განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ნ----- ნ------ის
ბრალდებულ _ დ----- ა--------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ დ----- ბ------- ძე ა--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-----––---–---–------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–---------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ა--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დ----- ა--------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 თებერვალს, დილის საათებში, დ----- ა--------–---–ი იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე: ქ-------–-----------------------------------ში, რა დროსაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ჟ--- მ--–----ს მიმართ, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც ჟ--- მ--–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დ----- ა--------–---–ი იმავდროულად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჟ--- მ--–----ს და აღნიშნული ქმედებით ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
ე.ი. დ----- ა--------–---–მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა დ----- ა--------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაადასტურა 2019 წლის 14 თებერვალს, მეუღლის - ჟ--- მ--–----ს მიმართ როგორც ფიზიკური ძალადობის, აგრეთვე მუქარის განხორციელების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ჟ--- მ--–----მ განმარტა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს მეუღლემ - დ----- ა--------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომლის რეალურად განხორციელების შიში გაუჩნდა. ამასთან, დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ დღეის მდგომარეობით პრეტენზია არ გააჩნია, აპირებს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას და ითხოვა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასამართლოს დასკვნა დ----- ა--------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებისა და დაზარალებულის ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ----- ა--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, დ----- ა--------–---–ის მხრიდან მეუღლის - ჟ--- მ--–----ს მიმართ განხორციელებული ძალადობა ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, კერძოდ, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღწერს, რომ ბრალდებულმა არამარტო სახის არეში გაარტყა ხელი რამდენჯერმე, არამედ ყელში წაუჭირა ხელი და დ----- ა--------–---–ისაგან თავის დახსნა მხოლოდ მესამე პირის დახმარებით შეძლო.
რაც შეეხება დანაშაულის განმეორების რისკს, ამასთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ----- ა--------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია უმნიშვნელო მიზეზით, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებით, კონფლიქტი გამოიწვია „უსაფუძვლო ეჭვიანობამ“, ხოლო დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დ----- ა--------–---–ის მხრიდან უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი წარსულშიც ჰქონია („ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც დ-----მა პირველად გამარტყა ხელი, მისი მხრიდან კონფლიქტის დაწყების მიზეზი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ აღარც მახსოვს...“). აქედან გამომდინარე, არსებობს ძალადობის განმეორების რეალური რისკი და ერთის მხრივ, დაზარალებულის შემრიგებლური პოზიცია და მეორეს მხრივ, ბრალდებულის აღიარება და მონანიება ვერ მიიჩნევა ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების და დანაშაულის რეციდივის აღკვეთის უპირობო საფუძვლად, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დ----- ა--------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო პრევენციის მიზანი).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ დ----- ა--------–---–ი არის ნასამართლობის არმქონე და მის მიმართ პირველად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება სასჯელის სახით, იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს აქვს შემრიგებლური პოზიცია და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა აღზრდაში ბრალდებული იღებდა მონაწილეობას, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ა--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. დ----- ა--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ----- ა--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. დ----- ა--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან.
5. მსჯავრდებულ დ----- ა--------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. დ----- ა--------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი