განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002939065
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/141-19 24 მაისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031040219001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სოფიკო ფცქიალაძე, სამველ ჩობანიანი
ბრალდებული: თ---------- მ-------–---–-
მამის სახელი: რომან
დაბადებული: 1979 წლის 28 იანვარი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------–-----–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 4 თებერვალს დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.მარნეულში საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თ---------- მ-------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ელმან ქერიმოვთან, მის მიერ შპს ,,BIH“-ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ფიტის” სახ. NAA-382-CC გაჩერებასთან დაკავშირებით. სიტყვიერი შელაპარაკების შემდგომ, თ---------- მ-------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მის ხელთ არსებული რკინის ნივთით დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა და ძრავის ხუფი, რითაც შპს BIH -ს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თ---------- მ-------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
საქმეზე უდავოდ ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N413/ს დასკვნის თანახმად: ავტომანქანა ,,HONDA FIT“-ის სახ. NAA-382-CC, გამოშვებული 2002 წელს, წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 250 (ორასორმოცდაათი) ლარს, ძრავის სახურავის ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს- 150(ასორმოცდაათი) ლარს. დეტალების დაზიანებების ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მათი აღდგენა მიზანშეუწონელია.
ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს მოწმეების: ელმანი ქერიმოვის, ქამალ გულახმედოვის და ფაიგ ორუჯოვის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 4 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თ---------- მ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ პირმა განზრახ დააზიანოს სხვისი ნივთი და აღნიშნულმა დაზიანებამ დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვიოს. ნივთის დაზიანება გულისხმობს მისი თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება მისი სამეურნეო ღირებულების არსებითი შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია მიზნობრივი გამოყენებისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N413/ს დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ,,HONDA FIT“-ის წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 250 (ორასორმოცდაათი) ლარს, ხოლო ძრავის სახურავის ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს- 150(ასორმოცდაათი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ---------- მ-------–---–მა მის ხელთ არსებული რკინის ნივთის გამოყენებით დააზიანა შპს ,,BIH“-ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ფიტი” სახელმწიფო ნომრით NAA-382-CC, რის შედეგადაც დაზარალებულს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა თ---------- მ-------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თ---------- მ-------–---–-ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების: ელმანი ქერიმოვის, ქამალ გულახმედოვის და ფაიგ ორუჯოვის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 4 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, სასაქონლო ექსპერტიზის N413/ს დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა თ---------- მ-------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ---------- მ-------–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ---------- მ-------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ თ---------- მ-------–---–- აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი. ასევე მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით თ---------- მ-------–---–ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ავტომანქანა ,,ჰონდა“ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ---------- მ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
თ---------- მ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 1500 (ათას ხუთასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს თ---------- მ-------–---–ს (პ/ნ 2----------).
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული ავტომანქანა ,,ჰონდა“ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე