გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2172-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.05.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
მოსარჩელე თ------- ბ---–---–ი
წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე
მოპასუხე ვ----– მ-----ე
წარმომადგენელი გ------- დავითაშვილი
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა
II აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ვ----– მ-----ისათვის დაკისრებული ალიმენტის გაზრდა და ვ----– მ-----ისათვის შვილის 2----–-–----------------–ს დაბადებული გ------- მ-----ისათვის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება.
სარჩელის გარემოებები
თ------- ბ---–---–ი წლების წინ მოპასუხესთან იმყოფებოდა ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში და ჰყავთ საერთო შვილი 2----–-–----------------–ს დაბადებული გ------- მ-----ე. 2009 წელს მხარეებს შორის შედგა მორიგება და მოპასუხეს განჩინებით დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხე ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქვს თავისი ბიზნესი და საკამოდ დიდი შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ის არ უწევს თავის შვილს შესაბამის დახმარებას. დაკისრებული ალიემნტი არ არის საკმარისი ბავშვის რჩენისათვის, იგი კარგი მოსწავლეა, დადის სხვადასხვა წრეებზე, რის გამოც სჭირდება ხარჯები სწავლისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო, სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის განმარტება მისი ეკონომიური მდგომარეობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ მოსარჩელის ვარაუდებია. მიუხედავად ვიმისა, რომ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეის მდგომარეობით არის უმუშევარი, შესაბამისად არ არსებობს ალიმენტის გაზრდის საფუძველი. სასამართლო სხდომებზე მოპასუხე დაეთანხმა ალიმენტის გაზრდას 100 ლარით.
(მოპასუხის განმარტებები 24.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2.3. თ------- ბ---–---–ი და ვ----– მ-----ე ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. ვ----– მ-----ე დაახლოებით ათი წელია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი შვილი გ------- მ-----ე ცხოვრობს და იზრდება საქართველოში მოსარჩელე თ------- ბ---–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი, (ს.ფ. 3-6. ტომი 1);
- შესაგებელი (ს.ფ.22-25. ტომი 1);
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. თ------- ბ---–---–ს და ვ----– მ-----ეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელის სარჩენად მოპასუხეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინებით მხარეთა მორიგების საფუძველზე დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
თ------- ბ---–---–ს და ვ----– მ-----ეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. დაბადების მოწმობის მიხედვით გ------- მ-----ე დაბადებულია 2----–-–----------------–ს, მის მშობლებად რეგისტრირებული არიან დედა თ------- ბ---–---–ი, მამა - ვ----– მ-----ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ------- ბ---–---–სა და ვ----– მ-----ეს შორის შემდეგი პირობებით:
1. თ------- ბ---–---–ი თანახმაა, მოპასუხე ვ----– მ-----ემ მის სასარგებლოდ მათი შვილის, გ------- მ-----ის დაბადებული 2----–-–----------------–ს ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებმდე 2009 წლის 28 ოქტომბრიდან. აგრეთვე თანახმაა, მოპასუხემ მიიღოს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში აუცილებლობის შემთხვევაში (ავადმყოფობის შემთხვევაში). მეორეს მხრივ, მოპასუხე ვ----– მ-----ე თანახმაა, მისი შვილის გ------- მ-----ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით თვეში 100 ლარი 2009 წლის 28 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე და ასევე მონაწილეობა მიიღოს აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ხარჯებში ( ავადმყოფობის შემთხვევაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 14 ტომი 1)
- განჩინების ასლი (ს.ფ. 15-16. ტომი 1).
3.2.2. ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ ვ----– მ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. იგი დაახლოებით ათი წელის წინ გაემგზავრა და ამ დრომდე ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
თ------- ბ---–---–ის მოთხოვნა ალიმენტის გაზრდის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დაახლოებით ათი წელია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ზრუნვა შვილზე შემოიფარგლება მხოლოდ დაკისრებული ალიმენტის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდით. მისი ინფორმაციით მოპასუხეს აქვს კარგი შემოსავალი, აქვს გარკვეული ბიზნესი. თ------- ბ---–---–ის განმარტებით, ალიმენტის დაკისრების შემდგომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შეუძლია ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლითაც დასტურდება, რომ ვ----– მ-----ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საზღვრის კვეთის ნებართვა (ვიზა) მიღებული აქვს 2010 წლის 3 სექტემბერს 1 წლის ვადით - 2011 წლის 1 სექტემბერამდე.
მოპასუხის განმარტებით, იგი აშშ-ში გაემგზავრა 2010 წელს და მას შემდეგ უწყვეტად ცხოვრობს ქალაქ ნიუ-იორკში. მოპასუხის განმარტებით, იგი აშშ-ში არ მუშაობს და არა აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა შეძლოს.
მოპასუხეს მისი პასპორტის ასლის გარდა სხვა მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. მას არ წარმოუდგენია რაიმე წერილობით ან ზეპირი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს აშშ-ში, რა არის მისი შემოსავლის წყარო. უმუშევრობის გამო იღებს თუ არა დახმარებას და სხვა. მოპასუხეს არ მიუთითებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
ამ ნორმის საფუძველზე საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაში სასამართლოს მინიჭებული აქვს საკუთარი ინიციატივით საქმის გარემოებების განსაზღვრის და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების უფლებამოსილება. სასამართლოს ეს უფლებამოსილება განპირობებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის ვალდებულებიდან, რადგან ბავშვის უფლებების განხორციელების დავაში უპირატესია ბავშვის ინტერესების დაცვა. ამდენად, ამ ნორმით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია ბავშვის ინტერესების საუკეთესოდ დაცვის მიზნით სასამართლოს საკუთარი ინიციატივით, მხარეთა შესაბამისი მოთხოვნის, შუამდგომლობის გარეშე გამოითხოვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც საქმის არსებით განხილვისათვის აუცილებელია, რომელთა გარეშე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ დადგინდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნორმით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლება მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების უგულებელყოფას არ გულისხმობს და ამა თუ იმ მხარისათვის ხელსაყრელი მტკიცებულებების შეკრების უფლებამოსილებას არ ნიშნავს. სასამართლოს ასეთი უფლებამოსილების პირობებშიც ძალაშია სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
სამართალწარმოების ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ასევე მხარეთა თანასწორობის პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. ამ პრინციპის საფუძველზე 354-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ მშობლებს შორის დავის პირობებში დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი ინტერესების რეალიზაციის მიზნით გადაიჭრას სადაო სამართალურთიერთობა.
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მხარე ვალდებულია სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებები, რაც მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებს. სასამართლომ არაერთხელ შესთავაზა მოსარჩელეს მისი აშშ-ში საქმიანობის და შემოსავლების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენა, მოსარჩელემ კი მხოლოდ პასპორტის ასლი წარმოადგინა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ----– მ-----ე თითქმის 9 წელია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს გააჩნია ფინანსური პრობლემები, რის გამოც შეუძლია მხოლოდ ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა შვილის რჩენისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (18.04.2019წ და 24.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- პასპორტის ასლი (ს.ფ. 88-89, ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, დაკისრებული მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის განისაზღვროს თვეში 500 ლარით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები
- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეამციროს ამ გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის გაზრდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ადგენს მშობლების ვალდებულებას იზრუნონ შვილების აღზრდაზე, მათ გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას ალიმენტის ოდენობის გონივრულობის განმსაზღვრელი საერთო გარემოებები.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ არასრულწლოვანი შვილებისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შვილის რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური პირობებისა და შრომისუნარიანობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური პირობების შეცვლის კვალობაზე.
მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის 500 ლარამდე გაზრდას, ხოლო დაკისრებული ალიმენტის თანხაა 100 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის 500 ლარის ალიმენტის დაკისრება არის გონივრული ისეთ პირობებში, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მოპასუხის შრომისუუნარობაზე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მუშობას და არ გააჩნია შემოსავალი. მხარეთა განმარტებით მოპასუხეს არ ჰყავს სხვა შვილი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო ოჯახის წევრები. შესაბამისად მას მხოლოდ გ------- მ-----ის რჩენის ვალდებულება ეკისრება.
ალიმენტის შეცვლის საკითხის გადაწყეტისათვის ასევე მნიშვნელოვანია დაკისრებული ალიმენტის ოდენობა რამდენად გონივრული და სამართლიანია და მისი გადახდა ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით საკმარისად გონივრული ფულადი ვალდებულება არის თუ არა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი არის დროში განგრძობადი ვალდებულება, იგი ბავშვის სრულწლოვანებამდე შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა. ამ თავისებურების გათვალისწინებით, შესაძლებელია დაკისრებული თანხის მატერიალური ღირებულება შეიცვალოს და ამ თანხის მსყიდველუნარიანობა შემცირდეს კიდეც ვალუტის გაუფასურების ან სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო. ასეთ გარემოების არსებობის შემთხვევაში წამოიჭრება ალიმენტის შეცვლის საკითხი. თანხის მსყიდველუნარიანობის შემცირების შემთხვევაში უკვე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შეიძლება უცვლელი დარჩეს, თუკი ამავე დროს ალიმენტის გადამხდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გაუარესდა ან იგი მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----– მ-----ისათვის ყოველთვიურად დაკისრებული 100 ლარი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე საჭიროებების გათვალისწინებით და ეკონომიკური მდგომარეობის გამო მცირე თანხაა. ალიმენტის ეს ოდენობა დადგინდა 2009 წლის 10 დეკემბერს, რა დროსაც ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ იყო 1.6734 ლარი. ამდენად, დაკისრებული ალიმენტი შეადგენდა 59,75 აშშ დოლარის ექვივალენტს.
სარჩელის აღძვრის დღეს 2018 წლის 24 ივლისს არსებული კურში შეადგენდა 2.4454 ლარს, ხოლო მოთხოვნილი ალიმენტი - 40,89 აშშ დოლარის ექვივალენტს. გადაწყვეტილების მიღების დღეს კურსი შეადგენს 2.7799 ლარს. მოთხოვნილი ალიმენტი შეადგენს 35,97 აშშ დოლარის ექვივალენტს. ამდენად, აშშ დოლარის ექვივალენტში გაანგარიშებით მოთხოვნილი თანხა გაცვლითი კურსის მიხედვით შემცირდა 23,78 აშშ დოლარით. მოთხოვნილი თანხა შეადგენს 179,86 აშშ დოლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებების გამო ალიმენტის დაკისრების შემდეგ შემცირდა დაკისრებული ალიმენტის თანხის მსყიდველუნარიანობა, ხოლო მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა. იგი ალიმენტის დაკისრების შემდეგ პერიოდში საცხოვრებლად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისივე განმარტებით ტურისტული მიზნით და მას შემდეგ უწყვეტად იქ ცხოვრობს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მას ეკისრება იმის ვალდებულება, რომ დაასაბუთოს მისი მატერიალური მდგომარეობა, მისი შემოსავლის წყარო ან სხვა გარემოებების არსებობა, რაც ასაბუთებს, რომ ყოველთვიურად 200 ლარი არის მისი მდგომარეობის გამო გონივრული ფულადი ვალდებულება. 200 ლარი, რომლის გადახდაზეც მოპასუხემ თანხმობა განაცხადა, აშშ დოლარის ექვივალენტში არის 71,94 აშშ დოლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ აშშ დოლარის ექვივალენტის მიხედვით თანხის გაანგარიშება ამ კონკრეტული საქმისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მოპასუხე ცხოვრობს აშშ-ში და მისი ფინანსური შემოსავალიც ამ ვალუტით განისაზღვრება.
ბავშვი არის 13 წლის, მას კვების, სამედიცინო მომსახურების გარდა ესაჭიროება სწავლისათვის ხარჯების გაწევა, წიგნების და სწავლისათვის საჭირო ნივთების შეძენა, რის გამო მისი რჩენისათვის საჭირო ხარჯები გაზრდილია. არსებული ეკონომიკური პირობების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით 100 ლარის გადახდა აშკარად მცირე თანხაა და იგი უნდა გაიზარდოს. ამასთან, ყოველთვიურად 200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, მატერიალური მდგომარეობის და ოჯახური პირობების გათვალისწინებით მოპასუხისთვის მცირე თანხაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ არის იმგვარი, რომ მას მხოლოდ 71 აშშ დოლარის გადახდა შეუძლია შვილის რჩენისათვის. მას არ ჰყავს სხვა შვილი ან შრომისუუნარო ოჯახის წევრები, მას არა აქვს რაიმე პრობლემები, რის გამოც განსაკუთრებული მკურნალობა ან მატერიალური დახმარება არ სჭირდება.
მოპასუხე თითქმის 9 წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ, შვილის აღზრდის პროცესში ჩართული არ არის, დაკისრებული ალიმენტის გადახდის გარდა შვილის რჩენასა და აღზრდაში სხვა მონაწილეობას არ იღებს. ბავშვის აღზრდაზე ზრუნავენ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები. მოპასუხეს ბავშვის აღზრდის პროცესში წამოჭრილი ყოველდღიური საზრუნავის გადაწყვეტა არ უწევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ კონკრეტული ოჯახის ქონებრივი შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც ამავე კონვენციის 27-ე მუხლიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც ასაბუთებს, რომ მას 200 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის არ შეუძლია.
მხარეთა განმარტებით, აშშ-ში გამგზავრებამდე მოპასუხე საქართველოში დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში. უცხოეთში მისი გამგზავრება არ იყო გამოწვეული რაიმე განსაკუთრებული ოჯახური გარემოებით, მაგალითად მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, მოპასუხის მიზანი იყო მატერიალური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება. მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ იგი უმუშევარია მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა და სხვა გარემოებებია მნიშვნელოვანი. მართალია მოსარჩელე დასაქმებულია საჯარო სამსახურში, გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ეხმარებიან ოჯახის წევრები, მაგრამ ეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას არ გამორიცხავს, რადგან იგი მეორე მშობლის დაუხმარებლად ზრდის შვილს. მოპასუხის მონაწილეობა შვილის აღზრდაში ალიმენტის გადახდით ვლინდება, რის გამოც ორივე მხარის მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით ალიმენტი უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს 500 ლარით.
გაზრდილი ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2018 წლის 24 ივლისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან არ თავისუფლდება, ხოლო მას სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელწმიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. მოსარჩელე მოითხოვს დაკისრებულია ალიმენტის 100 ლარის გაზრდას 400 ლარი, რადგან მოთხოვნაა 500 ლარის დაკისრება. სარჩელში დავის საგნის ღირებულებაა ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი იმ თანხის ერთობლიობით, რომლითავ იზრდება დაკისრებული ალიმენტი, რაც ამ დავაში შეადგენს 4 800 ლარს. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა 144 ლარი ნახევრდება და შეადგენს 72 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ცნო სარჩელი ალიმენტის 100 ლარით გაზრდის ნაწილში, რაც არის დაკსრებული თანხის 25%. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 72 ლარის 25% არის 18 ლარი, რომლის გადახდისგან თავისუფლდება მოპასუხე. შესაბამისად, მან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი 54 ლარი.
სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს თ------- ბ---–---–ის სარჩელი;
1.1. გაიზარდოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ვ----– მ-----ისათვის დაკისრებული ალიმენტი და ვ----– მ-----ეს დაეკისროს შვილის 2----–-–----------------–ს დაბადებული გ------- მ-----ის სარჩენად ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა. გაზრდილი ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 24 ივლისიდან;
2. ვ----– მ-----ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 54 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი