გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-13-2019
(130310519002871454)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბმა ყ----------------–-“
წარმომადგენელი - მ------ ბ--------–---–ი
მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ი----- ფ-----ე, თ----- გ-----–--ე, შ--–-- გ--–-–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 თებერვლის N1 დადგენილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ბმა ყ----------------–-“ 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ამხანაგობამ სათავსების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა, ვინაიდან, ერთ-ერთი მესაკუთრის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა ვერ წარადგინეს, რეგისტრაციაც ვერ განხორციელდა. აღნიშნულ სათავსებს ფლობენ წლების განმავლობაში.
ამხანაგობის წარმომადგენელი უთითებს, რომ მეზობლად მცხოვრებმა ლ--–- ლ-–----ემ (სხდომაზე განაცხადა, რომ მისმა სიძემ ნ------- კ-------ემ) მასთან შეთანხმების გარეშე, მის საზღვარზე ააშენა სამზარეულო. ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. მერიამ პრობლემის მოგვარების მაგივრად, 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით დააჯარიმა 2000 ლარით იმის გამო, რომ მან ამოაშენა ხის სათავსის მორღვეული გვერდები. მოსარჩელე უთითებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზეზით მოხდა მათი დაჯარიმება, რადგან მისი ნების არ გამოვლენის გამო, ვერ მოახერხეს სათავსების დარეგისტრირება მესაკუთრეებმა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარემ მ------ ბ--------–---–მა ორჯერ მომართა მერიას ამხანაგობის კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობაზე რეაგირებისათვის. ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე შემოამოწმა ფაქტი და დადგინდა, რომ მიმდინარეობდა დამხმარე სათავსების მიშენება-რეკონსტრუქცია. ამის გამო ამხანაგობას გაეგზავნა მითითება და მიეცა 15 დღის ვადა შესაბამისი პროექტისა და ნებართვის წარმოსადგენად. ვინაიდან, ამგვარი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი, 2018 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, ხოლო 2019 წლის 13 თებერვლის N1 დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ამხანაგობა დაჯარიმდა 2000 ლარით.
3. მესამე პირის პოზიცია.
საქმეში მესამე პირი არ ჩართულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ქ. ხაშურში, ყ------ის ქ. N30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსზე და დამხმარე ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი 69.08.62.1--- 2019 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ბ------ მ-–-----–---–ის, გ------ ნ-------–---–ის, ლ--–- ნ------ის, მ------ ბ--------–---–ის, მ------ ჩ-----ს, ო----- ბ--------–---–ის და სახელმწიფოს თანასაკუთრების უფლება (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2019 წლის 22 თებერვალი).
4.2. 2015 წლის 3 აპრილს ქ. ხაშურში, ყ------ის ქ. N30-ში მდებარე კორპუსის ბინების მესაკუთრეთა მიერ დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბმა ყ----------------–-“, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ------ ბ--------–---–ი (ს.ფ. 4-5).
4.3. 2018 წლის 13 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა მითითება N13, რომლის მიხედვითაც, ქ. ხაშურში, ყ------ის ქ. N30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 69.08.62.1--- განხორციელდა დამხმარე სათავსების მიშენება-რეკონსტრუქცია (6 შენობა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას „ბმა ყ----------------–-“ დაევალა 15 დღის ვადაში წარედგინა მშენებლობების შესაბამისი პროექტი და ნებართვა (იხ. მითითება).
4.4. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა N21 შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, ამხანაგობის მიერ 13 ნოემბრის N13 მითითება არ შესრულდა - მან არ წარადგინა პროექტი და ნებართვა (იხ. შემოწმების აქტი).
4.5. მოცემულ საქმეზე 2019 წლის 8 თებერვალს მერიაში დაინიშნა ზეპირი მოსმენა, რომელიც გადაიდო ამხანაგობის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. 2019 წლის 12 თებერვალს გაიმათა ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ამხანაგობის თავმჯდომარე მ------ ბ--------–---–ი (იხ. სხდომის ოქმები).
4.6. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის N1 დადგენილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბმა ყ----------------–-“ უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის, კერძოდ, დამხმარე სათავსების მიშენება-რეკონსტრუქციისათვის (6 შენობა), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, დაჯარიმდა 2000 ლარით (ს.ფ. 28-29).
4.7. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ბინების მესაკუთრეთა მიერ ნამდვილად განხორციელდა ნებართვის გარეშე ძველი ხის სათავსების ნაცვლად ახალი სათავსების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და განზრახული მშენებლობის თაობაზე მერიისათვის არ მიუმართავთ (იხ. სხდომის ოქმი 17/05/2019, 13:29:19-13:32:02; 13:57:22-13:57:38, სხდომის ოქმი 30/05/2019, 13:49:42-13:51:49; 14:07:36-14:07:49; 14:08:47-14:09:05).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, „მშენებლის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ნებართვების ერთერთი სახეა მშენებლობის ნებართვა. იმავე კანონის 264-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
7.2. „მშენებლის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობაა რეკონსტრუქცია. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქციის ერთ-ერთი სახეა ექსტერიერის რეკონსტრუქცია. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსტერიერის რეკონსტრუქცია წარმოადგენს მე-2 კლასის შენობა-ნაკებობას.
7.3. მთავრობის N57 დადგენილების შესაბამისად, ყველა სახის მშენებლობა საჭიროებს ნებართვას, გარდა პირველი კლასის მშენებლობისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მან აწარმოა უნებართვო მშნებლობა მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში (ხაშურში).
7.4. თუნდაც ჩაითვალოს, რომ ამხანაგობის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები მიეკუთვნება პირველ კლასს, მითითებული დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. იმავე მუხლის მე-7-8 პუნქტების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტების საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. როგორც დადგენილ იქნა, ამხანაგობას განზრახული მშენებლობის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიისათვის არ უცნობებია.
7.5. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
7.6. მთავრობის N57 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
7.7. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართადარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითების ვადის გასვლის შემდეგ ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი, სადაც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, შემოწმების აქტის საფუძველზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
7.8. ამდენად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბმა ყ----------------–-“, დაჯარიმებულ იქნა მთავრობის N57 დადგენილების და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმების შესაბამისად.
7.9. მითითება მ------ ბ--------–---–ს ჩაბარდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19-20 ნაწილების შესაბამისად, ამ ნორმების თანახმად, თუ მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ასეთი ადგილების არარსებობისას კი თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია - ბინის მთავარი შესასვლელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მითითება გამოკრულ იქნა მრავალბინიანი კორპუსის შესასვლელზე (იხ. 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 14:59:19-:14:59:44, ასევე, მხარის განმარტება 2019 წლის 17 მაისის სხდომის ოქმი, 13:29:19-:13:35:06). სასამართლო თვლის, რომ მხარისათვის დოკუმენტების გაცნობა ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად განხორციელდა
7.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო იმავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.12. ვინაიდან, საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონთან წინააღმდეგობა, ასევე, მისი მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, ისეთი დარღვევა, რომლის არასებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამიტომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ბმა ყ----------------–-“ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე, 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი