გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
180210016001581908
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/704-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.08.2018 წ. ქ.მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავითა ხალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე: შპს „საქართველოს მე-–------–ია“

წარმომადგენელი: თა---- გაზ----–---ი

 

მოპასუხე: დე-----ი საა--–---–ი

წარმომადგენელი: კა------ პაი---ე

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დე-----ი საა--–---–ს მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 360 (სამსასსამოცი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე დე----- საა--–---–ს მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 22 აპრილს შპს „საქართველოს მე-–------–იის“ ისპექტორმა ვა-----გ ჩი------მა დე----- საა--–---–ის მიერ წყლის დატაცების ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის N000653 ოქმი. ზემოთ დასახელებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენისათვის დე----- საა--–---–ს დაედო სახდელი და დაჯარიმდა 250 ლარით. ამასთან, შპს „საქართველოს მე-–------–იისათვის“ სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის გაანგარიშებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მე-–------–იას“ მიადგა ზიანი 360(სამასსამოცი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დე-----ი საა--–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. თუმცა, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი კა------ პაი---ე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა შემდეგი: ვინაიდან დატაცებული წყლით გასარწყავდა მისი კუთვნილი ნაკვეთის არაუმეტეს ერთი ჰექტარი ფართობი და არა ის ფართობი, რაც დაფიქსირებული აქვთ შპს ,,საქართველოს მე-–------–იის თანამშრომლებს მათ მიერ შედგენილ ოქმში/აქტში და საამართლოში დაკითხვისას, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ფაქტობრივად მიყენებული ზიანი შეადგენს მხოლოდ ერთი ჰექტარი მიწის გასარწყავებისთვის დაგენილი ტარიფის შესაბამის თანხას - 75 ლარს და არა 360 ლარს. ამდენად, მას მიაჩნია, რომ ვალდებულია აანაზღაუროს სარჩელში მოთხოვნილი თანხის ნაწილი, კერძოდ კი მხოლოდ 75 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 აპრილს შპს „საქართველოს მე-–------–იის“ ისპექტორმა ვა-----გ ჩი------მა დე-----ი საა--–---–ის მიერ წყლის დატაცების ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის N000653 ოქმი. ხსენებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენისათვის დე----- საა--–---–ს დაედო სახდელი და დაჯარიმდა 250 ლარით. დე----- საა--–---–ის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა, შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე შემოსული საჩივრების განმხილველი კომისიაში. კომისიის 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით დე----- საა--–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ გაუსაჩივრებია სასამართლოში და 2016 წლის 17 ივნისს მან სრლად გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000563 (ს/ფ 19);

- ჯარიმის გადახდის ქვითარი 17.06.2016 წ.(იხ. ს/ფ 31);

- შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე შემოსული საჩივრების განმხილველი კომისიის 03.06.2016 წლის ოქმი N2 (ს/ფ 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2 დე-----ი საა--–---–ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება - მცხეთის რაიონის სოფელ ქს------სში მდებარე 48--0 მ2 ფართობი მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-.01.10.1--); აღნიშნული ნაკვეთის გასარწყავების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 24 აპრილს დე-----ი საა--–---–მა შპს ,,საქართველოს მე-–------–იაში" წარადგინა განაცხადი N2075340 და გადაიხადა მოსახურების საფასური 366 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესრიდან;

- მომსახურების განაცხადი N2075340, 24.04.2018 წ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარწყავი წყლის დატაცებით შპს „საქართველოს მე-–------–იაზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „საქართველოს მე-–------–იაზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 360 (სამას სამოცი) ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარწყავი წყლის დატაცებით შპს „საქართველოს მე-–------–იაზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი(ს/ფ 20);

 

3.2.2 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სარწყავი წყლის დატაცებას და შპს ,,საქართველოს მე-–------–იაზე" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტში მითითითებულ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

მოპასუხის მიერ წყლის დატაცების და 48000 მ2 ფართობის მიწის გასარწყავების ფაქტი დაადასტურეს მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ვ.ჩი------მა და ვ.კე-----–--ემ.

 

ვა-----გ ჩი------ის ჩვენებით დადგენილია: 2016 წლის 22 აპრილს, უშუალოდ მის მიერ გამოვლენილი სარწყავი წყლის დატაცების ფაქტი რაზედაც შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ მიერ, მოხდა ვიდეო ფირზე აღბეჭვდა წყლის დატაცების და გასარწყავებული ტერიტორიის. მესაკუთრის და ფართობის დადგენა კი განხორცეილდა შესაბამისი ჯიპიაეს ხელსაწყოთი აღებული კოორდინატებით. ვა-----გ ჩი------ის განმარტებით, გასარწყავებული იყო ზიანის აქტში მითითებული 4.8 ჰა ფართობი მთლიანად, ნაწილი უკვე მორწყული იყო, ნაწილზე კი მაშინ მიედინებოდა წყალი. რაც შეეხება მათ მიერ ზიანის გაანგარიშების აქტში მითიტებულ თანხას, მათ მიერ მიყენებული ზიანის გამოთვლა ხდება შემდეგი სახით: ერთი ჰექტარი მიწის ფართობის გასარწყავებისთვის საჭირო წყლის ღირებულება შეადგენს 75 ლარს. შესაბამისად გასარწყავებული 4.8 ჰა ფართობი გამრავლდა 75 ლარზე და დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობა 360 ლარი.

ვა–- კე-----–--ის ჩვენებით დადგენილია: იგი, ვა-----გ ჩი------თან ერთად ახორციელებდა მორიგ ინსპექტირებას სოფელ ქს------სის ტერიტორიაზე, სადაც დაფიქსირდა წყლის დატაცების ფაქტი, როდესაც ე.წ. ,,GPS" ხელსაწყოს მეშვეობით დადგინდა გასარწყავებული ტერიტორიის კოორდინატები და მისი ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა. აღმოჩნდა რომ მას სარწყავი წყლის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული შპს ,,საქართველოს მე-–------–იასთან" და შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი სარწყავი წლის დატაცების ფაქტზე. მოწმის განმარტებით: დაქსელილი იყო მთლიანი მიწის ნაკვეთი და მიედინებოდა წყალი. შესაბამისად, ზიანის გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ ის შეადგენს 360 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოში გამოკვლეული საქმის მტკიცებულებების ურთერთშეჯერიბისა და მათი ანალიზის შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მოპასუხე დე----- საა--–---–ის მიერ შპს ,,საქართველოს მე-–------–იისათვის" ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოიხატა წყლის დატაცებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.

 

სარწყავი წყლის დატაცებით შპს „საქართველოს მე-–------–იაზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „საქართველოს მე-–------–იაზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 360 (სამას სამოცი) ლარი. ამდენად, წარმოდგენილი მასალები, სრულფასოვნად ადასტურებს დე----- საა--–---–ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია შპს ,,საქართველოს მე-–------–იისათვის" დამდგარ ზიანთან - სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებულ ზიანთან 360 (სამას სამოცი)ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 360 (სამას სამოცი) ლარით. ასევე, დადგენილია მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ მის მიერ არ მომხდარა წყლის დატაცება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხეს იმ გარემოებათა მტკიცება, რომელიც შესაგებლის საფუძველია. მოსარჩელის მიერ მითითებული დასაამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით(მოწმეთა ჩვენებები, ზიანის გაანგარიშების აქტი, ვიდეო ფირი) დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გასაბათილებლად, მოპასუხემ საასმართლოს ვერ წარუდგინა ერთი მტკიცებულებაც კი და სასამართლო სხდომაზე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რომ მხოლოდ ერთი ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვა თუ მოესწრებოდა იმ წყლის ნაკადით, რაც მიედინებოდა მის მიწის ნაკვეთში დატაცების ფაქტის გამოვლენისას. შესაბამისად, ის არ ეთანხმება ზიანის ოდენობის გაანგარიშებას, რომ მოირწყა 4.8 ჰა მიწის ფართობთი და ზიანი შეადგენს 360 ლარს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო , ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეძლო მის მხარს არსებული ფაქტების მტკიცების ტვირთის ეფექტური რეალიზება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ის სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში სარჩელის ფასად მითითებულია 360 ლარი, სადაც სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი. მოპასუხემ სასამართლოს სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, 75 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე ამ ნაწილში განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სახელმწიფო ბაჟის სახით მას დაეკირება მხოლოდ 40 ლარის გადახდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული თანხის პროპორციულად. ამასთან, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (50 ლარი) უნდა დაუბრუნდეს: მოპასუხის მიერ ცნობილი 75 ლარის პროპორციული ოდენობის ბაჟი - 10 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მე-–------–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე დე-----ი საა--–---–ს (პ/ნ 3-----------) მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 360 (სამასსამოცი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე დე-----ი საა--–---–ს (პ/ნ 3-----------) მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მე-–------–იის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.

3. შპს ,,საქართველოს მე-–------–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 10 ლარი; სახელმწიფო ბაჟი 2016 წლის 26 სექტემბერს N310 საგადასახადო დავალებით გადახდილია შემდეგ ანგარიშზე, მიმღების ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიში/სახაზინო კოდი 300763150;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი