განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – გ-------– ნ-–------ის
ბრალდებულ – გ--- თ-------ის
ადვოკატ – ა-----– ბ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– გ--- ი----ს ძე თ-------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-----–----–----–-----------------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- თ-------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- თ-------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, ქ------–--–-----–----–----–-----------------–-----------------------------ში, გ--- თ-------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ----- ც--------–---–ის მიმართ, კერძოდ, თავდაპირველად ყურსასმენის მოწყობილობა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა ცხვირის არეში, ასევე ძლიერად მოქაჩა თმები, რითაც მ----- ც--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ--- თ-------ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - გ--- თ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--- თ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ--- თ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ----- ც--------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ---- თ-------ემ (ბრალდებულის დედა), ი---- მ-----–-–---–მა (ბრალდებულის მამა) და თ-------- მ-----–-–---–მა (ბრალდებულის ძმა) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (შესაბამისად, შვილის და ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის 2019 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქალბატონი ითხოვს პოლიციის გამოძახებას. ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან და ბავშვს არ ატანენ ოჯახიდან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------ს სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მოქალაქე მ----- ც--------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა გ--- თ-------ის მიერ მ----- ც--------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ გ--- თ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ--- თ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა მ----- ც--------–---–მა, ასევე, მოწმეებმა ნ---- თ-------ემ, ი---- მ-----–-–---–მა და თ-------- მ-----–-–---–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა ბრალდებულმა გ--- თ-------ემ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, სატელეფონო ზარის ინიციატორი ქალბატონი ითხოვს პოლიციის გამოძახებას, ვინაიდან კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ფიზიკური ძალადობის შესახებ, რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, აღნიშნული დასკვნით მართალია დადგენილია, რომ მოქალაქე მ----- ც--------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა და ა.შ, მაგრამ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა გ--- თ-------ემ და არა სხვამ, - შეუძლებელია. ამდენად, ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე და შემსწრე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება კი არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ძალადობის განხორციელების ფაქტი და ემსჯელა მოძალადის პიროვნებაზე, სასამართლო ასეთ პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი და მოახდინოს პირის მსჯავრდება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- თ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- თ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გაუქმდეს გ--- თ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. გ--- თ-------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი