განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/23–2019) 090100119002967628
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - მ----------–--–-–---–--
ბრალდებულის - თ-------------–------
ადვოკატის - რ-----------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ თ-------------–------ მიმართ
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ--------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი:4-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი -ც---------------–-------------–--
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი -ც---------------–-------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1.2018 წლის 13 ივნისის ცაგერის რაიონული სასამართლოს განაჩენით, თ-------------–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64 მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა თ-------------–-----მ, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, მ-------------------–-–---–-- მიმართ, კერძოდ: ხელი ჰკრა მას და მიაჯახა ფანჯარას. თ-------------–------ ქმედების შედეგად მ--------- გ--------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2.ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, თ-------------–------ არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
3.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ--------- გ--------–-–---–-- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).
4.სასამართლო სხდომაზე, მოწმე მ-----------–----- განაცხადა, რომ მუშაობს ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ–გამომძიებლად. მის მიერ, 2019 წლის 25 თებერვალს, 112–ის სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე თ-------------–----- სცემდა მ-------------------–-–---–- და ითხოვდა პოლიციის დახმარებას, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი თ-------------–------ მიმართ, გამოკითული იქნა დაზარალებული მ-------------------–-–---–-, დაკავებული იქნა ბრალდებული თ-------------–-----, მან მომხდარის შესახებ გაიგო 112–დან მიღებული ინფორმაციისა და მ-------------------–-–---–--აგან და არასოდეს შესწრებია თ-------------–------ა და მ-------------------–-–---–-- ჩხუბს (სასამართლო სხდომის ოქმი).
5.მოწმის სახით დაკითხულმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა მ-------------–---- დაადასტურა მის მიერ, ცაგერის რაიონული სამმარველოს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე მ-------------------–-–---–-- მიმართ სასამართლო– სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რომ ჩატარებული შემოწმებისას მ-------------------–-–---–- აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით, რომელიც განვითარებულია მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანება მიიღო 2019 წლის 25 თებერვალს, ფანჯრის მინის გაწმენდის დროს (სასამართლო სხდომის ოქმი).
6.სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ-------------–-----მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება (სასამართლო სხდომის ოქმი).
7.2019 წლის 25 თებერვალს, 112–ზე შესული შეტყობინების თანახმად, შეტყობინება განახორციელა მ--------- გ--------–-–---–--, რომ რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში, ქ---–-------- ზედა სახლში, მასზე ძალადობდა ნასვამ მდგომარეობასი მყოფი მეუღლე.(ს.ფ.2);
8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 თებერვლის N0-------- ამბულატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-------------–------ ქმედება არ გამოიწვევდა მ-------------------–-–---–-- ტანჯვას(ს.ფ.51–56).
9.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, .საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმე ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ–გამომძიებლი მ-----------–---- ჩვენებაში უთითებს, რომ ინფორმაცია მიიღო 112–საგან შესაძლო დანაშაულის შესახებ, გამოკითხა დაზარალებული, გამოსცა შემაკავებელი ორდერი, მონაწილეობას იღებდა ბრალდებულის დაკავებაში. მოწმე მ-------------–---- დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის უტყუარობა. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ უშუალოდ შემსწრეა ბრალდებულ თ-------------–------აგან დაზარალებულ ხ-----------------–-–---–-ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის.
სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ბრალდებულისაგან მ--------- გამრეკელაშვილისადმი, გარდა ამისა უნდა იკვეთებოდეს შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა მ--------- გ--------–-–---–-- მასზე განხორციელებული ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ბუნებრივია უარყოფილია ასევე მისი მხრიდან მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ტანჯვის საკითხი, ხოლო რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, თ-------------–------ ქმედების შედეგად მ-------------------–-–---–- არ განუცდია ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა. მ-----------–----ს ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არ არის თვითმხილველი მოწმე და ყველა ინფორმაცია მისთვის ცნობილია გადმოცემით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების (მ-----------–----, მ-------------–--- ძალადობის ნაწილში) ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვისი ინფორმაციაზეც მიუთითეს სასამართლოზე მოწმეებმა (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას თ-------------–------ ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და შეტყობინებაზე შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიუთითებს, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან (დაზარალებული, მოწმე) სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია (იქნება ეს შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ან განმარტება) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეს უკანასკნელი იგივეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე სასამართლოს მიერ.
განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში, საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ-------------–------ ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თ-------------–------ უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.თ-------------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3.გამართლებულ თ-------------–------ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი მ-------------------–-–---–-- შეტყობინების აუდიოჩანაწერი 1(ერთი) დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი