გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №080310019002904400
საქმე №3/99-19 21 მაისი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - დ----- ყ-----–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----- ბ---------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვალის N04-06/2449 გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ----- ყ-----–---–ს 2019 წლის 1 იანვარს დაუანგარიშდა სარეიტინგო ქულა 105320-ის ოდენობით.
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრს მოახდინოს მოსარჩელის ოჯახის (საიდენტიფიაციო კოდი N0-----------) სოციალურ-ეკონონიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. მოსარჩელის განმარტებით მისი მდგომარეობა არის მძიმე, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდვით.
2018 წლის 2 დეკემბერს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, კერძოდ შედგენილი იქნა ოჯახის დეკლარაცია არასრული და არასწორი მონაცემებით, რაც დაედო საფუძვლად მისი ოჯახისადმი მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭებას, რომლითაც უკანონოდ შეუწყდა სოციალური დახმარების მიღება საარსებო შემწეობის სახით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას დ----- ყ-----–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ დ----- ყ-----–---–ი არის მკვეთრად შეზღუდული სტატუსი მქონე, უვადოდ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ დ----- ყ-----–---–ის დიაგნოზია: წინამდებარე ჯირკვლის კიბო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები (ს.ფ. 23, 25).
3.1.2. დადგენილია, რომ დ----- ყ-----–---–ი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმობის ასლი (ს.ფ. 24).
3.1.3. დადგენილია, რომ დ----- ყ-----–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 53).
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს დ----- ყ-----–---–ის ოჯახში განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი შეადგენს - 48,53 კვ.მეტრი (A8); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში, სულ (სამზარეულოს, დერეფნის, ტუალეტის და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა) ოთახის რაოდენობა - 3 (A9); იატაკი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში არის ლამინატი (A10.2); ფიზიკური მდგომარეობა (B3): სარეცელს მიჯაჭული/ლოგინად ჩავარდნილი (B3.1), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3.2), ორსული (20 და მეტი კვირის) (B3.3), მეძუძური დედა (ერთწლამდე ბავშვით) (B3.4), სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3.5), არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ განეკუთვნება (B3.6). სპეციალური სტატუსი და კატეგორია (B4): მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (I ჯგუფი) ((B4.2); მარტოხელა არამომუშავე პერსონალური/სოციალური პაკეტის მიმღები (B4.6); პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (C3 ბლოკი); დ----- ყ-----–---–ი - სახელმწიფო პენსია 180 ლარი (C3 ბლოკი 3 გრაფა); სხვა სოციალური დახმარება - 22 ლარი C3 ბლოკი, გრაფა 14); კომუნალური ხარჯები E ბლოკი: წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელეტქტროენერგიისათვის გადახდილი იქნა 220 ლარი და 50 თეთრი (E 1); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის გადახდილი იქნა 162 ლარი და 46 თეთრი (E 2); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისათვის გადახდილი იქნა 24 ლარი (E 3);
დადგენილია, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს დ----- ყ-----–---–მა განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მიუთითა დეკლარაციის B3.6 გრაფაზე და ითხოვა აღნიშნულის B3,5 გრაფით შესწორება.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის N362/ო ბრძანებით შეტანილი იქნა შესწორება ოჯახის დეკლარაციაში, კერძოდ 2018 წლის 2 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის B3 ბლოკი და B3 ბლოკის გრაფა 6-ის ნაცვლად მოინიშნა მე-5 გრაფა - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (კორექტირებული დეკლარაცია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 16-22);
- 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება 362/ო (იხ. ს.ფ. 57-58);
- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 45-52);
3.1.5. დადგენილია, რომ დ----- ყ-----–---–ის ოჯახისათვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულამ შეადგინა 105320.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 15)
დადგენილია, რომ 2019 წლის 28 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა დ----- ყ-----–---–მა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შემოწმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 25 თებერვლის N04-06/2449 წერილით დ----- ყ-----–---–ს ეცნობა, რომ ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. განმეორებითი შეფასების მოთხოვნით სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრს ოჯახს შეუძლია მიმართოს 2020 წლის 1 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 60-61);
- N04-06/2449 წერილი ს.ფ. 73-74);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
– ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება,– ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’
– საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’
- ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სადავო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე, წარმოადგენს დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა.
6.3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება დეკლარაციის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, კერძოდ დეკლარაციის B3 კატეგორიის მე-6 გრაფას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს შეივსო დ----- ყ-----–---–ის ოჯახის დეკლარაცია, სადაც ოჯახის დეკლარაციის B3 ბლოკში ფიზიკური მდგომარეობა შევსებული იქნა B3.6 გრაფა (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3.1), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3.2), ორსული (20 და მეტი კვირის) (B3.3), მეძუძური დედა (ერთწლამდე ბავშვით) (B3.4), სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორულ მკურნალობას (B3.5), არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ განეკუთვნება (B3.6)). ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის №362/ო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის (B3 ბლოკი, გრაფა 6) კორექტირება სადაც B3 ბლოკის გრაფა 6-ის ნაცვლად მონიშნა გრაფა -5 - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორულ მკურნალობას. აღნიშნული კორექტირების გათვალისწინებით დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2019 წლის 1 იანვარს განისაზღვრა 105320 ერთეულით.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნინა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. სასამართლოს მოსაზრებით ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ყოველივე აღნიშნულიდან, გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ყ-----–---–ის სარჩელი როგორც უსაფუძვლო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის ათანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ყ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი