განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
330100119002830086
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ანა კალანდაძე

 

დაცვის მხარე

დამცველი - ა------ ვ---–----

ბრალდებული - გ------- ვ--------- ძე ფ-----, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ-------------------------–--–--------–------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------------------------------------–-.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2 ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 დეკემბერს, ქ. თბილისში, მ--------- გ-------ი, კორპუსი N---, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, გ------- ფ----- მამას - ვ------- ფ-----ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2018 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში, მ--------- გ-------ი, კორპუსი 4--, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, გ------- ფ----- მამას - ვ------- ფ-----ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2018 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში, მ--------- გ-------ი კორპუსი N---, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, გ------- ფ-----მ ვ------- ფ-----ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. კერძოდ, აბაზანაში შესულს ოთახის კარი ჩაუკეტა, შუქი ჩაუქრო და კარს გარედან სარემონტო მასალა მიადგა. ამ უკანასკნელის არაერთი თხოვნისა და ყვირილის მიუხედავად, გ------- ფ----- კარს არ უღებდა. ვ------- ფ----- ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, ვიდრე მეზობლებმა - ნ--- ყ---–----მ და ლ---- თ------ემ არ გაათავისუფლეს და აღმოუჩინეს დახმარება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- ფ-----ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

მოწმე ლ---- თ------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: ვ------- და გ------- ფ----ები მისი მეზობლები არიან. 2018 წლის 27 დეკემბერს ფ----ების ბინიდან მოესმა ყვირილის ხმა, გ------- და ვ------- ფ----- ჩხუბობდნენ, გ------- ფ----- უყვიროდა მამას „მოგკლავო“ და აგინებდა დედის მისამართით. 2018 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა გ------- ფ----- აგინებდა ვ------- ფ-----ს და ემუქრებოდა „მოგკლავ შენი დედაცო“. ასევე გაიგონა, როგორ ყვიროდა ვ------- ფ----- „მიშველეთ, მიშველეთო“. ფ----ების ბინაში მარტო შესვლის შეეშინდა, ავიდა მე-9 სართულზე მცხოვრებ მეზობელთან - ნ--- ყ---–----სთან, რომელსაც სთხოვა ჩასულიყვნენ და ენახათ რა ხდებოდა. ერთად ჩავიდნენ ფ----ების ბინაში და ნახეს, რომ გ------- ფ-----ს ჩაკეტილი ჰყავდა აბაზანაში ვ------- ფ-----, კარებზე ნივთები იყო მილაგებული და რკინის საგანი იყო კარში გაჭედილი. რომ არა მათი ჩარევა, ვ------- ფ----- აბაზანიდან ვერ გამოვიდოდა, ვინაიდან კარი ისე იყო ჩახერგილი, რომ შეუძლებელი იყო შიგნიდან კარის გაღება. ვ------- ფ----- აბაზანიდან გამოსვლისას შეშინებული იყო, კანკალებდა, ტელეფონი აიღო და დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას, რომლებსაც განუცხადა, რომ შვილმი მოკვლით ემუქრებოდა, აბაზანაში ჩაკეტა და ითხოვა დახმარება.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართთლოს მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ყ---–----მ და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს გაიგონა, როგორ ჩხუბობდნენ გ------- და ვ------- ფ----ები. გ------- ფ----- უყვიროდა და აგინებდა მამას - ვ------- ფ-----ს. მეორე დღეს შეხვდა ვ------- ფ-----ს, რომელიც იყო შეშინებული და აღელვებული მასზე განხორციელებული მუქარის გამო. მოწმის განმარტებითვე, 2018 წლის 30 დეკემბერს გაიგონა გ------- ფ----- მამას - ვ------- ფ-----ს ემუქრებოდა „გააჩერე ენა თორემ მოგკლავო, მოგკლავ შენი დედაცო“. ვ------- ფ----- ყვიროდა „მიშველეთო“. ლ---- თ------ესთან ერთად ჩავიდა ფ----ების ბინაში, სადაც ბრალდებულს მამა ჩაკეტილი ჰყავდა აბაზანაში და შუქი ჰქონდა ჩამქრალი.

მოწმე ს------ მ------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს მეწყვილე - ვ------ ფ---------თან ერთად გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა მისამართზე, სადაც დახვდა ვ------- ფ-----. ვ------- ფ-----მ მიუთითა შვილზე - გ------- ფ-----ზე და განუმარტა, რომ შვილმა მიაყენა შეურაცხყოფა და დამუქრა მოკვლით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქრის განხორციელების საფუძლიანი შიში. ვ------- ფ-----ს განმარტებითვე, ვინაიდან გ------- იყო აგრესიული, გადაწყვიტა გარიდებოდა და შევიდა აბაზანაში, თუმცა შვილმა ჩაკეტა გარედან, კარზე მილაგებული ჰქონდა ნივთები და გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. დაზარალებულმა აჩვენა ისიც, რომ აბაზანიდან გამოიყვანა ორმა მეზობელმა. მის მიერ მოხდა გ------- ფ-----ს დაკავება და საგამოძიებო სამსახურის გამოძახება.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ------ ფ---------მა და გ------- გ------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მოხდა მისი გამოძახება, რომლებმაც აცნობეს, რომ დაკავებული ჰყავდათ გ------- ფ-----. ადგილზე მისულს დახვდა ვ------- ფ-----, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა შვილმა - გ------- ფ-----მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სააბაზანოში ჩაკეტა 20-30 წუთის განმავლობაში. ვ------- ფ----- იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული, აცხადებდა - „მიშველეთ, გ------- ფ----- მომკლავსო“ და მუქარას აღიქვამდა რეალურად.

2018 წლის 30 დეკემბრის N------- დასკვნით დადგინდა, რომ გ------- ფ-----ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: ამფეტამინის, მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი - ექსტაზი), მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარება.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: მ------ ს------–---–მა.

2018 წლის 31 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, მ--------- გ-------ი N---, ბინა N---ში მდებარე ვ------- და გ------- ფ----ების საცხოვრებელი ბინა. ბინაში მდებარე სააბაზანოს კარი არის ღია მდგომარეობაში, რომლის წინ კედელზე მიდებულია ხის მოზრდილი ჯოხი, სამშენებლო ნაგვით სავსე მოზრდილი ვედრო, არმატურის კონსტრუქციის საშრობი, ოთხკუთხედი პლასტმასის ყუთი სამშენებლო ნარჩენებით სავსე. ვ------- ფ-----ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული ნივთებით ჩაუკეტა სააბაზანოს კარი გ------- ფ-----მ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- ფ-----მ ნაწილობრივ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები და განმარტა, რომ მან ჩაკეტა მამა აბაზანაში, მაგრამ მუქარის ფაქტი არ ახსოვს, მამას სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ გ------- ფ-----სთან მიმართებაში პროკურატურამ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ფ-----მ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი) და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და გ------- ფ-----ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის და სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება - მამა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშობელი წარმოადგენს ახლო ნათესავს.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის - მუქარის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი მუქარის ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მუქარა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რამდენადაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა). მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, ბ). შედეგში - შიში (რომელიც ბრალდებულის ქმედებით განიცადა დაზარალებულმა) და გ). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი - ბრალდებული დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჩაკეტა აბაზანაში და ჩაუქრო სინათლე, რომელიც ისე იყო შეშინებული, რომ მეზობლების დახმარებით გათავისუფლებისთანავე დარეკა პოლიციაში და დახმარება ითხოვა.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. კონსტიტუციით ასევე ხელშეუვალია ადამიანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის არა აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ძირითადად ადამიანის პირად თავისუფლებას ეხება 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება. ობიექტური მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობითაა ჩადენილი ეს დანაშაული, როცა რომელიმე ბინაში მყოფ პირს არ უღებენ კარებს და არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რის გამოც იგი იძულებულია დარჩეს ამ ბინაში. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან. თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ შენობა-ნაგებობაში მყოფი პირისათვის კარების ჩაკეტვით. ამრიგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტლივ მიედინება. მისი ხანგრძლივობა მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს - ვინაიდან, ეს დანაშაული დენადია, მისი დაწყებიდან (მაგალითად, ადამიანის ბინაში ჩამწყვდევიდან) ქმედების შეწყვეტის მომენტამდე (ამ ადამიანის გათავისუფლებამდე). თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს ანგარება, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა, შურისძიება და სხვა, რაც მხედველობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნისას. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს, რასაც ასევე მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. კერძოდ, ბრალდებულმა აბაზანაში შესულ დაზარალებულს გარედან ჩაუკეტა კარები, ჩაუქრო სინათლე და მეზობლების ჩარევამდე, დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია - ბრალდების ნაწილობრივი აღიარება, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მცდელობას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ გ------- ფ-----მ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი) და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ფ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------- ფ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი)თვის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. გ------- ფ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 დეკემბრიდან.

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი