გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15594-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ნ------------------ი“
წარმომადგენლები: ა---–----–---–ი, თ---------------–ი (დირექტორი)
მოპასუხე: შპს „თ---–---------------ი“
წარმომადგენლები: გ---------------ი, ლ--–------–--–--ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „თ---–---------------ს“ შპს „ნ------------------ის“ სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 16 783.44 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „თ---–---------------ის“ მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე (№ N-----------) 2017 წლის 05 სექტემბერს შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ნ------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------, რომლის თანახმადაც შპს „ნ------------------ს“ მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა დიდი ტვირთამწეობის საბურავები (CVP კოდი: 3-------). საქონლის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 355 910 ლარი დღგ-ს ჩათვლით. შესასყიდი ობიექტის (საბურავების) მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, დეტალური გეგმა გრაფიკის მიხედვით, ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად, მისაწოდებელი საქონელი იწარმოება საზღვარგარეთ, ჩინეთში. ამდენად, მოსარჩელე მის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებას მოპასუხესთან ახორციელებდა ლარში. აუქციონში გამარჯვების დროისათვის (21.08.2017წ.) მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულება შეადგენდა 96 629.46 აშშ დოლარს, რაც იმ დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგენდა 230 896.09 ლარს (96 629.46*2.3895). თუმცა, მოსარჩელეს საქონლის შესყიდვისას მოუწია მეტი თანხის გადახდა, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მოხდა ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში. 1 აშშ დოლარის ოდენობა გაიზარდა 2.39 ლარიდან 2.71 ლარამდე, რის გამოც მოსარჩელეს საქონლის შესყიდვა მოუწია დაგეგმილზე ძვირად, რამაც ასევე გამოიწვია ხარჯების ზრდა. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ღირებულება გაიზარდა 16 783.44 ლარით. ამდენად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შეისყიდა საქონელი დაგეგმილზე 16 783.44 ლარით ძვირად, რის გამოც დაკარგა დაგეგმილი მოგება და განიცადა ზარალი.
ხელშეკრულების საფუძვლად არსებული გარემოებების არსებითი ცვლილების აღმოცენება მოხდა ხელშეკრულების დადების შემდგომ. კერძოდ, 2017 წლის 21 აგვისტოდან 2017 წლის 05 დეკემბრამდე მოხდა მისაწოდებელი საქონლის თვითღირებულების გაზრდა, იმის გამო, რომ ოთხ თვეზე ნაკლებ პერიოდში ეროვნული ვალუტა - ლარი, მკვეთრად გაუფასურდა. ხელშეკრულების ღირებულება წარმოადგენს არსებით გარემოებას და მისი ცვლილება განიხილება არსებით ცვლილებად. ვალუტის კურსის ცვლილება მოსარჩელის კონტროლს მიღმა არსებული სფეროა. შეუძლებელია მოსარჩელეს მოეთხოვოს ხელშეკრულების დადებამდე წინასწარ განჭვრიტოს ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება, რადგან აღნიშნული ცვლილება დამოკიდებულია ეკონომიკურ და სხვა ფაქტორებზე, რომლის კონტროლი არათუ მოსარჩელეს, ხშირად სახელმწიფოსაც კი არ შეუძლია. არსებული პრაქტიკის თანახმად, მეწარმე, რომელიც სხვადასხვა ვალუტაში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, უნდა ითვალისწინებდეს ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებულ გონივრულ რისკს, რაც ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საკითხი სცდება გონივრულობის ფარგლებს, რადგან ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ეს გარემოება მოსარჩელისათვის არაკონტროლირებად ხასიათს ატარებს და შეუძლებელი იყო მისი გამოწვევის შეჩერება, თავიდან აცილება, დაძლევა და მისი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის ობიექტური შესაძლებლობა. აღნიშნული გათვალისწინებული იყო ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების 14.3. პუნქტით.
შესასყიდი საქონლის თვითღირებულების გაზრდამ მოსარჩელეს მიაყენა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. მოსარჩელეს წინასწარ რომ სცოდნოდა ლარის მოსალოდნელი გაუფასურების შესახებ, იგი ხელშეკრულებას დადებდა არა მისთვის თავიდანვე წამგებიანი პირობით, არამედ სულ სხვა ფორმით. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას. ამასთან, ფასის ცვლილება არ აღემატებოდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 355 910 ლარს, ხოლო მოსარჩელე ითხოვდა ცვლილების შეტანას ბევრად ნაკლები თანხის - 16 789.44 ლარის ნაწილში, რაც დაახლოებით ხელშეკრულების ღირებულების 4.71%-ია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებები უფლებას აძლევდა მოსარჩელეს რომ ლეგიტიმურად მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
მოსარჩელე მოპასუხესთან 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში აწარმოებდა სიტყვიერ მოლაპარაკებებს ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების თაობაზე. 2017 წლის 01 დეკემბერს მან უკვე წერილობითი განცხადებით მიმართა შპს „თ---–---------------ს“ და მოითხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან. კერძოდ, საქონლის ღირებულების კორექტირება, რაზეც მოპასუხემ 2017 წლის 06 დეკემბრის წერილით უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ღირებულების გაზრდა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. მოსარჩელემ 2017 წლის 15 დეკემბერს ისევ მიმართა შპს „თ---–---------------ს“ იგივე მოთხოვნით და წარუდგინა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.12.2017წ. დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ღირებულების გაზრდის ფაქტი, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული წერილი დატოვა უპასუხოდ.
მოპასუხემ მოსარჩელის წერილის უპასუხოდ დატოვებით დაარღვია მოსარჩელის სახელშეკრულებო და კანონიერი უფლებები, ვინაიდან იგი, როგორც ხელშეკრულების მხარე, ვალდებული იყო კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, განეხილა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს ევალებათ კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები და მათ არ აქვთ უფლება გამორიცხონ ან შეზღუდონ კეთილსინდისიერების ვალდებულება. ამიტომ მხარე, რომელიც არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, პასუხს აგებს ამით მეორე მხარისათვის მიყენებულ ზიანზე. კრედიტორს ეკისრება კეთილსინდისიერების პრინციპის შესრულების ვალდებულება ნდობის ბოროტად გამოყენების აკრძალვის ფორმით და მას უფლება არ აქვს არ განიხილოს ხელშეკრულების მისადაგების საკითხები.
მოსარჩელის მიზანი ყოველთვის იყო ხელშეკრულების შესრულება და მისი შენარჩუნება კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე. ხელშეკრულების შეწყვეტა ან შეუსრულებლობა ბევრად მეტს ზიანს მოიტანდა როგორც მოსარჩელისათვის (დაკარგავდა დაგეგმილ დროულად მისაღებ მოგებას, მოხვდებოდა შავ სიაში და შეეზღუდებოდა სამომავლოდ ტენდერებში მიღების შესაძლებლობა იქამდე სანამ დასრულდებოდა გრძელვადიანი სასამართლო პროცესები, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა მისი ბიზნესის პარალიზებას) ისე მოპასუხისათვის (დროულად ვერ მიიღებდა მისაწოდებელ საქონელს, რაც გამოიწვევდა ბიზნესის შეფერხებას მინიმუმ იქამდე სანამ იპოვნიდა ახალ მიმწოდებელს ან დასრულდებოდა სასამართლო პროცესები, ზიანი მიადგებოდა მასზე დამოკიდებულ მესამე პირებს). სწორედ ამიტომ, ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხისაგან ვერ მიიღო პასუხი და დროც შეზღუდული იყო მოპასუხის უმოქმედობის გამო, იგი იძულებული გახდა საბოლოოდ მიეწოდებინა საქონელი, თუმცა ეს ფაქტი არ ცვლის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, საქონლის მიწოდებამდე მოსთხოვა მოპასუხეს შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება, რაზეც პასუხი არც კი მიუღია. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა შეესრულებინა ვალდებულება და მიეწოდებინა საქონელი რითაც განიცადა ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „თ---–---------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: შპს „თ---–---------------ის“ მიერ ელექტრონული შესყიდვის ტენდერი გამოცხადდა 2017 წლის 09 აგვისტოს, რა დროსაც 1 აშშ დოლარი გაცვლის ოფიციალური კურსით შეადგენდა 2.3903 ლარს. პრეტენდენტებისაგან წინადადებების მიღება დაიწყო 2017 წლის 18 აგვისტოს, რა დროსაც 1 აშშ დოლარი გაცვლის ოფიციალური კურსით იყო 2.3885 ლარი და დასრულდა 2018 წლის 21 აგვისტოს, რა დროსაც 1 აშშ დოლარი გაცვლის ოფიციალური კურსით იყო 2.3895 ლარი. ტენდერი მოიგო შპს „ჯეო თაირსმა“ 248 500 ლარში. 2017 წლის 22 აგვისტოს სხდომის ოქმი №2-ით გამარჯვებულ პრეტენდენტს მოეთხოვა დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც არ იქნა მისგან მიწოდებული, რის გამოც 2017 წლის 29 აგვისტოს ოქმი №3-ით მიეცა დისკვალიფიკაცია. 2017 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი №4-ის შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნ------------------ი“ 355 910 ლარიანი შესყიდვის წარმოდგენილი წინადადებით. ამ დროისათვის 1 აშშ დოლარი გაცვლის ოფიციალური კურსით იყო 2.4184 ლარი. მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 05 სექტემბერს, რა დროსაც 1 აშშ დოლარი გაცვლის ოფიციალური კურსით შეადგენდა 2.4502 ლარს. ამდენად, სხვადასხვა ეტაპების გავლით, ვალუტის კურსი რამდენიმეჯერ შეიცვალა. შესაბამისად, მოსარჩელე მთელი ამ სტადიების გავლის პროცესში, ტენდერში მონაწილეობის დარეგისტრირებიდან ხელშეკრულების დადებამდე ინფორმირებული იყო ვალუტის ცვლილების თაობაზე.
მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი ობიექტის მიწოდება უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. ბუნდოვანია მისი მსჯელობა მისაწოდებელი პროდუქციის ნაწილში. კერძოდ, სადაც არ უნდა იწარმოებოდეს პროდუქტი, ეს არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ საქონელი საზღვარგარეთ შეიძინა და არა საქართველოში ან აქ არ გააჩნდა შესაბამისი მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ბუნდოვანია მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულების გამოთვლაც, რომელიც მოსარჩელის განმარტებითა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 96 629.46 აშშ დოლარს, ხოლო ლარებში 230 896.09 ლარს, როდესაც მისაწოდებელი საქონლის საერთო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 355 910 ლარით. ბუნდოვანია ასევე, საიდან, როგორ და რა ფორმულით გამოჰყავს მოსარჩელეს მიყენებული ზარალი 16 783.44 ლარის ოდენობით.
მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ვალუტის კონვერტირება სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი არ ყოფილა. ეს იყო მეწარმის რისკი და იმ ფაქტორზე დამოკიდებული თუ სამეწარმეო სუბიექტისათვის დამახასიათებელ როგორ გულისხმიერებას გამოიჩენდა მხარე. თუმცა, ფაქტია რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მეწარმეს ელემენტარული გულისხმიერებაც არ გამოუჩენია. მოსარჩელეს არც ტენდერის გამოცხადებიდან ხელშეკრულების დადებამდე, არც ხელშეკრულების გაფორმებიდან იმ გადარიცხვების თარიღების ჩათვლით (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 2017 წლის 13 სექტემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სულ 6 გადარიცხვა), როცა კურსის ცვლილება მისთვის თვალსაჩინო იყო, არ წამოუყენებია რაიმე სახის პრეტენზია, ვიდრე 2017 წლის 01 დეკემბრისა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი აძლევდა მოსარჩელეს შესაძლებლობას, თუკი ვალუტის კურსის თაობაზე გააჩნდა პრეტენზია, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც მას არ განუხორციელებია. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელემ გადარიცხვების შედეგად ორი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მიიღო საქონელი, არადა მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს გარკვეული რაოდენობები საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად. ანუ, მას ადგილზე გააჩნდა საქონლის გარკვეული რაოდენობები.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 14.1. პუნქტის თანახმად, მხარეებს ჰქონდათ ხელშეკრულების პირობების გადასიჯვისა და მასში ცვლილებების შეტანის უფლება. ხელშეკრულების 14.2. პუნქტის თანახმად, კი ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ინიციატორმა მხარემ უნდა აცნობოს მეორე მხარეს დასაბუთებული ინფორმაცია, რომელიც მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი არც 2017 წლის 01 დეკემბრისა და არც 2017 წლის 15 დეკემბრის წერილებით არ დგინდებოდა. მოსარჩელე წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ამტკიცებდა იმ მოცემულობას, თუ რატომ უნდა შეტანილიყო ხელშეკრულებაში ცვლილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „თ---–---------------ის“ მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის (№ N------------; შესყიდვის გამოცხადების თარიღი 09.08.2017წ; წინადადებების მიღება დაიწყო 18.08.2017წ., დამთავრდა 21.08.2017წ.) საფუძველზე, 2017 წლის 05 სექტემბერს შპს „თ---–---------------სა“ (შემსყიდველი) და შპს „ნ------------------ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო №------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ნ------------------მა“ იკისრა ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა დიდი ტვირთამწეობის საბურავები (CPV კოდი: 3-------). მისაწოდებელი საქონლის ძირითადი მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ფასი მითითებულ იქნა ხელშეკრულების დანართი №1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ხელშეკრულების 2.1. დ 2.2. პუნქტები).
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, შესასყიდი საქონლის ღირებულება განისაზღვრა 355 910 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხოლო, ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, კი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადსა და მოსაკრებელს.
ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტების თანახმად, შესასყიდი ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, დეტალური გეგმა გრაფიკის მიხედვით, რომელიც მითითებულ იქნა ხელშეკრულების დანართი №2-ში.
ხელშეკრულების დანართი №2-ის (საქონლის მიწოდების გეგმა-გრაფიკი) თანახმად, შპს „ნ------------------ს“ შპს „თ---–---------------ისათვის“ საქონლის ნაწილი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ნაწილი 2017 წლის 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში და ნაწილი 2017 წლის 15 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში.
ხელშეკრულების 14.1. და 14.2. პუნქტების თანახმად, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოახდინონ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა და ცვლილება შეიტანონ მოქმედ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ინიციატორმა მხარემ წერილობითი სახით უნდა აცნობის მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
ხელშეკრულების 14.3. პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ხელშეკრულებაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლითაც უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ან იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
3.1.2. შპს „ნ------------------მა“ შეასრულა მასსა და შპს „თ---–---------------ს“ შორის 2017 წლის 05 სექტემბერს დადებული №------ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, შპს „ნ------------------მა“ აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი შპს „თ---–---------------ს“ სრულად მიაწოდა 2017 წლის 08 სექტემბრიდან 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, საქონლის ნაწილის მიწოდება განხორციელდა ვადადარღვევით, რის გამოც შპს „ნ------------------ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.
3.1.3. 2017 წლის 01 დეკემბერს შპს „ნ------------------ის“ დირექტორმა თ---------------–მა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „თ---–---------------ს“, რომლითაც 05.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-14 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ცვლილების შეტანა ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტში. კერძოდ, მოითხოვა ამ პუნქტით განსაზღვრული თანხის 10%-ით გაზრდა და საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულების 391 501 ლარით განსაზღვრა. აღნიშნულის საფუძვლად შპს „ნ------------------მა“ წერილობით შეტყობინებაში მიუთითა შემდეგი: მისაწოდებელი საქონლის შეძენას შპს „ნ------------------ი“ ახდენს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ ვალუტაში, კერძოდ აშშ დოლარში. ხელშეკრულების დადების მომენტში ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი უდრიდა 1.45 ლარს, რის შემდგომაც ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად შეიცვალა და დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი უდრის 2.72 ლარს. ანუ კურსთა შორის სხვაობა დაახლოებით 11%-ის ფარგლებში გაიზარდა. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხელშეკრულების შესრულების პირობებზე და შპს „ნ------------------ს“ ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს, რაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების შესაცვლელად.
აღნიშნული წერილობითი შეტყობინების პასუხად, შპს „თ---–---------------მა“ 2017 წლის 06 დეკემბრის №62-01173402943 წერილით შპს „ნ------------------ს“ აცნობა, რომ 01.12.2017წ. წერილით მოთხოვნილი ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და ემყარებოდა მხოლოდ შპს „ნ------------------ის“ დასკვნას, რის გამოც მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული საკითხის განხილვა. ამასთან, შესთავაზა, რომ ეთანამშრომლათ 05.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად და მიეწოდებინათ ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი შეთანხმებული წესით.
3.1.4. 2017 წლის 15 დეკემბერს შპს „ნ------------------მა“ განმეორებით გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება შპს „თ---–---------------ს“ და კვლავ მოითხოვა 05.09.2017წ. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.2 პუნქტში ცვლილებების შეტანა იგივე საფუძვლით. წერილობით შეტყობინებას შპს „ნ------------------მა“, ასევე დაურთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული წერილი (ინფლაციისა და კურსთაშორის სხვაობის შესახებ) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წერილი.
აღნიშნულ წერილობით შეტყობინებაზე შპს „თ---–---------------ს“ წერილობითი პასუხი არ გაუცია, თუმცა მხარეთა განმარტებით, შპს „ნ------------------ს“ ზეპირსიტყვიერად ეცნობა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე უარის შესახებ.
3.1.5. შპს „ნ------------------ის“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ 15.12.2017წ. გაგზავნილ წერილზე დართული საქართველოს ეროვნული ბანკის 05.12.2017წ. №2-------- წერილის თანახმად, საქართველოში ინფლაციამ (სამომხმარებლო ფასების ზრდამ) 2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით შეადგინა 2.6%.
3.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.12.2017წ. დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მასალების/ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ 2017 წლის 05 სექტემბერს შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ნ------------------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის შეძენისას (იმპორტი) შპს „ნ------------------ის“ ხარჯების ზრდა, ლარის აშშ დოლართან მიმართებაში არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, შეადგენს - 16 783.44 ლარს.
3.1.7. შპს „ნ------------------ის“ მიერ მასსა და შპს „თ---–---------------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების (05.09.2017წ.) შემდგომ, დიდი ტვირთამწეობის საბურავებისა და საბურავების კამერების შეძენის მიზნით, მისი კონტრაქტორი კომპანიისათვის ჩინეთში გადარიცხულ იქნა თანხები შემდეგ თარიღებში: 13.09.2017წ., 14.09.2017წ., 19.09.2017წ., 10.10.2017წ., 13.10.2017წ. და 24.11.2017წ. (იხ. 07.03.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულებები - საბანკო ქვითრები)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ნ------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ შპს „თ---–---------------მა“ კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ არ განიხილა შპს „ნ------------------ის“ წერილობითი მოთხოვნა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების თაობაზე, რის გამოც მას მიადგა ზიანი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ლეგიტიმურობის შემოწმების მიზნებისათვის უპირველეს ყოვლისა დადგენილ უნდა იქნეს შპს „ნ------------------ის“ მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები წარმოადგენს თუ არა ისეთ გარემოებებს, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევდა მოეთხოვა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი, თუმცა, ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ზემოთ დასახელებულ ნორმაში კანონმდებელი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როცა გაძნელებულია ხელშეკრულების შესრულება და თუ ის მაინც შესრულდება, მძიმე ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს ხელშეკრულების ერთი ან ორივე მხარისათვის იმ მიზეზით, რომ არსებითად შეიცვალა ის გარემოებები, რომლებიდანაც მხარეები გამოდიოდნენ ხელშეკრულების დადებისას. (იხ. სუსგ. საქმე №ას-466-707-08; 25 ნოემბერი, 2008წ.) შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ექვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. (იხ. სუსგ. საქმე№ას-888-834-2012; 30 დეკემბერი, 2013 წელი).
შეცვლილი გარემოებების საწყისი, წარმომშობი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფორსმაჟორი, ისე სხვა გარემოებები, რომელიც რეალურად ართულებს შესრულებას. მხარის პასუხისმგებლობის სფერო იმ საზღვრებს მოიცავს რა ფარგლებშიც სუბიექტს ობიექტურად უნდა შესწევდეს დამაბრკოლებელი გარემოებების კონტროლის, მასზე ზემოქმედების და უარყოფით შედეგებზე პრევენციული ფორმით ზეგავლენის თეორიული შესაძლებლობა.
შესაბამისად, თუ შესრულება მხოლოდ უმნიშვნელოდ გართულდა და ნაკლებ სასურველი გახდა მოვალისათვის, ეს, რა თქმა უნდა, არ ქმნის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების ადაპტაცია მის შეწყვეტასთან და მკაცრ აღსრულებასთან შედარებით მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების განხორციელებას. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების უპირატესობა იმ შემთხვევაშიც ვლინდება, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ან ზიანის ანაზღაურება ვერ უბრუნებს მხარეებს მათ თავდაპირველ მდგომარეობას.
ამრიგად, სსკ-ის 398-ე მუხლი განსაზღვრავს შესრულების გართულების შედეგების თავიდან აცილების მიზნით, კონტრაჰენტთა ხელახალ შეთანხმებას ხელშეკრულების შექმნილი ვითარებისადმი მისადაგებული პირობებით. ამასთან, მხარეთა ამგვარი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დაზარალებული მხარის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო წესით.
შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების დოქტრინა, როგორც სახელშეკრულებო ინტერესის რეალიზების მექანიზმი, კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე აღმოცენდა. შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი მისადაგების ფარგლებში რაც არ შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო წონასწორობის აბსოლუტურ აღდგენას იმ სახით, როგორც არსებობდა ხელშეკრულების დადების ეტაზე. მოლაპარაკება უნდა ითვალისწინებდეს შესრულების სიმძიმის შემსუბუქებას მოვალისათვის, ხოლო კრედიტორისათვის კვლავ სახელშეკრულებო სარგებლით უზრუნველყოფას. ამდენად, სახელშეკრულებო მოლაპარაკებები არ შეიძლება ისახავდეს სახელშეკრულებო პაუსიხმგებლობის მეორე მხარეზე სრულად გადაკისრების მიზანს.
ამდენად, ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი არის ზღვარი სახელშეკრულებო თავისუფლებასა და სახელშეკრულებო სამართლიანობას შორის. სახელშეკრულებო თავისუფლება აუცილებლობაა, თუმცა მისი რეალიზაციის მასშტაბი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია და ზოგჯერ სახელშეკრულებო წონასწორობის პრობლემას უკავშირდება. სახელშეკრულებო წონასწორობა კი არის თანასწორობის პრაქტიკული გამოვლინება. იგი მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების სამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს.
არსებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია ამავე მუხლით გათვალისწინებული შემდეგი აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხევაში:
1) შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება;
2) გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ;
3) გარემოების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში;
4) ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია;
5) ხელშეკრულების შესრულების გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების სამართლებრივი საკითხი ქართული კანონმდებლობის მსგავსადაა მოწესრიგებული გერმანული სამოქალაქო კოდექსით (გსკ-ის 313-ე პარაგრაფი). გერმანული სამოქალაქო სამართლის თანახმად, ეკვივალენტობის დარღვევა არის ის ტიპიური შემთხვევა, რომლის დროსაც მხოლოდ 313-ე პარაგრაფი გამოიყენება. აქ მოიაზრება ისეთი შემთხვევები, რომელთა დროსაც შესრულებისა და საპირისპირო შესრულების ღირებულებითი თანაფარდობა გაუთვალისწინებელი გარემოებებით საგრძნობლად ირღვევა. ამასთან, საყურადღებოა, რომ გერმანული დოქტრინა განასხვავებს შესრულების „პრაქტიკულ შეუძლებლობას“ (გსკ-ის 275-ე პარაგრაფი, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა) „ეკონომიკური შეუძლებლობისაგან“ (შეიძლება დაექვემდებაროს გსკ-ის 313-ე პარაგრაფს, გარიგების საფუძვლის ცვლილება). „შესრულების პრაქტიკული შეუძლებლობა“ მოიცავს შესრულების განსაკუთრებულ გართულებას, როდესაც გამოირიცხება პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევა. ეს განსაკუთრებით ის შემთხვევებია, როდესაც ვალდებულებით განსახორციელებელი მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია, თუმცა ზოგადი ცხოვრებისეული შეფასებით არაგონივრული (მაგ. ვალდებულებით განსაზღვრული ბეჭდის ამოტანა ზღვის ფსკერიდან). „ეკონომიკური შეუძლებლობის“ შემთხვევა გვაქვს მაშინ, როდესაც ვალდებულებით განსახორციელებელი მოქმედება მოვალისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით მიუღებელია („შესაძლებლობებს ზეაღმატებული“ სირთულე, „შესაძლებლობათა ზღვარის“ გადაჭარბება). ასეთ შემთხვევაში, ყურადღება ექცევა როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესებს, მაშინ როცა „შესრულების პრაქტიკული შეუძლებლობის“ შემთხვევაში, ყურადღება ექცევა მხოლოდ კრედიტორის ინტერესებს. (იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარის 313-ე პარაგრაფის მე-3 ველი, გვ. 217)
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე შპს „ნ------------------ი“ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მასსა და შპს „თ---–---------------ს“ შორის 2017 წლის 05 სექტემბერს სახელწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების შემდგომ, მოხდა ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან იგი ნასყიდობის საგანს ყიდულობდა ჩინეთში აშშ დოლარში, მოიმატა შესასყიდი საქონლის ღირებულებამ, რამაც გამოიწვია მისი მოგების შემცირება. ამდენად, იმისათვის რომ დავადგინოთ მოცემულ შემთხვევაში არსებოდა თუ არა სსკ-ის 398-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების საფუძველი, უპირველეს ყოვლისა უნდა გამოირკვეს სახეზე არის თუ არა აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელი წინაპირობები:
დადგენილია, რომ შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ნ------------------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 05 სექტემბერს. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად, 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.4502 ლარს. როგორც მოსარჩელე განმარტავს, იგი შესასყიდი საქონლის - დიდი ტვირთამწეობის საბურავების, შესყიდვას ახორიციელებდა ჩინეთიდან. საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებისა და საბანკო ქვითრების თანახმად (იხ. 07.03.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულებები), შპს „ნ------------------მა“ მის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიას საბურავებისა და საბურავების კამერების შესაძენად თანხა გადაურიცხა 2017 წლის 13 სექტემბერს, 2017 წლის 14 სექტემბერს, 2017 წლის 19 სექტემბერს, 2017 წლის 10 ოქტომბერს და 2017 წლის 24 ნოემბერს. ამ პერიოდისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად, 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.4589 ლარს (13.09.2017წ.), 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.4587 ლარს (14.09.2017წ.), 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.4727 ლარს (19.09.2017წ.) 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.4786 ლარს (10.10.2017წ.) და 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.7137 ლარს (24.11.2017წ.).
ამდენად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შეცვლილი გარემოება - ლარის კურსის ვარდნა, აღმოცენდა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების შემდგომ.
აღნიშნული წინაპირობის გამორკვევის შემდგომ, უნდა დადგინდეს შეცვლილმა გარემოებამ რამდენად დაამძიმა მხარის ვალდებულების შესრულება და იყო თუ არა შეცვლილი გარემოებების გონივრული გათვალისწინების შესაძლებლობა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების შემდგომ, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი შეიცვალა და 2.4502 ლარიდან გაიზარდა 2.7137 ლარამდე. ამდენად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა დაახლოებით სამი ნიშნულით. როგორც მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, ვალუტის კურსის ცვლილების გამო, შემსყიდველის - შპს „თ---–---------------ისათვის“ მისაწოდებელი საქონლის ღირებულება გაიზარდა - 16 783.44 ლარით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების თითოეული მხარეს ეკისრება ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ იმ რისკებზე პასუხისმგებლობა, რომელთა გათვალისწინება მათ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, გონივრულად ევალებათ. აღნიშნულის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტი, რომლის ჩვეულ საქმიანობას წარმოადგენს საზღვარგარეთ, უცხოურ ვალუტაში შეძენილი პროდუქტის ეროვნულ ვალუტაში რეალიზება, ვალდებულია გაითვალისწინოს უცხოური ვალუტის კურსის ცვლილება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, რაც არ გულისხმობს ვალუტის კურსის არსებით და კარდინალურ ცვლილებას. შესაბამისად, შპს „ნ------------------ი“, რომელიც ნასყიდობის საგანს - დიდი ტვირთამწეობის საბურავებს ყიდულობდა ჩინეთში აშშ დოლარში და ეს წარმოადგენდა მის ჩვეულებრივ საქმიანობას, ვალდებული იყო გამოეჩინა სათანადო გულისხმიერება და გაეთვალისწინებინა ვალუტის კურსის ცვლილება გონივრულ ფარგლებში. ამდენად, მნიშვნელოვანია დადგინდეს ვალუტის კურსის იმ ოდენობით ცვლილება, რაც გვაქვს მოცემულ შემთხვევაში, ცდება თუ არა გონივრულობის ფარგლებს და წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სავაჭრო სფეროში ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს ეკონომიკური კრიზისის რისკი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ ერთ საქმეზე განმარტა, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საფუძველია ხელშეკრულების ეკონომიკური საფუძვლის მკვეთრი, კარდინალური შეცვლა და მხარეთა ურთიერთვალდებულებათა ბალანსის მნიშვნელოვანი რღვევა. (იხ. სუსგ. საქმე№ას-466-707-08; 25 ნოემბერი, 2008 წელი)
არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გართულების კლასიკურ შემთხვევებად აღიარებულია: ფასების ათმაგი ზრდა ხელშეკრულების დადების შემდგომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დამატებითი დანადგარებით ქარხნების აღჭურვის ვალდებულების დაწესება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება 80%-ით, შესყიდული საქონლის რეალიზაციის ბაზრის გაუქმება სახელმწიფოში. ვალუტის გაუფასურება სახელშეკრულებო გარემოებათა წინასწარ გაუთვალისწინებელ და ფუნდამენტურ ცვლილებად განისაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ სახელშეკრულებო ფასი და შესრულებათა ექვივალენტობა არსებით პირობად არის ნავარაუდები ან შეთანხმებული მხარეთა მიერ. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება მოითხოვს სახელშეკრულებო ფასის არსებით და არა ჩველებრივ ცვლილებას, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი მოვლენაა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება ინფლაციის რისკი. ამრიგად, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება მხოლოდ ისეთი შემთხვევებისთვისაა განსაზღვრული, როდესაც არაგონივრული და გაუმართლებელია მხარეთაგან ხელშეკრულების შენარჩუნების მოთხოვნა.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებების მიმართ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები, ხოლო ერთ ერთ ასეთ გამონაკლისად ფულის კურსის მნიშვნელოვანი (არსებითი) ცვალებადობა უნდა დასახელდეს, თუმცა ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს. იმისათვის, რომ ვალუტის ცვლილება მიჩნეულ იქნეს შეცვლილ გარემოებად და წარმოიშვას ხელშეკრულების პირობების მისადაგების ვალდებულება, აუცილებელია დადგინდეს სსკ-ის 398-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. აღნიშნული წინაპირობების გათვალისწინებით, ფულის კურსის დასაშვები (პროგნოზირებადი, ტენდენციის შესაბამისი) ცვლილება, როგორც წესი, შეცვლილ გარემოებად არ მიიჩნევა, რაც შეეხება მკვეთრ ცვლილებას, მისი პროგნოზირება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კონტროლს მიღმა მოვლენად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „თ---–---------------ის“ მიერ ტენდერის გამოცხადების დროისათვის - 2017 წლის 09 აგვისტოს 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.3903 ლარს, ხოლო შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ნ------------------ს“ შორის ხელშეკრულების დადების დროისათვის, კი 2.4502 ლარს, ანუ ტენდერის გამოცხადებიდან მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებით მოხდა დაახლოებით 6 ნიშნულით, რაც შპს „ნ------------------ისათვის“ ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი სავაჭრო ურთიერთობს ახორციელებდა სწორედ აშშ დოლარში. ხოლო, ხელშეკრულების დადებიდან ხელშეკრულების სრულად შესრულების პერიოდში, ლარის გაუფასურება აშშ დოლართა მიმართებით მოხდა მხოლოდ 3 ნიშნულით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 05.12.2017წ. №2-------- წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოში ინფლაციამ (სამომხმარებლო ფასების ზრდამ) 2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით შეადგინა მხოლოდ 2.6%. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია ის გარემოება, რომ იმ პერიოდში, როდესაც მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (05.09.2017წ.) ქვეყანაში არსებობდა აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ნ------------------ი“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ეკისრება ინფლაციის რისკი, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ნ------------------ს“ ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისას შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ არსებობდა დინამიკაში ვალუტის კურსის ვარდნის ტენდენცია. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ წარმოადგენდა არაგანჭვრეტად გარემოებას, რის გამოც ვალუტის კურსის ცვლილების რისკის სწორედ შპს „ნ------------------ს“ ეკისრება.
რაც შეეხება ვალდებულების შესრულების დამძიმებას, როგორც მოსარჩელე სარჩელში უთითებს და მის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკნაშიც მითითებულია, შპს „თ---–---------------ისათვის“ მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 96 629.46 აშშ დოლარი, შპს „ნ------------------ის“ მიერ აუქციონში გამარჯვების დროისათვის (21.08.2017წ.) შეადგენდა 230 896.09 ლარს, ხოლო აღნიშნული საქონლის იმპორტისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადარიცხული 96 629.46 აშშ დოლარი, გადარიცხვის დღეებისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, შეადგენდა 247 679.53 ლარს. ამდენად, მათ შორის სხვაობა არის - 16 783.44 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის 2017 წლის 05 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით, შესასყიდი საქონლის ღირებულება განისაზღვრა 355 910 ლარით, მოპასუხის მოგება შემცირდა სწორედ 16 783.44 ლარით. (სასამართლო შენიშვნის სახით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სასამართლო არ იკვლევს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობის მართზომიერებას)
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, შესრულების გართულებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. ასეთ დროს ობიექტურად არ გამოირიცხება ვალდებულების შესრულება, თუმცა ასეთ პირობებში მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ნ------------------მა“ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნით შპს „თ---–---------------ს“ პირველად მიმართა 2017 წლის 01 დეკემბერს. ამ პერიოდისათვის, მას უკვე მიწოდებული ჰქონდა შემსყიდველისათვის ნასყიდობის საგნის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ხელშეკრულება ნაწილობრივ უკვე შესრულებული ჰქონდა. ხოლო, მისი კონტრაქტორი კომპანიისათვის ჩინეთში საბურავების შესაძენად თანხა სრულად ჰქონდა გადარიცხული (ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 2017 წლის 24 ნოემბერს). შესაბამისად, შპს „ნ------------------მა“ მხოლოდ მას შემდეგ მიმართა შპს „თ---–---------------ს“ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნით, რაც სრულად შეიძინა შემსყიდველისათვის გადასაცემი პროდუქცია.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალუტის კურსის იმ ოდენობით ცვლილებას, რაც იყო მოცემულ შემთხვევაში, არ გამოუწვევია ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება, რაც გულისხმობს ვალდებულების შესრულების განსაკუთრებულ გართულებას, როდესაც ვალდებულებით განსახორციელებელი მოქმედება მოვალისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით მიუღებელია - აჭარბებს „შესაძლებლობათა ზღვარს“ და აღნიშნული შესრულებით მოვალის მიერ განცდილი დანაკლისი აღემატება შესრულებთ კრედიტორის მიერ მიღებულ სარგებელს. ასეთ გარემოებებს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, შპს „ნ------------------ი“ მოითხოვდა ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი იმგვარად, რომ აღნიშნული ცვლილებით მოვალის სასარგებლოდ გაზრდილიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასყიდი საქონლის ფასი, რაც ცალმხრივად მხოლოდ დაამძიმებდა კრედიტორის მდგომარეობას ხელშეკრულების გაზრდილი ოდენობით. ანუ, მოვალის მოთხოვნა იყო კრედიტორის შესრულების ინტერესთან მნიშვნელოვნად შეუსაბამო (არაპროპორციული), რაც ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შემთხვევაში დაუშვებელია, ვინაიდან ასეთ დროს ხდება როგორც მოვალის, ისე კრედიტორის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება და დაბალანსება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის არამომგებიანობა და ბიზნესის წარუმატებლობა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების საფუძველი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, პროდუქციის აშშ დოლარში შეძენა თავიდანვე შეიცავს იმ რისკს, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, შეიცვალოს მეწარმის მოგება. საერთო წესის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი.
გასათვალისწინებელია, ასევე ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საბაჟო დეკლარაციებითა და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ შპს „ნ------------------მა“ მისი კონტრაქტორი ჩინური კომპანიისაგან შეიძინა სწორედ ის საბურავები, რომლებიც მან შპს „თ---–---------------ს“ მიაწოდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გადარიცხვების განხორციელებამდე (13.09.2017წ., 14.09.2017წ., 19.09.2017წ., 10.10.2017წ., 13.10.2017წ. და 24.11.2017წ.), ანუ საბურავების შეძენამდე მას უკვე მიწოდებული ჰქონდა შპს „თ---–---------------ისათვის“ საბურავების გარკვეული ოდენობა. ამასთან, თავად მოსარჩელემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მას ხელშეკრულების დადების დროისათვის საბურავების გარკვეული მარაგი ადგილზე ჰქონდა, რაც მიწოდებულ იქნა შემსყიდველისათვის, რაც თავისთავად გამორიცხავს ნასყიდობის საგნის ფასის ზრდას ვალუტის კურსის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია კონტრაჰენტებს მიენიჭოთ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების ნორმების უგულებელყოფისა და ყოველგვარი მოულოდნელი სახელშეკრულებო ცვლილების პასუხისმგებლობის ერთ მხარეზე გადაკისრების უფლება, რამეთუ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის გადანაცვლება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული გარემოების ცვლილების, მისი განსაზღვრული მასშტაბის და მოცულობის შედეგებისათვის.
ამდენად, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 05 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების შემდგომ შეცვლილი გარემოება - ვალუტის კურსის ცვლილება, იყო განჭვრეტადი და მას არ გამოუწვევია მოვალის ვალდებულების მკვეთრი დამძიმება, სასამართლო მიიჩნევს, რო საფუძელს მოკლებულია ხელშეკრულების შესრულების გართულებასა და შეცვლილ გარემოებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამორკვევა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოება - ხელშეკრულების დადების შემდგომ ვალუტის კურის ცვლილება და ლარის გაუფასურება სამი ერთეულით არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც ხელშეკრულების მხარეს, რომელიც წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, მისცემს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნის უფლებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას 16 783.44 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი შპს „თ---–---------------ი“ განიხილავდა და უარყოფითად უპასუხებდა მათ 17.12.2017წ. წერილობით შეთავაზებას ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებთან მისადაგების თაობაზე, ისინი გავიდოდნე ხელშეკრულებიდან, ხოლო ვინაიდან პასუხგაუცემლობამ მათ დააკარგვინა ეს უფლება, შპს „ნ------------------ს“ მიადგა ზიანი, ვინაიდან იძულებული გახდა შეცვლილი გარემოებების შესაბამისად, შეესრულებინა ხელშეკრულება და მიეწოდებინა მოპასუხისათვის შესასყიდი საქონელი, რომლის შესყიდვაც მას თავის მხრივ 16 783.44 ლარით ძვირად მოუხდა. მოსარჩელის განმარტებით, შპს „თ---–---------------ი“ როგორც ხელშეკრულების მხარე, ვალდებული იყო კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, განეხილა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. (იხ. სუსგ. საქმე№ას-1338-1376-2014; 29 ივნისი, 2015 წელი)
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპი კრედიტორს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში გაითვალისწინოს კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესი, თუმცა ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გამოირიცხა შპს „ნ------------------ის“ მოთხოვნის უფლება სსკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების თაობაზე, ასევე გამოირიცხება კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესის არსებობა. მოსარჩელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა შესრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუკი დადგინდებოდა ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების წინაპირობების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია იმაზე მსჯელობა შპს „ნ------------------ის“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ 2017 წლის 15 დეკემბერს გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების (ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნით) რეაგირების გარეშე დატოვებით მიადგა თუ არა მოსარჩელეს რაიმე სახის ზიანი.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ნ------------------ის“ სარჩელი შპს „თ---–---------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „ნ------------------ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ნ------------------ის“ სარჩელი შპს „თ---–---------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/15594-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
07 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ნ------------------ი“
წარმომადგენლები: ა---–----–---–ი, თ---------------–ი (დირექტორი)
მოპასუხე: შპს „თ---–---------------ი“
წარმომადგენლები: გ---------------ი, ლ--–------–--–--ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ნ------------------ის“ სარჩელი შპს „თ---–---------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი