განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
330100119002858188
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1-------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ-------------

ადვოკატი: ი----- ბ----–--

თარჯიმნები: ვ-----–- მ-----------, ე-–----- თ-------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: რ--–----- ა-–-–-----------ა

მამის სახელი: თ------------

დაბადების თარიღი: 0--------- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------------–----------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2--------- წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი

ფაქტობრივი დაკავების დრო: 2019 წლის 26 იანვარი, 2030 საათი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ რ--–----- ა-–-–-----------ას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი: რ--–----- ა-–-–-----------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ--–----- ა-–-–-----------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,444991 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რაც 2019 წლის 26 იანვარს საქართველოს შსს-ს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისში, ს------–-----------–--------------------------------ში მდებარე რ--–----- ა-–-–-----------ას ბინის ჩხრეკისას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე შ----- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რ--–----- ა-–-–-----------ა იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და საცხოვრებელ სახლში, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდა, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოიძიება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–---- ქ------–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 26 იანვარს, ბრალდებულ რ--–----- ა-–-–-----------ას გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ჩხრეკისას მოწვეული იყო თარჯიმანი და გარეშე პირი. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად არაფერი იქნა ამოღებული, თუმცა ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ბრალდებულმა განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა ბინაში და ავტოფარეხში და თავად მიუთითა კონკრეტული ადგილები. ინფორმაცია შენიშვნის სახით მიეთითა ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში, მასში შეტანილ შენიშვნას კი ბრალდებული გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით და მოაწერა ხელი. საცხოვრებელი ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩატარდა - ექსპერტების, კინოლოგების და გარეშე პირის თანდასწრებით. ავტოფარეხიდან ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება, ბრალდებულის საძინებელ ოთახში ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 წონაკი და ბრალდებულის პასპორტი, ღუმელის ქვევიდან კი ამოღებული იქნა სასწორი და პოლიეთილენის პაკეტები. ბრალდებული ჩხრეკის შემდეგ, თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი, ჩხრეკას გარეშე პირიც ესწრებოდა. აღნიშნულის შემდეგ მოწმემ დააკავა რ--–----- ა-–-–-----------ა ბრალდებულის სახით და გადაიყვანა განყოფილებაში. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ბრალდებულმა გააკეთა განმარტება, რომ ეკუთვნოდა მას. შესაბამისად, ჩანაწერი გაკეთდა ბინის ჩხრეკის ოქმზეც, რაც ბრალდებულმა თარჯიმნის საშუალებით დაადასტურა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- ს---–--------ამ და დამატებით განმარტა, რომ ამოღებას აწარმოებდნენ ექსპერტები, ისინი ასურათებდნენ და ლუქავდნენ ნივთიერებებს. ბრალდებულს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-------- ა-–----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც რ--–----- ა-–-–-----------ა ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მივიდა ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში და მისივე თანდასწრებით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მოწმემ განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ბინის და ავტოფარეხის ჩხრეკაში. სწორედ რ--–----- ა-–-–-----------ას მითითებით ამოიღეს ნარკოტიკები ავტოფარეხიდან და ბინის საძინებლიდან, რომელიც ბრალდებულისავე განმარტებით ეკუთვნოდა მას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------- დ------მ განმარტა, რომ 2019 წლის 26 იანვარს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მეწყვილე ლ------ ლ-----სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფ-------–----------–---–------------------------------ში ჩატარებულ ჩხრეკაში. ჩხრეკას ასევე ესწრებოდნენ კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები, გამომძიებელი ო-–---- ქ------–--ე, თარჯიმანი, ოჯახის წევრი და გარეშე პირი. ლურჯი ფერის პლასტმასის ,,ვედროდან’’ ამოიღეს მოშავო ფერის წინდა, რომელშიც იყო 8 ცალად შეფუთული ნივთიერება. ბინის ჩხრეკისას მოსასხამის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს 2 ცალი შეფუთული ნივთიერება და ბრალდებულის პასპორტი, ხოლო ღუმელთან, იატაკის ქვევიდან ამოიღეს 3 ცალი პოლიეთილენის პაკეტი და სასწორი. ამოღებული ნივთები დასურათდა, დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------ ლ-----მ და დამატებით განმარტა, რომ წინდა, რომელშიც იყო 8 ცალი შეფუთვა, თავის მხრივ მოთავსებული იყო დიდი ზომის, ლურჯი ფერის სათლში. ბინის ჩხრეკისას საძინებელში იყო ჩანთა, რომელზეც იყო შავი ფერის ქურთუკი, რომლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს 2 შეფუთვა და ბრალდებულის პასპორტი, ხოლო საძინებელში მდგარი ღუმელის ქვეშ იატაკიდან ამოიღეს სასწორი და 3 ცალი მცირე ზომის პაკეტი. ბინის ჩხრეკას ბრალდებული ესწრებოდა და მას შენიშვნა არ გაუკეთებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ლ------ემ დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 27 იანვარს გაცემული დასკვნა N3--------------, რომლის თანახმადაც:

- 8 (რვა) ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული მწვანე პოლიეთილენის 8 ცალ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 19.58 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 35.33გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 9.2055 გრამის ოდენობით.

- 2(ორ) ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული, თეთრი ძაფებით თავმოკრული მწვანე და შავი პოლიეთილენის 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, სართო წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 4.76 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 8.81 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 2.2372 გრამის ოდენობით.

- შავი, მწვანე, ყვითელი პოლიეთილენის ცარიელი ნაჭრების და თერმულად დამუშავებული შავი პოლიეთილენის მონაჭერის ზედაპირზე არსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0.002097 გრამის ოდენობით.

- ვერცხლისფერი პოლიმერული მასალის ელექტროსასწორის პინის ზედაპირზე არსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0.000195 გრამის ოდენობით.

ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 11.444991 გრამს.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

იგივე დასკვნა დაადასტურა ექსპერტმა მ--- დ----–-ამ და დამატებით განმარტა, რომ საკვლევად გადეცა 4 ნიმუში და მან ჩაატარა ინსტრუმენტული კვლევა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– კ------–---–მა განმარტა, აღნიშნულ საქმეზე, გამოკითხა ბრალდებული, რა დროსაც მას განემარტა უფლება, არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა მან ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------- ბ----–---–მა განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე მან დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, აიღო ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში და ბრალდებულს გააცნო ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ--–----- ა-–-–-----------ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ისარგებლა დუმილის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი, ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ რ--–----- ა-–-–-----------ას მიერ შეძენილი და შენახული და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი -11,444991 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ რ--–----- ა-–-–-----------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნებით, ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული ნივთიერებებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.

კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლების ჩვენებებითა და უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 იანვრის რ--–----- ა-–-–-----------ას საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების და ავტოფარეხის ჩხრეკის ოქმის თანახმად:

1. ავტოფარეხის ჩხრეკისას დიდი ზომის მომწვანო ფერის ე.წ. პლასტმასის სათლში მოთავსებული მუქი ფერის წინდიდან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ პაკეტის ნაჭრებში დაფასოებული 8 ცალი გაურკვეველი ნივთიერება.

2. რ--–----- ა-–-–-----------ას საძინებელ ოთახში განთავსებულ ჩემოდნის ზედაპირზე მოთავსებულ მოშაო ფერის ნაჭრის მოსასხამის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მომწვანო და მოშავო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ და ძაფშემოკრულ ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება, იმავე ჯიბიდან ამოღებული იქნა რ--–----- ა-–-–-----------ას სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

3. იმავე საძინებელში განთავსებული შეშის ღუმელის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ელექტრო სასწორი და 3 ცალი სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის პაკეტის ნაჭერი, მათში მოთავსებული 1 ცალი მოშავო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ პაკეტის ნაჭერში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერება.

აღნიშნულ ოქმზე შესრულებული შენიშვნის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული, თარჯიმანი და გარეშე პირი - რ--–----- ა-–-–-----------ამ განაცხადა, რომ მისი საძინებელი ოთახიდან და ავტოფარეხიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის მას.

2019 წლის 27 იანვრის ექსპერტიზის N3-------------- დასკვნის თანახმად კი, რ--–----- ა-–-–-----------ას ავტოფარეხიდან და საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახიდან ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს, საერთო წონით - 11.444991 გრამს.

ასევე, 2019 წლის 26 იანვრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მართალია, რ--–----- ა-–-–-----------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ავტომანქანიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იქნა ნანახი და ამოღებული, თუმცა ოქმის შენიშვნის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული, თარჯიმანი და გარეშე პირი - რ--–----- ა-–-–-----------ამ განაცხადა, რომ ავტომანქანაში არ ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ჰერიონი შენახული აქვს ავტოფარეხში და საძინებელ ოთახში.

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რადგან აღნიშნული გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - ექსპერტის დასკვნით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რომელთა შინაარსიც შესაბამისობაშია გამომძიებლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან.

დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და ემსახურება ბრალდებულების მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

მოწმეთა ჩვენებების სანდოობისა და მათი შეფასების კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირის (ბრალდებულის) ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ზოგადად დაცვის მხარის პოზიცია, ხშირ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან მისი როგორც საქმეში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს დარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის პოზიცია ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ იმ პირისაგან განსხვავებით, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და რომელიც არ აგებს პასუხს ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ნეიტრალური და საქმის შედეგით არადაინტერესებული მოწმის ჩვენება, როგორც წესი, მაღალი ინფორმაციულობით გამოირჩევა და ამ ტიპის მოწმე ჩვენებას იძლევა არა უფლების, არამედ თავისი მორალური და იურიდიული ვალდებულებების გამო, რომლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება, მათ შორის სისხლისსამართლებივი პასუხისმგებლობაც.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ--–----- ა-–-–-----------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ რ--–----- ა-–-–-----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას.

სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, რ--–----- ა-–-–-----------ას მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვათ კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ--–----- ა-–-–-----------ა (პ/N1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ--–----- ა-–-–-----------ას დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 26 იანვრის, 2030 საათიდან.

 

რ--–----- ა-–-–-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, რ--–----- ა-–-–-----------ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - რ--–----- ა-–-–-----------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

პირადი ნივთები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

01 ცალი ლაზერული დისკი - რ--–----- ა-–-–-----------ას ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე