გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002680260
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6504-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

მოსარჩელე - ლ-------------

 

მოპასუხეები:

1. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

წარმომადგენელი - თ------------------

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ე-----------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- ოქმი, ლ-------------სათვის გ--–--------------------–----------ში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №-- ოქმი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენ კომისიას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ლ-------------ს გ--–--------------------–----------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეების - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, კონფლიქტის დაწყებამდე. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ლ------------- წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს (დევნილს). აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობაში დაფიქსირებულია, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია აფხაზეთი, გ--–----------–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 21).

 

3.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილობითი მომართვის საფუძველზე, 2015 წლის 17 დეკემბერს (ო------00) განიხილა საკითხი ლ-------------ს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების შესახებ. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - „გ--–--------------------–----------ს მკვიდრი ლ------------- 1993 წლის თებერვლიდან იმყოფება ქორწინებაში წ--–------ის რაიონის მკვიდრ - ჯ--------–-----სთან და ჰყავს შვილი - 1----–--–--------------–ი ი-----–--–-----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 18 სექტემბრის №------- წერილი (ს.ფ. 115).

 

3.3. ლ-------------მ 2017 წლის 11 ოქტომბერს მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენ კომისიას, გ--–--------------------–----------ში 1993 წლამდე მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე.

 

2017 წლის 16 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას აცნობა, რომ სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში იძებნება ლ-------------ს 2002 წლის 1 აპრილს გაცემული რეგისტრაციის ბარათის ასლი. ბარათის თანახმად, ლ------------- რეგისტრირებულია გ--–--------------------------------------------------------------------------ში და მის წინა რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს გ--–ი. ამასთან, ი-----–--–----- დაიბადა 1----–-–---------------–ს და რეგისტრირებულია წ--–------ის რ-ნი, სოფ. ფ-----–--ში. მამა - ჯ--------–----- დაიბადა 1----–-–-----------ს და იგი ცხოვრობს წ--–------ის რ-ში, სოფ. ფ-----–--ში, 1946 წლიდან.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ 2017 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა ლ-------------ს განცხადება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. კომისიამ დაადგინა, რომ განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი გ--–ის რაიონის, სოფ. ს--------ში 1993 წლის სექტემბრამდე ვერ დასტურდება. შესაბამისად, კომისიის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ლ-------------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-------------ს 2017 წლის 11 ოქტომბრის №--- განცხადება (ს.ფ. 97-98);

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის სხდომის №-- ოქმი (ს.ფ. 69-70);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №--------- წერილი, დანართით (ს.ფ. 108-109);

 

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №--------- წერილი (ს.ფ. 110);

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის წევრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 111-112).

 

3.4. ლ-------------მ 2018 წლის 19 თებერვალს №----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს და 1993 წლის სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ში ცხოვრების ფაქტის დადგენა მოითხოვა.

 

ლ-------------ს 2018 წლის 19 თებერვლის №----- ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 5 მარტს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა (ო------). საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა მოქალაქე ლ-------------ს 1993 წლის სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ში ცხოვრების ფაქტი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილებით, ლ-------------ს უარი ეთქვა 2018 წლის 19 თებერვლის №----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №-- ოქმი (ს.ფ. 18-20);

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 17).

 

3.5. სსრგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით, ლ------------- 2001 წლის 10 თებერვლიდან რეგისტრირებულია გ--–ში, სოფელ ს--------ში. ამასთან, სამსახურში არ არის დაცული სსრკ პასპორტის მონაცემები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსრგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის საინფორმაციო ბარათი №------------- (ს.ფ. 23-25).

 

3.6. კოლმეურნის შრომის წიგნაკის, ს--------ს კოლმეურნეობის თავმჯდომარის ა--------–--სა და ს--------ს ს----–--------ის „----- გამგის ხ-----ს განმარტებების თანახმად, ლ---------–-----------–-------- მუშაობდა ს--------ს ს----–--------ში, მ---------–ად, 1986 წლიდან 1993 წლის 20 სექტემბრამდე.

 

წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ფ-----–--ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობით, ასევე, ამავე ერთეულში მცხოვრები: მ--–-------------ს, ვ-----------------ს და ზ------------------ს ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ლ------------- 1993 წლის 16 თებერვლიდან 1993 წლის მაისამდე ცხოვრობდა წ--–------ის მუნიციპალიტეტის ფ-----–--ის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კოლმეურნის შრომის წიგნაკი (ს.ფ. 132-134);

- ს--------ს კოლმეურნეობის თავმჯდომარის ცნობა (ს.ფ. 135);

- ს--------ს ს----–--------ის „----- გამგის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 26);

- წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ფ-----–--ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 20 ოქტომბრის №--- ცნობა (ს.ფ. 27);

- მ--–-------------ს, ვ-----------------სა და ზ------------------ს წერილობითი განმარტება (ს.ფ. 141).

 

3.7. ლ-------–-----მ იმშობიარა ჯ-----ს საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში, 1----–-–----------------ს, რა დროსაც დაიბადა მამრობითი სქესის ცოცხალი ახალშობილი (რეგისტრაცია №---).

 

სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, ი-----–--–----- დაიბადა 1----–-–----------------ს, წ--–------აში. მისი მშობლები არიან: ლ------------- და ჯ--------–-----.

 

ი-----–--–----- წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს, რომელსაც შეზღუდვა გააჩნია ბავშვობიდან.

 

ლ------------- და ჯ--------–----- დაოჯახდნენ 1----–-–-------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა №----------- (ს.ფ. 28);

- შპს „ჯ-----ს“ საავადმყოფოს დირექტორის 2015 წლის 24 ნოემბრის №-- ცნობა (ს.ფ. 30);

- დაბადების მოწმობა №----------- (ს.ფ. 29);

- ს-----------------------–-------------------------------------ის ცნობა №------- (ს.ფ. 31);

- ქორწინების მოწმობა №------ (ს.ფ. 32).

 

3.8. ლ-------------მ 2015 წლის 15 თებერვალს წერილობით განმარტა, რომ იგი დაიბადა 1----–-–------------ს, გ--–ის რაიონის, სოფელ ს--------ში, დაამთავრა ს--------ს საშუალო სკოლა, მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ კერძო მ--------–------------–ად. დაბადებიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და სხვაგან არ უცხოვრია. 1----–-–----------------–ს დაოჯახდა და მისი მეუღლე არის წ--–------ის რაიონის მკვიდრი, ჯ--------–-----. ჰყავს შეზღუდული შესალებლობების მქონე შვილი. ლ-------------მ განმარტა, რომ დაბადებიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა გ--–ის რაიონში, რომელიც იძულებით დატოვა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო.

 

გ--–--------------------–----------ს მაცხოვრებლებმა: მ-------------------მ, ი--------------–--მ, ვ------------------მ და ლ--–-----–--------მ 2015 წლის 15 დეკემბერს განმარტეს, რომ ლ------------- მათ მეზობლად ცხოვრობდა 1993 წლის სექტემბრამდე და იგი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-------------ს 2015 წლის 15 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 167);

- მ-------------------ს 2015 წლის 15 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 170);

- ი--------------–--ს 2015 წლის 15 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 171);

- ვ------------------ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 173);

- ლ--–-----–--------ს 2015 წლის 15 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 176).

 

3.9. მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ა-–-----------–--მ განმარტა, რომ 1986 წლის თებერვალში დაინიშნა კ---–-----------------------------------------დ. იმ დროისთვის ლ-------------ს გამგეობაში რამდენჯერმე ჰქონდა შეტანილი განცხადება დასაქმებასთან დაკავშირებით. ვინაიდან იმ პერიოდში ვაკანტური იყო კოლმეურნეობას დაქვემდებარებულ ს----–--------ში მ---------–ის თანამდებობა, გამგეობის გადაწყვეტილებით ლ------------- დაინიშნა ს----–--------ში, მ---------–ად, სადაც იგი მუშაობდა ომის დაწყებამდე. სექტემბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით 20 სექტემბერს, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ს----–--------ის ფუნქციონირების შეჩერების შესაზებ. გარკვეული პერიოდი ბაღის თანამშრომლები მორიგეობით დარაჯობდნენ ბაღის ინვენტარს. ბოლო დღემდე ლ------------- მუშაობდა ბაღში. ამასთან, ვინაიდან თვითონ იყო უფლებამოსილი პირი, მისთვის უნდა მიემართათ ახალი მ---------–ის დანიშვნის მოთხოვნით, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ა-–-----------–--ს განმარტებით, თვითონაც დაჰყავდა ბაღში ბავშვი და ლ-------------ს იქ ხშირად ხედავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბაღი მდებარეობდა ლ-------------ს მეუღლის სოფლიდან დაახლოებით 4-5 კმ-ში, იგი ბაღში დადიოდა მეუღლის სახლიდან და არ უწევდა სამუშაოს გაცდენა. მისი ინფორმაციით, ლ------------- დაოჯახების შემდეგ 1 თვე ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში და შემდეგ, კვლავ მშობლების ოჯახში დაბრუნდა.

 

მოწმის განმარტებით, იგი ახლოს იცნობდა ლ-------------ს მამას, რძალს და ძმებს (ძმები კოლმეურნეობაში მ------–--- მუშაობდნენ). მათ ოჯახშიც ხშირად მიდიოდა. მოწმის განმარტებით, ბოლოს ლ------------- ნახა 1993 წლის 26 სექტემბერს. ა-–-----------–--ს განმარტებით, თვითონ აფხაზეთი დატოვა 1993 წლის 29 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის განმარტება, 04.02.2019წ. სხდომის ოქმი (ს.ფ. 159).

 

3.10. მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ვ------------------მ განმარტა, რომ ლ------------- აფხაზეთში, სოფელ ს--------ში მისი ახლო მეზობელი იყო. მისი მითითებით, ლ------------- 1993 წელს დაქორწინდა, მაგრამ მეუღლის ოჯახში დაახლოებით 3 თვე ცხოვრობდა. შემდეგ მისი მეუღლე რუსეთში წავიდა, ხოლო ლ------------- მშობლებთან დაბრუნდა. იგი ს----–--------ში მ---------–ად მუშაობდა. ვ------------------მ დაადასტურა, რომ კონფლიქტამდე ლ------------- აფხაზეთში ცხოვრობდა, თუმცა როდის დატოვა აფხაზეთის ტერიტორია ზუსტად არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, მან აფხაზეთი სექტემბრის თვეში დატოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის განმარტება, 04.02.2019წ. სხდომის ოქმი (ს.ფ. 159).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- ოქმი; ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №-- ოქმი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც დადასტურდება გ--–--------------------–----------ში 1993 წლის სექტემბრამდე ლ-------------ს მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

 

6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია, სადაც უპირატესად ცხოვრობს. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ამავდროულად ეს არ გამორიცხავს დროის გარკვეული მცირე მონაკვეთით ამ პირის სხვა ადგილას ცხოვრების ფაქტს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით განსაზღვრული იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

 

დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ლ-------------ს უარი ეთქვა 1993 წლის სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე. ამასთან, უარის თქმის საფუძველი გახდა გ--–--------------------–----------ს მკვიდრი ლ-------------ს 1993 წლის თებერვლიდან წ--–------ის რაიონის მკვიდრ - ჯ--------–-----სთან ქორწინება და ამ უკანასკნელ ადგილას საცხოვრებლად გადასვლა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების აპელირებას მითითებულ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ქორწინება ავტომატურად არ გულისხმობს მეუღლის საცხოვრებელ ადგილას გადასვლას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ლ------------- მუდმივად რეგისტრირებული იყო გ--–ის რაიონში, ხოლო კოლმეურნის შრომის წიგნაკის, ს--------ს კოლმეურნეობის თავმჯდომარის და ს--------ს ს----–--------ის „----- გამგის განმარტებების თანახმად, ლ---------–-----------–-------- მუშაობდა ს--------ს ს----–--------ში, მ---------–ად, 1986 წლიდან 1993 წლის 20 სექტემბრამდე. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებზე. კერძოდ, მათ ხაზგასმით დაადასტურეს, რომ ლ------------- აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდა 1993 წლის სექტემბრამდე - კონფლიქტის დაწყებამდე. მათივე განმარტებით, ლ------------- 1993 წლის დასაწყისში დაქორწინდა წ--–------ის მაცხოვრებელზე და წ--–------აში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, საცხოვრებლად მშობლების სახლში დაბრუნდა. მოწმის ვ------------------ს განმარტებით, მშობლებთან დაბრუნების მიზეზი გახდა მეუღლის რუსეთში წასვლა, ხოლო ა-–-----------–--მ განმარტა, რომ წ--–------აში ლ-------------სა საცხოვრებელ სახლსა და მის სამსახურს შორის მანძილი დაახლოებით 4-5 კმ-ს შეადგენდა, რის გამოც წ--–------აში ცხოვრებისას ლ-------------ს გ--–ში მუშაობისთვის თავი არ დაუნებებია. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები წინააღმდეგობაში არ მოდის წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ფ-----–--ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 20 ოქტომბრის ცნობასა და ამავე ერთეულში მცხოვრები მ--–------------ს, ვ-----------------სა და ზ------------------ს მიერ მითითებულ გარემოებებთან, რომლის თანახმად, ლ------------- 1993 წლის 16 თებერვლიდან 1993 წლის მაისამდე ცხოვრობდა წ--–------ის მუნიციპალიტეტის ფ-----–--ის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დგინდება ლ-------------ს გ--–--------------------–----------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტის დაწყებამდე.

 

დადგენილია, რომ ლ-------------მ 2018 წლის 19 თებერვალს №----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს და 1993 წლის სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ში ცხოვრების ფაქტის დადგენა მოითხოვა.

 

ლ-------------ს 2018 წლის 19 თებერვლის №----- ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 5 მარტს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა (ო------). საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა მოქალაქე ლ-------------ს 1993 წლის სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ში ცხოვრების ფაქტი.

 

ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილებით, ლ-------------ს უარი ეთქვა 2018 წლის 19 თებერვლის №----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილებით სრულად იქნა გაზიარებული აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-------------ს უარი ეთქვა 1993 წლის სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ში ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- ოქმი, ასევე, მის კანონიერებასთან დაკავშირებით გამოცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №-- ოქმი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კერძოდ, მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და შესაბამისად, ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქმის მასალებით გამოიკვეთა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა მოსარჩელის დევნილობის ფაქტი, ასევე საფუძვლიანია მხარის მოთხოვნა მოპასუხეს - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენ კომისიას დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება ლ-------------ს გ--–--------------------–----------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- ოქმი, ლ-------------სათვის გ--–--------------------–----------ში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №-- ოქმი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 6 მარტის №------ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

4. დაევალოს მოპასუხეს - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ-------------ს გ--–--------------------–----------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე