განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
330100119002863603
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- ქ--------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------ ზ------ის ძე ს------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 7--------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ლ----------- - დ------–-----–-- ქ. #2----- ბინა#2--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ადვოკატები - თამარ-------ე, ზ------ მ-----–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 23 იანვარს, დილის საათებში, სახლში, ზ------ ს------–---–მა მეუღლეს თ----- გ-------ეს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად თ----- გ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე. მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ თ----- გ-------ის გამოკითხვის ოქმი და თ----- გ-------ის და ნ---- ნ--------ას ,,ფეისბუქის“ ვებგვერდის მიმოწერები - ე.წ. სქრინშოთი. დაზარალებულმა თ----- გ-------ემ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და სასამართლოში არ მისცა ჩვენება ბრალდებულის ზ------ ს------–---–ის წინააღმდეგ.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.3.2019 წლის 26 იანვარს, თ----- გ-------ემ შემდეგი სახის წერილობითი განცხადებით მიმართა პოლიციას ,,2019 წლის 23 იანვარს, მეუღლემ ზ------ ს------–---–მა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დამარტყა სახის არეში, რა დროსაც განვიცადე ტკივილი. მოგახსენებთ, რომ მას ადრეც მოუყენებია ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც რიგ შემთხვევებში პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ხოლო ერთხელ მის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი“. თ----- გ-------ე წერილობითი განცხადებით პოლიციას სთხოვდა დახმარებას და შემდგომ რეაგირებას.

 

2.4. დაზარალებულის განცხადების საფუძველზე მყისიერად დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე და გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----, მსხვერპლის - თ----- გ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

 

2.5. შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თ----- გ-------ე აღწერილია მსხვერპლის მიერ ორდერის გამომწერი პირისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით 2019 წლის 23 იანვარს ზ------ ს------–---–მა დაზარალებულს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. ოქმში ასახული ინფორმაციის თანახმად, რომელიც პოლიციას უშუალოდ მსხვერპლმა მიაწოდა, ასევე იკვეთება, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულშიც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარასაც.

 

2.6. #0----- შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, გ.ს------–---–ს დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო 30 დღის ვადით აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კონტაქტი-კომუნიკაცია.

 

2.7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ძალადობიდან დროის მოკლე პერიოდში მსხვერპლი ნახეს მოწმეებმა ლ--–- ჭ--------–--ემ და ნ---- ნ--------ამ.

 

2.8. მოწმე ლ--–- ჭ--------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, დილის საათებში, მოწმესთან სახლში მივიდა მეგობარი თ----- გ-------ე, რომელსაც ლოყები ჰქონდა აწითლებული. მოწმემ იეჭვა, რომ სახეზე სიწითლის მიზეზი იყო ძალადობა, თ----- გ-------ემ დაუდასტურა, რომ მეუღლემ ზ------ ს------–---–მა სცემა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა სახეში ხელი. მოწმე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ 23 იანვარი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულში როდესაც ზ. ს------–---–ი იყო უკრაინიდან ჩამოსული, თ----- გ-------ე ლ--–- ჭ--------–--ესთან მივიდა მეუღლისგან ნაცემი, ცემის შედეგად ხელებზე და ყელზე ჰქონდა დალურჯებები, თავზე ჰქონდა ჰემატომა და ფეხს ვერ ადგამდა. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ზ------ ს------–---–ი ეჭვიანობდა მეუღლეზე, მოწმე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ როდესაც მეგობრები იმყოფებოდნენ ერთად და ზ------ ს------–---–ი უკრაინიდან ტელეფონით დაურეკავდა თ----- გ-------ეს ამ უკანასკნელს სახე ეცვლებოდა, უცებ დაავლებდა ხელს ჩანთას და მიდიოდა სახლში, ზ. ს------–---–ი ვერ იტანდა, როდესაც თ. გ-------ე იყო სხვაგან და სახლში არ იყო.

 

2.9. ბრალდებულის მეზობლის მოწმე ნ---- ნ--------ას გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 23 იანვარს, მოწმემ დილის საათებში, აივანზე ნახა დაზარალებული თ----- გ-------ე, რომელმაც მეზობელს უთხრა, რომ სცემა მეუღლემ ზ.ს------–---–მა. მოწმეს იგივე ინფორმაცია დაზარალებულმა მეორე დღესაც დაუდასტურა სოციალურ ქსელში.

 

2.10.გამოძიებამ დაათვალიერა თ----- გ-------ის და ნ---- ნ--------ას ,,ფეისბუქ“ ვებგვერდის მიმოწერები. ე.წ. სქრინშოთში 2019 წლის 24 იანვარს 12:01 საათზე ფიქსირდება თ.გ-------ის მიმოწერა მოწმესთან ,,...არა ნ---- შეუძლებელია მანდ ყოფნა. სანამ ისევ ხელით არ შემეხო, ვითმინე ყველაფერი, მეთქი წაეთრევათქო, მარა გუშინ უკვე ხელით შემეხო და როდემდე ვარტყმევინო თავის მაგას’’

 

2.11. დაზარალებულ თ----- გ-------ის მეგობრის, მოწმე ა----------–--ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 23 იანვარს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ----- გ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ ზ.ს------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. ფიზიკური ძალადობის გამო თ. გ-------ე წამოვიდა სახლიდან და ცხოვრობდა მეგობართან ლ--–- ჭ--------–--ესთან. დაზარალებულის მონაყოლით ძალადობის მიზეზი იყო ის, რომ ზ. ს------–---–მა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ ნახა თ----- გ-------ის ფოტოები გადაღებული მეგობრებთან, მას არ მოეწონა ფაქტი, რომ თ.გ-------ე კონკრეტულ დროს აღნიშნული ფოტოების თანახმად იმყოფებოდა მეგობრებთან. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, სხვა დროსაც, როდესაც ზ.ს------–---–ი ჩამოდიოდა უკრაინიდან ფიზიკურად ძალადობდა თ.გ-------ეზე.

 

2.12. მოწმე ლ------ ჭ---–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ცხოვრობს ბრალდებულის მეზობლად თ---–--–-- ლ-------------- ქ.#2-----ში. 2019 წლის 26 იანვარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ----- გ-------ე და უთხრა, რომ ზ. ს------–---–მა სცემა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა მეგობართან. დაზარალებულმა მოწმეს სთხოვა ენახა, სახლში იმყოფებოდა თუ არა ზ.ს------–---–ი, რადგან სურდა ბავშვების და პირადი ნივთების წაღება, თ. გ-------ეს ეშინოდა, რომ თუკი ზ. ს------–---–ი სახლში დახვდებოდა ისევ სცემდა. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, 2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, სხვა დროსაც ზ.ს------–---–ს მეუღლისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ წარსულში თ----- გ-------ის სახეზე ნახა ძალადობის კვალი, დაზარალებულმა დაუდასტურა, რომ სცემა ზ------ ს------–---–მა.

 

2.13. #0----- შემაკავებელი ორდერის ოქმით და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებას დასტურდება, რომ ზ------ ს------–---–ი იყო ჩამოყალიბებული მოძალადე, იგი 2019 წლის 23 იანვარს ფიზიკურად გაუსწორდა თ----- გ-------ეს და ეს ფაქტი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, იგი წარსულშიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. 2017 წლის 26 აგვისტოს ზ------ ს------–---–ის მიმართ ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. ფსიქოლოგიური ძალადობა საჭიროებდა მედიკოსთა ჩარევას, რის გამოც მსხვერპლს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ.

 

2.14.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.14.1.ბრალდებულმა ზ------ ს------–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ არასდროს და მათ შორის 2019 წლის 23 იანვარსაც თ----- გ-------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

2.14.2.ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს ყველა იმ არსებით საკითხს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა:

 

2.14.3.დაცვის მხარის არგუმენტაციით, თ----- გ-------ე 2017 წელს გაწევრიანდა თაღლითურ პირამიდულ ქსელში ე.წ. ქიუნეთში, სადაც ახდენდა ბრალდებულის მიერ უკრაინის რესპუბლიკიდან ოჯახის მიზნებისთვის გამოგზავნილი თანხების აკუმულირებას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ზ------ ს------–---–ი. იგი ყოფილ მეუღლეს მოუწოდებდა შეეწყვიტა თაღლითური სქემით დაინტერესება, სწორედ ეს საკითხი იყო მეუღლეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტის მიზეზი და ამ კონფლიქტის საფუძველზე აღმოცენებული შურისძიების გამო თ. გ-------ემ გამოძიებაში ცრუდ ამხილა ზ------ ს------–---–ი. დაცვის მხარის ეს არგუმენტაცია სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არაფერი მიუთითებს დაცვის მხარის ამ ვერსიის ნამდვილობაზე და იგი ემსახურება მსხვერპლის დისკრედიტაციის მიზანს. ოჯახში ფიზიკური ძალადობის ფაქტს მოწმობს უდავო მტკიცებულება მოწე ლ--–- ჭ--------–--ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, მოწმემ ძალადობიდან მცირე დროში უშუალოდ ნახა თ----- გ-------ე, რომელსაც სახეზე ნათლად ეტყობოდა ძალადობის კვალი - სიწითლე. გარდა აღნიშნულისა, ძალადობის მატერიალური ფაქტი დადასტურებულია თ----- გ-------ის ,,ფეისბუქ“ გვერდის მიმოწერებით მოწმე ნ---- ნ--------ასთან, ე.წ. სქრინშოთები ადასტურებს ძალადობის ფაქტს. აქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის მატერიალური ფაქტის დადგენისთვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ძალადობის მოტივს, თუმცა, მოწმეთა გამოკითხვის ოქმების შინაარსის ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ძალადობის მიზეზი იყო არა ე.წ. ქიუნეთში თ----- გ-------ის გაწევრიანება, როგორც ამას დაცვის მხარე მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, არამედ მსხვერპლის მიმართ ეჭვიანობა და სურვილი, მსხვერპლმა იცხოვროს ბრალებულის მიერ განსაზღვრული ინტერესებით და მოთხოვნებით.

 

2.14.4.დაცვის მხარის მოთხოვნა, სასამართლომ მიიღოს გამამართლებელი განაჩენი, გამომდინარე იქედან, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, - გაზიარებული არ იქნა. 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ----- გ-------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ზ------ ს------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და საქმის გარემოებების თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება ჩაკეტილ, დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში და არ არის ხილული გარეშე პირების მიერ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოძალადე და მსხვერპლიც დანაშაულის შემადგენლობიდან გამომდინარე არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე, ასევე მოძალადის შიშით, დაზარალებულები არცთუ იშვიათად თავს იკავებენ სასამართლოში დამნაშავის მხილებაში. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი ნიუანსებიდან გამომდინარე, დასახელებული კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარმა არ დააბრკოლოს მართლმსაჯულება დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა - ზ. ს------–---–ის ბრალეულობა როგორც ზემოთ აღინიშნა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით: მოწე ლ--–- ჭ--------–--ის გამოკითხვის ოქმით მტკიცდება, რომ მსხვერპლმა მოძალადისგან თავდაცვის მიზნით თავი შეაფარა მეგობრის სახლს, ლ--–- ჭ--------–--ემ თავად ნახა მხვერპლის სახეზე ძალადობის კვალი - სიწითლე და დაზარალებულმაც დაუდასტურა, რომ იგი სცემა ზ------ ს------–---–მა, გარდა აღნიშნულისა, ძალადობის ფაქტს მოწმობს თავად მსხვერპლის მიერ მოწმე ნ. ნ--------ასთვის მიწერილი შეტყობინება, რომელიც ე.წ. სქრინშოთების სახით ამოიღო გამოძიებამ, ძალადობას ადასტურებს ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმი #0-----, სადაც აღწერილია თ----- გ-------ის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაშიც და თავად ის ფაქტიც, რომ პოლიციაში ძალადობის შეტყობინების ინიციატორი იყო მსხვერპლი ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას.

 

2.14.5. დაცვის მხარის არგუმენტაცია - არ იქნას მხედველობაში მიღებული მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, როგორც ირიბი მტკიცებულებები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე: 1. სასამართლო მოწმე ლ--–- ჭ--------–--ის გამოკითხვის ოქმს, მისი შინაარსიდან გამომდინარე არ განიხილავს, როგორც ირიბ მტკიცებულებას, ვინაიდან, მოწმის ინფორმაცია, რომ მსხვერპლს სახეზე აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი - სიწითლე და ის ფაქტი, რომ თ----- გ-------ემ მეუღლის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო თავი შეაფარა ლ.ჭ--------–--ის სახლს წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ამ ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილება, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და პრინციპები, გამონაკლის შემთხვევებში არ კრძალავს ამგვარი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობას:

 

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა თ----- გ-------ემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ამისთვის, სასამართლოს შეფასებით შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი - 1. შიში მოძალადის მიმართ და 2. ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე.

 

ბ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, Horncastle and Others v. The United Kingdom, ირიბი ჩვენების გამოყენების მინიმალური სტანდარტი დაადგინა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის პროცედურული გარანტიები, რათა მოხდეს დაცვის მხარისთვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირება. განსახილველ შემთხვევაში მოწმეების: ნ---- ნ--------ას, ლ------ ჭ---–---–ის, ა----------–--ის გამოკითხვის ოქმები არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, დასახელებულ პირთა ინფორმაციები თანხვედრაშია მსხვერპლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებული წერილობითი განცხადების შინაარსთან, რომლის მიხედვით მეუღლემ ზ------ ს------–---–მა 2019 წლის 23 იანვარს ფიზიკურად იძალადა თ----- გ-------ეზე, ასევე თანხვედრაშია შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმთან, სადაც აღწერილია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, ირიბ მოწმეთა ჩვენებები ასევე თანხედრაშია სხვა პირდაპირ მტკიცებულებასთან, როგორიცაა ლ--–- ჭ--------–--ის გამოკითხვის ოქმი და დაზარალებულის ,,ფეისბუქ“ გვერდის მიმოწერები, ე.წ. სქრინშოთები.

 

2.15. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზ------ ს------–---–მა 2019 წლის 23 იანვარს, ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე თ----- გ-------ეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ზ------ ს------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - დაზარალებულის წერილობითი განცხადებით დასტურდება, რომ ძალადობის შედეგად, მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა მსხვერპლის მიერ სუბიექტურად შეფასებული ტკივილისა, სასამართლო ტკივილის ამ განცდას ობიექტურადაც აფასებს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ფიზიკური ძალადობა, მათ შორის სახეში ორჯერ ხელის გარტყმა ობიექტურადაც იწვევს ტკივილს.

 

3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.5. რაც შეეხება ქმედების კვალიფიკაციას, სასამართლოს შეფასებით ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ზ------ ს------–---–ის მიერ ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ------ ს------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოება, რომ 2019 წლის 23 იანვრის ფაქტი არ ყოფილა ძალადობის პირველი შემთხვევა, დანაშაულის პრევენციისთვის გათვლილმა შემზღუდველმა ღონისძიებამ 2017 წლის 26 აგვისტოს გამოცემულმა #0----- შემაკავებელმა ორდერმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო მოძალადის ძალადობრივი ქცევების კორექტირება და მან ჩაიდინა უფრო მასშტაბური ძალადობა - მსხვერპლის ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა აღიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების თანახმად, ზ. ს------–---–ის მხრიდან წარსულშიც ჰქონდა ადგილი თ. გ------ზე ფიზიკურ ძალადობას, თუმცა ეს ფაქტები, მსხვერპლის გადაწყვეტილებით რჩებოდა ლატენტური. აღნიშნული დამამაძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა მოხდეს დამნაშავის დროებითი იზოლაცია (თავისუფლების აღკვეთით), როგორც მოძალადის ქმედებების შეკავების ბერკეტი.

 

5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ზ------ ს------–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან უფრო მსუბუქი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება ვერ იქნება ადეკვატური და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ზ.ს------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც ასახვა ჰპოვა სასჯელის ზომაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ------ ს------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით ზ------ ს------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა