განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3---19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი და ანნა ქოჩიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ე-–---------------–-–---–-, მ-------–-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------- (დაბადებული - 1--- წლის 4----–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: მ--------–-- რაიონი, სოფელი კ--------);
ადვოკატი - ნ----------------
თარჯიმანი - ვ-----–--------------
კვალიფიკაცია:
გ-------------------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. ქ. რ-------------–--------–-–--- სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - გ-------------------ს საქართველოს შ--------------- სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა გ------------------- აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 23 წელი, 4 თვე და 24 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–-- გადააგზავნა შ-------, ჯ---------–------ და ს--–---–---------–--- სამინისტროს ს--–---–--------------------- სააგენტოში, რის საფუძველზეც გ------------------- დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2000 წლის 2---------------- და 2018 წლის 3--------------- ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 19404,84 ლარს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ-------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გ-------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ--–---------–---- და დ---------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ამოღებულ დოკუმენტაციას, დათვალიერების ოქმებს, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებს, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში- სსკ) 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის; ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ შ-------, ჯ---------–------ და ს--–---–---------–--- სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს, 19404,84 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გ-------------------- თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა შ-------, ჯ---------–------ და ს--–---–---------–--- სამინისტროს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი აღემატება 10000 ლარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რისთვისაც გ------------------- ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც გ------------------- მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ-------------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ამასთან, გ-------------------- ნაწილობრივ აანაზღაურა მიყენებული ზიანი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ს----–-–------ - მიადგა დიდი ოდენობით ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გ-------------------ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ბრალდებულის დადებითი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. შესაბამისად, გ------------------- სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მათი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების, ბრალდებულის ასაკის, მის მიერ ნაწილობრივ ზიანის ანაზღაურების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------------------- ჯარიმის ოდენობად განესაზღვროთ 4 000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
გ-------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1---------- №1----- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: გ-------------------ს (პირადი №2----------) კუთვნილ უძრავ ქონებას - მდებარე მ--------–-- რაიონი, სოფელ ქ--------- (ფართი 1----- კვ.მ. - საკადასტრო კოდით №8--------).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი