განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
140100118002590489
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100118002590489

საქმე #1/315-18 (011070718003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- ფ------–---–ი (დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ----–---–-------–---–-------------–-)

 

ადვოკატი - მ--- გ-------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 7 ივლისს, შუადღით, გ----–-----–-------------–-----------–---–- მდებარე მ--- ნ------ის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე საუბნო გზაზე, მთვრალი დ----- ფ------–---–ი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ--- ნ-------ს, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განაჩენით სსკ-ის 108-ე მუხლით ნასამართლევი დ----- ფ------–---–ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რაც ამოიღეს 2018 წლის 7 ივლისს გ----–-----–-------------–-----------–---–- მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. დაზარალებულმა მ--- ნ-------მ განმარტა, რომ 5 წელია, რაც დ----- ფ------–---–თან შექმნა ოჯახი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. კერძოდ, როდესაც დ----- ფ------–---–ი სვამდა, ჩხუბობდა და ილანძღებოდა, რის გამოც მის მიმართ ორჯერ გაიცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 7 ივლისს, შუადღით, დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლის წინ. იქ მივიდა მთვრალი დ----- ფ------–---–ი. მისი დანახვისას მ--- ნ------- ეზოში შევიდა და კარი მიხურა. დ----- ფ------–---–ი იყო აგრესიული, ხელში დანა ეჭირა, კარზე აბრახუნებდა, ურტყამდა სავარაუდოდ დანას, ყვიროდა, იგინებოდა, ლანძღავდა მ--- ნ-------ს და ემუქრებოდა - არ გაგახარებო. მ--- ნ-------ს მისი მუქარის შეეშინდა, რადგან დ----- ფ------–---–ი იყო მთვრალი და ,,ისეთი პიროვნებაა, შეუძლია ყველაფერზე წავიდეს“. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები - ნ------- და ს------ ნ-------ები, გ------- ნ-------, ნ---- გ---–--–---–ი. მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც განმარტავს, რომ დ----- ფ------–---–ი ემუქრებოდა, რომ დანით მოკლავდა და მოუსწრაფებდა სიცოცხლეს, რა დროსაც მისი სიტყვები აღიქვა რეალურად და შეეშინდა (2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. მ--- ნ------ის დედის - ნ------- ნ------ის განმარტებით, დაახლოებით 5 წელია, რაც მ--- ნ-------მ და დ----- ფ------–---–მა შექმნეს ოჯახი, თუმცა ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2018 წლის 7 ივლისს თვითონ და მ--- ნ------- ეზოს გარეთ ისხდნენ, რა დროსაც იქ მივიდა მთვრალი დ----- ფ------–---–ი. მას სიმთვრალის გამო მოერიდნენ და შევიდნენ ეზოში. დ----- ფ------–---–ი ,,რაღაცას“ ურტყამდა კარს - გამიღეთო, მ---ს ეძახდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა მოკვლით, თავს მოგაჭრიო. მ--- ნ-------ს შეეშინდა - ,,აკანკალდა“ და ცუდად გახდა. ნ------- ნ-------მ დარეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112“-ში, რის შემდეგაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დ----- ფ------–---–ი დააკავეს (2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.3. მოწმე ს------ ნ------ის ჩვენებით, 2018 წლის 7 ივლისს დ----- ფ------–---–ი მათ სახლთან მივიდა მთვრალი. მისი და მ--- ნ------ის კამათის ხმაზე გამოვიდა თვითონაც. მ--- ნ------- დ----- ფ------–---–ს ეუბნებოდა, წასულიყო. მან დაინახა, რომ დ----- ფ------–---–ს ხელში ეკავა დანა, თუმცა მუქარა არ გაუგონია (2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.4. მოწმე გ------- ნ------ის განმარტებით, დაახლოებით 5 წელია, რაც მისი დედა - მ--- ნ------- ცოლად გაჰყვა დ----- ფ------–---–ს, თუმცა ისინი დაშორდნენ უთანხმოების გამო. კერძოდ, როდესაც დ----- ფ------–---–ი თვრებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ--- ნ-------ს. 2018 წლის 7 ივლისს მათ სახლთან მივიდა მთვრალი დ----- ფ------–---–ი, რომელსაც უთანხმოება მოუვიდა მ--- ნ-------სთან. იგი აგინებდა ყოფილ მეუღლეს და ემუქრებოდა - გაგანადგურებო (2019 წლის 8 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.5. მოწმე ნ---- გ---–--–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 7 ივლისს იმყოფებოდა სახლში, ხმაურზე გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი დედამთილი - მ--- ნ------- და დ----- ფ------–---–ი ხმამაღლა საუბრობდნენ. მის ორი წლის შვილს რომ არ შეშინებოდა, ნ---- გ---–--–---–ი შებრუნდა სახლში და ბავშვი გაიყვანა უკანა ოთახში. მას ესმოდა, რომ დ----- ფ------–---–ი აგინებდა მ--- ნ-------ს (2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.6. ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა (2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.7. ბრალდებულ დ----- ფ------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, დ----- ფ------–---–ი დააკავეს 2018 წლის 7 ივლისს, 16:40 საათზე, გ----–-----–-------------–-----------–---–- მდებარე მ--- ნ------ის ბინის ახლოს არსებულ სამანქანო გზის გვერდულთან. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს დანისმაგვარი საგანი (ტ.1, ს.ფ. 5-11);

 

3.8. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ფუთის, წარწერით - ,,დ----- ფ------–---–ის დანისმაგვარი საგანი“ გახსნისას იქ აღმოჩნდა მოსაკეცი დანა, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას (ტ.1, ს.ფ. 163-166);

 

3.9. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განაჩენით, დ----- ფ------–---–ს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა (ტ.1, ს.ფ. 156-159, 128-130); დ----- ფ------–---–ი გათავისუფლდა 2014 წლის 26 სექტემბერს (ტ.1, ს.ფ. 117);

 

3.10. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დ----- ფ------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ----- ფ------–---–ს შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა, სასამართლო და საგამოძებო მოქმედებებში მონაწილეობა. ამჟამად იგი ისეთი ფსიქიკური დაავადებით, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. დ----- ფ------–---–ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი და იძულებით სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს. დ----- ფ------–---–ი ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში (იხ. ტ.2, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია);

 

აღნიშნული დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - დ----- მ--------მ, ვ------- ჟ----–---–---მა, მ------ ფ------–---მ და მ----- ბ-------მ (2019 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.11 ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია დ----- ფ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. გამოკვლეული მტკიცებულებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, დ----- ფ------–---–ი მივიდა მ--- ნ-------სთან სახლში, ეკავა დანა და ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით. პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სწორედ მ--- ნ------ის შეტყობინების გამო, რომლის მიხედვით მის სახლთან დ----- ფ------–---–ი დანით ხელში მივიდა, ,,უბრახუნებს კარზე და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით“ (ს.ფ. 3). ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დანა. დ----- ფ------–---–ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - მკვლელობისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 დ----- ფ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მუქარის ეპიზოდში).

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც კერძო, ასევე - ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიაჩნია, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების ადეკვატური. ცხადია, იგი არ უნდა იყოს წამახალისებელი ბრალდებულისა თუ სხვა პირებისათვის. ამ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ბრალდებულის პიროვნება - იგი ნასამართლევია განზრახ მკვლელობისათვის (რაც მაკვალიფიცირებელი გარემოებაა სსკ-ის 2381-ე მუხლისათვის, მაგრამ დამამძიმებელია მუქარასთან მიმართებით) და არაერთი წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს არ გახდა მისი სათანადო ქცევის საფუძველი და ამჯერად დანის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს. არ არსებობს არცერთი გარემოება, რაც არასაპატიმრო სასჯელის საკმარისობასა და მიზანშეწონილობაზე მეტყველებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მისაღწევად აუცილებელია დ----- ფ------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ფ------–---–ი ცნობილ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დ----- ფ------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

3. მსჯავრდებულ დ----- ფ------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 ივლისიდან;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - დანა - განადგურდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი