნ-------- ს-----–---–ისთვის მატერიალური ზიანის სახით 1-0 (ასი) ლარის და მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის გ------- ც---–---ის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოცემულ საქმეზე მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული