გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4276-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------ი"
წარმომადგენლები - ს--–------------–-–---–ი
მოპასუხე - ნ----------–------ე
დავის საგანი - სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ----------–------ეს მოსარჩელე სს „ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5251.60 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 22 ოქტომბერს ნ----------–------ე, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით შეეჯახა სს „ს--------------------------------ში“ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით S------. სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულია მოპასუხე ნ----------–------ე.
ზარალი მზღვევლის მიერ შეფასებულია 5251.60 ლარად, რაც აუნაზღაურდა დამზღვევს.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ნ----------–------ემ არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მას ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან თვითონ იყო გაჩერებული და მის მანქანას წამოედო მოძრავი მანქანა და დაზიანდა უმნიშვნელოდ, რომლის ღირებულება იყო დაახლოებით 400 ლარი. მისთის გაუგებარია ზიანის თანხის 5251.60 ლარის ოდენობა. შესაბამისად, არასწორად მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურება და მოსარჩელის მიმართ მას თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, ქ---ს ქუჩაზე, 2018 წლის 22 ოქტომბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა შპს „გ--------–------------“-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება LEXUS LX570, სახელმწიფო ნომრით S------.
სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა ნ----------–------ე, რომელიც მართავდა კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით C------. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ახსნა-განმარტებები;
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
- შემთხვევის ადგილის სქემა.
3.1.2. ავტომობილზე LEXUS LX570 მიყენებული ზიანის ოდენობა 5251.60 ლარი 2018 წლის 30 ნოემბერს სს „ს--------------------------------ის“ მხრიდან ანაზღაურებულია შპს „გ--------–------------“-ს სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება N727;
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი N-----;
- შპს „ე-–-----“ 29.10.2018 წლის გაანგარიშება S------.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს „სს „ს--------------------------------ში.
შპს „გ--------–------------“-სა (მზღვეველი) და სს „ს--------------------------------ის“ (შემსყიდველი/დამზღვევი) შორის გაფორმებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები წარმოადგენს დამზღვევსა და მზღვეველს შორის გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულებას. წინამდებარე პირობების დადების შესახებ გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი - სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) და ავტოტრანსპორტის დაზღვევა განხორციელდება დამზღვევის განაცხადის, სადაზღვევო პოლისის, წინამდებარე პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სადაზღვევო შემთხვევად განსაზღვრულია - წინამდებარე პირობებით/პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკების გარეგანი ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რომელიც წარმოშობს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას და რომელიც დასტურდება მზღვეველის მიერ შედგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი სადაზღვევოი შემთხვევის აქტით.
აღნიშნულ პოლისზე მთლიანად ვრცელდება ხელშეკრულების პირობების მოთხოვნები და სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ავტოსატრანსპორტო საშუალების LEXUS LX570 სახელმწიფო ნომრით S------ დაზღვევის პოლისში (#----------) აღნიშნულია, რომ მზღვეველს წარმოადგენს სს „ს--------------------------------ი“. აღნიშნული გარემოებების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალება იყო სს „ს--------------------------------ის“ მიერ დაზღვეული და მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას იმ მანქანაზე, რომელიც მის მიერ იყო დაზღვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისი;
- დაზღვევის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ავტომობილზე LEXUS LX570 მიყენებული ზიანის ოდენობის 5251.60 ლარის განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან შპს „ე-–-----“ 29.10.2018 წლის S------ გაანგარიშებაში მითითებულია:
ა) ოპერაციის კოდი N3 - წინა კარის შეცვლა - ერთეულის ფასი 70.8 ლარი, რაოდენობა 3.2, ფასი 226.56;
ბ) ოპერაციის კოდი N4 - უკანა კარის შეცვლა - ერთეულის ფასი 70.8 ლარი, რაოდენობა 3, ფასი 212.40;
გ) ოპერაციის კოდი N5 - წინა კარის შეღებვა (ახალი, გადასვლით) - ერთეულის ფასი 70.8 ლარი, რაოდენობა 6.25, ფასი 442.50;
დ) ოპერაციის კოდი N6 - უკანა კარის შეღებვა (ახალი, გადასვლით) - ერთეულის ფასი 70.8 ლარი, რაოდენობა 6.25, ფასი 442.50;
აღნიშნულ გაანგარიშებაში გაურკვევლად არის მითითებული, წინა და უკანა კარების შეცვლისა და გაღებვის რაოდენობები და ფასი, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნულ გაანგარიშებაში წინა და უკანა კარების შეცვლისა და გაღებვის რაოდენობები და ფასი ბუნდოვანია, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს შეკითხვაზე ვერ განმარტა და ვერ დააზუსტა გაანგარიშების წესი, შესაბამისად გაანგარიშების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ ერთეულის ფასის ერთ რაოდენობაზე გადაანგარიშებით (70.8X1=70.8 ლარი), ხოლო გაანგარიშების დანარჩენ ნაწილში სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ე-–-----“ 29.10.2018 წლის გაანგარიშება S------.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ნ----------–------ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ნ----------–------ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს ,,ს--------------------------------ზე“
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 157.55 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4210.84 ლარის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 126.32 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ 1040.76 ლარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 31.22 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს--------------------------------ი"- ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ნ----------–------ეს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4210.84 ლარი;
3. მოპასუხე ნ----------–------ეს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 126.32 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 31.22 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე