განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100119002884368
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/9---19

№0-----------

23 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----–----–---–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------ში (პირადი №1----------)

 

ადვოკატი - მ------------–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა--------------- და მ--–----------–----–---–ი დაახლოებით 19 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად, როგორც მეუღლეები. თანაცხოვრების პერიოდში ა---------------, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ--–----------–---–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და მოკვლით. აღნიშნული ქმედების გამო მ--–----------–----–---–ს სურდა მასთან განშორება და სხვაგან გადასვლა, თუმცა ა--------------- კვლავ ჯანმრთელობის დაზიანებისა და მოკვლის მუქარით, მათ შორის 2019 წლის 3----------------ს, აიძულებდა მეუღლეს, რომ ეცხოვრა მასთან ერთად და არსად წასულიყო. ა--------------- მ--–----------–----–---–ს ასევე უკრძალავდა სამსახურში წასვლას და ამ მოტივით 2019 წლის 1-----------–ს გადაუყარა ტანსაცმელი და სამუშაო ნივთები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ა--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა--------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული მ--–----------–----–---–ის და მოწმეების: კ--------–---–-----ის, ნ-------------–-–---–ის, შ--–------------ისა და გ------------–-----ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას.

 

2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა---------------მ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულთა ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა---------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ასევე, ოჯახის წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კრიმინალიზებულია იძულება. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს შეხედულებისამებრ. დანაშაული გამოიხატება: ა) პირის ფიზიკურ იძულებაში; ბ) პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს მოქმედება. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება გათოკვა, გაკავება და სხვა. ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანების, მოკვლის, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა. მიაღწევს თუ არა დამნაშავე დასახულ მიზანს დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

3.3. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.7. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ა---------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ოჯახის წევრის მიმართ იძულება, ე.ი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5.4. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებში.

 

5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა---------------ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია და ა--------------- აღარ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს.

 

5.7. მოცემულ შემთხვევაში ა--------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ა--------------ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

5.10. სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ა---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 2 თებერვლიდან - 2019 წლის 23 აპრილის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

მსჯავრდებულ ა---------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: დალი მეტრეველი