განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002880540
საქმე #1-177/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ო-–-----------–---–ის
ბრალდებულის - ნ------- ც--–--ის
ადვოკატის _ გ---–-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171280119012 საქმე :
ბრალდებული: ნ------- ც--–--ე
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 0--1-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
ნასამართლეობა: გაქარწყლებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-----------–----–----–------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2019 წლის 24 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ------–-, ვ-–----–----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ------- ც--–--ემ, ლ--–-----–-----ეს ყელში ხელების მოჭერით და ფეხის არეში ფეხის დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ლ--–-----–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე, ქ. ბ------–-, ვ-–----–----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ------- ც--–--ემ, ლ--–-----–-----ეს სახის არეში ხელების დარტყმით, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში ფეხების და ხელების დარტყმით მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რის გამოც ლ--–-----–-----ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი:
3. დაზარალებულმა ლ--–-----–-----ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ბრალდებული ნ------- ც--–--ე გაიცნო სოციალურად დაუცველთა სასადილოში, რომლის მომსახურებითაც ორივე სარგებლობს. დამეგობრდნენ და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. 2018 წლის ზაფხულში მათ შორის ადგილი ჰქონდა ლონფლიქტს, ც--–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პოლიციისადმი მიმართვა და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა მოჰყვა, თუმცა მაშინ დაინდო ბრალდებული, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დამალა და შეურიგდა. შერიგების მიუხედავად, ც--–--ე მუდმივად საყვედურობდა პოლიციაში დასმენის გამო. 2019 წლის 24 იანვარს, შუადღისას მივიდა ც--–--ესთან სახლში, ვ-–----–----–-------------ში. ბრალდებულმა ისევ გაიხსენა წყენა ბ--–------- მიერ პოლიციაში მიმართვის გამო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაატყა ფეხის, კისრის, მუცლის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოიქცა ც--–--ის სახლიდან და აღარ აპირებდა მასთან ურთიერთობას, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ც--–--ის მხრიდან წამოსული თხოვნა-მუდარის გამო, რომ ეპატიებინა და შერიგებოდა, ისევ აპატია და 28 იანვარს კვლავ მივიდა მასთან სახლში, რაც შემდეგ ძალიან ინანა. ნ-------მა ისევ სცემა, ამჯერად უფრო მეტად, სავარძელში ჩამჯდარს, გამეტებით ურტყამდა სხეულის სხვა და სხვა არეში, რაც დიდ ტკივილს აყენებდა. გადაწყვიტა აღარ ეპატიებინა ც--–--ისთვის და სამართალდამცავები ჩააყენა საქმის კურსში. სურს ბრალდებულმა პასუხი აგოს თავისი ქმედებებისთვის.
4. ბრალდებული ნ------- ც--–--ე არ დაეთანხმა დაზარალებულის ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტებს, განმარტა, რომ დაზარალებულს მუდმივად საყვედურობდა არა პოლიციაში მიმართვის, არამედ სიმთვრალის გამო. დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულზე, მას არ მიუყენებია. აღნიშნული პოზიციაზე აპელირებით, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია დაზარალებულის ჩვენების გარდა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რის გამოც ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------- ც--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარემ, კერძოდ:
6. N223576 შეტყობინება; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი; მოწმეების: გ------- ე-----–------------------------------------------–--------------------–--–---------------------------–---–---------ის გამოკითხვის ოქმები; ლ--–-----–-----ის გარეგნული დათვალიერების ოქმი და ფოტო-ცხრილი; 2019 წლის 28 იანვარს შედგენილი №008841 შემაკავებელი ორდერი მოძალადე ნ------- ც--–--ის მიმართ; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 28 თებერვლის N001368519 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დათარიღებული 04.06.2018 წლით, ამავე დღეს ნ------- ც--–--ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი N009842; პროკურორ ო-–-----------–--–ის 06.12.2018 წლის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
7. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურებულია ნ------- ც--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. მოწმეთა ჩვენებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შემთხვევის დღეს ლ--–-----–-----ეს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც მისი გადმოცემით მიაყენა მეგობარმა ნ------- ც--–--ემ. აღნიშნული დაზიანებები ასახულია სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმში და თვალნათლივ ჩანს თანდართულ ფოტოცხრილში. ის გარემოება, რომ 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებული ქმედებები არ ყოფილა პირველი შემთხვევა და ბრალდებულს და დაზარალებულს შორის ადრეც ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, დასტურდება 04.06.2018წ. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ნ------- ც--–--ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერით N009842;
8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 28 თებერვლის N001368519 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 29 იანვრის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ლ--–-----–-----ეს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა მუქი მოყავისფრო ფერის კანის ზედაპირის დონიდან წამოწეული ფუფხით დაფარული ნაჭდევები და მუქი მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთები - ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში და შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს (2019 წლის 24 იანვარს), ხოლო დაზიანებათა ღია მოწითალო ფერის კანის ზედაპირის დონიდან ჩაწეული შედარებით ნოტიო ზედაპირის მქონე ნაჭდევები და მოიისფრო ფერის სისხლნაჟღებთები - ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში და შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს (2019 წლის 28 იანვარს).
9. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ პასუხი გასცა დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, რომ ბ--–-----ეს დაზიანებები სხვა დროს ჰქონდა მიღებული და არა ნ------- ც--–--ის სახლში ყოფნისას. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმ დაზიანებების ლოკალიზაცია, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 24 იანვარს, ზუსტად ემთხვევა დაზარალებულის ჩვენებაში გაკეთებულ განმარტებებს და სხეულის იმ ნაწილების აღწერილობას, სადაც, მისი გადმოცემით, ც--–--ემ მიაყენა დარტყმები.
10. რაც შეეხება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დანაშაულის მოტივს - შურისძიებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი მოტივის დასაბუთება და დადასტურება საჭიროებს უფრო მეტი და დამაჯერებელი მტკიცებულების არსებობას, ვიდრე მხოლოდ დაზარალებულის განმარტებაა. ბრალდებული ც--–--ე, რომელიც არ უარყოფს დაზარალებულ ბილოხოძესთან ხშირ კონფლიქტს და სიტყვიერ დაპირისპირებას, კონფლიქტის მიზეზად მის სიმთვრალეს ასახელებს. ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 28 იანვარს გამოკვლევისას ბ--–-----ეს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა. ცალსახაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქის ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობა დაცულია კანონით და ყველა, ვინც ხელყოფს სხვის ამ უფლებას, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ცხადია, არც ც--–--ეს ჰქონდა უფლება ალკოჰოლის მიღების გამო ფიზიკურად ეძალადა ბ--–-----ეზე და მისი დანაშაული, როგორც უკვე აღნიშნა სასამართლომ, დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თუმცა დანაშაულის მოტივად შურსძიების მიჩნევა, მყარი არგუმენტების და მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე, არ იქნება საფუძლიანი.
11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- ც--–--ემ, ლ--–-----–-----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი- ორი ეპიზოდი.
1-. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
13. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
14. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
15. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
16. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
17. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
20. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ------- ც--–--ის მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
სამართლებრივი შეფასება:
21. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ------- ც--–--ემ, 2019 წლის 24 იანვარს და 28 იანვარს, ურთიერთშელაპარაკებისას, ქ. ბ------–-, ვ-–----–----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად იძალადა დაზარალებული ლ--–-----–-----ის მიმართ, სცემა და მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რის გამოც ლ--–-----–-----ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა; შესაბამისად, ნ------- ც--–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ორი ეპიზოდი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
22. ნ------- ც--–--ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
23. ნ------- ც--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
25. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
25. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
28. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
29. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
30. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------- ც--–--ეს, დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - 07 თვის ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
32. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნ------- გ-------ს ძე ც--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ნ------- ც--–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან.
მსჯავრდებულ ნ------- ც--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი