გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3012-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - გ-----------–-–---–ი
წარმომადგენელი - გ------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე - გ-----------–-–---–ის სასარგებლოდ 1998-2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების - 1118,07 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) შეადგენს 1025.86 ლარს, ხოლო 2003 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს - 30.40 ლარს, წოდებრივ სარგოს - 9.01 ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატს - 5.91 ლარს, ულუფას - 46.90 ლარს, სულ 92.21 ლარს. გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000-2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) ჯამში შეადგენს 1118.07 ლარს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 10 აპრილის N------ წერილით, გ-----------–-–---–ს მისი 2019 წლის 27 თებერვლის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გაცემა ვერ ხერხდება, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებში არ არის წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები. აღნიშნულის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე არ შეუძლია დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 19);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 10 აპრილის N------ წერილი (იხ.ს.ფ. 21).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ გ-----------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, სადავო პერიოდში მოქმედი ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, გ-----------–-–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც შეადგენს 1118.07 ლარს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული წარმოადგენს დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის N655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენდა, ?? ??????? ?? 9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) შეადგენს 1025.86 ლარს, ხოლო 2003 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს - 30.40 ლარს, წოდებრივ სარგოს - 9.01 ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატს - 5.91 ლარს, ულუფას - 46.90 ლარს, სულ 92.21 ლარს. გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000-2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) ჯამში შეადგენს 1118.07 ლარს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 10 აპრილის N------ წერილით, გ-----------–-–---–ს მისი 2019 წლის 27 თებერვლის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გაცემა ვერ ხერხდება, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებში არ არის წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები. აღნიშნულის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე არ შეუძლია დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რის გამოც სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწეს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხანაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 27 თებერვალს, როდესაც გ-----------–-–---–მა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოახდინა უფლების რეალიზაცია. სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 22 აპრილს. წერილის მიღებიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აქედან გამომდინარე გ-----------–-–---–ის მოთხოვნა 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზრაურების მოთხოვნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება - 1071.17 ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. გასაცემი ულუფა, ხელფასისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სასარჩელო განცხადებაში მითითებული ერთ–ერთი მოთხოვნა – 2003 წლის (მე-12 თვე) გასაცემი ულუფა 46.90 ლარი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის გასაცემი ულუფის ანაზღაურების ნაწილში არის ხანდაზმული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა 2003 წლის გასაცემი გასაცემი ულუფის (46.90 ლარი) ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 85-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გ-----------–-–---–ის სასარგებლოდ მისთვის 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 1071.17 ლარის ანაზღაურება;
3. გ-----------–-–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე