განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002627145
საქმე №1-821/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----------–---–ის
ადვოკატის - ლ-–- რ-------ის
მონაწილეობით, ბრალდებულ მ--–-- ტ--------------ს დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171060618017 საქმე:
ბრალდებული: მ--–-- ტ--------------
დაბადებული: 28.03.1--- წელი
მოქალაქეობა: უზბეკეთის რესპუბლიკის
რეგისტრირებული: უზბეკეთის რესპუბლიკა
ნასამართლობა: არმქონე
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბა--------------–-------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 05 ივნისს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, მ--–-- ტ--------------მ მათი საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე იზოლატორის ცვლის უფროს ინსპექტორს - რ---- ხ--–--–---–ს და ცვლის უმცროს ინსპექტორს - მ------ ბ-–----ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით :
2. დაზარალებულმა რ---- ხ--–--–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის ცვლის უფროს ინსპექტორად. 2018 წლის 05 ივნისს, საღამო საათებში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა რ---- ჩ-----ემ და გ---–ა ჯ--------ემ იზოლატორში მოსათავსებლად მიიყვანეს ადმინისტრაციულად დაკავებული ყაზახეთის მოქალაქე მ--–-- ტ--------------, რომელიც იზოლატორის შენობაში მიყვანისთანავე იქცეოდა აგრესიულად და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც მას, ასევე იზოლატორის სხვა თანამშრომლებს - მ------ ბ-–----ეს და ჯ---- კ----ეს. ტ-------------- არ დაემორჩილა იზოლატორის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, უარი განაცხადა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლაზე, არ მისცა პოლიციის თანამშრომელს დათვალიერების საშუალება და თვითნებურად დატოვა დათვალიერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახი, ასევე უარი განაცხადა პირადი ნივთების ჩაბარებაზე და ფოტოსურათის გადაღებაზე. აღნიშნულის გამო იძულებულნი გახდენ ძალის გამოყენებით ჩამოერთვათ დაკავებულისათვის პირადი ნივთები - ხელჩანთა და მობილური ტელეფონი, რამაც მ--–-- ტ--------------ს კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია და გახდა უფრო აგრესიული. დაესხა თავს და გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, ასევე ფეხი ჩაარტყა ბარძაყის არეში.
3. დაზარალებულმა მ------ ბ-–----ემ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ მუშაობს აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის ცვლის უმცროს ინსპექტორად. 2018 წლის 05 ივნისს, იზოლატორში ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულად დაკავებული მ--–-- ტ-------------- აგრესიულობით გამოირჩეოდა, უარს აცხადებდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლაზე. მიუხედავად იზოლატორის თანამშრომლების არაერთი მოთხოვნისა, როგორც მას, ასევე იზოლატორის სხვა თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უფროს ინსპექტორ რ---- ხ--–--–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი ჩაარტყა მკერდის არეში და ფეხი ბარძაყის არეში, ასევე მასაც დაესხა თავს, დაარტყა გაშლილი ხელი გულ-მკერდის არეში.
4. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა ასევე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- კ----ემ.
5. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ---–ა ჯ--------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--–-- ტ--------------, რომელიც იქცეოდა აგრესიულად და ილანძღებოდა. შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმნის მონაწილეობით დაკავებულს, კანონით დადგენილი წესით, პირადად ჩაუტარა დათვალიერება, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა, რის შემდეგაც დაკავებული ტ-------------- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ---- ჩ-----ესთან ერთად გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ტ--------------მ კვლავ გააგრძელა აგრესიული ქცევა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც მათ - პოლიციის თანამშრომლებს, ასევე იზოლატორის თანამშრომლებსაც. იზოლატორის თანამშრომლებმა რ---- ხ--–--–---–მა, მ------ ბ-–----ემ და ჯ---- კ----ემ რამდენჯერმე სთხოვეს ხელჩანთისა და მობილური ტელეფონის ნებაყოფლობით ჩაბარება, რაზეც დაკავებული კატეგორიულ უარს აცხადებდა, კამერაში მოთავსებისას კი დაუშვებელია დაკავებულს თან ჰქონდეს პირადი ნივთები და ტელეფონი. ტ--------------ს უარის გამო ინსპექტორი რ---- ხ--–--–---–ი იძულებული გახდა ძალის გამოყენებით ჩამოერთვა ტ--------------სთვის ხელჩანთა და მობილური ტელეფონი, რაზეც დაკავებული კიდევ უფრო აგრესიული გახდა, თავს დაესხა რ---- ხ--–--–---–ს და ინსპექტორ მ------ ბ-–----ეს, ხელებისა და ფეხების დარტყმით მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხმამაღლა ყვიროდა და იგინებოდა.
6. ანალოგიური დაადასტურა რ---- ჩ-----ემ - ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით N 000047234 დასტურდება, რომ 2018 წლის 5 ივნისს ქ. ბათუმში, კობალაძის N4-ში მდებარე სადარბაზოსთან მ--–-- ტ-------------- არღვევდა საზოგადეობრის წესრიგს, იგინებოდა და ილანძღებოდა, არ დაემორჩილა პოლიციელების აკანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.
8. ადმინისტრაციული დაკავების ოქმით N000057813 დასტურდება, რომ ტ-------------- დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევის გამო.
9. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 06 ივნისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, მ--–-- ტ-------------- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.
10. საქმის განხილვისას დათვალიერდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოთხოვილი შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც ასახულია მ--–-- ტ--------------ს მიერ იზოლატორის თანამშრომლების მიმართ გაწეული წინააღმდეგობის არაერთი ეპიზოდი. ჩანაწერებში ჩანს მისი მხრიდან იზოლატორის თანამშრომლების მ------ ბ-–----ის და რ---- ხ--–--–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტიც.
11. 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხელისუფლების წარმომადგენელის მიმართ ძალადობით, ან ძალადობის მუქარით გაწეულ ისეთ წინააღმდეგობაზე, რომელსაც აქვს მუხლის დისპოზიციით პირდაპირ გაწერილი რამდენიმე შესაძლო მიზანი:
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა;
2. ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა;
3. აშკარა უკანონო ქმედებისათვის ხელისუფლების წარმომადგენლის იძულება.
12. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის თანამშრომლების მიმართ გაწეული წინააღმდეგობის გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანილმა მ--–-- ტ--------------მ, რომელიც არ ემორჩილებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების - დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მოთხოვნებს, იქცეოდა აგრესიულად, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელებს და ფეხებს ინსპექტორებს რ---- ხ--–--–---–ს და მ------ ბ-–----ემ, ჩაიდინა სწორედ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება - ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენებლის მიმართ წინააღმდეგობა.
13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–-- ტ--------------მ ჩაიდინა აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
14. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
15. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
16. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
17. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ--–-- ტ--------------ს ბრალდების დადასტურება.
18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
21. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
22. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
23. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება :
25. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 05 ივნისს, ქ. ბათუმში მდებარე აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, მ--–-- ტ--------------მ, რომელიც არ ემორჩილებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების - დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მოთხოვნებს, იქცეოდა აგრესიულად, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელებს და ფეხებს ინსპექტორებს რ---- ხ--–--–---–ს და მ------ ბ-–----ემ, ჩაიდინა სწორედ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება - ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენებლის მიმართ წინააღმდეგობა. შესაბამისად, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
26. მ--–-- ტ--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
27. მ--–-- ტ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
29. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
30. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
31. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
32. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
33. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
34. სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
35. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-- ტ--------------ს, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიების ორგანოსთან და სასამართლოსთან, თავი აარიდა გამოცხადებას და მიიმალა, უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე -- თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
36. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ--–-- ტ--------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
31. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებზეც ასახულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ვიდეო-კამერების ჩანაწერები და რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მ--–-- ტ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ--–-- ტ--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მ--–-- ტ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცება - ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებზეც ასახულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ვიდეოკამერების ჩანაწერები და რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი