გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210018002789537
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/37501-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე

 

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–---

 

მოპასუხე - ავ--------– ბუ----–---–-

 

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ავ--------– ბუ----–---–-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის - 6300 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 00:40 საათზე, „T-----“-ს მარკის ავტომანქანა, სახ.N F------, რომელსაც მართავდა ავ--------– ბუ----–---–- შეეჯახა გზის გამყოფ ბეტონის კედელს. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ავ--------– ბუ----–---–- ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი მართვის უფლების შეჩერება 3 წლის ვადით.

2015 წლის 16 მაისს სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით ავ--------– ბუ----–---–მა იკისრა ვალდებულება სრული ოდენობით აენაზღაურებინა მიყენებული მატერიალური ზიანი მის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა.

 

2015 წლის 27 იანვრის ინვენტარიზაციის ბარათის მიხედვით ავტომანქანას აღენიშნება მხოლოდ ორი სახის დაზიანება უკანა საქარე მინა და წინა ბამპერი, ხოლო 2016 წლის 4 აგვისტოს ინვენტარიზაციის ბარათის მიხედვით ავარიის შემდგომ ავტომანქანას აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება მათ შორის ძრავის დაზიანება.

 

საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს N1----- დასკვნის მიხედვით შს სამინისტროსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 6800 ლარი, ვინაიდან როდესაც აღნიშნული მანქანა გადაეცა ავ--------– ბუ----–---–ს დაზიანებული იყო უკანა საქარე მინა, რომლის ღირებულებაა 500 ლარი ზიანის ოდენობა არის 6800-500=6300 ლარი, რის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ავ--------– ბუ----–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავო გახადა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, 2019 წლის 20 თებერვალს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სარჩელსა და ექსპერტის დასკვნაში მითითებული დაზიანებები არ იყო გამოწვეული მისი ბრალეულობით, კერძოდ კი ავტოსაგზაო შემთხვევით, ხოლო ის დაზიანება, რაც მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია მის მიერ უკვე ანაზღაურებულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. პოლიციის კაპიტანი ავ--------– ტა-----–-- ძე ბუ----–---–- წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის ო-----------–--------------------------–--------–----------------------–----–--------------–------- მთავარი სამმართველოს ო---------–----–--------------–--------------------–-----------------------------------------–------- მთავარ სპეციალისტს, რომელიც სამინისტროში მსახურობს 2006 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზეა 2015 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასკვნა ( ს.ფ. 22-25);

- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29-30)

 

3.1.2. 2016 წლის 9 იანვარს დაახლოებით 00:40 საათზე, ავ--------– ბუ----–---–- სამსახურებრივი „T-----“-ს მარკის ავტომანქანით სახ. N F------, მოძრაობდა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გამყოფ ბეტონის კედელს. შეჯახების შედეგად დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანა. შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტზე რიცხული „T-----“-ს მარკის ავტომანქანა სახ. N F------ არ არის დაზღვეული. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მომსახურეებმა ავ--------– ბუ----–---–- ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 3 წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დასკვნა (ს.ფ. 22-23);

- ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე (ს.ფ. 32);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 28);

- დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (ს.ფ. 31)

 

3.1.3. 09.01.2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. მიყენებული მატერიალური ზიანის ჯამურმა ოდენობა შეადგინა - 6800 ლარი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა:

- მაღალი წნევის ტუმბო - 1000 ლარი;

- მფრქვევანა (ფარსონკა) ოთხი ცალი - 1600 ლარი;

- ძრავის ჰაერის ფილტრი - 250 ლარი;

- ძრავის ხუფი - 250 ლარი;

- ძრავის წინა ხუფი ღვედით - 640 ლარი;

- საჭის მართვის გამაძლიერებელი - 500 ლარი;

- უკანა ხიდის კარდანი - 600 ლარი;

- მარჯვენა და მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი - 60 ლარი;

- მარჯვენა და მარცხენა უკანა კარის სახელური - 100 ლარი;

- უკანა ხიდის ჩარჩო მარჯვენა ნახევარღეროთი - 700 ლარი;

- უკანა საქარე მინა - 500 ლარი.

სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების (რაც ითვალისწინებს ა/მანქანის ნაწილის მონტაჟს) ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება - 600 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს ს----------------------–----------------------------ს 20.08.2018 წლის N1----- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 26-27);

- ტრანსპორტის ბარათები (ს.ფ. 24-25)

- მოწმეთა ჩვენება (იხ.24.04.2019 წლის სხდომის ოქმი)

 

3.1.4. 2016 წლის 9 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმით მოპასუხე ავ--------– ბუ----–---–- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე (ს.ფ. 32)

 

3.1.5. დადგენილია, 1) მოპასუხე ავ--------– ბუ----–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში (სასკ-ის 116.7 მუხლი), 2) დადგენილია ავ--------– ბუ----–---–-ს ბრალეულობა, კერძოდ გაუფრთხილებლობა (ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა), 3) დამდგარია მატერიალური ზიანი, და ბოლოს 4) ცალსახაა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ავ--------– ბუ----–---–-ს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ა. ბუ----–---–-ს ბრალეული ქმედების შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დასკვნა (ს.ფ. 26-27);

- ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე (ს.ფ. 32);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 28);

- ა. ბუ----–---–-ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29-30);

- შსს ს----------------------–----------------------------ს 20.08.2018 წლის N1----- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 26-27)

 

3.1.6. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ავ--------– ბუ----–---–-ს ბრალეულმა ქმედებამ, რომელიც სამართლებრივად უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (იხ სუსგ №ას-566-566-2018, 13.07.2018).

 

უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.

 

იმ მოქმედებათა ერთობლიობა, რაც გამოიხატა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ავტომანქანის მართვაში და შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში, წარმოადგენს იმ მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს.

 

დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ავ--------– ბუ----–---–- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა) და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი მართვის უფლების შეჩერება 3 წლის ვადით.

 

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.

 

ამავე კანონის მე-20.2 მუხლის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას. მე-7 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილე ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი იმპერატიულია საგზაო მოძრაობის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გააჩნიათ ვალდებულებები არ შექმნან საფრთხეები და ასეთი ვალდებულებები უფრო მკაცრია იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც მომეტებული საფრთხის წყაროს მეშვეობით გადაადგილდებიან. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი ზუსტი განსაზღვრულობის ფარგლებში, საწინააღმდეგო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა ხარისხი დამოკიდებულია გადაცდომის სიმძიმეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა, იმთავითვე მოიცავს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ ავ--------– ბუ----–---–-ს მიერ დარღვეულია უსაფრთხო გადაადგილების მინიმალური სტანდარტი და მისი ქმედება ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში. საწინააღმდეგო მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს შს სამინისტროს ს----------------------–----------------------------ს დასკვნა (ს.ფ 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 6 300 ლარის ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–---------------------------- 20/08/2018 დასკვნით (ს.ფ. 26-27) დასტურდება, რომ მიყენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 6 800 ლარს, საიდანაც მოსარჩელის განმარტებით 500 ლარს შეადგენს უკანა საქარე მინა, რომელიც დაზიანებული იყო ავტოსაგზაო შემთხვევამდე.

 

ვინაიდან მოსარჩელე ზიანის კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის ოდენობა არის განსხვავებული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხის აპელირებას ამ გარემოებაზე (ზიანის განსახვავებულ ოდენობაზე) სასამართლო არ იზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 992-ე, 999-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი.

 

სსკ-ს 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად,ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. განსახილველი ნორმა, ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელ წინაპირობად აწესებს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის განმარტებით დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს ეკისრება კუმულატიურად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.

 

სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია ოქმით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ და საქართველოს შს სამინისტროს ს----------------------–----------------------------ს დასკვნით, რომლის შესაბამისადაც ავ--------– ბუ----–---–- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დასკვნიდან დგინდება, რომ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ჯამური ოდენობა შეადგენს - 6800 ლარს, ხოლო იმ დაზიანების ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც მანქანას მანამდე ჰქონდა ვიდრე მას ავ--------– ბუ----–---–- დააზიანებდა 6300 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ ზიანი ავტომანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, ავ--------– ბუ----–---–-ს ანუ მოსარგებლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა - 6300 ლარით (ავტომანქანის დაზიანება). 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია ავ--------– ბუ----–---–-ს (სატრანსპორტო საშუალება მიმაგრებული იყო მასზე და ა. ბუ----–---–- ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა მას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომლის გამოც დაზიანდა ავტომანქანა) მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ავ--------– ბუ----–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 6300 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 49.2. მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ავ--------– ბუ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს - 189 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ავ--------– ბუ----–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 6300 ლარის გადახდა.

 

3. ავ--------– ბუ----–---–ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 189 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე