განაჩენი

სისხლის სამართლის 24.08.2018
საქმის ნომერი
080100118002526034
დავის ტიპი
151
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/584-18

გამოძიების N041310518003

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აგვისტო, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ-------------–--–--ე

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 02.0-.1--- წელი

მამის სახელი: თ-----------

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ს. თ----------ს ქ. #8

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, თ-------------–--–--ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–--------------–-----ესა და გ------------------ეს. აღნიშნული ქმედებით ა-–--------------–-----ესა და გ------------------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ გ------------------ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ თ-------------–--–--ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა გ------------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ე.წ ,,პიონერთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მის მეგობარ ა-–--------------–-----ესთან ერთად, რა დროსაც, მათთან მივიდა თ-------------–--–--ე და სთხოვა მისთვის მიეცათ სანთებელა. განმარტავს, რომ მიაწოდა სანთებელა და ამის შემდეგ ბრალდებული გაემართა ა-–--------------–-----ისაკენ და ჰკითხა მას ,,შენ ექსტრასენსი ნათელმხილველი არ ხარო?“ რაზედაც ა-–---------- დაეთანხმა. თ-------------–--–--ემ უთხრა ,,მიდი აბა მიმკითხავე რა მელის და რა მოხდებაო“, ა-–----------მ კი უპასუხა, რომ არ ქონდა ქუჩაში შესაბამისი პირობები და თუ რამე აინტერესებდა შეეძლო მეორე დღეს მასთან მისულიყო სახლში, თან საკუთარი ტელეფონის ნომრის დატოვება შესთავაზა. რაზეც თ-------------–--–--ე უცებ გაბრაზდა, უკანა მხრიდან დანა ამოიღო და უთხრა ა-–----------ს, რომ ,,შენ, რომ ა-–---------- არ იყო დანით აგჩეხავდიო“. განმარტავს, რომ ამ მომენტში ბრალდებული დაახლოებით 5-10 მეტრ მანძილზე იდგა მათგან, მივიდა მასთან და უთხრა დაენებებინა თავი მათთვის და მისულიყო მეორე დღეს მასთან სახლში, ამ დროს ბრალდებული თ-------------–--–--ე წავიდა მისკენაც, ,,მაიკაში“ ხელი მოჰკიდა, დანა მიადო და ემუქრებოდა ,,მოგკლავთო“. აღნიშნული განიცადა ა-–--------------–-----ემ, რადგანაც მას აწუხებს დიაბეტი, გახდა ცუდად. განმარტავს, რომ ამის შემდგომ ის და ა-–--------------–-----ე ჩასხდნენ მანქანაში ერთად, რა დროსაც, ა-–--------------–-----ემ დაუძახა ბრალდებულს და უთხრა, რომ მომხდარის გამო მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში.

 

ბრალდებულმა თ-------------–--–--ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ აქვს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, ასევე, ჰყავს ავადმყოფი მამა. გარდა დაზარალებულ გ------------------ის ჩვენებისა უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------------–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------------–--–--ის ბრალეულობას, კერძოდ, დაზარალებულ ა-–--------------–-----ისა და გ------------------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ თ-------------–--–--ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე, მიღებული იქნა მტკიცებულებებად და ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ თ-------------–--–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა თ-------------–--–--ემ ჩაიდინა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ თ-------------–--–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც ბრალდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდების - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ თ-------------–--–--ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის ნასამართლობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარდგენილ კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად თ-------------–--–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ თ-------------–--–--ის მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ბრალდებულის მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელის პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელია იგი საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერა თუ არა ბრალდებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულის რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. თ-------------–--–--ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, მისი განმარტებით აქვს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, ასევე ჰყავს ავადმყოფი მამა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლწესრიგის ნორმების უგულებელყოფას და ამით გამოწვეულ მოვლენათა დარღვევის ხარისხს. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საიდანაც, აშკარად იკვეთება ბრალდებულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება და მართლწესრიგის დარღვევის მაღალი ხარისხი, რაც, ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო, ბრალდებულის დადებით პიროვნულ მახასიათებლად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მომხდარს.

 

სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას”. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი“.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის წარსულს, მის ნასამართლობას, კერძოდ სახეზეა, სსკ-ის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ამასთან, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთას, ამასთან, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, ამასთან, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის უფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულის ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს ბრალდებულზე და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული თ-------------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარი და საბოლოოდ, ბრალდებულ თ-------------–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

 

3. მსჯავრდებულ თ-------------–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში თ-------------–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 ივნისიდან - 24 აგვისტოს ჩათვლით.

 

5. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. დაევალოს თ-------------–--–--ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე