განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2019
საქმის ნომერი
080100119002838615
დავის ტიპი
187 1
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/78-19 (046261118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

შესავალი ნაწილი

5 მარტი 2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი დ---------–----ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ-----ი ჯ-------ის ძე ბ--------–---–ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: ქ. ტყიბული, ქ-----–---–-ს ქუჩა N-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

სხდომის სახე ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 ნოემბერს ქალაქ ტყიბულში კ------------- გ-------------ს ქუჩა N2-----ის წინამდებარე ტერიტორიაზე მ-----ი ბ--------–---–მა ღამის საათებში დააზიანა ზ------ი ლ-------ის კუთვნილი ,,ტოიოტა ლანდ კრუიზერ პრადო 3.0 ტურბოდიზელი’’-ს მოდელის (გამოშვების წელი 1997) G---0-- სახელმწიფო სერიისა და ნომრის მქონე ავტომანქანის წინა და უკანა საქარე მინები, ღირებულებით 390 ლარი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზ------ი ლ-------ეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

მ-----ი ბ--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ბ-----ი გ----–-–---–ის, კ-------ი ქ-------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ზ------ი ლ-------ის გამოკითხვის ოქმი, თავად მ-----ი ბ--------–---–ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ-----ი ბ--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----ი ბ--------–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----ი ბ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მ-----ი ბ--------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე ითვალისწინებს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

მ-----ი ბ--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მ-----ი ბ--------–---–ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი კარგად აცნობიერებს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, გულწრფელად ნანობს ჩადენილს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მ-----ი ბ--------–---–ს დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 1500 (ათასხუთასი) ლარით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქვა და ერთი ცალი აგური განადგურდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----ი ბ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მ-----ი ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მ-----ი ბ--------–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქვა და ერთი ცალი აგური, რაც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური