გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310018002510261
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3921-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - რ--------- კ-----–---–-

 

მოპასუხე - ი----- ს---------–-–---–ი

წარმომადგენელი - გ----–--–---

 

დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - ი----- ს---------–-–---–ს, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) - 1 620 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ი----- ს---------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2008 წლის 1 აგვისტოს, ი----- ს---------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებას პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.

 

სსიპ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2008 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი----- ს---------–-–---–ს დაენიშნა ასაკით პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2008 წლის 1 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 16-17);

- სსიპ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2008 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №0------- წერილით, ამავე სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს, სახელმწიფო გასაცემლების შეწყვეტის მიზნით გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურიდან 2017 წლის ივლისის მდგომარეობით მიღებული ინფორმაციისა და სახელმწიფო გასაცემლების 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით ბაზის ურთიერთშედარების შედეგი - მათთვის ცნობილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დაწესებულებებში საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ბენეფიციართა მონაცემებით. აღნიშნულ სიაში მითითებულია მოპასუხე მხარე - ი----- ს---------–-–---–ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №0------- წერილი (ს.ფ. 20-21).

 

3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 სექტემბრის №5--------- წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს ცენტრს ეცნობა, რომ ი----- ს---------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შრომით საქმიანობას ახორციელებს 2011 წლის 15 მარტიდან. წერილში მითითებულია, რომ აღნიშნულ პიროვნებასთან პერიოდულად ხდებოდა შრომითი ხელშეკრულების ახალი რედაქციით გაფორმება. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მასთან გაფორმდა 2017 წლის 5 იანვარს (შრომითი ხელშეკრულება №01/3-6).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 სექტემბრის №5--------- წერილით, ვაკე-საბურთალოს ცენტრს ასევე ეცნობა, რომ ი----- ს---------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) 2016 წლის განმავლობაში ახორციელებდა შრომით საქმიანობას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში, კერძოდ, 2016 წლის 4 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შრომითი ხელშეკრულება №0-----). ასევე ეცნობა, რომ ი----- ს---------–-–---–ის სამუშაო არ ატარებდა სისტემატიურ ხასიათს, მისი მიწვევა ხდებოდა კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით და შრომის ანაზღაურება ერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 სექტემბრის №5--------- წერილი (ს.ფ. 23);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 სექტემბრის №5--------- წერილი (ს.ფ. 22).

 

3.1.4. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2017 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ი----- ს---------–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2017 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24).

 

3.1.5. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 3 ოქტომბრის #0------------ წერილით ი----- ს---------–-–---–ს ეცნობა, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სახელმწიფო გასაცემელი არ გაიცემა, ხოლო იმ საფუძვლით, რომ იგი დასაქმებული იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 4 იანვრიდან, 2017 წლის 1 სექტემბრიდან შეუწყდა საპენსიო პაკეტი. 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით კი მხარეს წარმოეშვა დავალიანება - 1 620 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე ი----- ს---------–-–---–ს განმეორებით 2017 წლის 13 დეკემბერს გაეგზავნა #0------------ წერილი, ხოლო შემდგომ, 2018 წლის 22 იანვრის #0----------- წერილით განემარტა, რომ წარმოშობილი დავალიანება 2016 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენდა - 3 320 ლარს, მაგრამ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად მიღებული პენსია დაექვემდებარა ლეგალიზაციას (01.02.2016წ.-დან 01.12.2016წ.-მდე – 1 700 ლარი). სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი დარჩა - 1 620 ლარი (01.12.2016წ.-დან – 01.09.2017წ.-მდე). მხარეს ეთხოვა ზედმეტად ჩარიცხული თანხის - 1 620 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა 2018 წლის 12 თებერვლამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 3 ოქტომბრის #0------------ წერილი (ს.ფ. 28);

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 13 დეკემბრის #0------------ წერილი (ს.ფ. 29);

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს 2018 წლის 22 იანვრის #0----------- წერილი (ს.ფ. 30).

 

3.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 იანვრის №0------ ცნობით დგინდება, რომ ი----- ს---------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) არ მუშაობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპსერტიზის ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 თებერვლის №0------ ცნობით დგინდება, რომ ი----- ს---------–-–---–ი არის გარკვეული ტექნიკური ექსპერტიზების ჩატარების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიწვეული სპეციალისტი და არ არის საჯარო მოხელე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 იანვრის №0------ ცნობა (ს.ფ. 51);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 თებერვლის №0------ ცნობა (ს.ფ. 52).

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი 01.08.2017-20.12.2017წ. ამონაწერით „ბ-------------დან“ დგინდება, რომ ი----- ს---------–-–---–ს, 2017 წლის 31 აგვისტოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ჩაერიცხა შტატგარეშე მომუშავეთა მიმდინარე წლის აგვისტოს თვის თანამდებობრივი სარგო - მიწვეული თანამშრომლების ხელფასი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი „ბ-------------დან“ (ს.ფ. 54).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ი----- ს---------–-–---–ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 1 620 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა სოციალური პაკეტი, ხოლო ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2008 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი----- ს---------–-–---–ს დანიშნული ჰქონდა ასაკით პენსია.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-4 მუხლში მითითებულია ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების შესახებ. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

 

ამავე წესის მე-12 მუხლში მოცემულია ის ჩამონათვალი, რა შემთხვევაშიც ხორციელდება სოციალური პაკეტის შეწყვეტა, მათ შორის, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად კი, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. აღნიშნული წესის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2017 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ი----- ს---------–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

 

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 3 ოქტომბრის #0------------ წერილით ი----- ს---------–-–---–ს ეცნობა, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სახელმწიფო გასაცემელი არ გაიცემოდა, ხოლო იმ საფუძვლით, რომ იგი დასაქმებული იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 4 იანვრიდან, 2017 წლის 1 სექტემბრიდან შეუწყდა საპენსიო პაკეტი. 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით კი მხარეს წარმოეშვა დავალიანება - 1 620 ლარის ოდენობით.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის მიზნით დასადგენია ი----- ს---------–-–---–ი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში დასაქმებული იყო თუ არა როგორც საჯარო მოხელე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლითაც განმარტებულია საჯარო საქმიანობის ცნება. საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 იანვრის №0------ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ი----- ს---------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) არ მუშაობდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპსერტიზის ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, ხოლო ამავე ბიუროს 2018 წლის 21 თებერვლის №0------ ცნობით დგინდება, რომ ი----- ს---------–-–---–ი წარმოადგენს გარკვეული ტექნიკური ექსპერტიზების ჩატარების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიწვეულ სპეციალისტს და არ არის საჯარო მოხელე.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 01.08.2017-20.12.2017 წ. ამონაწერი „ბ-------------დან“, რომლითაც დგინდება, რომ ი----- ს---------–-–---–ს, 2017 წლის 31 აგვისტოს, ზემოთ მითითებულ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ჩაერიცხა შტატგარეშე მომუშავეთა მიმდინარე წლის აგვისტოს თვის თანამდებობრივი სარგო - მიწვეული თანამშრომლების ხელფასი.

 

ამდენად, სასამართლო ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე განმარტავს, რომ ი----- ს---------–-–---–ი არ წარმოადგენდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში დასაქმებულ საჯარო მოხელეს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხე - ი----- ს---------–-–---–ისთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის მიერ მოთხოვნილი თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი