გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/30169-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „მ---------------------ი“
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე
მოპასუხე - ე--------- ნ------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ე--------- ნ------------ს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოს დაეკისროს 2016 წლის 26 აგვისტოს სასესხო ხელშეკრულების Nლ--------- საფუძველზე არსებული დავალიანება - სესხის ძირი თანხა - 4230 ლარი, პროცენტი - 2685.01 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე ე--------- ნ------------ს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოს დაეკისროს სააღსრულებლო წარმოების დაწყების ხარჯი 100 ლარის ოდენობით, ასევე გირავნობის მოწმობის გაცემის ხარჯი 50 ლარის ოდენობით.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 26 აგვისტოს ე--------- ნ------------სა და სს „მ---------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nტ-–--------, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 04 მაისს გაიცა სესხის 4230 ლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელის 63.6 % დარიცხვით, კრედიტის ვადა - 36 თვე, გადაცილებაზე პირგასამტეხლო - 0.5% დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ე--------- ნ------------ის კუთვნილი ავტომობილი - „ს----------------------ი“, გამოშვების წელი 2004, სარეგისტრაციო ნომერი L------.
მოგახსენებთ, რომ მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა გრაფიკით განსაზღვრული გადახდების გადახდა. შესაბამისად, სესხი ვადა გადაცილებაშია 2017 წლის 05 ივნისიდან. მოცემული თარიღიდან ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვაც.
მოპასუხე ე--------- ნ------------ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება სააღსრულებლო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2--------8 წ შ--------------------------------ს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2--------8 წ დაიწყო სააღსრულებლო წარმოება იძებნებოდა ავტომობილი, თუმცა, ვერ მოხერხდა მოძიება.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ სარჩელის შემოტანით მხარესთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა და 2018 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას სთხოვს მოპასუხე ე-------- ნ------------ს, რაც შეადგენს სესხის ძირ თანხას 4230 ლარს, პროცენტს - 2685.01 ლარსა და პირგასამტეხლოს - 500 ლარს, რაც მათი მხრიდან უკვე შემცირებული ოდენობითაა მოთხოვნილი.
მხარემ ასევე დააზუსტა, რომ მოპასუხის მიერ შემოტანილი თანხები გადანაწილდა შემდეგნაირად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი დაიფარა 768,74 ლარით, 774 ლარით კი დაიფარა ჯარიმა. ამჟამად, ითხოვს უკვე დარჩენილი ვალდებულების შესრულებას და მოპასუხეზე დარჩენილი ნაშთის დაკისრებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მის მიერ ვალდებულება სრულად იყო შესრულებული, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სესხის ძირი თანხის ნაწილში ვალდებულების არსებობა დაადასტურა და 4230 ლარის ნაწილში მოთხოვნა სცნო, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში კი მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2016 წლის 26 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფა. საკრედიტო ხაზის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 6500 ლარი.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა გადახდის ვადის 1-დან 10 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 11-დან 20 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 40 ლარის ოდენობითა და 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში 60 ლარის ოდენობით. 30 დღეზე მეტი ვადის შემთხვევაში კი აღნიშნულ ჯარიმასთან ერთად მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის დაეკისრა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ის ოდენობით.
აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული „ს----------------------ის“ მარკის ა/მანქანა, სარეგისტრაციო ნომრით L------.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წესი (8.12 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 16-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2. 2016 წლის 26 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა საკრტედიტო ხაზით უზრუნველყოფა. აღნიშნული სესხის ფარგლებში 2017 წლის 04 მაისს ამავე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის თანხად განისაზღვრა 4230 ლარი, კრედიტის ვადად - 36 თვე, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5,3%, სესხის წლიური განაკვეთი - 63,6%. ამასთან, ყოველთვიურ შენატანად განისაზღვრა 266 ლარი, ასევე პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი თანხის 0,3%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22)
- შეთანხმება სესხის გადაცემის თაობაზე (ს.ფ. 23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24)
- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 25-26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. მოპასუხეს გაეგზავნა წერილები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა ხელშეკრულებაში არსებულ მისამართზე მხარეზე ვერ განხორციელდა ჩაბარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 27)
- გზავნილები (ს.ფ. 28-29)
4.4. 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, ე--------- ნ------------ის მითითებული დროისთვის ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირი თანხა - 4230 ლარი, დარიცხული სარგებელი - 2685,01 ლარი და პირგასამტეხლო - 1968 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41)
4.5. შესაგებელზე დართული მტკიცებულებები (ს.ფ. 63-81), მხარეთა განმარტების შესაბამისად, არ არის მოცემულ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებული, შესაბამისად, სასამართლო არ მოახდენს მათ შეფასებას.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შემცირდეს მოსარჩელის მოთხოვნები სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 54-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 208-ე, 268-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 26 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, როგორც გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით - 2017 წლის 04 მაისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 36 თვის ვადით, ყოველთვიური 5,3%-ის სარგებლით გაიცა სესხი 4230 ლარის ოდენობით. ამავე ხელშკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ არის შესრულებული, თუმცა ვინაიდან მოპასუხის მიერ დაირღვა ვალდებულების შესრულების გრაფიკი, მხარის მიერ გამოყენებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას სრულად.
რაც შეეხება სესხის სარგებელსა და პირგასამტეხლოს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა შემცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
განსახილველ შემთხვევბაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლის ნაწილში ეწინააღმდეგება საჯარო წერიგს და არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ვინაიდან სესხზე წლიური სარგებელი 63,60%-ის ოდენობით, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 97%, ნამდვილად არღვევს საზოგადეობრივ წესრიგს, რის გამოც იგი გონივრულ ოდენობამდე 1000 ლარამდე უნდა შემცირდეს. აღნიშნული შემცირებისას სასამართო ითვალისწინებს, როგორც საპროცენტო სარგებლის ოდენობას, ასევე მოპასუხის მიერ მანამდე შესრულებული ვალდებულების მოცულობასაც.
ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებლის სახით უნდა დაეკისროს 1000 ლარის გადახდა.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო უკვე გადახდილია ჯარიმის სახით 774 ლარი, შესაბამისად, ამჟამად პირგასამტეხლოს შემცირება 50 ლარამდე გონივრული და რელევანტურია.
ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების 8.12. პუნქტით განისაზღვრა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში სრულად დაკმაყოფილდეს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ 2018 წლის 1--------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 227 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 63,45 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 163,55 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 94,95 ლარის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში მართლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ს--------------------------------ე და ს----------–---------------ე მიმართვები, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი სწორედ განსახილველ სამოქალაქო საქმესთან მიმართებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნას 150 ლარის, როგორც ხარჯების, ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „მ---------------------ის“ (ს/კ 4--------) სარჩელი მოპასუხე ე--------- ნ------------ის (პ/ნ 0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ე--------- ნ------------ს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხაა 4230 ლარი, შემცირებული პროცენტი - 1000 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის 150 ლარის დაკისრების თაობაზე (საიდანაც 100 ლარი წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების დაწყების, ხოლო 50 ლარი კი გირავნობის მოწმობის ხარჯს) - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სს „მ---------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 1--------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 63.45 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება N----------), ხოლო დარჩენილი 163,55 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ე--------- ნ------------ს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 31,50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე